კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადახაზა პირადი ცხოვრება სალომე ზურაბიშვილმა ერთ ქმართან და დაიწყო მეორესთან


იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი ცხოვრების კარს ფართოდ აღებენ, რომ ჩვენი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილონ და პატარ-პატარა ისტორიებით სრული წარმოდგენა შეგვიქმნან მათზე, სულაც არ არის იოლი საოჯახო ალბომისთვის თვალის გადავლება. ტკბილ მოგონებებს ცრემლიც თან ახლავს, როცა თავიანთი ბავშვობის, ახალგაზრდობის, საყვარელი და ძვირფასი ადამიანების ფოტოებს დასცქერიან, რომლებიც დრომ არ დაინდო. ამჯერად სალომე ზურაბიშვილი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებზე საკმაოდ გულახდილად გესაუბრებათ.

– ქალბატონო სალომე, გვიამბეთ თქვენს პარიზულ ცხოვრებაზე, თბილისში ჩამოსვლამდე რომ გქონდათ.

– ჩემი პარიზული ცხოვრება საქართველოზე მოგონებებისგან შედგებოდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ სახლში ქართულად ვლაპარაკობდით, გარეთ – ფრანგულად. ნელ-ნელა ფრანგულმა იმძლავრა. დიდხანს ველოდი, საქართველო ჩემთვის რეალურ ქვეყნად ქცეულიყო და 1959 წელს, შვიდი წლის რომ ვიყავი, აღმოვაჩინე, რომ საქართველო რეალურად არსებობდა. ეს სუხიშვილების ანსამბლის ჩამოსვლას უკავშირდებოდა. ოცდაექვსი წლის შემდეგ ისევ ჩამოვედი. ამას მოჰყვა ხშირი და ხანმოკლე ვიზიტები. 2003 წლის ნოემბერში კი საქართველოში საფრანგეთის ელჩად დამნიშნეს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ სამი თვე დავყავი. მარტში კი, საგარეო საქმეთა მინისტრად დავბრუნდი. ჩემი მინისტრად დანიშვნის და პრეზიდენტის მიერ ჩემთვის ახალი ქართული პასპორტის გადმოცემის ცერემონიას დედაჩემი დაესწრო. ერთი წლის შემდეგ კი მე გადავეცი დედას ქართული პასპორტი.

– მამაზე რას გვეტყვით?

– ლევან ზურაბიშვილს ჩემი წინაპრების ვრცელ გალერეაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მან უდიდესი როლი ითამაშა ჩემს აღზრდაში. ახლა ასი წლის იქნებოდა. მისი ბავშვობის წლები იმ წლებს დაემთხვა, როცა საქართველო მეფის რუსეთს თავს აღწევდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სავალდებულო რუსული სკოლიდან ქართულ სკოლაში გადაიყვანეს. დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში თავმჯდომარეობდა ქართულ სათვისტომოს, რაც მისთვის მხოლოდ მოვალეობა იყო და არა შემოსავლის წყარო. როგორც კი, რკინის ფარდამ რღვევა დაიწყო, ის შეეცადა, უშუალოდ საქართველოსთან დაემყარებინა კავშირი. ყოველი ასეთი შეხვედრის დროს, შეკითხვები არ ილეოდა. მამას არასდროს ავიწყდებოდა, მოეკითხა თავისი ქალაქის, თავისი უბნის, ქუჩის ამბები; როცა საქართველოდან ჩამოდიოდნენ, ახსენდებოდა ლურჯი მონასტერი და კუთხის აფთიაქი. როგორ, ნუთუ მართლა დაანგრიეს პატარა მოედანი ქუჩების გასაფართოებლად და სამხედრო აღლუმების შთამბეჭდავი სანახაობების გასამართადო – გაოცებული კითხულობდა. მინდა, ერთი ამბავი გავიხსენო. საავადმყოფოში იწვა. მე იტალიიდან დავბრუნდი, სადაც უკვე რამდენიმე თვე იყო, რაც ვმუშაობდი. ცოტა დრო მქონდა, მამაჩემის ავადმყოფობა კი რამდენ ხანს გასტანდა, არავინ იცოდა. ჩემს იტალიაში გამგზავრებამდე, რამდენიმე დღით ადრე მამაჩემის სახელზე ამანათი მოვიდა: ცოტაოდენი ქართული მიწა და ხის პატარა ტოტი. ეს სვეტლანა სტალინმა გამოუგზავნა, რომელიც მაშინ პირველად იყო საქართველოში და საბჭოთა კავშირი დიდი სკანდალით დატოვა. რა უცნაური დამთხვევაა, ნახეთ: მამაჩემმა სანატრელი საქართველოდან უკანასკნელი სახსოვარი სწორედ იმ ადამიანის ქალიშვილისგან მიიღო, ვინც ყველაფერ იმის სიმბოლო იყო, რასაც მამა სიცოცხლის ბოლო წუთამდე ებრძოდა.

