კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შესთავაზა ნიკოლოზ დერიუგინის ვაჟმა ნიუ-იორკის ეკონომიკის საანალიზო ცენტრს და როგორ აცნობს ის ამერიკელებს საქართველოს


უკვე მესამე წელია, რაც ნიკოლოზ დერიუგინის შვილი, 23 წლის ნიკუშა, ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობს კოლეჯში და კალათბურთის გუნდის ხუთეულშიც თამაშობს. თუ რა პროფესიას ეუფლება, ვის მოუწყო ქართული საუნდთრეკის პრეზენტაცია და ჰყავს თუ არა მას „გერლფრენდი“, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


– როგორ ხარ, ნიკუშა, როგორ მიდის შენი ამერიკული ცხოვრება?

– ძალიან დაკავებული ვარ, თუმცა, საერთო ჯამში, ყველაფერი კარგად მიდის. დაკავებული რომ ხარ, ეს მიმაჩნია კარგ ნიშნად.

ვსწავლობ და ვვარჯიშობ. შეერთებულ შტატებში ძალიან პოპულარულია კოლეჯის სპორტი. ამიტომ ბევრი სტუდენტი სპორტშიც მოღვაწეობს. აქ როცა სპორტსმენი-სტუდენტი ხარ, დროის მენეჯმენტი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, დღის თითქმის 80 პროცენტი ლექციებსა და ვარჯიშში გადის. მერე უკვე შენზეა დამოკიდებული, დანარჩენ 20 პროცენტს როგორ და რაში გამოიყენებ.

– მოდი, ჯერ 80 პროცენტზე მიამბე.

– მე ახლა ვარ შტატ ვირჯინიაში, ვსწავლობ კოლეჯში. უკვე მესამე წელია, რაც შეერთებულ შტატებში ვიმყოფები. თავიდან, როდესაც ჩამოვედი, ცოტა გამიჭირდა. აქაური კულტურა, საჭმელი და, საერთოდ, ცხოვრების სტილი ძალიან განსხვავებულია ჩვენებურისგან. კოლეჯში რომ ჩავაბარე, საერთაშორისო მენეჯმენტის სწავლა მინდოდა, რადგან ოთხ ენას ვფლობდი, მაგრამ მერე გადაწყვეტილება შევცვალე და ახლა მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემებს ვეუფლები.

თავდაპირველად ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამერიკული ცხოვრებით. ხალხიც უფრო თბილი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ, რაღაც პერიოდის შემდეგ, ნოსტალგია დამეწყო. ერთი პერიოდი სულ ქართულ საჭმელზე ვფიქრობდი და ჩემს ოთახში სულ ქართული მუსიკა ისმოდა. ყველაზე მეტად იმ ფაქტთან შეგუება გამიჭირდა, რომ მშობლებსა და მეგობრებს წელიწადში მარტო ორჯერ ვხედავ. მართალია, ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს ტელეფონისა და სკაიპის მეშვეობით, მაგრამ, როდესაც თბილისში ხარ, სულ სხვაა.

– ყველაზე მეტად რა გენატრება?

– ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი მენატრება. დედაჩემი მოსკოვში ცხოვრობს, რაც უფრო მეტ შეფერხებას უქმნის ჩვენს შეხვედრებს. მე მოსკოვში არ ჩავდივარ ხოლმე, ის ჩამოდის თბილისში ყოველ ზაფხულს. მენატრება თბილისი – ჩემი ქალაქი, მეგობრებთან ერთად სუფრასთან თავმოყრა, სიმღერები, ხინკალი...

– მანდ ხშირად უსმენ ქართულ სიმღერებს?

– მეგობარმა გამომიგზავნა ამას წინათ „გასეირნება ყარაბაღში 2-ის“ საუნდთრეკი და ძალიან ხშირად ვუსმენ. საერთოდ, „33ა-ც“ მომწონს. სხვათა შორის, აქ, კოლეჯში, პროექტი მქონდა გასაკეთებელი მუსიკის თემაზე და ზუსტად ამ საუნდთრეკის პრეზენტაცია გავაკეთე (იცინის).

– მერე, როგორ ჩაიარა?

– ყველას ძალიან მოეწონა პროექტიც და სიმღერაც. ლექტორმაც და ჩემმა ჯგუფელებმაც მთხოვეს, სიმღერის ასლები გამეკეთებინა მათთვის. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სიმღერის ტექსტის თარგმნა მთხოვეს, მაგრამ, უარს როგორ ვეტყოდი.

– ყველა შემთხვევას იყენებ, რომ ქართულ კულტურას რეკლამა გაუკეთო შტატებში?

– ნამდვილად. ამერიკამ ჩემში ქართული პატრიოტიზმი გაამძაფრა და უფრო დიდად განმივითარა.

– ნიკუშ, კალათბურთზე რომ არაფერი გკითხო, სირცხვილი იქნება. რა წარმატებები გაქვს და როდის დაიწყო შენი, როგორც კალათბურთელის ცხოვრება?

– ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩემი ურთიერთობა კალათბურთთან ბავშვობიდან დაიწყო. 6 წლის ვიყავი, როდესაც სპორტის ამ სახეობაზე შემიყვანეს. იმის შემდეგ კალათბურთი ჩემი მეორე ცხოვრებაა. ამჟამად, პირველ ხუთეულში ვთამაშობ. გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარი მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია – ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ. ვნახოთ, როგორ წარიმართება ყველაფერი.

