კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრაგედია მოხდა თიკა ფაცაციას ოჯახში და რა ხიფათს ასცდა ის


როცა პროფესიულ გზაზე ოჯახური სიმშვიდე ხელს არ გიწყობს, ცხადია, ძნელია, დიდ წარმატებას მიაღწიო. ორივე ფრონტზე ერთნაირად იბრძვი, მაგრამ არაფერი გამოგდის, რადგან ერთი მეორეს ვერ ერევა. მე თიკა ფაცაციას ცხოვრებაში მომხდარ ტრაგედიას ვგულისხმობ. მართალია, მაშინ ის სამი წლის იყო, როცა ეს ამბავი მოხდა და ბევრი არაფერი ახსოვს, მაგრამ ამ ფაქტმა მისი ცხოვრების ისტორია შექმნა. თიკამ ადვილად იპოვა თავისი ადგილი შოუ-ბიზნესში, 17 წლის ასაკში თავისზე ბევრად უფროს, მაგრამ ფინანსურად ძლიერ მამაკაცზეც გათხოვდა, გაუჩნდა შვილი, ჰყავს უმცროსი ძმა, ახალგაზრდა მშობლები, სრული ბედნიერებისთვის თითქოს არაფერი აკლია, თუმცა, ის ერთი რამ გულს მაინც უფორიაქებს. ამაზე და სხვა დანარჩენზე თიკას დედა, ქალბატონი მანანა გიამბობთ.

– ქალბატონო მანანა, ვიცი, ძალიან ძნელია იმის გახსენება, რაც დიდი ხნის წინ დაგატყდათ თავს, მაგრამ ეს არის თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი. გვიამბეთ, როდის და როგორ გარდაიცვალა თიკას უფროსი ძმა?

– 9 წლის იყო. ეს ამბავი პიონერთა ბანაკში მოხდა. ბავშვები, რომლებსაც არ ეძინებოდათ, პიონერხელმძღვანელმა საღამო ხანს საბანაოდ წაიყვანა. ბურთი გადაუვარდათ თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჩემი ბიჭი შესულა წყალში და დაიხრჩო. მაშინ თიკა 3 წლის იყო და არაფერი ახსოვს. ვისაც მსგავსი ტრაგედია შეხვდა ცხოვრებაში, მირჩევდნენ, მეორეზე გადამეტანა მთელი ყურადღება და მისთვის არაფერი მომეკლო. ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მსგავსი უბედურება გამოიარეს. ახლობელს ერთი შვილი წყალში დაეხრჩო, მეორე რუსთავში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნდა – ამბობდა, არასდროს მიგრძნია, რომ ოჯახში შვილი ვიყავიო. დედამისი სულ გლოვობდა, გარდაცვლილი შვილის ცხოვრებით ცხოვრობდა. ეს მაგალითები ჩემთვის საკმარისი იყო, რომ თავი ხელში ამეყვანა.

– ეს ის შემთხვევაა, როცა არაფერი აღარ გაინტერესებს, თითქოს სამყარომ შენთვის არსებობა შეწყვიტა...

– რა თქმა უნდა. უჭმელი, უსმელი ვიყავი. ქუჩაში ვინმე რომ გაიცინებდა, საშინლად ვღიზიანდებოდი. თიკას ვატყობდი, რომ ძალიან დადარდიანებული იყო. მერე უცებ შეიცვალა, გამოცოცხლდა. კიდევ რაღაცეები მოხდა ჩვენს ოჯახში: ნათესავის ბავშვს რაღაც დაეცა და კინაღამ მოგვიკვდა, დედაჩემი საავადმყოფოში მოხვდა და მათ ჩემი ყურადღება დასჭირდათ. ჩემი სიზმრებიდან, სხვისი რჩევებიდან გამომდინარე, ერთი გამოსავალი იყო – კიდევ გამეჩინა შვილი და გაჩნდა ლევანი. მანამდე სერიოზული მიღწევები მქონდა ჭადრაკში, ისევე, როგორც მაშინდელ ქალ მოჭადრაკეებს, მაგრამ უარი ვთქვი კარიერაზე და ამაზე ყოველთვის მწყდებოდა გული. როცა თიკას სჭირდებოდა ხელის შეწყობა, ყველანაირად ვედექი გვერდში. თუ სადმე წასასვლელი იყო, უნდა გამეშვა, ისევე, როგორც ჩემი ვაჟი. ის ხუთი წელია, არ არის საქართველოში. 16 წლის იყო, როცა კანარის კუნძულებზე მიიწვიეს – წარმატებული კალათბურთელია.

