კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან უნდა სოფო ხალვაშს მთელი ცხოვრების გატარება და რას აკეთებდა ის ლამპის შუქზე


მისი ცხოვრება ზღაპრულ ამბავს ჰგავს: პატარა ქალაქში დაბადებული გოგონა, რომლის ნიჭი შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა, ცოტა ხანში სრულიად საქართველოს აყვარებს თავს და სწორედ მას ანდობენ პრესტიჟულ კონკურსებზე ქვეყნის სახელის გატანას. პატარა ქალაქიდან ჩამოსულ გოგოს პრინციც შეხვდება, თანაც, იქ, სადაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ელოდა. გაცნობიდან ერთ თვეში ქორწინებით დაგვირგვინებული სიყვარული მყარი და ძლიერი გამოდგა – ამაში სოფო ხალვაში სულ უფრო და უფრო რწმუნდება.


სოფო ხალვაში: ძალიან ხშირად ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. დავხუჭავდი ხოლმე თვალებს და ყოველთვის ერთი და იგივე კადრი მიდგებოდა თვალწინ: ვიდექი სცენაზე და ვმღეროდი. სიბნელეში იკვეთებოდა უზარმაზარი სცენა, რაღაც ზღაპრული სამყარო, დიდი ლოჟებით, საოცარი განათებებით... ჯერჯერობით ასეთ სცენაზე არ ვმდგარვარ და, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, ანუ, იმედი მაქვს, რომ ასეთ სცენაზე ოდესმე დავდგები (იცინის). თამაშის დროსაც კი, ყოველთვის ვიდექი და ვმღეროდი – ჩემი ყველა ფანტაზია თუ ოცნება ამას უკავშირდებოდა, სხვა ვერაფერი წარმომედგინა. სახლში, როდესაც რაღაცაზე მეჩხუბებოდნენ ან რამე მეწყინებოდა, ვთქვათ, სადღაც რომ მინდოდა წასვლა და არ გამიშვებდნენ, ან, ცუდ ხასიათზე თუ ვიყავი და მეტირებოდა, შევიდოდი ოთახში, ჩავიკეტებოდი, პიანინოს მივუჯდებოდი და დავიწყებდი სიმღერას. ამით მათაც ვუშლიდი ნერვებს – შვილს რომ გაუბრაზდები, ის კი დაჯდება და სიმღერას იწყებს, როგორია?! მე კი გულს ვაყოლებდი, ამაში ვიცლებოდი და ვწყნარდებოდი.

– იოლი იყო შენი გაბრაზება?

– არა, სხვათა შორის, არ ვიყავი ჭირვეული ბავშვი. მაგრამ, ხანდახან მაინც ხომ გაბრაზებს ბავშვი, რაც უნდა წესიერი იყოს. ერთი სიტყვით, მიხვდნენ, რომ მუსიკის და სიმღერის მეტი არაფერი მინდოდა და მიმიყვანეს სამუსიკო სასწავლებელთან არსებულ ექსპერიმენტულ საკრავთა არაჩვეულებრივ სტუდიაში. მაშინ 3 წლის ვიყავი. ორ ინსტრუმენტზე მასწავლიდნენ დაკვრას, ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვხატავდით. ჩემთვის იქ მისვლა დღესასწაული იყო. ძალიან ცოტა ბავშვი ვიყავით და ისე დავმეგობრდით, ჩვენი მეგობრობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდა. ხშირად ვამბობ ხოლმე, 3 წლის ასაკის შემდეგ მეგობრები არ შემიცვლია-მეთქი და ეს ჩემი უდიდესი სიმდიდრეა. მეგობრის პოვნა ძალიან რთულია და ამაში საოცრად გამიმართლა. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ჩემი თაობის თითქმის ყველა ადამიანს, მეც მქონდა რთული პერიოდები. არ იყო შუქი, ყველგან ციოდა, სანთლისა და ლამპის შუქზე ვმეცადინეობდით. მახსოვს, თითებთან გადაჭრილი ხელთათმანებით ვუკრავდი და ვმეცადინეობდი. მაგრამ ეს ახლა უფრო მეჩვენება რთულად, მაშინ კი იმდენად ბედნიერი ვიყავი და ისე მიხაროდა ის, რასაც ვაკეთებდი, რომ სულაც არ ვგრძნობდი თავს ცუდად – ლამპაც მიხაროდა, ხელთათმანებიც და ყველაფერი.

