კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაშიფრა ახალგაზრდა პროკურორების წყვილმა თბილისში მოქმედი სატანურ-დანაშაულებრივი ჯგუფი


დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და დიდი რეზონანსი გამოიწვია. ყველა მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და ვინმესთან მათი მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს...

აფეთქება

ტიტე გარდაფხაძე თბილისის ერთ-ერთი რაიონის პროკურორის მოადგილე იყო. თანამშრომლებში და ზემდგომ ორგანოებში პატიოსანი კაცის სახელით სარგებლობდა. 33 წლის მიუხედავად, უკვე საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა და უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

პროკურორის მოადგილე უშვილო იყო, თუმცა ცოლი 26 წლის ასაკში შეირთო. მისი მომხიბვლელი მეუღლე ეთერ კოპაძე გახლდათ, რომელიც 23 წლის იყო და ტიტეს 16 წლისა გაჰყვა ცოლად. დიდი სურვილის მიუხედავად, ცოლ-ქმარს შვილი არ უჩნდებოდა. ერთ-ერთი მათგანი უშვილო იყო. თუმცა, ამის გამო ტიტეს წამითაც არ განელებია ცოლისადმი სიყვარული და იმედი ჰქონდა, რომ ეთერი დაორსულდებოდა და მას შვილს გაუჩენდა.

ცოლ-ქმარი საკმაოდ უზრუნველყოფილად ცხოვრობდა. თბილისში მათ ორი ბინა ჰქონდათ, წყნეთში კი – აგარაკი და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას წყნეთში ატარებდნენ. თუ რაიმე მიზეზის გამო ერთად ვერ ახერხებდნენ აგარაკზე ასვლას, ერთ-ერთი მათგანი მაინც ადიოდა ხოლმე...

1972 წლის 22 იანვარს, საღამოს 9 საათზე, ტიტე საკუთარი „მოსკვიჩით“ წყნეთის აგარაკს ეწვია. ეთერი ბაკურიანში იმყოფებოდა დასასვენებლად და ტიტე მეორე დღეს აპირებდა ცოლთან ჩასვლას. შვებულება 23 იანვრიდან ეწყებოდა და გამგზავრების წინა დღეს პროკურორის მოადგილემ წყნეთში ასვლა გადაწყვიტა. ცოლმა დაურეკა და თხილამურების წამოღება სთხოვა. თხილამურები კი წყნეთის აგარაკზე ჰქონდა შენახული.

ტიტე გარდაფხაძემ „მოსკვიჩი“ დათოვლილ ეზოში გააჩერა, კარი მიხურა და სახლს მიაშურა, მაგრამ ზღურბლზე შეჩერდა, რადგან ძალიან უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. შენობაში მაინც შევიდა და სინათლე აანთო. სამზარეულოს მიაშურა და გაქვავდა... მაგიდასთან ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი ეგდო. მაგიდაზე კი პური, ძეხვი, მწნილი და კონიაკ „ვარციხის“ ბოთლი იდგა, რომელიც თითქმის სავსე იყო... პროკურორის მოადგილემ პაუზა გააკეთა, რადგან იმ წუთას მასში გამომძიებელმა გაიღვიძა და გადაწყვიტა, გაერკვია, რა მოხდა. მკვდარი ახალგაზრდები, გარდაფხაძის ვერსიით, ქურდები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც ცარიელი აგარაკის გასაქურდად იყვნენ შესულები. თავისი მოსაზრების შესამოწმებლად ტიტემ აგარაკი დაათვალიერა და პირველი სართულის სასტუმრო ოთახში გატეხილი ფანჯრის საკეტი აღმოაჩინა, რაც იმის დასტური იყო, რომ ახალგაზრდები სწორედ იქიდან შევიდნენ შენობაში. გარდა ამისა, ტიტემ ორი ჩემოდანი და ერთად დალაგებული ტელევიზორი, რადიომიმღები და სტერეომაგნიტოფონი აღმოაჩინა მაგიდაზე. ეს კი იმის უტყუარი დასტური იყო, რომ ახალგაზრდებმა ნივთები წასაღებად გაამზადეს.

