კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის ამზადებს სხეულს ნინო გაჩეჩილაძე და სად იპოვა გია ცინაძემ ბედნიერება


ასეთ ლამაზ, თან ასე შეყვარებულ პატრულის თანამშრომელზე ვინ არ იოცნებებდა. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც გია ცინაძეა, რომლის მყუდროც ყურებამდეა შეყვარებული მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, ნინო გაჩეჩილაძის კინოგმირზე. სხვათა შორის, ნინოსთვის „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2-ში“ ქალი-პატრული პირველი კინოროლია.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გია ცინაძე

– ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მეორე ფილმიც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორიც პირველი. ახლა მითხარი, როგორ ხარ?

– ძალიან დაღლილი. აუზიდან მოვდივარ, ბევრი ვიცურავე და სასიამოვნოდ დავიღალე.

– არაჩვეულებრივად გამოიყურები. საერთოდ, სპორტულად ცხოვრობ, სისტემატურად ვარჯიშობ?

– არა. სამწუხაროდ, რვათვიანი ჩავარდნა მქონდა. ზამთრის პერიოდში აუზს ვუღალატე, მაგრამ ახლა ისევ განვაახლე, რადგან მივხვდი, ძალიან მომენატრა და ყოველდღე დავდივარ საცურაოდ. შენ?

– სურვილი კი სულ მაქვს, მაგრამ, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებ აუზზე სიარულს, ალბათ, დროის უქონლობაა.

– საერთოდ, ნებისმიერი პროფესიისთვის, განსაკუთრებით კი მსახიობისთვის, სავალდებულო და აუცილებელია, სულ ფორმაში იყოს, რადგან, არ იცის, რა ტიპის და რა სახის როლის შესრულება მოუწევს. კარგია პლასტიკურიც თუ იქნება. არ ვამბობ იმას, რომ მაინცდამაინც გახდა მომიწევს და ამ დროს ჩემი სხეული უნაკლოდ უნდა გამოიყურებოდეს, თუმცა, ესეც სასურველია. ზოგადად, როგორც ქალი, ისე მამაკაცი მსახიობისთვის ამას მნიშვნელობა აქვს.

– მოგვიყევი, როგორ მოხვედი აქამდე: სკოლა, ინსტიტუტი...

– იმედია, ჩემი თანაკლასელები არ მიწყენენ, მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ სკოლა ისე არ მიყვარდა, როგორც თეატრალური. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლების თაობა სულ ამბობდა, თეატრალური ახლა ძალიან გაფუჭებულია, თქვენ ჩვენ დროს უნდა გენახათო, მაინც ვგიჟდებოდი ჩემს ინსტიტუტზე. მსახიობობა ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე. თავიდან, მინდოდა, ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში, დიზაინერის პროფესიაზე. მერე გავგიჟდი ბალეტზე და ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი ბალერინა, მაგრამ, ვინაიდან ჩემთვის უკვე დაგვიანებული იყო, ეს ოცნება ვერ ავიხდინე. მსახიობობაზე კი არასდროს მიოცნებია. ერთმა ძალიან უბრალო, მაგრამ ჩემთვის საბედისწერო შემთხვევამ გადაწყვიტა ჩემი მსახიობობა, როცა ერთ-ერთ სპექტაკლს ვესწრებოდი და „წითელქუდას” როლი შემომთავაზეს. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა ამ პროფესიამდე რომ მოვედი. ეს არის საქმე, რომელიც სულ გიყვარს და სულ გენატრება. თუ მსახიობი გახდები, არასდროს იტყვი, არჩევანში შევცდიო. ასე მგონია, აღმოვაჩინე ის სამყარო, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ბავშვობაში საოცრად მეოცნებე და რომანტიკული ვიყავი და ახლა ჩემი ყველა ოცნების განხორციელება აი, ამ მიკროსამყაროში შემიძლია, რომელსაც თეატრი ჰქვია. თეატრი ძალიან მიყვარს და, შარშან კი, უკვე დაიწყო ჩემი საოცარი სიყვარული კინოს მიმართ.

– როგორი კინო გიყვარს?

– ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჰოლივუდური კინო მიყვარს. ჩემი საყვარელი რეჟისორები არიან ტარკოვსკი, გოდარი; ასევე, ანტონიონი, ფელინი, ტრიუფო... – რომელი ერთი ჩამოვთვალო, მაგრამ, უილიამ ვაილერი და ბილი უაილდერი, რომ მიყვარს?!.. ანუ, ძველი ჰოლივუდური ფილმები. შეიძლება, ცოტა ძველმოდურად მოგეჩვენოთ, მაგრამ, რა ვქნა, დღევანდელი ფილმები არ მიქმნის ისეთ განწყობას, არ მოაქვს ის ემოცია, რაც ორმოცდაათი წლის წინ გადაღებულ ფილმებს. თანამედროვე რეჟისორებიდან ტარანტინოსა და როდრიგესს გამოვარჩევდი, რომლებიც თავის საქმეში პიონერები არიან, მაგრამ ჩემი საყვარელი რეჟისორების რიცხვში მაინც არ შედიან. ვგიჟდები ალმადოვარზე.

– მუსიკაში რატომ არ სცადე ბედი? ოჯახიდან გამომდინარე მაინტერესებს.

– მოგეხსენებათ, მამაჩემი, გივი გაჩეჩილაძე, არის კომპოზიტორი, დირიჟორი და სხვა, ჩემი და, თაკო – მომღერალი, დედაჩემიც გადასარევად მღეროდა, უბრალოდ, მერე გათხოვდა და ოჯახით დაკავდა. ერთი სიტყვით, ერთ ოჯახში ორი და, მით უმეტეს – სამი მუსიკოსი, უკვე ძალიან ბევრი იყო და ამ მიმართულებით წასვლა არც მიფიქრია.

– ისე, შეგიძლია სიმღერა?

– სიმღერაც შემიძლია, ცეკვაც და... იყო პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი მელოდია მომდიოდა თავში, მაგრამ, ძალიან მალე მავიწყდებოდა, არ ვიწერდი. დაინტერესებული რომ ვყოფილიყავი მუსიკით, რომ განმევითარებინა ჩემში ეს მხარე, მაშინ, დღეს, ალბათ, სულ სხვაგან ვიქნებოდი.

– აი, როგორ იკარგება ნიჭი!

– თუმცა, მუსიკალური განათლება მიღებული მაქვს. მაგრამ, ალბათ, ეს მაინც არ იყო ჩემი – ვერ ვიტანდი მუსიკაზე სიარულს, მაშინ, როდესაც თაკოსთვის ეს უდიდესი კომფორტი და სიამოვნება იყო. საათობით მეცადინეობდა და მე ყურებში თითები მქონდა გარჭობილი.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და თაკოს?

– ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, თაკო ჩემი საუკეთესო მეგობარია. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ და, თუკი შეიძლება, ვინმემ ჩემი რაიმე, ძალიან პირადული იცოდეს, თაკო მათ შორის პირველია. ძალიან კარგი მრჩეველიც არის. მართალია, სულ მეუბნება, შენ ჩემზე ჭკვიანი და გაწონასწორებული ხარო, მაგრამ ამაში არ ვეთანხმები.

– ის თუ გეკითხება აზრს?

– მეკითხება, მაგრამ, არ ითვალისწინებს. ვიტყოდი, რომ საშინლად ჯიუტია. ალბათ, ქვეცნობიერად, მისდაუნებურად, მაინც ითვალისწინებს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას თავად იღებს.

– თავი დავანებოთ პროფესიას. როგორ ცხოვრობს, როგორ ისვენებს, რით ერთობა, რა სიამოვნებს და ზაფხულს როგორ ატარებს ნამდვილი ნინო?

– ჰოროსპოკით ვარ „ვერძი“ და ჩემი სტიქია მთაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან მიყვარს ზღვაც. ბოლო რამდენიმე წელია, სულ გონიოსა და კვარიათში ვისვენებ, ანუ, არ არსებობს ზაფხული, რომ ზღვის გარეშე გავატარო, მაგრამ, ამ დროს მთა მენატრება უზომოდ. თუ მთაში წასვლას ვერ ვახერხებ, რაღაც მაკლია.

