კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის კოტიკო თოლორაიას ყველაზე მავნე ჩვევა და დაკარგავდა თუ არა ის შეყვარებულს მეგობრის გამო


კოტიკო თოლორაია – „ჯეობარის“ ექსმონაწილე და უამრავი მუსიკალური კონცერტის წამყვანი – რას საქმიანობს ის დღესდღეობით?

კოტიკო უმცროსი ბავშვია ოჯახში, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, მის ძმას მშობლები ბავშვობიდანვე უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ. კოტიკო ყოველთვის თავისი პრინციპების მიხედვით იქცევა და საზოგადოების აზრი საერთოდ არ აინტერესებს. როგორ ცხოვრობს „არაქართული მენტალიტეტის“ ქართველი კოტიკო თოლორაია თბილისში, ამ ინტერვიუში შევიტყობთ.


– ამ ბოლო დროს ისე ხშირად აღარ ჩანხარ. სად ხარ დღესდღეობით, რას საქმიანობ?

– ორი თვეა, რაც პირველ არხზე აღარ ვართ, გამოგვიშვეს. „ალიონის“ ახალი ჯგუფი შედგა ახალი სახეებით და დღესდღეობით კონცერტებზე ვარ წამყვანი. ახალ წელს ძალიან ბევრი ვიმუშავე კლუბებშიც, გალაკონცერტებზეც – ყველგან მოვასწარი გამოსვლა. ახალ წელსაც სცენაზე შევხვდი. დღესდღეობით, კონკრეტულად არაფრით არ ვარ დაკავებული, ხან სად ვარ, ხან – სად.

– და საერთოდ, შენ რა პროფესიის ხარ?

– ბიზნეს-უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ, არასდროს მიმუშავია ამ სფეროში და ალბათ, არც ვიმუშავებ.

– მაშინ, რა აზრი ჰქონდა ამ უნივერსიტეტის დამთავრებას? ან რატომ ჩააბარე იქ?

– ბავშვობიდან ვოცნებობდი თეატრალურზე და ვაპირებდი კიდევაც იქ ჩაბარებას, მაგრამ ჩემმა ძმამ იმდენი გააკეთა, გადამაფიქრებინა (იცინის). დამარწმუნეს, რომ ჯერ პატარა ბიჭი ვარ და არ ვიცი, რა აჯობებს ჩემთვის. ამიტომ, ბიზნესმენი უნდა გავხდე, რომ კარგად ვიცხოვრო. მაგრამ, ხომ ხედავ, მაინც ჩემი გავიტანე. ალბათ, გულით რომ მინდოდა...

– ოჯახში უმცროსი შვილი ხარ და ბავშვობაში, ალბათ, უფრო მეტ ყურადღებას გაქცევდნენ თუ პირიქით?

– არა, არ იყო ასე და ამიტომაც, ყველაფერში ჩემს ძმას ვბაძავდი. 5 წლით არის ჩემზე უფროსი და ცხოვრებაში ყველაფერს თვითონ მიაღწია. ყოველთვის ასეთი იყო. მეც ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ჩემზე მეტ ყურადღებას მას უთმობდნენ და ეს საჭირო იყო. ბავშვობაში კი ძალიან მწყინდა და მშურდა ხოლმე! (იცინის). მშობლები მას ყველაფერს უსრულებდნენ, რასაც მოინდომებდა ყიდულობდნენ, კოტიკოს კი პატარაა და ამდენი არ სჭირდებაო, ამბობდნენ. ასეთ მომენტებში მართლა ვბრაზდებოდი, მაგრამ ეს ღრმა ბავშვობაში იყო. საერთოდ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს ძმასთან, ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს.

– სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

– სკოლაში, რომ გითხრა, გადასარევი მოსწავლე ვიყავი-მეთქი, მოგატყუებ (იცინის). მთლად ხულიგანიც არ ვყოფილვარ, მაგრამ არც – ხუთოსანი. სამაგიეროდ, მასწავლებლებს ძალიან ვუყვარდი და ხშირად ორიანის მაგივრად, სამიანს მიწერდნენ, ოთხიანის მაგივრად – ხუთიანს და ასე შემდეგ. არ ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი სიყვარული მათგან. (იცინის) ძალიან მსუქანი ბავშვი ვიყავი სკოლის პერიოდში და ალბათ, ამიტომ მოვწონდი მასწავლებლებს – ასეთი საყვარელი და პუტკუნა. თან, ყოველთვის ძალიან კომუნიკაბელური და ხუმარა ვიყავი, ეს ბავშვობიდან მომყვება.

– შენს ხასიათზე რას იტყვი? როგორია კოტიკო თოლორაია კოტიკო თოლორაიას თვალით?

