კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზნით იქორწინა ბაგრატ მესამის ასულზე ლუარსაბ პირველმა და რა იწინასწარმეტყველა მან


ქართლის სახელოვან მეფეს ლუარსაბ პირველს დიდი როლი მიუძღვის ქართველთა თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. როგორც ისტორიკოსმა გოჩა საითიძემ ინტერვიუს ჩაწერამდე ხუმრობით მითხრა: რომ არა ლუარსაბ პირველი, დღეს თქვენი სახელი ზულფია, ჩემი კი – მაჰმუდი იქნებოდაო. თუ რა გზა განვლო ამ მეფემ მოღვაწეობის განმავლობაში, როგორ იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი და რა დაიბარა საბოლოოდ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


გოჩა საითიძე: ლუარსაბ პირველი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მონარქი გახლდათ. ჩემი აზრით, ის იყო ადამიანი, რომელიც სხვა საუკუნეში, ან სხვა სიტუაციაში რომ დაბადებულიყო, იქნებოდა არანაკლებ დიდი სახელით შესული ჩვენს ისტორიაში, ვიდრე ფარსმან ქველი, ვახტანგ გორგასალი და სხვა. ის იყო ქართლის მეფე, მაგრამ თავისი აზროვნებითა და მენტალობით ლუარსაბი საქართველოს მეფე გახლდათ. განსხვავებით მისი თანამედროვე სხვა მეფეებისა, თუ მთავრებისგან, კუთხურობის მიხედვით ის არ აზროვნებდა.

– როდის მოღვაწეობდა ლუარსაბ პირველი?

– ლუარსაბ პირველი ქართლის მეფე იყო 1527-1556 წლებში. ამ პერიოდში ჩვენი ქვეყანა სამეფო-სამთავროებად იყო დაშლილი. არსებობდა 3 სამეფო: იმერეთის, ქართლის და კახეთის, რომელთაც ბაგრატიონთა სხვადასხვა შტო ედგა სათავეში და არაერთი სამთავრო: სამცხე-საათაბაგო – ჯაყელებით სათავეში, სამეგრელო – დადიანებით, გურია – გურიელებით, აფხაზეთი – შერვაშიძეებით, სვანეთი – დადეშქელიანებით და ასე შემდეგ. მათ მუდმივად ქიშპობა ჰქონდათ ერთმანეთთან. მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში მოხდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები – ევროპელებმა ინდოეთსა და ჩინეთამდე მიმავალი საზღვაო გზა აღმოაჩინეს, რის შედეგად, აბრეშუმის გზა ჩვენს ქვეყანას მოსწყდა. საქართველო, საერთაშორისო თვალსაზრისით, დარჩა აბსოლუტურად უფუნქციო. ამას ემატება ისიც, რომ დაგვიმეზობლდა ორი აგრესიული მაჰმადიანური სახელმწიფო – თურქ-ოსმალეთი და სეფიანთა, იგივე ყიზილბაშური ირანი. ორივე მათგანის პოლიტიკა ერთნაირია: საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, ოღონდ ქართველების გარეშე. შესაბამისად, ორივე ცდილობს, საქართველოში გაბატონებასა და დამკვიდრებას. ჩვენ კი გვშველოდა ის, რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან მუდმივ ქიშპში იყო, რასაც ლუარსაბ პირველი შესანიშნავად იყენებდა.

– რა იყო მათი დაპირისპირების მიზეზი, ირანი და თურქეთი, ორივე ხომ მაჰმადიანური სახელმწიფოა?

– დიახ, მაგრამ ისინი სხვადასხვა მაჰმადიანური მიმდინარეობის მიმდევრები იყვნენ. ოსმალეთში სუნიტები ცხოვრობდნენ, ირანში კი – შიიტები. მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებებია. ისე მტრობდნენ ერთმანეთს, რომ მაგალითად, როდესაც ოსმალეთის სულთანი ლაშქრობას აპირებდა ირანის წინააღმდეგ და მეომრებსა და მოსახლეობას მიმართავდა ბრძოლის ჟინის ასამაღლებლად, წერდა: საკმარისია, ერთი შიიტი მოკლათ, რომ მისი მოკვლა 10 გიაურის მოკვლის ტოლფასიაო. ამის შემდეგ მებრძოლებს, თუნდაც ბრძოლაში დაღუპულიყვნენ, სამოთხისკენ მიმავალი გზა გახსნილი ჰქონდათ. შიიტი ირანის შაჰი კი პირიქით ამბობდა: ერთი სუნიტი ოსმალოს მოკვლა 10 გიაურის მკვლელობას უდრისო. ეს ძალიან გვშველოდა. ხან ერთს მივეკედლებოდით და ხან – მეორეს, სხვა გზა არც გვქონდა. ეს იყო ბრძოლა ჩვენი არსებობისთვის, ფიზიკური გადარჩენისთვის. ამიტომაც, გულწრფელად ვამბობ, რომ არა ლუარსაბ მეფის დარი დიდი მამულიშვილები, დღეს ალბათ თქვენი სახელი ზულფია იქნებოდა, ჩემი კი – მაჰმუდი. ტყუილად კი არ აღნიშნავს ბერი ეგნატაშვილი: „უკეთუმცა მეფესა ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არ ექმნა, ახლამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ და რაოდენიცა დღეს სახელნი არიან საქართველოსანი, ყოველივე ხმლისა მისისაგან არიან.” თუმცა, ჩვენ აქვე უნდა დავამატოთ, რომ არა მარტო მათი ხმლის კარგად ქნევამ, არამედ პოლიტიკურმა გამჭრიახობამაც შეგვინარჩუნა არსებობა.