– სიმაღლეში რამდენი ხარ?

– ზუსტად 2 მეტრი.

– მანდ ქართველ კალათბურთელებს თუ იცნობენ მამაშენის თაობიდან?

– ამას წინათ, იგივე მკითხა ჩემმა მეგობარმაც. ნიკოლოზ დერიუგინი და მისი თაობა კი არა, ბევრისთვის იმის ახსნა მიწევს სტალინი ვინ არის. არაყი ჰგონიათ და მე ეს ძალიან ნერვებზე მშლის (იცინის).

– ახლა დროის, იმ 20 პროცენტზეც მელაპარაკე, სწავლასა და ვარჯიშს რომ არ უთმობ.

– სიმართლე რომ გითხრა, საკალათბურთო სეზონის პერიოდში, უმეტეს შემთხვევაში დაღლილი მოვდივარ და თავს ვაძალებ, რომ საშინაო დავალება გავაკეთო. წინა ზაფხულს ჩემმა კოლეჯმა პრაქტიკაზე ნიუ-იორკში გამგზავნა, სადაც ეკონომიკის საანალიზო ცენტრში ვიმუშავე. იქ შევთავაზე, რომ გაეკეთებინათ ვებბაზა საქართველოს ეკონომიკის ინდუსტრიისა და, უბრალოდ, ბიზნესის შესახებ. მართლაც, დამთანხმდნენ და ახლა მაგაზე მუშაობენ. მეც მთხოვეს და როგორც კი დროს გამოვნახავ, ვერთვები ხოლმე ამ პროცესებში. ამიტომ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ პროექტზე ვმუშაობ.

– ეს კიდევ ერთი ქართული საქმეა, რომლითაც ამერიკაში დაკავდი?

– დიახ (იცინის). ეკონომიკური განვითარების მხრივ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა. მანდ როცა ვიყავი, უამრავ კითხვას მისვამდნენ და მიხარია, რომ იმდენი ვიცოდი, რომ მათ ცნობისმოყვარეობას სრულად ვაკმაყოფილებდი. ბევრმა ქართველმა არ იცის, რომ „მსოფლიო ბანკმა“, ბიზნესეკონომიკის განვითარების მხრივ, ჩვენი ქვეყანა მე-11 ადგილზე დააყენა. ამას რომ ჩემს მეგობრებს ვუყვები საქართველოში, სულ მეუბნებიან, რაღაცა შეგეშალაო (იცინის).

– დაკავებული რომ ხარ, გასაგებია, მაგრამ, იმ დონეზე, რომ გოგონებთან ურთიერთობისთვისაც აღარ გრჩება დრო?

– მთლად ეგრეც არ არის, მაგრამ, იმას კი ვიტყვი, რომ რაც ამერიკაში ჩამოვედი, შეყვარებული, ან, როგორც აქ ეძახიან „გერლფრენდი“ არ მყოლია. მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია სასწავლებელში...

– და, კალათბურთელი ბიჭებიც ყველაზე პოპულარულები ხართ...

– რა ვიცი, ალბათ... ფაქტია, რომ ჯერ არ შემხვედრია და, არა მგონია, აქ შემხვდეს. თუ მაინც შევხვდები ისეთ გოგონას, ვისთან ერთადაც კარგად ვიგრძნობ თავს და მოვინდომებ მასთან ცხოვრების დაკავშირებას, მაშინ მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ საიდანაა იგი წარმოშობით.

– ესე იგი ამ ეტაპზე მცირეხნიანი ფლირტებით კმაყოფილდები და სერიოზული ურთიერთობებისთვის თავს არ იწუხებ?

– არა, ეგრეც არ არის. აქ, ამერიკაში, თუ მთლიანად არ მიენდე იმ საქმეს, რასაც აკეთებ, არაფერი გამოვა. აქედან გამომდინარე, პირადი ცხოვრებისთვის ძალიან ცოტა დრო გრჩება. მართლა ასეა, არ ვაზვიადებ.

– მარტო ცხოვრობ?

– სასწავლებლის აპარტამენტებში ვცხოვრობ. ოთახში მარტო ვარ, მეზობელი არ მყავს. როდესაც ვმეცადინეობ, სიჩუმე მჭირდება და ამიტომაც გადავწყვიტე, მარტო ვიყო. თან, ამერიკელი მეზობელი, ქართულ მუსიკას, მე რომ ვუსმენ, იმ დოზით, არ ვიცი, როგორ გაუძლებს (იცინის).

– საბოლოოდ სად ხედავ შენს ადგილს სპორტში, თუ...?

– სპორტში კიდევ დიდხანს ვაპირებ ყოფნას, კალათბურთის გარეშე ვერც წარმომიდგენია ცხოვრება, მაგრამ, საბოლოოდ, ალბათ, ვცდი გამოვიყენო ის ცოდნა, რომელსაც აქ მივიღებ. ამერიკამ ბევრი რამ მომცა განათლების მხრივ. საბოლოოდ კი მაინც საქართველოში ჩამოვალ. მე ვფიქრობ, საქართველოს ძალიან წარმატებული მომავალი ელის და, ვაპირებ, მაგ დროს მანდ ვიყო და მეც მივიღო აქტიური მონაწილეობა.


скачать dle 11.3