ტიტე კვლავ სამზარეულში დაბრუნდა და მკვდარ ახალგაზრდებზე დაკვირვებას შეუდგა. გვამებზე დაკვირვებამ ტიტე იმაში დაარწმუნა, რომ ორივე მოწამვლის შედეგად იყო მკვდარი. მიცვალებულებს სახეები გამწვანებული ჰქონდათ, ეს კი იმის უტყუარი დასტური იყო, რომ ორივეს ძლიერმოქმედი საწამლავი ჰქონდა მიღებული, რამაც მათი მყისიერი სიკვდილი გამოიწვია. „უცნაურია, – გაიფიქრა ტიტემ, – ქურდები ბინაში შემოვიდნენ, ნივთები წასაღებად გაამზადეს და შემდეგ, ალბათ, სამზარეულოში შევიდნენ. იქ კი „ზაკუსკა“ და სასმელი აღმოაჩინეს, ჭამას შეუდგნენ და მოულოდნელად დაიხოცნენ. მაგრამ რას უნდა ემოქმედა მათზე ასე საბედისწეროდ?“ ტიტემ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი გაშლილ მაგიდას. მზერა კონიაკ „ვარციხეზე“ შეაჩერა და გაფითრდა... ტიტე გარდაფხაძეს გონებაში კალეიდოსკოპური სისწრაფით გაუელვა ბოლო ორი კვირის მოვლენებმა და სხეულში გააცია, ცივმა ოფლმა დაასხა და ჩაილაპარაკა. ღმერთო ჩემო, ეთერი... ეს ყველაფერი ჩემს მოსაკლავად იყო მოწყობილი და ეთერის, ჩემი საყვარელი ცოლის ნამოქმედარია. მაგრამ რატომ?

ტიტე გარდაფხაძე სკამზე ჩამოჯდა და დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ისე მოხდა, რომ ტიტეს ძალიან ბევრი სამუშაო დაუგროვდა და 8 და 15 იანვარს ეთერი მარტო ავიდა აგარაკზე. რვაში ეთერმა თხილამურები დატოვა აგარაკზე, და ეს იმით ახსნა, რომ თითქოს სახლში არ ეტეოდა. არადა, ცოლ-ქმარს უზარმაზარი სახლი ჰქონდა და თხილამურებიც მშვენივრად ჰქონდათ იქ შენახული. მაშინ ტიტეს ყურადღება არ მიუქცევია ამ ფაქტისთვის. ახლა კი მიხვდა, რომ ეს ეთერმა განგებ გააკეთა, რათა ქმრისთვის თხილამურების ბაკურიანში ჩატანა ეთხოვა. ამისთვის კი ტიტე წყნეთში უნდა ასულიყო. წყნეთში ქმრის ასვლა კი იმიტომ სჭირდებოდა ეთერს, რომ ტიტე იქ კონიაკ „ვარციხეს“ დალევდა, მოიწამლებოდა და მოკვდებოდა. „ჰმ... ვერაგული გეგმაა, – გაიფიქრა ტიტემ, – ეთერმა ხომ იცის, რომ კონიაკი „ვარციხე“ ჩემი საყვარელი სასმელია და წყნეთში რომ ავდივარ, თითო-ოროლა ჭიქას ყოველთვის ვსვამ. მან კი სასმელი მოწამლა, რომ მოვეკალი. მაგრამ ამ საცოდავმა ქურდებმა გადამარჩინეს. ეთერს ჩემი სიკვდილი უნდოდა? – მოვკვდები“. ტიტეს მოქმედების გეგმა უკვე მოფიქრებული ჰქონდა, ამიტომ მოქმედებას შეუდგა. ერთი ახალგაზრდა ქურდი, რომელიც ტიტეს ჩამოჰგავდა, ადგილზევე დატოვა. მეორე კი „მოსკვიჩში“ ჩააწვინა, ტყეში ჩავიდა, მკვდარი ღრმად დამარხა და უკან დაბრუნდა. ტიტემ სამზარეულოში დაგდებულ მიცვალებულს ბენზინი გადაასხა. შემდეგ გაზი გაუშვა და კედლის ძველებური საათის ისარს ისე მიაკრა რამდენიმე ასანთის ღერი და გოგირდი, რომ ერთ საათში ასანთის ღერები გოგირდს შეეხებოდა და ნაპერწკალი აინთებოდა. ყველაფერი რომ მზად იყო, ტიტემ საათს დახედა, ფრთხილად გამოვიდა აგარაკიდან და ტყე-ტყე ფეხით დაეშვა თბილისისკენ. გარდაფხაძე უკვე ბაგებში იმყოფებოდა, როდესაც წყნეთიდან ძლიერი აფეთქების ხმა მოისმა. ტიტემ საათს დახედა. ღამის პირველი საათი იყო და ჩაილაპარაკა: „ახლა არკვიონ, თუ ვინაა ჩემს აგარაკზე დანახშირებული კაცი“. ტიტე გარდაფხაძემ წყნეთის საკუთარ აგარაკზე უბედური შემთხვევა და საკუთარი სიკვდილი გაითამაშა. თავად კი მონადირის აზარტით შეპყრობილი იატაკქვეშეთში გადავიდა, რომ ცოლის საქმე ფარულად გამოეძია...