– კოტიკო თოლორაია არის ძალიან მხიარული და არ არის ბოროტი. ეს შემიძლია, თავისუფლად გითხრა, (იცინის) მაგრამ, არის პერიოდები, როცა უხასიათოდ ვარ. როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც მჭირს ხოლმე ასეთი რაღაც. საერთოდ, ძალიან ხშირად მეცვლება ხასიათი. შეიძლება, დილით კარგ ხასიათზე ვიყო, საღამოს კი უცებ მოვიწყინო, გააჩნია სიტუაციას. დღეს მხიარულად ვარ და ხვალ უკვე არ ვიცი, რა იქნება (იცინის).

– მავნე ჩვევები თუ გაქვს?

– ჩემი ერთ-ერთი მავნე ჩვევაა ის, რომ ადვილად შემიძლია ადამიანის დავიწყება. ახლავე აგიხსნი რა ვიგულისხმე. ჩემი მეგობარი ან ძალიან ახლობელი რამე ცუდს თუ გააკეთებს იმაში, რაც მე მეხება, რა თქმა უნდა, ერთხელ შემიძლია ვაპატიო. მაგრამ, ეს რომ გამეორდეს, დავკარგავ და სამუდამოდ დავივიწყებ! უბრალოდ, ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები და მათი მხრიდანაც იმავე სიყვარულსა და პატივისცემას ველოდები! მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ და ვცდებით ხოლმე, ამიტომ მიმაჩნია, ეს ცუდ და მავნე ჩვევად – რომ არ შემიძლია, ბევრჯერ პატიება.

– შენთვის მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია თუ სიყვარული? სიყვარულის გამო თუ შეგიძლია, მეგობრის დაკარგვა ან პირიქით?

– ეს ძალიან რთული კითხვაა. მეგობარს თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში და შეყვარებულს – თავისი. არ ვაკავშირებ ამ ორ ცნებას ერთმანეთთან, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიმეს დაკარგვას მეორეს გამო, ვერ შევძლებდი. ანუ, არ დავკარგავდი არც ერთს. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს მოვძებნიდი! სხვანაირად ვერ გიპასუხებ. ვერც წარმომიდგენია, ასეთი რამ რომ მოხდეს, ვერ გავაკეთებ არჩევანს... ოჯახი, სიყვარული და მეგობარი – ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის!

– სადაც სიყვარულს შევეხეთ, როგორი გოგონები მოგწონს? გარეგნობას დიდ ყურადღებას ანიჭებ?

– ჩემი გემოვნება იცვლება ხოლმე. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის გოგოები მომწონს. იდეალი არ მყავს და პარამეტრებით არ ვირჩევ ადამიანს. როცა გაიცნობ შენში რაღაცას გრძნობ, არ ვიცი, როგორ აღვწერო. ეს მხოლოდ გრძნობაა, პლუს-მინუსის მომენტია, რაღაცით უნდა დაგაინტერესოს, რაღაც ისეთი უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებული! წინასწარ ვერ იტყვი, ასეთი და ისეთი უნდა იყოს გოგოო. შეიძლება, შავგვრემანი მომეწონოს ან ქერა, დაბალი ან მაღალი, მთავარია, აი, ის შარმი ჰქონდეს! გარეგნობაზე უფრო ინტელექტს ვაფასებ. დავრწმუნდი, რომ ეს მთავარია ადამიანში – შინაგანად იყო ლამაზი. რად გინდა ლამაზი თოჯინა, რომელსაც ორ სიტყვას ვერ ათქმევინებ. კი, სასიამოვნოა, როცა შენ გვერდითაა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. გავა რაღაც პერიოდი და მოგბეზრდება. ჯობია, ისეთი გოგო გყავდეს, რომელიც ყველანაირად გაგიგებს. ყველაფერზე დაელაპარაკები და აქედან გამომდინარე, ინტერესიც გექნება. ეს გაამყარებს ურთიერთობას! ამიტომ ჩემთვის შინაგანი სილამაზე და ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია და შემიძლია ვთქვა – მთავარი!

– მამაკაცმა რამდენი წლის ასაკში უნდა მოიყვანოს ცოლი? შენი აზრით, არსებობს ისეთი ასაკი, როცა ბიჭი ამისთვის უკვე ჩამოყალიბებულია?

– არ არსებობს ასეთი განსაკუთრებული ასაკი. ეს ადამიანზეა დამოკიდებული. მამაჩემი 31 წლის იყო ცოლი რომ მოიყვანა, მაგრამ ჩემი მეგობარი 19 წლისაა და უკვე 2 შვილი ჰყავს. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია ეს ადამიანი. ანუ, ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ზოგჯერ მატერიალური მხარე უშლის ხელს და ჯერ მატერიალურად ყალიბდებიან. ზოგი გეგმავს, რომ სიტყვაზე, 30 წლის რომ გავხდები, აუცილებლად უნდა მოვიყვანო ცოლი და ასე შემდეგ, მაგრამ, 18 წლის თუ არის ბიჭი, არ ნიშნავს, რომ მას 30 წლის კაცზე ნაკლები ჭკუა და საშუალება აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადამიანზეა დამოკიდებული.

