კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ქმნის ლალი თოფურიძე ხელოვნების ნიმუშებს თავისი კოლექციისთვის


თბილისელი ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი, ქალბატონი ლალი თოფურიძე, უნიკალური კოლექციის მფლობელია, რომელშიც მისი შექმნილი თოჯინებია თავმოყრილი. თუ რატომ და რის შემდეგ დაიწყო ქალბატონმა ლალიმ კოლექციის შექმნა და ვის გადასცემს იგი საბოლოოდ თავის თოჯინებს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლალი თოფურიძე: დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით ვარ ისტორიკოსი-ხელოვნებათმცოდნე, მეორე ფაკულტეტიც დავამთავრე – კინო-ტელე დრამატურგია. ერთი პერიოდი ფილმებს ვიღებდი დოკუმენტურ სტუდიაში. თუმცა, ჩემი ცხოვრების დიდი დრო პედაგოგიურ საქმიანობას მოვანდომე და მაქვს 35 წლის სტაჟი.

არასდროს ხელში არ ამიღია ნემსი და ძაფი. არც ვფიქრობდი, რომ შემეძლო ასეთი თოჯინების შექმნა. ამჟამად ჩემს გამოცდილებას ისევ პედაგოგის ამპლუაში კულტურის, მოდისა და ტექსტილის დიზაინის ცენტრში, ასოციაცია „ველლო დ,ორი“-ში ვაგრძელებ.

– ამ კოლექციის პირველი თოჯინა როდის შეიქმნა?

– ცხრა წლის წინ. ისე მოხდა, რომ ავადმყოფობის გამო, დაახლოებით ექვსი თვე ვიწექი და მაშინ გადავწყვიტე თოჯინას შექმნა. სწორედ იმ პერიოდში შემეძინა შვილიშვილი და პირველი თოჯინაც მას მივუძღვენი. დავარქვით „კუკუნა“. კუკუნა და ჩემი ლიკუნა ერთი სიმაღლის იყვნენ. მსიამოვნებდა თოჯინების შექმნა და თანდათან ჩემი გატაცებაც კოლექციის სახეს იღებდა. ნელ-ნელა სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები შეემატნენ: აჭარლები, ხევსურები, სვანები, თუშები, კახელები... ყოველთვის მინდოდა, რომ განსხვავებული ყოფილიყო ჩემი თოჯინები. ხალხური შემოქმედების ცენტრში გაერთიანებამ დიდი სტიმული მომცა. იქ ეწყობა გამოფენები და ჩემი თოჯინებით უამრავი კოლექციონერი დაინტერესდა.

– როგორც ვიცი, უკრაინაში გამართულ გამოფენაზე თქვენი თოჯინები უკრაინის ექსპრეზიდენტის ძმასაც შეუძენია თავისი კოლექციისთვის.

– ჩემი პირველი დიდი გამოფენა უკრაინაში მოეწყო. უკრაინის საელჩომ დამაფინანსა და წამიყვანა. იქ 24 დღე ვიყავი. კიევის ლავრაში იყო გამოფენა, რომელმაც საინტერესოდ ჩაიარა და დიდი გამოხმაურებაც ხვდა წილად. პრეზიდენტ იუშჩენკოს ძმას ჰქონია საინტერესო კოლექცია და ამიტომ ამ გამოფენის დიდი ნაწილიც მან შეიძინა საკუთარი კოლექციის შესავსებად.

– რა დრო სჭირდება თითო თოჯინას შექმნას?

– პატარა თოჯინას შექმნას მცირე დროს ვანდომებ, დიდ თოჯინაზე კი თითქმის მთელი თვე ვმუშაობ, რადგან აქ მთავარია, დავიჭირო ის ხასიათი და გამოხედვა, რაც განსაკუთრებულია და მხოლოდ ქართველებისთვის არის დამახასიათებელი. მინდოდა, მასში ჩემი სული ჩამედო. სხვა მასალას არ ვხმარობ, გარდა ნაჭრისა და ბამბისა. როდესაც თვალებს ვქარგავ, სულ ვფიქრობ, როგორი შეიძლება იყოს ქართველი კაცი – ცოტა ეშმაკური, მაგრამ, ამავდროულად, დინჯი, თავშეკავებული; ან, ქალი – უფრო მოწიწებული. გაკეთებული მქონდა „მთვრალები“ და გამოფენაზე წავიღე ცისფერ გალერეაში. ერთი ნასვამი მამაკაცი შემოვიდა, დიდხანს უყურა, უყურა და შემდეგ მითხრა: ამათ ჯერ დაალევინეთ თუ, როგორ არის საქმეო? (იცინის) მაშინ მივხვდი, რომ ის რაღაცა, რაც აუცილებელი იყო, დაჭერილი მქონდა. არასდროს არ ვმუშაობ რომელიმე ტიპაჟის მიხედვით. ბევრი ვიფიქრე, როგორი უნდა იყოს კახელი, როგორც იქნა, გავაკეთე და თბილისობასთან დაკავშირებით მოწყობილ გამოფენაზე გავიტანე. ერთი ასაკოვანი კახელი მამაკაცი გამოეყო მომღერალთა ჯგუფს, მოვიდა და დიდხანს ათვალიერებდა ჩემს თოჯინებს. მერე წავიდა და სხვებიც მოიყვანა. ეტყობა, ჩემი გაკეთებული, გოდრიანი კახელი ვიღაცას მიამსგავსეს, რადგან, ერთ-ერთმა მათგანმა კახურ კილოზე მიაძახა ჩემს თოჯინას: „ე, თედო, აგკიდეს გოდორი?!“ ძალიან ბევრი იცინეს.