ფარული გამოძიება

წყნეთიდან წამოსული ტიტე გარდაფხაძე სახლში აღარ დაბრუნებულა, რადგან შემთხვევით შეიძლება ვინმეს დაენახა და მთელი გეგმა ჩაშლოდა. ამიტომ, გლდანის მასივში გაემართა, რომელიც იმ პერიოდში ახალი მიკრორაიონი იყო და შენდებოდა. ღამის 3 საათზე ლია კოკაიას დაადგა სახლში. 25 წლის ლია კოკაია ტიტეს თანამშრომელი იყო და სულ რაღაც 6 თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა უმცროს გამომძიებლად. კოკაიას პროკურორის ახალგაზრდა მოადგილე პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა. თუმცა, როდესაც შეიტყო, რომ ცოლიანი იყო, თავისი გრძნობა არ გაუმჟღავნებია, მაგრამ გარდაფხაძე მაინც უყვარდა. ტიტე გრძნობდა ლიას სიყვარულს და თანაუგრძნობდა მას, მაგრამ ეთერის სიყვარულის გამო ეს თანაგრძნობა მის არსებას არ სცდებოდა. სწორედ ამიტომ ეწვია ტიტე ლიას ღამის 3 საათზე, თანაც, პროკურორის მოადგილემ იცოდა, რომ ლია კოკაია მარტო იქნებოდა სახლში. გოგონა ობოლი იყო, ამქვეყნად არავინ გააჩნდა და მარტო ცხოვრობდა გლდანის მასივის ოროთახიან ბინაში, სადაც ის პლეხანოვიდან გადავიდა. ტიტემ ზარი ერთხელ დარეკა და მიაყურადა. სულ რაღაც ერთ წუთში ლია კოკაია კართან მივიდა და იკითხა:

– ვინ არის?

– მე ვარ, ლია, ტიტე გარდაფხაძე. გამიღე. რაღაც მოხდა, – ჩურჩულით უპასუხა პროკურორის მოადგილემ ლიას, რომ ვინმეს არ გაეგო.

ღამის პერანგში გამოწყობილმა ლიამ კარი გააღო, ტიტე სახლში შეიყვანა და ჰკითხა:

– ხომ არ გშიათ?

ტიტემ, რომელმაც ბოლო 6 საათის განმავლობაში მრავალი სტრესი გადაიტანა, ლიას გაუღიმა და უთხრა:

– უპირველესად, შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს შენობით მივმართოთ. მერე ცოტას შევჭამ და ყველაფერს მოგიყვები.

ლიამ სუფრა გაშალა და ტიტე რომ დანაყრდა, გოგონას ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. ბოლოს კი უთხრა:

– შენთან იმიტომ მოვედი, რომ ბოლომდე გენდობი და სიმართლე გითხრა, სხვაგან წასასვლელი არც მაქვს. მთავარი კი ისაა, რომ ფარული გამოძიება უკანონო საქციელია და შეგიძლია, უარი თქვა. რამე რომ მოხდეს ორივეს პასუხისგებაში მიგვცემენ.

