კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყნის წარმომადგენლები აღმოაჩინეს დოპინგის ზეგავლენის ქვეშ და რატომ გავიდა დაუმარცხებელი ქართველი მკლავჭიდელი გენადი კვიკვინია ევროპის ჩემპიონატზე მშიერი

მკლავჭიდელი გენადი კვიკვინია უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში დაუმარცხებლად ითვლება მთელ საქართველოში. დღეს ის ევროპის ოთხგზის ჩემპიონია. თუ როგორ ცხოვრობს და რას განიცდის ყოველი გამარჯვების შემდეგ ახალგაზრდა სპორტსმენი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

გენადი კვიკვინია: ჩემი გამარჯვება ყოველთვის მოულოდნელია. შეიძლება ითქვას, არასდროს ვარ სათანადოდ მომზადებული, რადგან სპორტის ამ სახეობას არც შესაბამისი დაფინანსება აქვს და არც პოპულარიზაცია. ბრუნდები სამშობლოში გახარებული, ამაღლებულ განწყობაზე და, აქ რომ ჩამოხვალ, იფერფლები.

– ამით რისი თქმა გსურს?

– ჩვენ არავინ გვიცნობს. არავინ არაფერი იცის ჩვენი წარმატებების შესახებ „დარბაზის“ წევრებისა და ნათესავ-მეგობრების გარდა; მწყინს და საწყენიცაა. ევროპის ჩემპიონატიდან რომ ჩამოვედით, სპორტის სამყაროდან არავინ დაგვხვედრია აეროპორტში... იმედს ვიტოვებ, რომ ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ თვითმფრინავის შუაღამის რეისი იყო... ბაქოდან დამირეკეს იქაურმა სპორტსმენებმა – როგორი შეხვედრა მოგიწყვესო? განსაკუთრებული არაფერი-მეთქი, რომ ვუთხარი, გაუკვირდათ: ჩვენ რვა ტელეარხმა გაგვაშუქაო.

– როდის დაიწყო შენი სპორტული კარიერა?

– ჩემი დაინტერესება ამ სპორტით დაიწყო ჩემი მწრთვნელის – კობა თუთბერიძის გაცნობით. მაშინ 17 წლის ვიყავი. ამ დღიდან სამი თვის თავზე უკვე საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით დაუმარცხებლად ვითვლები. ევროპის ჩემპიონი პირველად შარშან გავხდი: მარჯვენა ხელში პირველი ადგილი მოვიპოვე, მარცხენა ხელში კი – მესამე. წელს გავხდი ევროპის ორგზის ჩემპიონი. ამასთან ერთად, ჩემს წარმატებებს სრულიად მოულოდნელად დაემატა კიდევ ერთი ჩემპიონობა. მარცხენა ხელში ჩემზე წარმატებული იყო უკრაინელი ალექსი სემერენკო, რომელიც დოპინგკონტროლის დროს „გამოიჭირეს“ და აქედან დამომდინარე, მეოთხე პირველი ადგილის მფლობელიც მე აღმოვჩნდი. ასე გავხდი ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.

– ალბათ, დიდი შრომა და მუშაობა დაგჭირდა ამ წარმატების მისაღწევად?!

– მოსამზადებელი პირობები არ მაქვს დამაკმაყოფილებელი, ბიჭები დამცინიან ხოლმე – წავა ახლა გენადი, ორი კვირა ივარჯიშებს და ოქროს მედალს ჩამოიტანსო. ამიტომაა ჩემი წარმატება ყოველთვის მოულოდნელი. სათანადო პირობები რომ მქონდეს, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესი შედეგები მექნებოდა და, თუ ტრაბახში არ ჩამომართმევთ, გეტყვით: იმასაც შევძლებდი, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში დაუმარცხებელი ვყოფილიყავი.

– დოპინგის მიღების ფაქტები ხშირად ვლინდება ხოლმე კონტროლზე?

