კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავძლიოთ დაუდევრობა


იმისთვის, რომ არ ჩავარდე დაუდევრობაში, რომელიც დიდი ბოროტებაა, რომელსაც შეუძლია, შეაფერხოს შენი სვლა სრულყოფილებისკენ და გადაგცეს მტრების ხელთ, გმართებს, განევლტო ყოველგვარ მაძიებლობას (გამოკითხვებს აქეთ და იქით, უქმად ყოფნას, უქმად მეტყველებას, თვალების ცეცებას), მიჯაჭვულობას ყოველგვარ მიწიერზე, შენი ნებით რაიმეს ან „რაც მინდას“ კეთებას, რაც სრულიად არ შეეფერება შენს მდგომარეობას, არამედ პირიქით, გმართებს, აიძულო თავი, ხალისით და სწრაფად აღასრულო ყოველგვარი კეთილი რჩევა და დარიგება სულიერი მოძღვრისა იმ დროს და იმგვარად, როგორც ის გირჩევს.

ყოველი აღსასრულებელი საქმის დაწყებას ნუ დააყოვნებ, იმიტომ, რომ პირველი ხანმოკლე დაყოვნება მიგიყვანს მეორე, უფრო ხანგრძლივ დაყოვნებამდე, მეორე – მესამემდე, კიდევ უფრო ხანგრძლივამდე და ასე შემდეგ. იგემებ რა ერთხელ უსაქმურობის გემოს, საქმიანობაზე მეტად შეგიყვარდება იგი, ხოლო, როდესაც დაიკმაყოფილებ ამ სურვილს, თანდათან ჩვევად ჩამოგიყალიბდება – არ აკეთო, ან მცონარებაში შთავარდები და უსაქმურობის ვნება იმდენად დაგეუფლება, რომ შეგნებასაც ვერ შეძლებ, თუ როგორი უმსგავსოა და დამღუპველი იგი შენთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც მცონარებით დამძიმებული, ისევ მთელი მონდომებით შეუდგები საქმის კეთებას, შერცხვენილი დაინახავ, როგორი დაუდევარი იყავი მანამდე და რამდენი სასარგებლო საქმე დაუტევე აღუსრულებელი, უსარგებლო, „რაც მინდა, იმას გავაკეთებ“ გამო.

დაუდევრობა, რომელიც თითქმის შეუმჩნევლად იწყება, თავისი შხამით მოიცავს და მოწყლავს არა მარტო ნებისყოფას, რომელშიც ნერგავს სიძულვილს შრომის, სულიერი ღვაწლისა და მორჩილებისადმი, არამედ აბრმავებს გონებას, არ აძლევს საშუალებას, შეიცნოს იმ ზრახვათა სრული უგუნურება და სიცრუე, რომელსაც ემორჩილება ნებისყოფის ასეთი განწყობა და აბრკოლებს მას, წარმოუდგინოს შეგნებას ის ჯანსაღი განსჯანი, რომელთაც უნარი ექნებოდათ, აღეძრათ გაზარმაცებული ნებისყოფა, რაც შეიძლება მსწრაფლ, – სხვა დროისათვის გადაუდებლად სრული მონდომებით აღასრულოს თანანადები საქმე, რამეთუ არ არის საკმარისი, საქმე სწრაფად აღსრულდეს, არამედ აუცილებელია, ის აღასრულო მისთვის შესაფერის დროს, სრული ყურადღებითა და გულმოდგინებით, რომ წარმოჩნდეს, რაც შეიძლება სრულყოფილად.

განუხრელად იზრახე, რომ ერთი გონების აღმართვა ღმრთისაკენ და ერთი თავმდაბლური მუხლის მოდრეკა უფლის დიდებისა და პატივისათვის, შეუდარებლად მეტად ფასობს, ვიდრე მთელი ქვეყნიერების საფასე; და რომ ყოველთვის, როდესაც განაგდებ მცონარებას და აიძულებ საკუთარ თავს, მოსწრაფებით აღასრულო თანანადები საქმე, ანგელოზები ზეცაში გიმზადებენ გვირგვინებს დიდებული ძლევისათვის.

ბოროტი ზრახვა, როდესაც ცდილობს, შთაგაგდოს დაუდევრობაში, დაგიწყებს წარმოდგენას, რომ სათნოების მოპოვებისათვის, რომელიც ესოდენ გიყვარს და გსურს, მოიპოვო, გარდაუვალია უდიდესი ძალისხმევა და, თანაც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომ შენი მტრები ძლიერნი და მრავალრიცხოვანნი არიან, შენ კი ერთი ხარ და უძლური; რომ მოგიწევს უამრავი და, თანაც, დიდი საქმეების აღსრულება დასახული მიზნის მისაღწევად. თუკი დაუდევრობის ზრახვა წარმოადგენს მსგავს აზრებს, ნუ მოუსმენ მას; პირიქით, წარმოიდგინე, რომ, რა თქმა უნდა, საქმე გასაკეთებელი გაქვს, მაგრამ – ცოტა შრომაც უნდა გასწიო, მაგრამ – უმნიშვნელო და, თანაც, მცირე ხნის განმავლობაში, რომ მოწინააღმდეგეებიც შეგხვდებიან, მაგრამ არა ბევრი, არამედ – ერთი, და ეს ერთი, ძლიერიც რომ იყოს, ღმერთის შემწეობით, რომელიც მუდამ შენთან სუფევს, შენი მისდამი დიდი სასოების გამო, შეუდარებლად ძლიერი ხარ.

