კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის დაშამათებას აპირებს ნინო გურიელი და რა შემთხვევაში ყრიან ერთ ყუთში მეფეს და პაიკს

საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მსოფლიოში ცნობილი ქალბატონი დაასახელა, რომელსაც განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.  ესაა  დიდოსტატი ნინო გურიელი. იმ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ქალთა ხუთეულის სრულუფლებიანი წევრი, რომლის სახელიც მრავალი წლის განმავლობაში დომინირებდა მსოფლიო საჭადრაკო არენაზე, იგებდა თითქმის ყველა ტურნირს და დიდება და სახელი მოჰქონდა საქართველოსთვის. ქალბატონი ნინო დღეს ჩვენი სტუმარია. ის მოგვითხრობს თავის პოლიტიკურ არჩევანსა და გეგმებზე, რომელიც დასახული აქვს და მათ განხორციელებას აპირებს.

– როგორ მოხვდით პოლიტიკაში და რატომ აირჩიეთ საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა?
– პოლიტიკით დიდი ხანია, დაინტერესებული ვარ, თუმცა, იმის გამო, რომ მოქმედი მოჭადრაკე ვიყავი, მასში აქტიური ჩართვის საშუალება არ მქონდა. ხოლო, როდესაც ჩავთვალე, რომ აქტიურ სპორტში საკუთარი თავი ამოვწურე და ჩემი სამშობლოს სამსახური სხვა სფეროში უნდა განმეგრძო, სწორედ მაშინ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა. ეს გრძნობა განსაკუთრებით გამიმძაფრდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და მტკიცე, საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, ჩემი არჩევანი ქრისტიან-დემოკრატების სასარგებლოდ გავაკეთე. ისინი ზომიერი, გაწონასწორებული პოლიტიკოსები არიან და პირად ამბიციებს არასდროს გადააყოლებენ სამშობლოს ინტერესებს. სწორედ სამშობლოს სიყვარულმა მომიყვანა ქრისტიან-დემოკრატებთან და მათთან ურთიერთობას ძალიან დიდხანს ვაპირებ.
– თქვენ ბრძანდებით ვაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. იქნებ, მოგვითხროთ, როგორ გეგმავთ ბრძოლას, რისი იმედი გაქვთ, ვინ მიგაჩნიათ მთავარ მეტოქედ და როგორ აპირებთ მის „დაშამათებას“?
– დავიწყებ იმით, რომ მე ვარ ვაკელი – ამ მშვენიერ უბანში დაბადებული და გაზრდილი და კარგად ვიცნობ მის მოსახლეობასა და პრობლემებს. ამიტომ, პირობას ვდებ, რომ, თუკი პარლამენტში მოვხვდი, ნებისმიერ ვაკელს, მიუხედავად მათი მრწამსისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა, ყოველმხრივ დავეხმარები პრობლემების გადაწყვეტაში და ბოლომდე აქტიურად დავუდგები გვერდით. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ბრძოლას კი ვაპირებ ქრისტიან-დემოკრატიულად, ანუ, პატიოსნად, ყოველგვარი სარმებისა და ცილისწამების გარეშე, ისე, როგორც ეს სამშობლოს მოყვარულ, ღირსეულ ადამიანს შეეფერება. ხოლო, რაც შეეხება ჩემს მეტოქეებს, თითოეულ მათგანს პატივს ვცემ, თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი კონკურენტი მაინც სახელისუფლო წარმომადგენელია, მთავარი ბრძოლის გამართვა მასთან მომიწევს და, თუკი გამიმართლებს, იმედი მაქვს, რომ დავაშამათებ (იცინის). მე მჯერა ჩემი ამომრჩევლის, ჩემი ვაკელების და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ პატივს ვცემ ჩემს მეტოქეებს. ჭადრაკში ძლიერ მეტოქესთან გამარჯვებას მეტი ფასი აქვს და ასეთი წარმატებისთვის არაერთხელ მიმიღწევია. იმედი მაქვს, ასეთ გამარჯვებას პოლიტიკაშიც მივაღწევ, რაშიც ჩემი ამომრჩეველი და ჩემი პოლიტიკური თანამოაზრეები დამეხმარებიან. მათგან განსხვავებით, მე მაინც ახალბედა პოლიტიკოსი ვარ და ბევრი რამის სწავლა, ათვისება და გამოცდილების მიღება მჭირდება.
– ვინაა თქვენი პოლიტიკური იდეალი?
– მოდი, ნურც შორს წავალთ და ნურც გადამეტებულ ქებაში ჩამითვლით, მაგრამ, გულწრფელად მიმაჩნია, რომ იდეალურ პოლიტიკოსთან მიახლოებულია ჩვენი ლიდერი გიორგი თარგამაძე. ძალიან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის არის გაწონასწორებული, ჭკვიანი, პატიოსანი, სამშობლოს მოყვარული, მისთვის გულანთებული ადამიანი და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის მომავლის პოლიტიკოსია. ეს მომავალი კი, ჩემი აზრით, სულ მალე, ერთი წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს დადგება და გიორგი თარგამაძე საქართველოს პრეზიდენტობის რეალური განდიდატი იქნება.
– ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა. მოდი, საპარლამენტო არჩევნებს დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, რისი შანსი აქვთ 1 ოქტომბერს ქართველ ქრისტიან-დემოკრატებს?
– ფაქტია, რომ ქართველი ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი ყოველდღიურად იმატებს და ამას ყველა, დიდი თუ პატარა გამოკითხვები ადასტურებს. დიდი შანსები გვაქვს და მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა გაძლიერებული შემადგენლობით, თითქმის გაორმაგებული რაოდენობით შევა საქართველოს პარლამენტში და იქ თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
– და, რა არის ეს ადგილი?
– ეს ღირსეული ადგილია ის შუალედი, რომელიც გამაწონასწორებელი ძალის როლს შეასრულებს მომავალ პარლამენტში. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მომავალ პარლამენტში საკმაოდ დიდი რაოდენობით შევლენ სახელისუფლო და „ოცნების“ კოალიციის ძალები, რომლებიც, დიდი ალბათობით, საკმაოდ მწვავედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და მათ შორის ჩვენ მასტაბილიზებელი როლი უნდა შევასრულოთ, რათა ამ ბრძოლას ჩვენი სამშობლო არ გადაჰყვეს და უფსკრულში არ აღმოვჩნდეთ. აქედან გამომდინარე, მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ არჩევნების მეორე დღეს, 2 ოქტომბერს და, ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს, შეეგუონ რეალობას და ღირსეულად შეხვდნენ როგორც გამარჯვებას, ასევე მარცხს.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ იმას, რომ, როგორც მრავალი კომპეტენტური კვლევის შედეგი ცხადყოფს, მომავალ პარლამენტში ძალთა განსხვავებული განლაგება იქნება და აბსოლუტურ უმრავლესობას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიაღწევს. ასეთი რამ კი, როგორც სხვადასხვა ლიდერისა თუ შედარებით რიგითი წევრების განცხადებებით ჩანს, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ოცნებას“ არ აწყობს. ისინი ამას დამარცხებად მიიჩნევენ. სწორედ მათ მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს, დაპირისპირებაზე არც იფიქრონ და საკუთარ, ვიწრო პარტიულ ინტერესებს ნუ გადააყოლებენ ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალს.
– და, თქვენ გჯერათ, რომ მსგავსი მარგინალები საკუთარ თავზე მაღლა დადგებიან? მით უმეტეს, რომ აქტიურად მუსირებს ხმები იმის შესახებ, რომ ძირითადი პოლიტიკური სპექტრი სწორედ არჩევნების მეორე დღისთვის, 2 ოქტომბრისთვის ემზადება აქტიურად და, ღმერთმა უწყის, რა მოხდება ამ დღეს...
– ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატებიც შევდივართ იმ ძირითად სპექტრში, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ პოლიტიკური არეულობისთვის ნამდვილად არ ვემზადებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია მტრის ჭარბი სამხედრო ძალის მიერ, რომელიც დედაქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით დგას და ხელსაყრელ მომენტს ელოდება. არ შეიძლება, იმეორო, რომ რუსეთთან ომი დაიწყო საქართველომ და, რომ ჩვენს ტერიტორიებს ჩვენ თვითონ ვბომბავთ. ასეთ შემთხვევაში, მტერი ყოველთვის მომგებიან პოზიციაშია და, როდესაც მორიგ დაბომბვას მოგვიწყობს, ასეთი სისულელის მთქმელი პოლიტიკოსები იმავეს გაიმეორებენ... მე მჯერა ჩემი ხალხის, მათი სიბრძნის და, დარწმუნებული ვარ, რომ შავსა და თეთრს კარგად გაარჩევენ, ხელს არ შეუწყობენ ანტიქართულ ძალებს, ქუჩაში არ გამოვლენ დესტაბილიზაციის მოსაწყობად და მტრის გულის გასახარად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით ჩვენი მტრები, საქართველოს აოხრების მოსურნენი ისარგებლებენ და, იმ ცნობილი სიმღერისა არ იყოს, მეფესა და პაიკს ერთ ყუთში ჩაყრიან, ეს კი ვიმეორებ, არ უნდა დავუშვათ.
– რა სამოქმედო პრინციპს აირჩევს ნინო გურიელი, თუკი ის პარლამენტში მოხვდება და პოლიტიკური მოღვაწეობის არეალი გაუფართოვდება?
– ამ კითხვაზე გენიალური ნაპოლეონის სიტყვებით გიპასუხებთ, რომელმაც ბრძანა: „პოლიტიკაში მოვედი გულით, ხოლო ვიმოქმედებ გონებით.”

скачать dle 11.3