– რატომ მაინცდამაინც დიპლომატია და არა სხვა პროფესია, რომელსაც შეიძლება არანაკლები წარმატება და პოპულარობა მოეტანა თქვენთვის?

– როცა პირველად მოვისმინე ჩემი წინაპრის ამბავი, რომელიც თურმე ერთხანს ბიზანტიის კარზე ელჩი ყოფილა, თითქოს ამ უცნობ და შორეულ ნათესავთან ერთგვარი მოკრძალებული სიახლოვე ვიგრძენი. მხიბლავდა ჟურნალისტის კარიერაც, თუმცა მაშინდელი ფრანგული რადიო-ტელევიზია ადვილად არ უღებდა კარს ახალგაზრდებს, ვისაც ნაცნობობა და კავშირები არ ჰქონდა. მომწონდა ისტორიკოსობა, მაგრამ ამით, კონკურენციას გავუწევდი ჩემს ბიძაშვილს. ნელ-ნელა დავრწმუნდი, რომ დიპლომატია ყველაფერ იმის კვინტესენცია გახლდათ, რასაც ვესწრაფოდი.

– როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო ბებიები გყავდათ. მათზე რას გვეტყვით?

– ჩემი მშობლიურ ენასთან დაბრუნება ბებიებს უკავშირდება, რომლებიც ბავშვობაში ქართულ ენაზე მაძინებდნენ. ჩემს მეხსიერებაში ისინი აღიბეჭდნენ, როგორც ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული ქალბატონები. მამაჩემის დედა, ნინო ემანსიპირებული, ინტელიგენტი, ქალთა უფლებების დამცველი და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალი იყო. სხვათა შორის, ის ქორწინების გარეშე იყო დაბადებული, რომელიც გვიან ცნეს შვილად. პეტერბურგის პანსიონში იზრდებოდა, სანამ მეორე დედინაცვალმა არ იშვილა. აქტიურად იყო ჩართული თავისი ნახევარდებისა და ძმის აღზრდაში. ოდნავ ტანსრული და ხნიერი მახსოვს. აგრაფინა ბებია, მეორედ დაქვრივებული კაცის მესამე ცოლი გახლდათ, რის გამოც მის მშობლებს ასეთი სიძის მიღება გაუჭირდათ. ბებია არც განათლებით გამოირჩეოდა, არც გარეგნობით. იმდენად გამხდარი იყო, რომ ბავშვობაში თურმე თევზის ქონით მკურნალობდნენ, რაც მომაღონიერებლად ითვლებოდა. ერთმა ბებიამ ბევრი იმოგზაურა, რადგან მოგზაურობა ძალიან იზიდავდა. 1910-1918 წლებში ოჯახმა მოიარა საბერძნეთი, შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი. აგრაფინა ბებიას კი სამშობლოს დატოვებამდე არასოდეს გაუდგამს ფეხი საქართველოდან. მისი მოგონებები ყოველთვის მხიარული იყო, ნაღველის გარეშე. თავს არასოდეს მოუხვევია პირადი სევდა დატოვებულ მშობლებზე, დახვრეტილ ძმებზე, გარდაცვლილ დებზე. ბებიები არა მხოლოდ ერთად აღმოჩნდნენ ემიგრაციაში, არამედ ჩემი მშობლების დაქორწინების წყალობით, ერთ ოთახში მოუწიათ ცხოვრება. ბინა, სადაც მამაჩემის მშობლები დაბინავდნენ, ჟაკ მავასის ქუჩაზე მდებარეობდა. სასტუმროში ემიგრანტებისთვის პატარა დროებითი თავშესაფარი იყო გამოყოფილი, თუმცა აგრაფინა ბებიას გამოცდილი ჰქონდა ღარიბულ სასტუმროებში ცხოვრება. პირველ ხანებში ქართველი ემიგრანტებისთვის არა მხოლოდ მორალურად, მატერიალურადაც რთული იყო პარიზში ცხოვრება. ისინი ნებისმიერ სამუშაოს უნდა დათანხმებულიყვნენ. ქალები კერავდნენ, კაცები მაწონს ადედებდნენ ან მტვირთავებად მუშაობდნენ.