– დღეისათვის რამდენი თოჯინას ავტორი ხართ?

– ორი ათასამდე პატარა ზომის თოჯინა მაქვს შექმნილი, დიდი თოჯინა კი დაახლოებით 700-800 იქნება.

უკრაინაში ჩატარებული გამოფენის შემდეგ შემომთავაზეს უკრაინელი თოჯინები შემექმნა, მაგრამ, ვერ გავაკეთე. უკრაინული თოჯინა უკრაინელმა უნდა გააკეთოს, რადგან ჩემს გაკეთებულ უკრაინელსაც ისეთი ქართული გამოხედვა ჰქონდა, რომ, გავხადე და ქართულად შევმოსე, თუმცა, რაც არ უნდა ჩააცვა, მაინც ქართული გამოდის.

– როგორც ვიცი, ახლა ემზადებით და თქვენი კოლექცია სექტემბერში იტალიაში, ერთ-ერთ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

– ორი წლის წინ მივიღე მიწვევა, მაგრამ მაშინ ოჯახური პირობების გამო ხელი შემეშალა. ახლა ხელმეორედ მიმიწვიეს გამოფენაზე. მას ქართულად „ქსოვილის გამოფენა“ ჰქვია. ყველა ქვეყნიდან იღებენ მასში მონაწილეობას. მინდა რომ საქართველოს სახელი ღირსეულად გავიტანო ამ გამოფენაზე.

25 წლის ვიყავი, როდესაც კლინიკური სიკვდილი მქონდა.

– ეს როგორ მოხდა?

– ოპერაციის შემდეგ სისხლდენა დამეწყო, დავკარგე დიდი რაოდენობით სისხლი. ექვსლიტრ-ნახევარი სისხლი გადამისხეს, მაშინ, როდესაც ადამიანის ორგანიზმში 5 ლიტრამდე სისხლია. ყველაფერი უფლის წყალობითაა. ეტყობა, კიდევ რაღაცა მქონდა გასაკეთებელი და ამისთვის მომცა ღმერთმა დრო. ძალიან ცოტა ხანს მძინავს, 4-5 საათი მყოფნის. ვცდილობ, ბევრი ვიმუშაო. მინდა, ისე წავიდე ამქვეყნიდან, რომ პატარა კვალი მაინც დავტოვო.

– რამდენი ხნის განმავლობაში იყავით ამ მდგომარეობაში?

– ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენ ხანს ვიყავი კლინიკურად მკვდარი. როგორც ჩანს, საოპერაციო მაგიდაზე ექიმებმა უკვე მიმატოვეს, სიკვდილიც დაფიქსირდა. რაღაც პერიოდის შემდეგ კი კლინიკის დამლაგებელს დაუნახავს, როგორ ავამოძრავე ხელი. ამის შემდეგ, ექიმებმა ისევ თავიდან დაიწყეს ბრძოლა ჩემი სიცოცხლისთვის.

– რას ხედავდით ან განიცდიდით იმ მდგომარეობაში ყოფნისას?

– საოცარი იყო. თითქოს მე და ჩემი საყვარელი ბებია, რომელიც ცოცხალი აღარაა, მივდიოდით აღმართზე, მოკირწყლულ ქუჩაზე. ირგვლივ ერთსართულიანი სახლები განათებული იყო უცნაური ყვითელი ფერით. ყველგან იყო საკომისიოები. ჩვენ შევდიოდით და ყოველ მათგანში იყო ძველი საათები და ყველა მუშაობდა. მე მიკვირდა, ბებიამ კი ამიხსნა, – ესენი დროს ითვლიანო. უცბად სიბნელეში გადავედით. მე არ მეშინოდა. ბებიამ მითხრა, ახლა, სახლში წადიო. მე ვიუარე ვერ გაგიშვებ-მეთქი. მან კიდევ გამიმეორა: შენ ჩემთვის წინააღმდეგობა არასდროს გაგიწევია. შენი აქ მოსვლა არ შეიძლებაო – მერე შემომატრიალა და მე დავინახე განათებული თბილისი. ჩადი ახლა, მიდი სიონში და სანთელი აანთეო. გონზე რომ მოვედი, ექიმს დიდი მადლობა ვუთხარი. მან ხელი გააქნია – მე არაფერ შუაში ვარ, შვილო. არ ვიცი, რა მოხდა, რატომ არ მიგიღესო.

ეტყობა, რაღაცისთვის უნდა ვიყო აქ და ამისთვის ბევრი უნდა ვიმუშაო. უნდა გავაკეთო თოჯინები. ყველას გავაცნო ქართული კულტურა. უკვე მივაღწიე იმ დონეს, რომ შემიძლია, ხელოვნების ნიმუშები შევქმნა. ჩემი კოლექციით ვაპირებ ამ ცოდნის რეალიზებას, რომელიც, საბოლოოდ, საქართველოში დარჩება. ჩემი კოლექცია თოჯინების მუზეუმის საკუთრება იქნება, იმ თოჯინების მუზეუმისა, რომელშიც მე გავიზარდე.


скачать dle 11.3