– ხშირად არ ხდება, მაგრამ რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა ამერიკის, რუსეთის, უკრაინის ჩემპიონებს დოპინგის ზემოქმედება დაუფიქსირეს. ალბათ იმიტომ, რომ მათ ისეთი ძლიერი ფიზიკური მონაცემები არ აქვთ, როგორც ჩვენ – კავკასიელებს. ჩვენ ძლიერი მყესები გვაქვს. ქართველები გენეტიკურად ღონივრები ვართ და არ გვჭირდება არანაირი ქიმიური პრეპარატები გასაძლიერებლად.

– შეჯიბრის დროს აღმოჩენილხარ კურიოზულ სიტუაციაში?

– ევროპის ჩემპიონატზე ყოფნისას, ბულგარეთში, ერთ ოთახში გვეძინა მე და ჩვენი კლუბის სპორტსმენს, ვილენ გაბრავას. დილაა, ავდექი, ბიჭები უნდა შევკრიბო, როგორც გუნდის კაპიტანმა, მაგრამ, არავინ დამხვდა ადგილზე. მივუკაკუნე ჩვენს ხელმძღვანელებს, ერეკლე გურჩიანსა და სოსო ჯაჭვლიანს – იქიდანაც არავინ მიპასუხა. სასადილოშიც არ იყო კაციშვილის ჭაჭანება. გამიკვირდა, ლიფტისკენ წამოვედი ოთახში ასაბრუნებლად და, რომ ავხედე კედელზე დაკიდებულ საათს – ორის ნახევარი იყო. გავგიჟდი, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი შეჯიბრი უკვე დაწყებული უნდა ყოფილიყო. გამოვცვივდით მე და ვილენი, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ გავაგებინეთ ტაქსის მძღოლს, სად მივდიოდით და იძულებული გავხდით ფეხით გავქცეულიყავით, არადა, დარბაზამდე სამი კილომეტრი იყო. რომ მივედი, გურჩიანი გიჟს ჰგავდა – სად ხარ, შე ძილისგუდა, უკვე რეგისტრაცია დაიწყოო. მეტ-ნაკლებად, როგორც იქნა, ჩავეტიე დროში. მწვრთნელი მოვატყუე, ნასაუზმევი ვარ-მეთქი. სინამდვილეში, პირიც არ მქონდა დაბანილი (იცინის). ვილენს ჩუმად ვთხოვე, წადი, ერთი ცალი „სნიკერსი“ მიყიდე-მეთქი – ეგ იყო ჩემი საუზმობა. ფაქტობრივად, მშიერმა გავიმარჯვე. რომ ჩამოვედი, ერეკლემ დამიძახა, რა გჭირსო? მშია-მეთქი, ვუპასუხე.

– „ვაშას“ მაგივრად „მშიას“ გაიძახოდი?

– მართლა ეგრე იყო (იცინის). ყოველთვის სხვებზე ადრე ვიღვიძებდი და ამიტომ არ გამომიარეს. ძლივს მივუსწარი შეჯიბრს.

– რა წონით კატეგორიაში ასპარეზობ?

– 110 კილოგრამში. ჩვენს სპორტში საშუალო სიმაღლის სპორტსმენად ვითვლები – ჩემზე მაღლები არიან და განივრებიც. ერთი შეხედვით, უცხოელები უფრო შთამბეჭდავი გარეგნობის არიან. მე მათთან შედარებით პატარა ხელი მაქვს. რის გამოც ბევრჯერ დამცინავად გამოუყოლებიათ თვალი – ამან რა უნდა ქნასო. ერთხელ ერთმა რუსმა გოგონამ დამიძახა: ჩამო, ხელი არ მოგტეხოს მატუშენკომო – მატუშენკო რუსების ერთ-ერთი ძლიერი სპორტსმენია.

– რა უპასუხე?