– ძალიან ლამაზი შვილები გყავთ – თემური და ქეთევანი. ვიცი, რომ გოგონაზე ოცნებობდით. სად დაიბადა ქეთევანი, ახლა სად არის და რას საქმიანობს?

– ქეთევანი კოლუმბიის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე სწავლობს. თემური საფრანგეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ქეთევანი 1984 წლის 22 მარტს ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაში დაიბადა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მისით ივსებოდა და მთავრდებოდა ჩემი შინაგანი წონასწორობა, რაც შეტევის, თავდაცვისა და დიდი წინააღმდეგობის უნარსს მმატებდა. მაშინ უკვე ვაშინგტონში საელჩოში ვმუშაობდი. სადღაც ორი წლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის კაბინეტში გადაწყდა ჩემი მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც უარი ვთქვი. ბავშვებს დედა სჭირდებოდათ. ცხადია, ორ საქმეს ერთად თავს ვერ გავართმევდი. ამ წინადადებაზე დათანხმებით შვილებს მამისგან შორს მოუწევდათ ცხოვრება, თუმცა, ამას ისედაც მიგრძნობდა გული. მოკლედ, ეს მოხდა. ვაშინგტონში დავრჩი. დღეს, უკან რომ ვიხედები, არაფერს ვნანობ და ისევ იმ არჩევანს გავაკეთებდი. მართალია, არასდროს მხიბლავდა ვაშინგტონის ჰავა და იერი, მაგრამ მასთან ჩემი შვილების პირველი წლების თბილი მოგონებები მაკავშირებს.

– ალბათ, ადვილი არ იყო თქვენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა.

– ჩემს ქმარს სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა ჰქონდა, განსხვავებული მეგობრები გვყავდა. ის, რამაც ერთ დროს დაგვაახლოვა, ვხედავდი, რომ აღარ გვაერთიანებდა. ბავშვებიც ვერ შველოდა ჩვენს კავშირს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორი პატარა ბავშვით ხელში, ვენაში ჩავედი. ამ დროს ქმართან თითქმის გაყრილი ვიყავი. აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი, მაგრამ რთული ეტაპი. რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, რომ ჩემი მარტოობა არ ჰგავდა რომში გატარებული უდარდელი ახალგაზრდობის წლებს. ეს არჩევანი თვითონ გავაკეთე, და სულ ვფიქრობდი, სწორად მოვიქეცი თუ არა. თითქოს ბანალური ისტორიაა, მაგრამ ტრადიციებისადმი ჩემი ერთგულების გამო, შევეცადე, მებრძოლა და გადამერჩინა ის, რაც ყოველთვის მთავარ მოვალეობად მიმაჩნია. ვგრძნობდი, რომ ყოველდღიური ყოფა თავისი ჭირითა და ლხინით, გართობით, მოგზაურობით აღარ მყოფნიდა. მინდოდა, რაღაც განსხვავებული, რაც წინ წამწევდა და რაც მას, ალბათ, არ ესმოდა. საჭირო გახდა, შესაფერისი ფორმა მომეძებნა ბავშვებისთვის რომ, რაც შეიძლება, ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო. არ ვიცოდი, რა მეთქვა მათთვის, რომლებსაც ეგონათ, რომ მათი მშობლების დაშორების მიზეზი ჩემი ახალ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა იყო. განუწყვეტლივ იმაზე ვფიქრობდი, როგორ წარმემართა ჩემი ცხოვრება, რომ ზედაპირული არ გამხდარიყო. ვენა, მოგეხსენებათ, საკმაოდ მკაცრი ქალაქია. იქ ძაღლებს უკეთ ექცევიან, ვიდრე ბავშვებს. ჩვენს შვილებს გაუჭირდათ ვენის სიმკაცრესთან, ცუდ ამინდებთან, ძველ ბინაში ცხოვრებასთან შეგუება. დღის მეორე ნახევრიდან უკვე, მთელი ქალაქი ბნელდებოდა. საშინელება იყო. ყველაზე რთული ჩემთვის პირველი ოთხი თვე იყო. სანამ ბინის საკითხს მოვაგვარებდი და ჩემს პროფესიულ მოვალეობებს გავეცნობოდი, ბავშვები დროებით, დედასთან, პარიზში დავტოვე, მაგრამ (ქალბატონი სალომე 35 წლის ასაკში ვენაში საგარეო საქმეთა მდივანი იყო – ავტორი) ყოველ შაბათ-კვირას პარიზში მივფრინავდი.