– მე თანახმა ვარ, – მტკიცედ თქვა ლიამ, ტიტეს გაუღიმა და ის ღამე წყვილმა ერთ საწოლში გაატარა...

ტიტე გარდაფხაძე ლიასთან, გლდანის მასივში ცხოვრობდა. ლია კოკაია კი, ჩვეულებრივად დადიოდა სამსახურში. სახლში რომ ბრუნდებოდა, ტიტეს დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიდა გამოძიების შესახებ, რომელსაც პროკურატურა აწარმოებდა ტიტე გარდაფხაძის დაღუპვის გამო.

წყნეთის აგარაკი აფეთქების შედეგად გადაბუგული და მიწასთან გასწორებული იყო. მკვდარი ქურდის დანახშირებული გვამი, კი, როგორც ტიტე ვარაუდობდა, გამომძიებლებმა გარდაფხაძედ მიიჩნიეს. საქმეს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მისცეს და დახურეს. დანახშირებული ქურდის ცხედარი კი თუთიის კუბოში ჩააწვინეს და ვაკის სასაფლაოზე ტიტე გარდაფხაძის სახელით დაკრძალეს. პანაშვიდებს, გასვენებას და ქელეხს ლია კოკაიაც ესწრებოდა და სახლში რომ დაბრუნდა, ტიტეს უთხრა:

– დიდი პატივით დაგასაფლავეს. თავად გენერალური პროკურორიც ესწრებოდა და საკმაოდ შთამბეჭდავი სიტყვაც წარმოთქვა. ქელეხში კი ჩვენი მთავარი პროკურორი იყო თამადა.

– ეთერი როგორ იქცეოდა?

– როგორც დამწუხრებული ქვრივი.

– ჰოდა, ხვალიდან ამ დამწუხრებულ ქვრივზე, უფრო სწორად კი ძუკნაზე, ტოტალურ თვალთვალს ვიწყებ. დარწმუნებული ვარ, ის ძუკნა ვიღაცასთანაა კავშირში და მარტო არ მოქმედებდა. ინფორმაცია გვჭირდება. ამას კი თვალთვალით თუ შევძლებთ.

– მართალი ხარ, მაგრამ ვინ უთვალთვალებს?

– მე.

– რომ დაგინახოს, ხომ გიცნობს?

– შევინიღბები.

ტიტე გარდაფხაძემ, მოხდენილად მოირგო გრიმი, პარიკი, სამოსი და ეთერს დაუწყო თვალთვალი, რომელიც ქმრის დასაფლავებიდან მეორე დღეს, უთენია გავიდა სახლიდან და ვაკიდან მეიდანზე გაემგზავრა. თუმცა, ქალმა საკმაოდ უცნაური მარშრუტი აირჩია. ეთერი ავტობუსში ჩაჯდა და რუსთაველის მეტროსთან ჩამოვიდა. შემდეგ მეტროთი სადგურზე გაემგზავრა. იქიდან ტრამვაით კოლმეურნეობის მოედნამდე იმგზავრა, ფეხით ჩავიდა მეიდანზე და ერთსადარბაზოიან სახლში გაუჩინარდა, რომელიც ვიწრო ჩიხში მდებარეობდა. ტიტემ შეუმჩნევლად მისდია ეთერს ბოლომდე და მიხვდა, რომ ასეთი მარშრუტით იმიტომ მგზავრობდა ქალი, მოთვალთვალე რომ აღმოეჩინა. გარდაფხაძის მოსაზრებას ისიც ადასტურებდა, რომ ეთერი ხშირად იყურებოდა უკან. ყურადღებით აკვირდებოდა ადამიანებს და ძალიან ფრთხილად გადაადგილდებოდა. ტიტე კი იმიტომ ვერ შეამჩნია, რომ გარდაფხაძე საკმაო დისტანციის დაცვით მისდევდა.