– შენთვის როგორ არის? შენც გეგმავ წინასწარ თუ...

– შარშან და შარშანწინ უფრო მინდოდა ცოლის მოყვანა. რატომღაც, ახლა აღარ მინდა. (იცინის) მე არაფერს ვგეგმავ, შეიძლება, 30 წლის ასაკში მოვიყვანო ცოლი, შეიძლება, ერთ თვეში! როცა შემიყვარდება და მივხვდები, რომ ეს ისაა, ვისთანაც მთელი ცხოვრება მინდა გავატარო, მაშინ მოვიყვან! მით უმეტეს, პირად ცხოვრებას და სიყვარულს ვერ დაგეგმავ. არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა მოხდება!

– ბედის თუ გჯერა?

– კი, რა თქმა უნდა, როგორც უფალს სურს, ეგრე ხდება ხოლმე და ბევრ მომენტში მჯერა, რომ რაც გიწერია, ის აუცილებლად მოხდება. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იჯდე და ელოდო – „კარზე როდის დაგიკაკუნებენ“ და აგიწყობენ ცხოვრებას. ყველაფერი უნდა გააკეთო შენი მიზნების მისაღწევად და როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება. მთავარია, მონდომება! ზოგჯერ ბედნიერი ხარ, ზოგჯერ უბედური, ვერ გაუგებ ამ ბედს (იცინის).

– შენ ეროვნებით ქართველი ხარ და მენტალიტეტითაც თუ ხარ ქართველი?

– გააჩნია, რა საკითხში, სიყვარულში არ ვარ ქართველი. (იცინის) ქალიშვილობას არ ვანიჭებ დიდ ყურადღებას და არ მიმაჩნია, რომ ჩემს შეყვარებულს სხვაზე არ უნდა ჰქონდეს ნაკოცნი და ასე შემდეგ. მთავარია, შემიყვარდეს ადამიანი და ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს? დანარჩენში ქართველი ვარ და ქართული ტრადიციებით გამზარდეს. უბრალოდ, მენტალიტეტი და გრძნობები ორი სხვადასხვა რამაა და ერთმანეთს არ უნდა დაუკავშირო!

– ანუ, შენთვის დიდ როლს არ თამაშობს გოგო ქალიშვილია თუ არა და ცოლადაც მოიყვანდი არაქალიშვილს?

– ქალიშვილი თუ იქნება, კარგია, მაგრამ რა კავშირი აქვს ქალიშვილობას სიყვარულთან ან პატიოსნებასთან? მთავარია, მიყვარდეს ადამიანი, ვუგებდეთ ერთმანეთს, კარგად და კომფორტულად ვგრძნობდე მასთან თავს და დანარჩენი ბოლო ადგილზეა.

– საზოგადოების აზრს თუ ითვალისწინებ? თუ შენი პრინციპებით ცხოვრობ?

– ადრე საერთოდ არ მაინტერესებდა საზოგადოების აზრი. ახლა უფრო ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ თუ ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, არ მაინტერესებს. საერთოდ, მე ჩემი ცხოვრებით და ჩემი პრინციპებით ვცხოვრობ, უბრალოდ, შემიძლია მოვისმინო და მერე მე თვითონვე გადავწყვეტ, საჭიროა, რომ გავითვალისწინო თუ არა.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებ და როგორი დასვენება გიყვარს?

– აქტიური დასვენება მიყვარს. თავისუფალი დრო ბევრი არ მაქვს და როცა ვახერხებ, მეგობრებთან ერთად დავდივარ კლუბებში, ბარებში, რესტორნებში, საბილიარდოში. ერთი სიტყვით, სადაც ვასწრებ, ყველგან დავდივარ. (იცინის) კიდევ ძილი მიყვარს ძალიან და სამწუხაროდ, არ მრჩება ხოლმე იმის დრო, კარგად გამოვიძინო.

– ახლო მომავალში რა გეგმები გაქვს? საქართველოდან წასვლას ხომ არ აპირებ?

– არა, ჯერჯერობით არ ვაპირებ, მაგრამ თუ წავედი, მაინც დავბრუნდები. მე სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. ძალიან მიყვარს საქართველო, ვერ შევძლებ მის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში არაქართული მენტალიტეტი მაქვს. ერთი პერიოდი ვსწავლობდი უცხოეთში და მართლაც ძალიან კარგად დრო გავატარე. კარგი იყო, მაგრამ რაღაც პერიოდით. სტუმრად რომ მიდიხარ, ბოლოს ხომ მაინც სახლში წასვლა გირჩევნია?! ეს მომენტია აქაც, დასასვენებლად კარგია, საცხოვრებლად მე ვერსად დავრჩებოდი თბილისის გარდა!


скачать dle 11.3