– ის წლები ხომ ჯანრი კაშიასაც უკავშირდება?

– მე და ჯანრი ვმუშაობდით ქართულ-ევროპულ ინსტიტუტში, რომელიც ერთად შევქმენით. მაშინ მზადდებოდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მრავალტომეულის გამოცემა. უცნაური დამთხვევების წყალობით ჩემი და ჯანრის გზები მრავალჯერ შეიყარა და გაიყარა. ვენაში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ. ვმონაწილეობდით საახალწლო მეჯლისებში, ვსრიალებდით თხილამურებით (ქალბატონი სალომე ახალგაზრდობაში კარგად ცეკვავდა ქართულს. – ავტორი). ძალიან არ მომწონდა იქ ცხოვრება. ბავშვებს ყოველდღე ავტობუსით ფრანგულ ლიცეუმამდე გრძელი გზის გავლა უწევდათ, ასევე – უკან, სახლამდე. იქიდან გამგზავრების მეორე მიზეზი კი ჯანრისთან დაახლოება იყო. ქვეცნობიერად იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს სიახლოვე ბევრად უფრო სერიოზული ურთიერთობის დასაწყისი იქნებოდა, თუმცა იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ ჯერ ამისთვის ძალიან ადრე იყო. მინდოდა, ახალი ვალდებულება, რომელსაც ავიღებდი, საბოლოო ყოფილიყო და შვილებისთვის ის ამენაზღაურებინა, რაც დავაკელი. მაგალითად, ის, რომ ყოველდღიურად ვერ ხედავდნენ მამას.

– როცა ახალ ცხოვრებას იწყებ, ძნელია, ძველი დაივიწყო. ბოლოს და ბოლოს, შვილები, რომლებიც იმ ადამიანისგან გყავთ, ამის საშუალებას არც მოგცემდნენ. ხომ ასეა?

– 1980 წელს, ხანგრძლივი დიპლომატიური ტურნეს შემდეგ, პარიზში პირველად დავბრუნდი. ანალიზისა და მომავლის პროგნოზის ცენტრში, განიარაღების პრობლემებზე სამუშაოდ მიმიწვიეს. მაშინ პირველად ჩავედი საბჭოთა კავშირში, მოსკოვში – რკინის ფარდის იქით. პარიზში გატარებული წლები ბევრი რამით იყო ჩემთვის ღირსშესანიშნავი. მაშინ ჩვენ არ ვიყავით ქორწინებაში, მაგრამ ერთად ვცხოვრობდით პარკ მონსოს მშვენიერ, ძველებურ კერძო რეზიდენციაში. ნაქირავები ბინა დიდი არ იყო, მაგრამ შთამბეჭდავი. ჩვენი ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა. გაგვიჩნდა პირველი შვილი. ასე ვთქვათ, ბავშვი ქორწინების გარეშე გავაჩინე. მისმა დაბადებამ ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალა. ყოველი ჩემი გამგზავრება ტანჯვა იყო, სულ მინდოდა, მისთვის მეყურებინა, როგორ იცვლებოდა თანდათან. საღამოობით ჩემს მამამთილთან ერთად ვსადილობდი, რადგან ჩემი ქმარი მივლინებებში იყო. ის გამუდმებით მიყვებოდა საქართველოში განვლილ თავის ახალგაზრდობასა და ბევრ სხვა რაღაცაზე.

– ვიცი, რომ ჯანრი კაშია იმ დღეს გაიცანით, როცა ის საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსით ჩამოვიდა. როგორ გახსენდებათ ის დღე?