– შემდეგ მოვიდა თინეიჯერობა, როდესაც ადამიანს უამრავი მოთხოვნილება და პრეტენზია უჩნდება გარემოსთან. არ გქონდა პატარა ქალაქიდან გამოღწევის სურვილი?

– მარტო მე კი არა, ამის სურვილი მთელ ჩვენს ჯგუფს ჰქონდა. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდით, ბევრს ვმეცადინეობდით და ვმუშაობდით იმისთვის, რომ რაღაცისთვის მიგვეღწია. ერთ-ერთი იმ ექვსი ადამიანიდან, რომლებიც სულ ერთად ვიყავით, არის ანუშკა, ანუ ანი ქასრაშვილი, რომელიც ძალიან მაგარ სიმღერებს წერს. სხვათა შორის, ლონდონში ჩაწერილ ჩემს ალბომში ექვსი სიმღერა სწორედ ანის ეკუთვნის და ამ სიმღერებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ასე ვიყავით ბათუმშიც: ანა გვიწერდა სიმღერებს, ჩვენ კი მათ „ვაკეთებდით“, ერთ ამბავში ვიყავით. მაგრამ, იმის საშუალებაც არ გვქონდა, რომ ბათუმში მაინც გამოვსულიყავით რაღაც კონცერტზე – არ ვგულისხმობ კლასიკას. პატარა ორკესტრი გვქონდა. მე ჰობოიზე ვუკრავდი, ზოგი – ვიოლინოზე, ზოგი – არფაზე და სხვა. ბევრ რამეს ვცდილობდით. ძალიან გვეხმარებოდა კახა ცისკარიძის ძმა, ვაჟა, რომელიც ღამეებს ათენებდა ჩვენთან ერთად თავის სტუდიაში, მთელი გულით ჩვენთან იყო. მერე, ძალიან მოულოდნელად აღმოვჩნდი თბილისში. მაშინ, როცა დიდი ხნის წვალების შემდეგ აღარაფრის იმედი აღარ მქონდა, უბრალოდ, სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე და, რომ იტყვიან დინებას მივყვებოდი. ამ დროს გამოჩნდა „ნუცას სკოლა“, სადაც საბუთები ანუშკას შეუტანია. გაკვეთილზე ვიყავი, როცა დამირეკეს, მაგრამ, ტელეფონი გათიშული მქონდა. სახლშიც დაურეკავთ, ყველგან მეძებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მიპოვეს და იყო ის, რაც უკვე ყველამ ნახა ეთერში (იცინის).

– „იურმალა“ ალბათ გადატრიალებასავით იყო შენს ცხოვრებაში.