– რა პოლიტიკას ატარებდნენ ირანისა და ოსმალეთის მიმართ ლუარსაბ პირველის თანამედროვე სხვა ქართველი სახელმწიფო მოღვაწეები?

– ლუარსაბის მეფობის პერიოდში იმერეთში ბაგრატ მესამე მოღვაწეობდა. მოგეხსენებათ, მაშინ მეტად მნიშვნელოვანი იყო დინასტიური ქორწინებები. ამ მიზნით, ლუარსაბ პირველი ბაგრატის ასულ თამარზე დაქორწინდა. სიძე-სიმამრი, ძირითადად, ერთ პოზიციაზე იდგნენ, მაგრამ იყო პერიოდები, როცა მათი პოზიციები იყოფოდა.

დროგამოშვებით ირანი და ოსმალეთი ზავდებოდნენ ხოლმე. აი, მაშინ იყო სწორედ ჩვენი საქმე შავად. ოსმალები ძირითადად დასავლეთ საქართველოზე ლაშქრობდნენ, ირანელები კი – აღმოსავლეთზე. ასევე, ორივე აგრესორის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა სამხრეთ საქართველოში – მესხეთში არსებული სამცხე-საათაბაგოს სამთავრო. ირანის შაჰი ამ დროს ცნობილი შაჰ-აბას პირველის ბაბუა შაჰ-თამაზი იყო. მის დროს დაიწყო დიდი აოხრებები ქართლში. კახთა მეფეები საკუთარი სამეფოს იქით არ იყურებოდნენ. მე მათ პოლიტიკას სირაქლემას პოლიტიკას ვუწოდებ. ქართლს როდესაც ირანთან, ოსმალეთთან, ან ორივესთან ერთდროულად უხდებოდა ბრძოლა, კახეთი ამ დროს მიწყნარებული იყო, რადგანაც მტერს არ აწყობდა ქართული ძალების გაერთიანება. ამ პერიოდში კახეთს თავზე ხელს უსვამდნენ და მისი მესვეურებიც კმაყოფილები იყვნენ. თუმცა, მათი პოლიტიკა არ იყო სრულყოფილი, როგორც კი მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ხელსაყრელი მომენტი დადგა, შაჰ-აბასმა კახეთი საშინლად ააოხრა და ბევრი ქართველი გადაასახლა ირანის პროვინცია ფერეიდანში, რომელთა შთამომავლები ახლაც იქ ცხოვრობენ. ეს იყო კახეთის მეფეთა პოლიტიკის ნაყოფი.

პირველად შაჰ-თამაზი ქართლში 1541 წელს შემოიჭრა. ისარგებლა იმით, რომ ლუარსაბ პირველი მცხეთაში იყო წასული შვილის დასაფლავებაზე და თბილისი აიღო.

– ლუარსაბ პირველის ბრძოლის მეთოდის თავისებურებებზეც ვისაუბროთ.

– ლუარსაბი, როგორც წესი, მტერთან პირდაპირ ბრძოლაში არ შედიოდა. თუ დაინახავდა, რომ მოწინააღმდეგეს უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა, ის უკან იხევდა, აფარებდა თავს მთებსა და ხევებს, იმალებოდა და პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებდა. მტერს სისხლს უშრობდა. პოვნით კი ვერ პოულობდნენ, მადლობა ღმერთს, საქართველო მთაგორიანი და ძნელად მისადგომი ქვეყანაა.

1547 წელს ირანელები მეორედ შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში, 1551 წელს – მესამედ. ამ ლაშქრობის დროს შაჰ-თამაზმა სასტიკად ააოხრა სახელგანთქმული ვარძიის მონასტერი, თუმცა კვლავ ვერ მოახერხა ლუარსაბის ხელში ჩაგდება. როდესაც შაჰ-თამაზი მეოთხეჯერ მოვიდა ქართლში ლუარსაბის შესაპყრობად, გარს შემოერტყა ატენის ციხეს, სადაც თავშეფარებული იყო ლუარსაბის დედა. ქართულ ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ იგი იყო ნესტან-დარეჯან ბარათაშვილი. სინამდვილეში ეს ასე არ არის. პროფესორ დავით ნინიძესთან ერთად ჩვენ გამოვიკვლიეთ, რომ ლუარსაბ პირველის დედა გახლდათ ლუარსაბის მამის, დავით მეათის მეორე ცოლი. ნესტან-დარეჯანი მისი პირველი მეუღლე იყო, რომელთანაც დავითს შვილი არ ჰყოლია. ლუარსაბის დედა გახლდათ მესხეთის მთავრის – ყვარყვარე ჯაყელის ქალიშვილი, თამარი.

