კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლის შიშით, ქმარი დედის მკვლელობას იბრალებდა


ძნელი სათქმელია, არსებობენ თუ არა თანამედროვე კუდიანები, მაგრამ ეთერ ქამხაძის კუდიანობაზე სოფელს სერიოზული ეჭვი დღემდე სტანჯავს. თანასოფლელებს ეს ეჭვი მას შემდეგ გაუძლიერდათ, რაც ქამხაძემ დედამთილი მოკლა და ეთერ ქამხაძის ოთახის ჩხრეკისას ოთახის სხვადასხვა კუთხეში ღორის ყბას, ცხენის ძუას, ქალის თმით სავსე ტომარას, ქათმის ძვლებს და მამლის დეზებს მიაგნეს... ამ ნივთებით, სამართალდამცველები, ბუნებრივია არ დაინტერესებულან, მათი ყურადღება თავიდან არც ლეიბის ქვეშ ამოდებულმა სისხლიანმა ნაჭრებმა მიიქცია. არადა, დანით მოკლული დედამთილისთვის ეთერს ჭრილობები ამ ნაჭრებით მოუწმენდია.

დედამთილის, ზოია ქამხაძის მკვლელობისთვის, ეთერ ქამხაძეს სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საინტერესო კი ისაა, რომ მკვლელობა თავიდან ეთერის ქმარს, ლავრენტი ქამხაძეს ბრალდებოდა და ამხელა სასჯელი მას ელოდა. რომ არა უდანაშაულოდ დაკავებულის ნათესავები, ლავრენტი დღესაც ციხეში იჯდებოდა. ეს ყველაფერი კი შიშის გამო მოხდა – ქმარს ისე ეშინოდა ცოლის, რომ დედის მკვლელობა მის ნაცვლად დაიბრალა...

მუცელმოშლილი რძალი თუ ბებერი პატარძალი

ეთერ ქამხაძე 47 წლის მუსიკოსზე, ანუ ლავრენტი ქამხაძეზე 15 წლის წინ გათხოვდა. საბუთების მიხედვით, ქალი ქმარზე 11 წლით უმცროსი იყო და ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ შვილი ეყოლებოდათ. მართლაც, ქალი დაორსულდა და ცოლ-ქმარი შვილს ელოდა, მაგრამ რძალი დედამთილს „დაუღუპავს“ – მარანში მდებარე თაროზე, სადაც ოჯახი კაკალს ინახავდა, დედამთილი ვერ შესწვდენია და რძლისთვის უთხოვია ჩამოღება. ეთერისაც ჩამოუღია და... ამის შემდეგ დედამთილი საბოლოოდ ამოუღია თვალში – ხელი რომ არ ამეწია კაკლის ჩამოსაღებად, მუცელი არ მომეშლებოდაო. აქედან დაიწყო დედამთილის ტერორი – რძალი, თურმე, საჭმელსაც აღარ აჭმევდა, ხოლო თუ რომელიმე მეზობელი რამეს მიაწვდიდა, მათაც ლანძღვით იკლებდა. მოხუცს შიმშილით რომ არ ამოხდენოდა სული, მეზობლები საჭმელს, თურმე, უბეში მალავდნენ, მაგრამ ეთერი ამასაც მიუხვდა და მათ ჯიბეებს უსინჯავდა.

როდესაც მოხუცის მკვლელობის შემდეგ სახლიდან გაქცეული დამნაშავის ნივთები ხელმისაწვდომი გახდა, ნათესავებს რძლის საბუთებიც ჩაუვარდა ხელში და მხოლოდ 15 წლის შემდეგ გაიგეს, რომ გათხოვებისას ეთერი 46 წლის იყო... ის კი არა, უმაღლესი განათლებით რომ იწონებდა თავს, აღმოჩნდა, რომ ბეჭდვის კურსების გარდა, სხვა არაფერი ჰქონდა დამთავრებული...