– ალბათ, მზესთნ პრობლემები გაქვს, ისეთი თეთრი ხარ.

– ჰო, სულ ვიწვები. თან, ვგიჟდები გარუჯვაზე და, თან, ყველაზე მაღალი ხარისხის დამცავ კრემს ვხმარობ, რომ არ დავიწვა. მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, გარუჯვა თუ გინდა, ასეთი დამცავის ქვეშ როგორ აპირებო. საბოლოოდ მაინც, ისე გამოდის, რომ ზღვიდან მაინც თეთრი ჩამოვდივარ.

– ზღვაზე ყოფნისას, აძლევ თავს ბოლომდე მოშვების უფლებას? ვთქვათ, რომ სწყდები საკუთარ თავს, გავიწყდება, ვინ ხარ...

– ვაძლევ თავს ამის უფლებას, მაგრამ, არც ისე ხშირად. ასეთი რამ ხშირად, რომ ხდებოდეს, ფასი და გემო დაეკარგებოდა.

– შეგიძლია დაისვენო მთაში კომფორტის გარეშე?

– რა თქმა უნდა! ვყოფილვარ კიდეც – რამდენიმე დღის განმავლობაში კარავში მიცხოვრია და ბუნებასთან სიახლოვით დავმტკბარვარ. არც კომფორტის გარეშე ყოფნა მაწუხებს, არც ჭიანჭველა და არც მსგავსი რამ.


ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნინო გაჩეჩილაძე

– რატომ არ ვიცნობდი აქამდე გია ცინაძეს, რატომ გავიცანი ის სერიალით?

– მრავალი წლის წინ დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი. მესამე-მეოთხე კურსზე უკვე მქონდა თეატრში მუშაობის გამოცდილება: პირველად მარჯანიშვილის თეატრში ვითამაშე ერთ სპექტაკლში, მართალია, მასობრივ სცენებში, მაგრამ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ეს იმხელა ბედნიერება იყო, ვერ აგიწერ. 17 წლის ბიჭს სხვა რა უნდოდა. ჯერ ერთი, ძალიან დიდი მოთხოვნა არ იყო ჩემზე, რადგან ვპასიურობდი. პასიური კი ვიყავი იმიტომ, რომ ვერ ვხედავდი თეატრში ვერაფერს თანამედროვეს. მართლა არც ერთი სპექტაკლი არ გამომიტოვებია, ყველა თეატრში ყველა სპექტაკლზე ვარ ნამყოფი, არაფერს ვტოვებდი, მაგრამ მერე ამ ყველაფერმა გამიარა. ამიტომ, პროფესიაში ცოტა დიდი პაუზა გამომივიდა. თეატრი ძალიან მიყვარს, მაგრამ, მინდა, იქ რაღაც ახალი ვნახო და არა ერთი და იგივე პიესა მეათედ და მეასედ დადგმული.

– რა მუსიკას უსმენ?

– მთელი ბავშვობა ვიყავი როკის, როკ-ენ-როლის უდიდესი მოყვარული, მაშინ სხვა რაღაცის მოსმენა აზრადაც კი არ მოგვდიოდა, მაგრამ, წლები გავიდა და მივხვდი, რომ მხოლოდ ეს არის არის კარგი და დავიწყე სხვადასხვა მიმდინარეობის მოსმენა და დაფასება. ვუსმენ პაპსას, ამ ბოლო დროს მომეწონა ემინემიც. არა, მისი მსმენელი კი არ ვარ, უბრალოდ, დავაფასე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავის სფეროში. იგივე „ბლექ აიდ ფის”, ლედი გაგა და სხვებიც, ძალიან მაგრები არიან. რაც შეეხება იმას, რა მომწონს ამჟამად, ეს ელექტრონული მუსიკაა, რომელზეც არა მხოლოდ ვცეკვავ, ვუსმენ კიდეც და, რომ მიჰყვები მას, სადღაც არაამქვეყნიურ ამბავში გადიხარ, სრულიად სწყდები რეალობას, საკუთარ თავს. ყველაფერი მესმის – ყველა დარტყმა, ყველა რიტმი ცალ-ცალკე. ასაკის ბრალიცაა, ალბათ, რომ, ყველა ტიპის მუსიკა ვაღიარე.