– თიკას დაბადებაზეც გვიამბეთ რამე.

– მთელი ორსულობა საჭესთან ვიჯექი. 18 ოქტომბერს თიკა გაჩნდა, 19 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღე იყო. ჩემზე ბედნიერი, ალბათ, არავინ იყო, რადგან ბიჭის შემდეგ ძალიან მინდოდა გოგო. მკერდთან დაკავშირებით პატარა პრობლემა მქონდა და, თიკა რომ დაიბადა, ყველაფერი გაქრა. სამაგიეროდ, სხვა პრობლემები გაჩნდა – ბავშვებთან მარტო ვიყავი. ჩემი ქმარი ქალაქიდან იყო გასული სამუშაოდ. დამირეკა და მითხრა: როგორმე ჩამოვალ და მოგეხმარები, მაგრამ, მეც მინდა, კარიერა გავიკეთო, თანამდებობაზე მნიშნავენო, მებოდიშებოდა. საკუთარ თავზე ავიღე მთელი ტვირთი. ჩემი ერთადერთი სერიოზული დამხმარე იყო მანქანა, მაგრამ, როდესაც ბიჭი სკოლაში იყო წასაყვანი, მაგ დროს თიკას ეძინა. ამიტომ, ექვსი წლის ბავშვი იძულებული გახდა, მარტო ევლო სკოლაში. ახლა რომ ვფიქრობ, წარმოუდგენელი ამბავია. მაშინ ნუცუბიძის პლატოზე ვცხოვრობდით და ბავშვს ვავარჯიშებდი. ჩაჯდებოდა ავტობუსში, შემდეგ მეტროში და სკოლაში მიდიოდა. ბაზარში რომ წავიდოდი, თიკა თან მიმყავდა, მანქანაში ჩავკეტავდი, ვივაჭრებდი და ვბრუნდებოდი. თიკა იოლად გასაზრდელი ბავშვი იყო, პრობლემებს არ მიქმნიდა. როცა ოჯახში ტრაგედია მოხდა, როგორც უკვე გითხარით, სულ მოწყენილი იყო. მაგალითად, ვამჩნევდი, გალაკტიონის „მერის“ რომ ვუკითხავდი, ტირილს იწყებდა. ზედმეტად მგრძნობიარე იყო. მეგონა, მეჩვენებოდა, მაგრამ, გავიდა ერთი კვირა, ისევ წავუკითხე, ისევ ასლუკუნდა. მერე შევწყვიტე მისი კითხვა. არც იმისთვის მეცალა, რომ ბაღში მისი ამბები გამეკითხა. წელიწადი რომ გავიდა, სხვა ჯგუფში გადავიდა თიკა და მასწავლებელმა თქვა, ჩემთან როგორი მოწყენილი იყო და უცებ გაიხსნაო.

– თიკა თუ ასცდენია რამე ხიფათს?

– 9 წლის ხდებოდა, ცეკვიდან მიჰყავდა მასწავლებელს ბულგარეთში სხვა ბავშვებთან ერთად, როგორც კარგი მოსწავლე. სადაც მიდიოდა, ყველგან ყურადღებას იქცევდა თავისი ნიჭიერებით და შესაძლებლობებით. თანხა გადავიხადე, მაგრამ, გამახსენდა, რომ ცხრა წლის არის, მასაც ზღვაზე ვუშვებ უჩემოდ, წყალთან ახლოს და, ერთ საათში შევცვალე გადაწყვეტილება. ეს მომენტი სულაც არ უდარდია თიკას. გაუხარდა – რა კარგია, არ მივდივარო. თურმე, ქვეცნობიერად მასაც ეშინოდა.

ერთხელ, მასწავლებელმა თიკას სამი წიგნი ერთად ჩაარტყა თავში. სახლში რომ მოვიდა, მითხრა, ბიჭები ხმაურობდნენ, მე სულაც არ ვიყავი დამნაშავე და მასწავლებელმა თავში წიგნები ჩამარტყაო. რა თქმა უნდა, მივუვარდი იმ მასწავლებელს და ვუთხარი: კი მაგრამ, რა ცოდნა უნდა მისცეს მასწავლებელმა ბავშვს, თუ თავი დაუზიანა-მეთქი. მერე ის მასწავლებელი მოხსნეს.

– როდესაც 15-16 წლის გახდა, თუ ამჩნევდით, რომ ბიჭებისადმი ინტერესი გაუჩნდა?