– მართლაც, საოცრება იყო. ჯერ „ნუცას სკოლაც“ ძალიან გამიჭირდა, რადგან, მარტო არასდროს მიმღერია და, უცებ ამხელა პროექტში ხვდები, სადაც საკუთარი მონაცემები უნდა წარმოაჩინო, თან – პირდაპირ ეთერში ხარ... ყველა ძალიან მეხმარებოდა, „იმედის“ მთელი გუნდი, რომელთაც არასდროს დავივიწყებ. სულ მესმის, რომ, აი, სოფოსთან როგორ მოვიდა წარმატება; პატარა გოგო ჩამოვიდა ბათუმიდან, მოხვდა „იურმალაში“... რეალურად კი, იმისთვის, რომ ამ სფეროში რაიმესთვის მიმეღწია, 3 წლის ასაკიდან ვშრომობდი. ყველაფერი არ დაწყებულა იმით, რომ „იურმალის“ სცენაზე ლამაზი კაბით გამოვედი. თან, ეს სულ კონკურსები იყო, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანზე, მით უმეტეს მაშინ, როცა პატარა ხარ. შეიძლება, ძალიან მაგრად მღეროდე, მაგრამ, კონკურსზე ხმა ვერ ამოიღო, ან – პირიქით. ამაზე სულ ვნერვიულობდი. მაყურებელი ყოველთვის შედეგს ხედავს, რაც ძალიან ნორმალურია. უბრალოდ, შიგნით ბევრი რამ ხდება, უამრავი ფსიქოლოგიური მომენტიც არის.

– წარმატებასა და პოპულარობას გაძლებაც უნდა, ამან, შეიძლება, სრულიად შეცვალოს ადამიანი.

– მართალია. მთელი შენი ცხოვრება ერთბაშად იცვლება და ბევრი რაღაცის დალაგება გიწევს. ბევრს, ალბათ, თავშიც უვარდება. მინახავს ისეთებიც, რომლებსაც ბევრი უშრომიათ, წარმატებისთვის მიუღწევიათ, მერე კი უცებ რაღაც დამართნიათ. ძალიან მინდოდა, მეც ასე არ მომსვლოდა და, მგონი, გადავრჩი (იცინის). მართლა პირველად ვსაუბრობ ამ თემაზე. საერთოდ, არა მარტო ჩემთვის, ცხოვრება ასე იყოფა: „იურმალამდე“ და მის შემდეგ. ამან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მხოლოდ „ნუცას სკოლის“ გამოცდილებით ჩავედი და, რას მივხვდი, იცი?! მიკროფონი რომ მოეცათ და პირდაპირ სცენაზე გავეშვი ვინმეს, ალბათ კატასტროფა მოხდებოდა. სერიოზულად მომამზადეს, მეც ყველაფერი ისე ვაკეთე, როგორც მთხოვდნენ და შედეგიც მივიღეთ. რაღაც გახსნეს ჩემში და აბსოლუტურად სხვა სამყაროში გადამიყვანეს, იქიდან თითქოს სხვა ადამიანი დავბრუნდი. ამ კონკურსის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება.

– რადგან სიყვარულიც იქ იპოვე?

– დიახ და ესეც რაღაც საოცრება იყო. იცი, როგორ მიჭირს ამ თემაზე საუბარი?! ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, იმდენად არ გვიფიქრია წვრილმანებზე, რომ ახლაც ვერ ვახერხებ იმის გადმოცემას, რა მოხდა. კონკურსზე ვიყავი, იმ ეიფორიაში ჩართული, სხვანაირად აჟიტირებული და, პარალელურად ხდებოდა რაღაც, რაც გარკვეული არ იყო. ჩვენი ურთიერთობა მაშინვე არ გარკვეულა. სულ სხვა ხალისში ვიყავი და არ ვფიქრობდი ამ ურთიერთობაზე. ვიცოდი, რომ იქ ვიღაც მიშიკო დაგვხვდებოდა და ეს მიშიკო მთელ დღეს ჩვენთან ატარებდა – მაშინ იქ მუშაობდა. დილა რომ გათენდებოდა, მიშიკოს ავტომობილი შემოვიდოდა და, რეპეტიცია იქნებოდა ეს თუ საღამოს კაფე, სულ ჩვენთან ერთად იყო. როდესაც თბილისში დავბრუნდი, ერთმანეთს დავშორდით და მაშინ მივხვდით, თუ რა ხდებოდა და რა დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან, როგორ დაგვაკლდა ერთმანეთი. საოცრად უსიტყვოდ მოხდა ყველაფერი და ამიტომაც მიჭირს ამაზე საუბარი. ჩვენ თავად გავერკვიეთ საკუთარ გრძნობებში.