ქალი ქმარს შეშის ნაჭრით, მაზლს – ბროლის ყანწით, დედამთილს კი კეცით სცემდა

როგორც თანასოფლელები ირწმუნებიან, ქამხაძეების სახლიდან ერთ დროს მხოლოდ სიმღერის ხმა გამოდიოდა: აწ გარდაცვლილი ზოია ჩონგურზე უკრავდა, შვილები მღეროდნენ, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენო, მაგრამ ოჯახში ეთერის შესვლის შემდეგ, წივილ-კივილის გარდა აღარაფერი გაუგიათ. რძლის სიავით შეწუხებული მეზობლები ხშირად ჩუმად ატყობინებდნენ ზოიას გათხოვილ ქალიშვილს, რომ დედისა და ძმისთვის მიეხედა.

როგორც ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ქალბატონი წერს ჩვენებაში, ხონში, სადაც ცხოვრობენ, შეუთვალეს, რომ ეთერს დედამთილი ძალიან უცემია და სასწრაფოდ მათთან ჩასულიყვნენ. მისი ჩვენების თანახმად, ქამხაძეებთან ჩასულებს შინ ეთერი დახვდათ. დედამთილი რომ მოუკითხავთ, რძალს უთქვამს, მალე მოვაო, მაგრამ უცებ გვერდითა ოთახიდან ღმუილი შემოესმათ. შესულან ოთახში და საშინელი სურათი დაინახეს: სახედასისხლიანებული ლავრენტი, ანუ ეთერის ქმარი, სისხლს იწმენდდა სახიდან. ისიც და დედამისიც ისე ყოფილან დალურჯებულები, ძლივს უცვნიათ. ლავრენტისთვის მიზეზი რომ უკითხავთ, გუშინ ხიდან ჩამოვვარდიო, – უპასუხია მაგრამ, მოწმის თქმით, აშკარად, ახალი ნაცემი იყო. რაც შეეხება დედამისს, მას ხელიც ჰქონდა მოტეხილი, დაკაწრულიც იყო და ახლობელს ირონიულად უკითხავს – ესეც ხიდან ჩამოვარდაო?!

მოწმე ყვება, რომ მათ ზოიას წაყვანა გადაუწყვეტიათ, მაგრამ, რას იტყვიან ჩემზეო და, რძალს დედამთილი შინიდან არ გაუშვია...

„ერთხელ სტუმრების თანდასწრებით ეთერმა სასამართლო მოაწყო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მათთან ჩხუბის მოსასმენად არ იყვნენ მისულები, თანაც, დაამატა ანდა, რაღაა სალაპარაკო, ქალი პატიმარივით გყავსო. ამის თქმა იყო და, ეთერმა ბროლის ყანწი გამოუქანა, ბედად, მე დავიჭირე. რამდენჯერ ქმარს შეშის ნაჭრით სცემა. ერთხელ ძალიან გავბრაზდი და გულმოსულმა ლავრენტის ვუთხარი – შეუბრუნე ხელი, ნახოს, როგორია შეშის ნაჭრით ცემა-მეთქი. ლავრენტი მუსიკას ასწავლიდა ბავშვებს. მისი სკოლის დირექტორი იხსენებდა, რომ ბოლო დროს ვეღარ სცნობდნენ, გათიშული და დაკაწრული დადიოდა, გაკვეთილზე სულ აგვიანებდა და მიზეზად ხან ხიდან ჩამოვარდნას, ხან წაქცევას და ხან რა მიზეზს ასახელებდაო. დედის მკვლელობის გამო ის რომ დააკავეს, ყველა შოკში ჩავცვივდით...“

მკვლელობა ლეიკოპლასტირმა გახსნა

როდესაც 79 წლის ზოია გარდაიცვალა, მის სიკვდილში მეზობლებს მაშინვე ეჭვი შეჰპარვიათ – გუშინ ქალი კარგად იყო, რაღაცაშია საქმეო...