– შენ როგორ ისვენებ თბილისში, ძალიან დატვირთული დღისგან?

– ხან – როგორ, ხან – როგორ: ან კლუბში წავალ სადმე, ან მეგობრებთან ერთად გავერთობი, სადმე ერთად შევიკრიბებით. ძალიან გვიყვარდა „ჰომ-ტუსოვკები”, რომელიმე მეგობართან სახლში, მაგრამ ახლა ამას შედარებით იშვიათად ვახერხებთ. საერთოდ, დავაკვირდი, რომ ისე ვეღარ ვერთობით, როგორც, ვთქვათ, ერთი წლის წინ. რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ, იმედია, ეს პერიოდი მალე გადაივლის.

– მაინტერესებს შენი დამოკიდებულება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებთან, გაქვს თუ არა მათ მიმართ აგრესია?

– არავითარ შემთხვევაში. აბსოლუტურად არ ვსვამ მათ ადამიანების სხვა კატეგორიაში, რომლებიც ჩემგან, ჩვენგან განსხვავდებიან. შეიძლება, არ ვმეგობრობ, მაგრამ ასეთს ძალიან ბევრს ვიცნობ და, როდესაც მხვდებიან, კარგ გამარჯობას ვეუბნები, ძალიან გულწრფელს, ყველანაირი ქვენა აზრების გარეშე.

– რატომ ვერ მეგობრობ?

– არ ვიცი, უბრალოდ, სიტუაციამ არ მოიტანა, თორემ, თუ ადამიანი ჩემიანად ვიგულე, ერთმანეთს გავუგეთ, იმის გამო, რომ განსხვავებული ორიენტაცია აქვს, მასთან მეგობრობაზე უარს არ ვიტყვი. არანაირი აგრესიული და არასწორი დამოკიდებულება არ მაქვს. თუმცა, ზოგჯერ თვითონ აქვთ ხოლმე აგრესია, არასწორად გაწვდიან და თავზე გახვევენ თავიან ორიენტაციას, რაც ცოტა გამაღიზიანებელია.

– როგორია შენს წარმოდგენაში სიტყვა „მანდილოსანი“, „ქალი“?

– გარეგნობაზე საუბარს ძალიან მალე მოვრჩები: რა თქმა უნდა, ქალი ლამაზი, სასიამოვნო გარეგნობის უნდა იყოს და, მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ასეთი ქალი დადის. მაგრამ, ცხადია, ეს მთავარი არ არის. მთავარია, როგორც ადამიანი, როგორც ქალი იყოს საინტერესო. არ უნდა იყოს შებოჭილი, არ უნდა ჰქონდეს კომპლექსები, რომლითაც შენც გზღუდავს და საკუთარ თავსაც. მასთან გატარებული არც ერთი წუთი არ უნდა იყოს მოსაბეზრებელი.

– რა მაინტერესებს, იცი? რა არის მთავარი კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, იმისთვის, რომ დიდხანს გაგრძელდეს თავიდან დაწყებული ჰარმონია?

– თავისუფლება – ამას ყოველთვის ვამბობ და ვეუბნები საკუთარ თავსაც, რომ, თუ ადამიანებმა ერთმანეთს თავისუფლება არ მისცეს, მაშინ არაფერი გამოვა. კაცი ვარ და, მეც კი ვუშვებ ხოლმე ამ მიმართულებით შეცდომებს, მაქვს ხოლმე შეზღუდვების გამოვლენის მცდელობები, მაგრამ, მთავარია, რომ თავად ვხვდები: ასე არ უნდა ვიქცეოდე და ვცდილობ, ის სიტუაცია ყველანაირად გამოვასწორო. თუ შეყვარებულ ადამიანს თავისუფლებას არ მიანიჭებ, სხვანაირად მას ბედნიერს ვერ გახდი. ამავდროულად, სიყვარულს სულ ფიქრი სჭირდება, რომ რამე არ გაფუჭდეს. მაგრამ, ეს ისეთი ფიქრი კი არ არის, როგორც სამსახურზე ფიქრობ, ეს ფიქრი შენთან ერთად, პარალელურად, სულ არსებობს. შეიძლება, გადაღება მქონდეს, თავიდან ბოლომდე საქმეში ვიყო ჩართული, მაგრამ ფიქრით მაინც სხვაგან დავფრინავდე.