– რა უნდა მეპასუხა. წინასწარ ბაქიაობა რომ დამეწყო და მერე წამეგო?! მშვიდად, წყნარად ჩავუარე. ამ პატარა ხელებით მატუშენკოს დამარცხება არ გამჭირვებია და, რომ გამოვუარეთ, იმ გოგოს გურჩიანმა გასძახა: აბა, ვის მოტყდა ხელიო? (იცინის) ერეკლე ჩემი მწრთვნელიცაა, გულშემატკივარიც და კონკურენტიც.

– ახლო მომავალში რომელ შეჯიბრებაში გაქვს მონაწილეობა დაგეგმილი?

– 6 სექტემბერს წარვდგები მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიაში, კერძოდ – ვენეციაში, იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ამის შემდეგ გაიმართება ტურნირი მსოფლიოს თასზე, სადაც რამდენიმე დაუმარცხებელი, უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და მათ შორის ვიქნები მეც...

– ნიძლავზე არასდროს უთხოვიათ ხელის გადაწევა?

– ერთხელ ბათუმში ვარ ქორწილში. ის პერიოდია, როცა ყველა შეზარხოშებულია და ძალა ერჩით. ბარი სადაც იყო, იმ ადგილას მოგროვდნენ და დაიწყეს ასპარეზობა ხელის გადაწევაში. ახალბედა სპორტსმენი ვარ, მორიდებული, სოფელში გაზრდილი ბიჭი... ძლივს მიმიყვანეს იმ ბარამდე. იქაური ჩემპიონი მეუბნება: ჭო, მე „მაზიანის“ გარეშე ხელს არ ვწევო. რამდენზე გადაწევ-მეთქი? – დავინტერესდი. 500 დოლარზე ნაკლებად ხელსაც არ გავანძრევო. 500 დოლარი კი არა, 50 ლარიც არ მედო ჯიბეში და ხელს როგორ დავუდებდი, თან, არ ვიცოდი რა შესაძლებლობების მოწინააღმდეგე მყავდა. ბარის მოპირდაპირედ ხანში შესული დარბაისელი კაცი იჯდა, რომელმაც მითხრა: გადაუწიე ბიძია, ხელი და მაგ 500 დოლარს მე გადავიხდიო, – ეს თქვა და ფული ბარზე დადო. კი გამიხარდა, მაგრამ, რომ წამეგო, ხომ შევრცხვებოდი, თან, ჩემი მოწინააღმდეგე 130 კილო მაინც იქნებოდა... პირველივე ცდაზე გადავუწიე... არ ხარ მართალი, ტანით არ გადახვიდეო. მეორედ მოვუგე... ახლა – ხელით არ გადახვიდეო. ატყდა გაწევ-გამოწევა და წიოკი. ამასობაში სიძე მოვადრა ბართან და დაიყვირა: თამაშის წესებს საქართველოს აბსოლუტურ ჩემპიონს რომ უწუნებთ, თუ იცითო (იცინის).

– საბოლოოდ რა მოხდა?

– ის 500 დოლარი მაჩუქეს და ჩემნაირი გახარებული კაცი არ დადიოდა დედამიწაზე.

– უფრო სერიოზული ფულადი პრიზები თუ მოგიგია?

– არასდროს მქონია საშუალება, რომ კომერციულ ტურნირში მიმეღო მონაწილეობა. თუმცა, არის ისეთი ტურნირები, სადაც დიდი თანხა თამაშდება. ახლა, მაგალითად, მსოფლიო თასის პრიზიორი 2 000 ევროთი დასაჩუქრდება. რამდენიმე ქვეყნიდან მქონდა შემოთავაზება, რომ კომერციულ ტურნირებში მიმეღო მონაწილეობა მათი სახელით – უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან...

– შენ რას პასუხობ?

– თუ არ მომთხოვენ, რომ ევროპისა და მსოფლიო თასის ტურნირებზე მათი სახელით წარვდგე, იმ შემთხვევაში დავთანხმდები.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3