მოწმის ჩვენებიდან: „ხომ ვიცოდით რძალ-დედამთილის ურთიერთობის ამბავი, მაგრამ, სოფელში რომ ჩავედით, კინაღამ გადავირიეთ: ეთერი იჯდა და გულამოსკვნილი მოთქვამდა, „დედიკოთი“ დასტიროდა – ნეტა ერთი კვირა მაინც გეცოცხლა, რომ შენთვის მომევლო, მაგრამ, შენი საყვარელი საჭმელი სიკვდილის წინ მაინც ხომ გაჭამეო და ასე შემდეგ. მერე მულს მიუბრუნდა – იტირე, რომ მე კარგი რძალი ვიყავიო. მის მსახიობობას საზღვარი არ ჰქონდა. ჩვენი წესის თანახმად, მიცვალებულის გაპატიოსნება დაკრძალვის დღეს ხდება. ეთერს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დედამთილი თვითონ და თავის ძმისშვილს გაეპატიოსნებინათ, მაგრამ ძმისშვილმა – მიცვალებულის მეშინიაო. მერე მეზობლებზე იყო საუბარი, მაგრამ მათ კატეგორიული უარი თქვეს: ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ახლობლებმა გააპატიოსნეთ და, რასაც ნახავთ, თუ საჭიროდ ჩათვლით, ხმამაღლა თქვენ თქვითო. საბოლოოდ, გარდაცვლილი შვილმა ლავრენტიმ, ერთმა ქალმა და მე გავაპატიოსნეთ. ამ დროს ერთ-ერთ მეზობელს დაუნახავს, რომ ეთერი სახლის ქვეშ შეძვრა და იქიდან გვიგდებდა ყურს. მიცვალებულს ვიზუალურად არაფერი ეტყობოდა. ის იყო ტანზე მაისური შემოვაჭერი, რომ შევნიშნე, მუცელზე ჭრილობა და ზედ ლეიკოპლასტირი ჰქონდა დაკრული. შემდეგ მხარი ჩამოუვარდა. გადავირიეთ, მაგრამ მისმა შვილმა თქვა – ეტყობა რომ წაიქცა, მხარი დაიზიანაო, მაგრამ მიცვალებულს, თავზეც ორი ჭრილობა აღმოაჩნდა და ლავრენტის ვუკივლე – რა ქენით, მოკალით-მეთქი?! მან კი მიპასუხა – დღევანდელი დღე მაცადეთ, მერე აგიხსნით ყველაფერსო. ამ დროს გარდაცვლილის ქალიშვილი მოვიდა და მანაც იკივლა – ცოლ-ქმარი არ დამენახოთო და გული წაუვიდა. ვინ მოგვებრუნებინა, აღარ ვიცოდით. არეულობით ისარგებლა ცოლ-ქმარმა და ორივე გაიპარა. მაშინვე მოვიდა პოლიციაც და ექიმებიც, ბინა გაჩხრიკეს და ეთერის ოთახში აღმოაჩინეს ღორის ყბა, მამლის დეზები, ქათმის ძვლები, ცხენის ძუა...

ამის დანახვაზე მეზობლებს გაახსენდათ, რომ ჩხუბის ხმაზე ქამხაძეებთან რომ შედიოდნენ, იქიდან გაშტერებულები გამოდიოდნენ. ის კი არა, თურმე, ეთერი ბავშვებს ცხენის ძუას სთხოვდა და ისინიც არ იზარებდნენ. მეც გამახსენდა, რომ ერთხელ მათთან საბნის კონვერტში ძუა ვნახე, რამაც ძალიან გამაკვირვა. ეთერი წამლებს ამზადებდა ვითომ ავადმყოფებისათვის, მაგრამ მისი მორჩენილი არავინ გვინახავს“, – იხსენებს ერთ-ერთი მეზობელი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სახლიდან გაპარულ ცოლ-ქმარს ის ღამე ტყეში გაუთენებია. მერე ეთერის ნათესავთან მისულან, მაგრამ მას შინ არ შეუშვია, ბოლოს სხვა ნათესავმა შეიფარა. რამდენიმე დღეში კი ცოლ-ქმარი პოლიციაში თავის ფეხით გამოცხადდა და ორივემ იდენტური ჩვენება მისცა.