ტიტემ მოხერხებული საფარი შეარჩია და ეთერს დაელოდა. ქალი კი არ ჩანდა. როგორც კი შებინდდა, ტიტე საფარიდან გამოვიდა, სადარბაზოში შევიდა და აღმოაჩინა, რომ მეორე გასასვლელიც არსებობდა. „ალბათ, მეორე გასასვლელით ისარგებლა“, – გაიფიქრა ტიტემ და მეორე გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ, პირველი სართულის ერთ-ერთი კარი გაიღო, ეთერი გამოვიდა და კიბეებზე დაეშვა. ქუჩაში გავიდა, ტაქსი გააჩერა და პირდაპირ სახლში დაბრუნდა. ეთერმა იგივე მარშრუტი კიდევ ოთხჯერ გაიმეორა – მეექვსე, მეცხრე, მეთორმეტე და მეთხუთმეტე დღეს. ანუ ქალი ყოველ მესამე დღეს მიდიოდა მეიდანზე. იქ შებინდებამდე რჩებოდა და მერე სახლში ბრუნდებოდა. მეთვრამეტე დღეს ეთერი 24 საათის განმავლობაში დარჩა მეიდანზე მდებარე იმ იდუმალ ბინაში და ტიტემ ლიას დაავალა გაეგო, თუ ვინ ცხოვრობდა იქ.

ლია კოკაიამ პროკურორის თანამშრომლის სტატუსით ისარგებლა და საღამოს სახლში რომ დაბრუნდა, ტიტეს უთხრა:

– ჩვენთვის საინტერესო ბინაში, 1906 წელს დაბადებული ვინმე დემონ ბობოქარი ცხოვრობს.

– დემონ ბობოქარი? – გაიმეორა ტიტემ, – ვინაობაც მასეთი უნდა.

– ეს ბობოქარი, – განაგრძო ლიამ, – შარშან ჩასახლდა იმ ბინაში. მანამდე კი დემონი ორჯონიკიძეში ცხოვრობდა და ბინა მემკვიდრეობით ერგო მამიდამისისგან, მარტოხელა ეთერ ბობოქარისგან, რომელიც 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქალი, თურმე, მეზობლებს აღმოუჩენიათ ლოგინში, გახრწნილი, თანაც ვირთხები ესეოდნენ. სუნს შეუწუხებია მეზობლები და კარი შეუმტვრევიათ. თავად დემონი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. ყოფილი ექიმია. ამჟამად კი პენსიაზეა...

– საინტერესოა, – თავი გააქნია ტიტემ, – ყოჩაღ, ლია! ერთი მაგ დემონს უნდა ვეწვიოთ...

შიშველი ორგია

1972 წლის 21 მარტს, როდესაც ლია კოკაია სამსახურიდან დაბრუნდა, ტიტემ უთხრა:

– მოემზადე, ხვალ დილით, ეთერი მეიდანზე წავა და მას შუაღამეზე დავადგებით.

– შუაღამეზე რატომ? რა იცი, რომ იქ ამდენ ხანს გაჩერდება?

– შუაღამეზე იმიტომ, რომ თუკი რამე ცუდს საქმიანობენ, იმ დროისთვის უკვე გახურებული იქნებიან და აპოთეოზის მომენტში დავადგებით თავს. თანაც გრაფიკით მას 24-საათიანი ვიზიტი უწევს, რომელსაც არ არღვევს. თითქმის ორი თვეა, ვუთვალთვალებ და ზუსტი განრიგი ვიცი.