ასევე მოიქეცი ლოცვასთან მიმართებაშიც, თუკი რაიმე მსახურების აღსასრულებლად გჭირდება ერთი საათი მოუკლებელი ლოცვითი ღვაწლი და, ეს კი მძიმედ ეჩვენება შენს მცონარებას, მაშინ საქმის დაწყებისას ნუ იფიქრებ, რომ ერთი საათი მოგიწევს შრომა, არამედ, წარმოიდგინე, მხოლოდ თხუთმეტი წუთი დაგჭირდება და იმ დროს შეუმჩნევლად გაატარებ ლოცვაში.

ამგვარად მოიქეცი ყოველ საქმეში და უწყოდე, რომ, თუკი გონებით არ იმოქმედებ და არ შეებრძოლები სიძნელისა და სიმძიმის შეგრძნებას, რომელსაც მტერი წარმოგვიდგენს აღსასრულებელ საქმეთა გამო, მაშინ დაუდევრობა საბოლოოდ დაგრევს ხელს და არა მარტო მაშინ, როცა საქმე გაქვს შესასრულებელი, არამედ, როდესაც ჯერ კიდევ შორს მოჩანს, გექნება ისეთი გრძნობა, თითქოს მთა გაწევს მხრებზე, დამძიმდები და დაიტანჯები, მსგავსად სამუდამო პატიმრობაში მყოფი პატიმრისა. ასე იქნები მოსვენების დროსაც, არ გექნება სიმშვიდე და საქმის გარეშეც თავს დამძიმებულად იგრძნობ.

უწყოდე ასევე, შვილო ჩემო, რომ ეს სნეულება მცონარებისა და დაუდევრობისა, თავისი შხამით თანდათანობით უხილავად ხრწნის არა მარტო ნორჩ ყლორტებს, რომელთაგან დროთა განმავლობაში უნდა აღმოცენდნენ ღმრთივსათნო ცხოვრების ჩვევები, არამედ იმათაც, რომლებიც უკვე გაღრმავდნენ და ამგვარი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. როგორც ჭია თანდათან ჭამს და ახმობს ხეს, ასევე, დროთა განმავლობაში, შეუმჩნევლად ღრღნის და აღმოფხვრის სულიერი ცხოვრების ღერძს. მისი მეშვეობით ეშმაკი ახერხებს, დააფინოს მაცთური ბადეები და მახეები ნებისმიერ ადამიანზე თავდასხმისათვის. განსაკუთრებული მონდომებით და მზაკვრობით ცდილობს, თავს დაესხას თავგამოდებულ სულიერ მოღვაწეებს, რადგან იცის, რომ მცონარე და დაუდევარი ადვილად დამორჩილდება ვნებებს და ეცემა, როგორც დაწერილია: „გულისთქმათა შინა არს ყოველი უქმი“ (იგავ. 13,4).

მუდამ მღვიძარე იყავ, ილოცე და იღვაწე კეთილად, როგორც მხნე მებრძოლს შეჰფერის: „ხელნი მხნეთანი მოღუაწებათა შინა“ (იგავ. 13,4). გულხელდაკრეფილი ნუ გადადებ შენთვის საქორწინო სამოსის მომზადებას იმ დრომდე, როდესაც სრული კეთილშვენიერებით გმართებს, შეეგებო მომავალ სასიძოს – უფალ ქრისტეს. ყოველდღე გაიხსენე, რომ აწ შენს ხელთ არის, ხვალ კი ღმერთის ხელთაა, და რომ მან, ვინც დილა მოგცა, არ დაგპირებია, რომ მოგცემს მწუხრსაც. ამიტომ, ნუ უსმენ ეშმაკს, როდესაც ყურში ჩაგჩურჩულებს: „აწ მე მომეცი, ღმერთს კი ხვალ მისცემ“. ნუ იყოფინ! არამედ შენი ცხოვრების ყოველი ჟამი ისე წარმართე, რომ ღმერთისთვის სათნო იყოს, მუდამ გეპყრას გონებით, რომ აწინდელი დღის შემდეგ დრო აღარ მოგეცემა და ყოველი წუთისთვის განვლილი ცხოვრებიდან პასუხი უნდა აგო. გახსოვდეს, რომ შეუფასებელია ის ჟამი, რომელიც შენს ხელთ არის და, თუ ამაოდ გაფლანგავ, მოვა დრო, როდესაც ძებნას დაუწყებ და ვეღარ ჰპოვებ. დაკარგულად ჩათვალე ის დღე, რომლის განმავლობაშიც, თუმც კეთილ საქმეთ იქმოდი, მაგრამ შენს მავნე მიდრეკილებებსა და სურვილებს წინ არ აღუდგებოდი.


скачать dle 11.3