– შენი შეყვარებული მსახიობი რომ იყოს, თავს დაანებებინებდი? არა კონკრეტულად პროფესიის გამო, არამედ იმიტომ, რომ შენთვის დრო არ რჩება, არასდროს სცალია და სხვა.

– არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, დღეს უკვე ყველა პროფესიას იმდენი დრო მიაქვს, რომ აქ მსახიობობა არაფერ შუაშია. ანუ, თუ მუშაობ, შესაბამისად, არ გცალია.

– რა პროფესიის შეიძლება იყოს, რომ თავი დაანებებინო?

– ეს ცნება საერთოდ არ მესმის. რას ნიშნავს – თავი დაანებებინო?! შეიძლება, ჰოკეისტი იყოს და მე არასდროს ვეტყვი, თავი დაანებე ამ საქმეს-მეთქი. თუ ჰოკეისტია, ესე იგი, ეს მოსწონს და ამით არის ბედნიერი.

– თუ სიყვარულია, იქ არაფერია ხელისშემშლელი, ხომ? თუნდაც ფეხბურთელი იყოს?

– სხვათა შორის, მე და ჩემი შეყვარებული ვთამაშობთ ხოლმე ზაფხულობით პლაჟის ფეხბურთს (იცინიან), თუ რაღაც მიუღებელია იმ ადამიანში შენთვის, ის არ შეგიყვარდება. როდესაც გოგო მიყვარდება, ესე იგი, მას ყველა ის თვისება აქვს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და, შესაბამისად, ვენდობი მის პროფესიულ არჩევანსაც – იმ პროფესიაში მიყვარს, ისეთი მიყვარს, როგორიც არის.

– მიგაჩნია თუ არა, რომ იპოვე შენი ცხოვრების სიყვარული?

– დიახ, მიმაჩნია, რომ ვიპოვე. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საოცრად საინტერესო ადამიანის გვერდით ვარ, რომელთან გატარებული ყველა დღე განსაკუთრებული და საინტერესოა. სულ ვსაუბრობთ და სულ უფრო და უფრო მაოცებს იმდენად ფართოდ აზროვნებს.

– ღალატს თუ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?

– არ ვიცი, ეს გამოცდილება არასდროს მქონია. საერთოდ, როდესაც პატიება შეგიძლია, ეს გადასარევი თვისებაა. ბევრი რამის პატიება შემიძლია, მაგრამ, ამის პატიება შევძლო – არ მგონია. არ ვიცი, ამ დროს როგორ მოვიქცევი. ალბათ, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას არასდროს გამოვცდი. იცი, რა? ღალატის არ მეშინია. ღალატამდე მიდის ადამიანი, როცა სიყვარული აღარ არის, მე კი ისეთი ურთიერთობა მაქვს ჩემს საყვარელ ადამიანთან, რომ, თუ ჩვენს გრძნობებში რამე შეიცვლება, ამას თავიდანვე მეტყვის და ღალატამდე არ მივალთ.

– კარგი. ბოლოს, ის მითხარი, როგორი წარმოგიდგენია მყუდროს ანტიპოდი პერსონაჟი, რას შეასრულებდი სიამოვნებით?

– მყუდროსგან რადიკალურად განსხვავებულ ტიპს?! ალბათ, კრიმინალს, მანიაკს ან რაღაც ასეთს, ფსიქოლოგიურ როლს. შენ?

– ძალიან მიყვარს რომანტიკული კომედიები, რომელიც შესანიშნავ ხასიათზე გაყენებს და ამ სტრესებით სავსე გარემოში და ქვეყანაში სასიამოვნო ემოციებს იწვევს.

– არა, მეც სიამოვნებით ვითამაშებდი რომანტიკულ გმირს, უბრალოდ, მყუდროს ანტიპოდი წარმომიდგენია ისეთი, როგორიც წეღან გითხარი.


скачать dle 11.3