– ძალიან გაუჩნდა ინტერესი ბიჭების მიმართ. რომ დარეკავდნენ, პასუხობდა. მეც ვაძლევდი საშუალებას, ესაუბრა. რა თქმა უნდა, როცა სახლში იყო, არაფრისაც არ მეშინოდა, თუმცა გარეთაც არ გადიოდა მარტო, ძირითადად მე დამყავდა, მე ვიყავი ჩემი შვილების პირადი მძღოლი. მათ არ უწევდათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. ახლაც ვამბობ: მანქანის მარკას არ დავეძებ, ოღონდ გადაადგილება შემეძლოს-მეთქი. იმ დღეს თიკასაც ვუთხარი: მანქანა რომ არ მყოლოდა, ალბათ, ვერ იქნებოდი ამდენ სფეროში გაცნობიერებული-მეთქი. ხშირად მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ: მართალია, თიკა მოიტაცესო? გავიხედავდი და – ბავშვი სახლში იყო. არ ვიცი, საიდან მოჰქონდათ ეს ჭორები. ალბათ, ის ბიჭები უგონებდნენ, რომლებსაც მოსწონდათ თიკა და ვერ ახერხებდნენ მასთან ურთიერთობას. ერთი ბიჭი ბუკიას ბაღში დახვდა და უთხრა, სადღაც გადავვარდები ან თავს დავიწვავ, თუ ჩემი არ გახდებიო. თიკას ვუთხარი – ნუ გეშინია, არაფერიც არ მოხდება-მეთქი. მისი თაყვანისმცემლები ფანჯარასთან სერენადებს მიმღეროდნენ. ერთი თანაკლასელი ბიჭი იყო, გვიყვარდა. მთხოვა, კინოში გამოუშვითო. თიკა და ეკა გაბიტაშვილი იყვნენ სახლში. კარგი, წადით-მეთქი. მე ქვემოთ ჩავედი რაღაცაზე. ესენი იპრანჭებიან, წასასვლელად ემზადებიან. მოვიდა მანქანა. აღმოჩნდა, რომ სხვა გამოაგზავნა – თვითონ მასწავლებელთან არის და მე მთხოვა, შენ გაუარე, გოგონები წამოიყვანე და მერე მეც ჩაგიჯდებიო. ვითომ, კინოში უნდა წასულიყვნენ. სადარბაზოში შევეფეთე – სად მიდიხართ-მეთქი, – ვკითხე თიკას. აი, ვანიკომ გამოგვიგზავნა თავისი მეგობარიო. აბა, ახლა გადმოდით მანქანიდან-მეთქი. მივუსწარი. არ ვიცი, იმ ბიჭს რა მიზნები ჰქონდა, მაგრამ, ფაქტია, რომ იტყუებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ არ ვცდებოდი. თიკას გაუკვირდა – როგორ მიხვდიო.

– ვიცი, რომ სიმღერასთან ერთად, ძალიან უნდოდა მოდელობა და ამაში ხელს უწყობდა კიდეც თავისი არაჩვეულებრივი გარეგნობა და სიმაღლე. რატომ არაფერი გამოუვიდა?

– როცა ამერიკაში წასვლის შანსი გაუჩნდა, მითხრა: საინტერესო შეთავაზება გვაქვს მე და ჩემს მეგობრებს, არის პიროვნება, რომელსაც უნდა, რომ სამი გოგონა ამერიკაში სამოდელო ბიზნესში „გაქაჩოსო“ (საუბარია თიკას ქმარზე, – ე.პ.). საელჩო გაიარეს, ვიზა გამოუგზავნეს და ყველაფერი კარგად იყო. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მამამისმა მხარი დაუჭირა – ჩემს შვილს ყველგან ვენდობიო. ორი-სამი თვე იყო იქ და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა. თიკამ ორი სააგენტოს მოწვევა ჩამოიტანა, მისმა მეგობარმა – ერთის. ვუთხარი, ყველაფერი წინ გელოდება, მოდი, ჯერ სკოლა დაამთავრე-მეთქი – აღარ გავუშვი და ეს მოწვევები დაგვრჩა. მაინცდამაინც არ გამძალიანებია, დამიჯერა.

– მგონი, მაშინ იპოვა თავისი რჩეული, რომელზეც თიკა არასდროს არსად ლაპარაკობს, არც მისი სურათები ჩანს სადმე, არც ერთად ჩნდებიან თავშეყრის ადგილებში. გვიამბეთ მათი შეხვედრისა და შეუღლების შესახებ.