შაჰ-თამაზმა ვერაფრით აიღო ატენის ციხე და უკან აპირებდა გაბრუნებას, როდესაც მოხდა ერთი საბედისწერო შემთხვევა.

– რა შემთხვევა?

– მტერმა შეიპყრო ერთი კავთისხეველი გლეხი, ვინმე ბეთიაშვილი. მას სიკვდილის შიშით უთქვამს, რომ იცოდა ნაკადული, საიდანაც ეს აუღებელი ციხე წყლით მარაგდებოდა. თუ ამ ნაკადულს გაწყვეტთ, მაშინ ისინი დაგნებდებიანო. მართლაც, გაწყვიტეს წყალი და გარკვეული ხნის შემდეგ ციხეც დანებდა. ირანელებმა ლუარსაბის დედა ტყვედ წაიყვანეს. თამარ დედოფალს იმედი ჰქონდა, რომ შვილი დაიხსნიდა. ლუარსაბი გამოუდგა კიდეც, უდიდესი ზიანიც მიაყენა მტერს, მაგრამ დედის გამოხსნა ვერ შეძლო. საბოლოოდ, უკვე ერევნის ტერიტორიაზე, როდესაც დედოფალმა დაინახა, რომ საშველი აღარ იყო, საწამლავი დალია და თავი მოიკლა. მან ტყვეობაში ყოფნას, დამცირებას, სიკვდილი ამჯობინა. ამ ფაქტს შესანიშნავი მოთხრობა – „სიბრძნე სიკვდილისა“ მიუძღვნა გამოჩენილმა მწერალმა ლევან გოთუამ.

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– 1555 წელს ქალაქ ამასიაში დაიდო ზავი ირანსა და ოსმალეთს შორის. მათ ოფიციალურად გაინაწილეს საქართველო. იმდროინდელი ისტორიკოსები ამბობენ, რომ ყველა შეურიგდა ამ ზავს, ერთადერთი ლუარსაბი იყო, რომელიც არც ოსმალეთს ეპუებოდა, არც ირანს და შეურაცხყოფად მიაჩნდა მათთვის ქედის მოხრაო. ამიტომაც, შაჰ-თამაზმა 1556 წელს დიდი ჯარი გამოგზავნა შაჰვერდი სულთნის მეთაურობით. ბრძოლის წინა დღეს ლუარსაბს სიზმარი უნახავს, რომელიც შემდეგ თანამებრძოლებისთვის უამბია: დამესიზმრა, რომ დღეს ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მაგრამ მე დავიღუპები. თუმცა, ჩემს გლოვას დაეხსენით და სამშობლოს მიხედეთო. დიდხანს ცდილობდნენ გადაეფიქრებინათ, დავიმალოთ და ხელსაყრელ მომენტს დაველოდოთო, მაგრამ ვერ გადააფიქრებინეს მეფეს ბრძოლის გადადება.

ლუარსაბი ამ დროს უკვე ასაკოვანი იყო. მთავარსარდლობა 19 წლის უფლისწულ სვიმონს ჩააბარა. ბრძოლა გაიმართა ქვემო ქართლში, გარისთან, რომელსაც ერთ-ერთი გორაკიდან ადევნებდა თვალს ლუარსაბი და მასთან მყოფი მცირერიცხოვანი ამალა. ქართველებმა მტერი გაანადგურეს, ირანელები გაიქცნენ. ამ დროს ერთი საბედისწერო შემთხვევა მოხდა, რომელმაც ლუარსაბის წინათგრძნობა გაამართლა. ტყეში დამალული მუჰამედ სულთნის რაზმი, რომელიც გასაქცევს ეძებდა, შემთხვევით გადააწყდა ლუარსაბს და მის თანმხლებთ. დაიწყო შეტაკება. ლუარსაბი, მართალია, მხცოვანი იყო, მაგრამ ბრძოლა არ ესწავლებოდა. სამწუხაროდ, ერთ მომენტში მის ცხენს ფეხი ჩაუვარდა ნაპრალში. სწორედ ამ დროს მიესივნენ ყიზილბაშები და სეტყვასავით დააყარეს ისრები. მართალია, ამ ტრაგედიის შემდეგ ქართველებმა გაანადგურეს ეს რაზმი, მაგრამ რაღა დროს. ლუარსაბ პირველი დაკრძალეს სვეტიცხოველში, მეფეთა განსასვენებელში.


скачать dle 11.3