– ჩემს პარიზულ ცხოვრებაში საქართველომ ერთ მშვენიერ დღეს ახალი სახე შეიძინა. გავიცანი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი, რომელიც, სხვათა შორის, თავის თავს დისიდენტს არ უწოდებდა. არ სურდა თავისი სამშობლოთი სპეკულირება. ჯანრის ზუსტად იმ დღეს შევხვდი, როცა მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა საფრანგეთში. როგორც კი დავინახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა. ჩემი ბინის აივნიდან ეზოში შემოსულს თვალი მოვკარი. ვერ ავხსნი, ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ მახსოვს, წამიერად რაღაცამ გამიელვა გულში. დიდი ყურადღებით და ცნობისმოყვარეობით მივიღე სტუმარი. ერთხელაც, ასეთი რაღაც თქვა: ათი წლის შემდეგ „საბჭოთა კავშირი“ აღარ იქნებაო. მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამ წინასწარმეტყველებისთვის, მაგრამ ათი წლის შემდეგ გამახსენდა, როცა ჩვენ ერთად დავბრუნდით უკვე დამოუკიდებელ საქართველოში. რაც შეეხება პირველ ქმარს, ის რომში გავიცანი. ქართველი იყო, გორჯესტან-გუგუშვილი, თუმცა, სხვაგზაგამოვლილი ქართველი.

– საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სულ რაღაც წელიწად-ნახევარი დაჰყავით. მახსოვს, ძნელად შეეგუეთ ამ ადგილის დაკარგვას. სწორედ მაშინ ჩაებით აქტიურ, ეგრეთ წოდებულ ქუჩის პოლიტიკაში, ოპოზიციის იმ გუნდში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩა.

– მაშინ ყველაფერი ერთად მიტრიალებდა თავში. ვფიქრობდი, გინდ იყავი მინისტრი, გინდ – არა. შენი ცხოვრება ყირამალა დგება. მთავრობიდან ჩემი გაძევების შემდეგ, გადაწყვეტილება საქართველოში დარჩენის შესახებ, საკუთარ ნებაზე მაღლა დადგა. თქვენ განსაჯეთ, შევძელი თუ არა ამეხსნა, როგორ შეიძლება იყო ერთსა და იმავე დროს ქართველი და ფრანგი; ერთი სახელმწიფოს ელჩი და მეორეს – მინისტრი ისე, რომ საკუთარ თავს არ უღალატო და საკუთარ შეხედულებებზე უარი არ თქვა. რატომ მოიშორეს თავიდან მინისტრი, რომელმაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და ევროპისკენ მიმავალი გზის სიმბოლო გახდა? ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, შური იყო იმის გამო, რომ მე წარმატება მოვიპოვე იქ, სადაც მანამდე ყველა მარცხდებოდა. რა არის, იცით, გასაკვირი, რომ ჩემი გადაყენების მიზეზად სამი უსაფუძვლო არგუმენტი აირჩიეს: პროფესიონალიზმის ნაკლებობა, ნეპოტიზმი და უშედეგო საგარეო პოლიტიკა. ხომ გახსოვთ, რამდენი ხალხი მოვიდა მაშინ იპოდრომზე, დაახლოებით, თხუთმეტი ათასი. გარდა ამ ზღვა ხალხის მხარდაჭერისა, ყველაზე მეტად ვგრძნობდი ჩემიანების, ქმრის, შვილების ერთგულებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არც ესმოდათ და არც ეთანხმებოდნენ, მაინც გვერდში მედგნენ. სიყვარული ხომ სწორედ ეს არის – მიიღო სხვა ადამიანი ისეთი, როგორიც არის და არ ეცადო ყველაფრის გაგებას. ამის შემდეგ ჩავები პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც სხვათა შორის, არასოდეს მიზიდავდა, და არც მონაწილეობა მიმიღია.

– ერთხელ ინტერვიუში თქვით, რუსული შეგნებულად არ ვისწავლეო, რადგან გეზიზღებოდათ საბჭოთა წყობა, რომელმაც თქვენი ოჯახი საქართველოდან გახიზნა და ბევრი ტკივილი მოგაყენათ. თქვენ ერთადერთი საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით, რომელიც რუსულად არ ლაპარაკობდა. ეს არ იყო რთული მინისტრისთვის?

– დიახ! ერთი მხრივ, გადავწყვიტე, რუსული ენის ნაცვლად, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის, ქართულად მელაპარაკა. შესაძლოა, ჩემი ინტონაციაც უჩვეულოა ქართული ენისთვის, უცნაური გამონათქვამები ხშირად ღიმილს ჰგვრის ადამიანს, მაგრამ მე უფრო მეტად ქართველი ვარ, ვიდრე ისინი, ვისაც კომუნისტურმა სისტემამ კულტურა და ეროვნება დააკარგვინა.


скачать dle 11.3