22 მარტს პისტოლეტებით და ეგრეთ წოდებული ოპერატიული „ატმიჩკებით“ შეიარაღებული წყვილი, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები ხმარობდნენ ბინებში ჩუმად შესაღწევად, ღამის 11 საათსა და 45 წუთზე, დემონ ბობოქარის ბინაში შევიდნენ. იქაურობა სიჩუმეს მოეცვა. სამოთახიანი ბინა თითქმის არ იყო განათებული და წყვილმა საკუჭნაოსკენ აიღო გეზი, საიდანაც ყრუ ხმა ისმოდა. საკუჭნაოში, კიბეები აღმოჩნდა, რომელიც სარდაფში ჩადიოდა და ისინიც ქვევით დაეშვნენ. ყრუ ხმა უფრო მკაფიო გახდა და ქალ-ვაჟმა დოლის ბაგუნი და ქალის ხმა გაიგონა, ხოლო სარდაფში რომ ჩავიდნენ, მოულოდნელობისგან გაშეშდნენ... 60 კვადრატული მეტრის სარდაფი მთლიანად შავი ფილებით იყო მოპირკეთებული. კედლებზე მიმაგრებული 12 ჩირაღდანი ბრდღვიალებდა და იქაურობა ცეცხლს გაენათებინა. სარდაფის ცენტრში ქვის შავი ტახტი იდგა და ტახტზე 66 წლის დემონ ბობოქარი იწვა, რომელსაც ეთერ კოპაძე სექსუალურ მასაჟს უტარებდა. 6 შიშველი გოგონა კი ხელჩაკიდებულები წრეს უვლიდა ქვის ტახტზე მწოლარეთ, თან შიშინებდნენ... სარდაფის მარცხენა კუთხეში მდგარი შიშველი გოგონა უზარმაზარ დოლზე ურტყამდა ჯოხებს მონოტონურად. სარდაფში მყოფნი, როგორც მოგვიანებით თავადვე განაცხადეს, შიშველ სატანურ ორგიას ატარებდნენ...

ტიტემ და ლიამ პისტოლეტები ამოაცურეს, ორგიის მონაწილეებს მიუშვირეს და ერთდროულად იღრიალეს:

– ხელები მაღლა! დაპატიმრებულები ხართ! ჩაიცვით!

დემონ ბობოქარმა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, პისტოლეტმომარჯვებულებს გახედა და მშვიდად უთხრა:

– რაშია საქმე? ჩვენ აქ თერაპიული სეანსი გვაქვს, თქვენ კი ყაჩაღებივით შემოგვივარდითო.

ლიამ და ტიტემ ორგიის მონაწილეები აიძულეს, ჩაეცვათ. შემდეგ მილიციას გამოუძახეს და ყველანი მილიციის უახლოეს განყოფილებაში მიიყვანეს. თუმცა ეთერის გარდა, შვიდივე გოგონა იმავე ღამეს გაათავისუფლეს, რადგან ყველანი ცნობილი, გავლენიანი ადამიანების შვილები ან ცოლები იყვნენ. პატიმრობაში კი დემონ ბობოქარი და ეთერ კოპაძე რჩებოდნენ, რომლის წინააღმდეგაც ტიტე გარდაფხაძემ მისცა ჩვენება და წყნეთში მომხდარი აფეთქება გარდაუვალ აუცილებლობად შეაფასა...

მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი სტრუქტურები ამ საქმის მიჩუმათებას ცდილობდნენ, ტიტე გარდაფხაძემ მოსკოვში იჩივლა. ცენტრიდან ჩამოსულმა საგამოძიებო ბრიგადამ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს და ძიებამ დაადგინა, რომ პენსიაზე მყოფმა ექიმმა-ფსიქიატრმა, დემონ ბობოქარმა, რომელიც შავი მაგიით იყო გატაცებული, სხვადასხვა ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად შექმნა ქალთა დანაშაულებრივი ჯგუფი. ბობოქარი მათ ფულს „აწერდა“, სექსუალურ ურთიერთობებს აიძულებდა და ეთერ კოპაძეს და კიდევ ორ გოგონას ქმრები მოაწამვლინა...

ეთერ კოპაძეს, მაკა შავდიას და შორენა ხირსელს სასამართლომ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკვლელობისთვის. მაშინ ქალებს არ ხვრეტდნენ. დემონ ბობოქარს კი მკვლელობისთვის და მკვლელობათა ორგანიზებისთვის დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, რომელიც მოსკოვში, ბუტირკის ციხეში იქნა აღსრულებული...

P. S. „მკვდრეთით აღმდგარი“ ტიტე გარდაფხაძე პროკურატურაში აღარ დაბრუნებულა. სამსახურს თავი დაანება ლია კოკაიამაც. ისინი დაქორწინდნენ, სამი შვილი ეყოლათ და დღესაც ცოცხლები არიან.


скачать dle 11.3