ჩვენების თანახმად, ახალგამოღვიძებულ ლავრენტისთვის დედამისს უთქვამს – შენ დამაქციეო და ამის გამო შვილს დედისთვის დანა დაურტყამს. ეთერი ამ დროს გვერდით ოთახში ჭურჭელს რეცხავდა და მკვლელობის შემდეგ ქმარს მიცვალებულის სისხლების მობანასა და სახლის მოწესრიგებაში დახმარებია. თეთრეული და ტანსაცმელი კი დაუწვავთ. ერთი სიტყვით, შვილი მკვლელობას აღიარებდა, არადა, ცხოვრებაში თურმე ქათამი არ დაუკლავს. სოფელი შოკში იყო. აღშფოთებული მეზობლები პროკურატურას მიადგნენ – ნამდვილი მკვლელი დასაჯეთო, მაგრამ ძალოვნებს უთქვამთ – აღიაროს ცოლმა და ქმარს გამოვუშვებთო.

როგორც ირკვევა, ეთერს ქმართან მოუთათბირებია – მკვლელობა შენს თავზე აიღე და ჩემი გავლენიანი ნათესავების დახმარებით, მალე გამოგიყვანო, მაგრამ, მოატყუა...

მოწმის ჩვენებიდან: „საკანში პირველად რომ შევხვდი ლავრენტის, მკითხა, ეთერის ნათესავები სად არიან, აკი მიშველიდნენო? მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და პირადად ვურჩიე, სიმართლე ეთქვა – იცი, დედის მკვლელს ციხეში რას გიზამენ-მეთქი?! ძლივს დავიყოლიეთ ნამდვილი ჩვენების მიცემაზე. თუმცა, ამის შესახებ ეთერმა რომ გაიგო, ხალხი მოგვიგზავნა – მკვდარს რაღა ეშველება, არ შეცვალოს ჩვენება და ჩვენ დაგეხმარებით გამოყვანაშიო... რა თქმა უნდა, მათი დანახვაც არ გვინდოდა. ამის შემდეგ ჩვენს ადვოკატსაც მიუგზავნეს ხალხი – მაგ საქმეს თავი დაანებე, ეგ საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ლავრენტის აღარაფერი უშველისო, მაგრამ ... უდანაშაულო პატიმარმა სიმართლე მაინც თქვა.“

მოწმეთა მტკიცებით, ლავრენტის თვალებზეც კი შეეტყო, რომ აზრზე მოვიდა და გამომძიებელთან შეხვედრა და ჩვენების შეცვლა თავად მოითხოვა. ახალ ჩვენებაში კი განმარტა, რომ იმ დღეს ნასვამს ეძინა და ცოლმა გამოაღვიძა – დედაშენი შემომაკვდაო. არ დაუჯერებია, მაგრამ ცოლს უთქვამს – არ ვხუმრობო. კაცი წამომხტარა, შარვალი ამოუცვია და დედას მივარდნია, მაგრამ მოხუცი მკვდარი დახვედრია, რის გამოც ტირილი ავარდნია. სხვათა შორის, ცოლს, ეთერსაც უტირია – არ მინდოდა, შემომაკვდაო – და ქმარს ფეხებში ჩავარდნია...

ასეა თუ ისე, საბოლოოდ, სიმართლე გაირკვა. დედამთილის მკვლელს 17 წელი მიუსაჯეს, მაგრამ, რომ არა გარდაცვლილის ნათესავების აქტიურობა, ლავრენტი ქამხაძე დღესაც ცოლის ნაცვლად იჯდებოდა ციხეში.


скачать dle 11.3