– და, სიტყვა როდის ითქვა?

– რა თქმა უნდა, მერე სიტყვაც იყო, სიყვარულზე საუბარიც და ყველაფერი. მირეკავდა, ვურეკავდი და, ზუსტად ორ კვირაში მიშიკო თბილისში ჩამოვიდა. ერთ თვეში კი ჯვარი დავიწერეთ. უფრო სწორად მხოლოდ ჯვრის დაწერას ვაპირებდით და, ისე გამოვიდა, რომ ქორწილიც იმ დღეს გავაკეთეთ. უცებ მოხდა ყველაფერი.

– როდესაც ყველაფერი ასე იდეალურადაა, ოჯახშიც, პირადულშიც, საქმეშიც, ეს ხომ არ გაშინებს?

– არა, სხვათა შორის. პირიქით, მირჩევნია, დინებას მივყვე და ამას მივყავარ ყოველთვის სწორ შედეგამდე. არ არსებობს, რამე დავგეგმო, რამე კონკრეტულისთვის ბევრი რამ გავაკეთო და ის გამოვიდეს.

– ასე უცებ დაწყებული ისტორია, წლებია, გრძელდება, რაც, ალბათ, გამართლებაა.

– ნამდვილად ასეა, მაგრამ იქ ძალიან დიდხანს ვიყავით ერთად, ანუ, ის ერთი დღე ძალიან გაწელილი იყო და ერთად ბევრ დროს ვატარებდით. ძალიან კარგად გავიცანით ერთმანეთი და ზუსტად ერთ თვეში მივხვდით, რომ ის ადამიანები ვართ, ვისაც მთელი ცხოვრების ერთად გატარება გვინდა. მართალია, რაღაცეები შეიცვალა, ერთად ვცხოვრობთ, უცებ ბავშვი გაჩნდა, მაგრამ ერთმანეთი ზუსტად ისევე გვიყვარს, ან, უფრო ძლიერად, რადგან ერთმანეთთან ბევრი რაღაც გვაკავშირებს. ძალიან კარგი მეგობრებიც ვართ და მიშიკო სულ მეხმარება ჩემს საქმეებში – თუ რამე გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ, ყოველთვის საჭირო რჩევას მაძლევს და იგივე ხდება პირიქითაც. ასეა და ასეც უნდა იყოს ნორმალურ ოჯახში. რა თქმა უნდა, ვკამათობთ კიდეც, რაღაცეებზე სხვადასხვა შეხედულება გვაქვს, მაგრამ, ეს საუბრები არ მიდის ჩხუბამდე. გაბუტვა და ასეთი რაღაცეები არ მიყვარს. მირჩევნია, თუ რამე პრობლემა და გაუგებრობაა, ამაზე ვისაუბროთ და ის გაურკვევლად არ დარჩეს.

– ძალიან დიდ ოჯახში ცხოვრობთ, არადა, ახალგაზრდა წყვილები ყოველთვის მიისწრაფვიან იქით, რომ დამოუკიდებლად იცხოვრონ.

– არა, დიდ ოჯახში გავიზარდე და ძალიან მომწონს ასეთ დიდ ოჯახში ცხოვრება, შეჩვეული ვარ. მარტო რომ გამიშვა, ალბათ, საშინლად მოვიწყენ. სტუმრიანობა და მიღება ჩვენთან შუაღამიდან იწყება, დაახლოებით პირველი საათიდან. ყოველთვის ხომ არ ხარ ხასიათზე, დაძინება გინდა, მაგრამ, თუ არ მოდიან, უკვე ცუდად ვარ, ვურეკავ და ვეუბნები, მოდით, სად ხართ-მეთქი. მომწონს ასეთი ცხოვრება.

– ანუ, სრულ ჰარმონიაში ხარ.

 – ნამდვილად.


скачать dle 11.3