– საერთოდ, ჩემს სიძეს არ სიამოვნებს, როცა მასზე ლაპარაკობენ ან სადმე ჩანს. სატელეფონო საუბრები ჰქონდათ, ერთმანეთი მოსწონდათ. ამერიკიდან რომ ჩამოდიოდა, სტუმრად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან. აქ გაიცნო. მე რომ გითხარით, თიკას შემოთავაზება ჰქონდა სხვადასხვა სააგენტოებიდან და სპონსორი მამაკაცი იყო ამ საქმეში-მეთქი, აი, მაშინ დაიწყო ეს ურთიერთობა. მას სულაც არ ეხებოდა, მაგრამ, როცა მოსკოვში წავედით, ჩამოვიდა. თიკამ ტელეფონში უთხრა, მოსკოვში მივდივართო, იმანაც უპასუხა, მეც მოსკოვში მაქვს საქმეო. ეჭვი გამიჩნდა, რანაირი დამთხვევაა, ნეტავი, მოსკოვში რატომ ჩამოვიდა-მეთქი. უკვე ორმხრივი სიმპათია იყო. რომ შევატყვე, წიგნისკენ ვეღარ არის, ამან მაფიქრებინა, იქნებ ასეც ჯობდეს-მეთქი. როგორ შეიძლება, დედამ არ შეამჩნიოს შვილს, რა ხდება მის ცხოვრებაში? ეს ხომ არ იყო პირველი შემთხვევა, პირველი თაყვანისმცემელი! ხომ იყო შემთხვევები, ჯერ რომ გიჟდებოდა და მერე უარზე იყო, ზოგს კი სულ არ იკარებდა. მერე იყო ძალიან ცუდი პროგნოზები მათი ცხოვრების შესახებ – როდემდე შეიძლება, ყოფილიყვნენ ერთად? ხალხს უყვარს სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური, მაგრამ, ყველაფერი რისკია ამ ცხოვრებაში, ისევე, როგორც გათხოვება. ხანდახან არის, როცა ასაკობრივ ბარიერს ვერ ხედავ, იმიტომ, რომ გიყვარს. უკვე ათი წელი გავიდა, რაც ერთად არიან. რატომ არ მქონდა, იცით, ასაკზე გართულება? დეიდაჩემი გათხოვილი იყო 17 წლით ასაკით უფროს ადამიანზე, რომელიც ძალიან მიყვარდა, კარგი ბიძა იყო. ხომ შეიძლება, ძალიან კარგი პიროვნება იყოს და ასაკზე არ იფიქრო?!

– ყველა ადამიანს უდგება ცხოვრებაში ფინანსურად რთული პერიოდები. ალბათ, არც თქვენ იყავით გამონაკლისი.

– რა თქმა უნდა, ყველგან არის ცხოვრებისეული აღმასვლა და დაღმასვლა. მამა მყავდა ფინანსურად ძლიერი, მაგრამ ამ ფინანსურმა სიძლიერემ ძალიან ავნო ჩემს ძმებს. ჩემს ერთ ძმას მამაჩემმა ოცდახუთი მანქანა გამოუცვალა. ბევრი ფული არ არის კარგი, თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ბავშვებს ჰქონოდათ ცოდნა. ადამიანს უნდა ჰქონდეს ის, რაც აუცილებელია. მე ყოველთვის მოზომილი მქონდა თანხა. ცხოვრებამ მოიტანა და, ჩვენც შედარებით გაგვიჭირდა, ჩემი ქმარი უმუშევარი დარჩა. ჩემს სამსახურშიც, ყველას აკანკალებდა, რომ შეამცირებდნენ. ჯერ ნახევარ განაკვეთზე გადავედი. ჩემი პრიორიტეტი იყო, ჩემს შვილებს ჰქონოდათ კარიერული წინსვლა და ჩემი თავი უკანა პლანზე გადავწიე. სამსახურს ადვილად შეველიე. თიკას ახალი გაჩენილი ჰყავდა შვილი და ვიფიქრე, ბავშვის გაზრდაში მივეხმარები-მეთქი, ამას მოჰყვებოდა მეორე, მესამე... და წამოვედი სამსახურიდან. პატარა ბიზნესი წამოვიწყე, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა – გავხსენი სილამაზის სალონი და მეორადი ტანსაცმლის მაღაზია. უშუქობის პერიოდი დაემთხვა, სალონს კი ელექტროენერგია სჭირდებოდა, ამისთვის ელექტროძრავი უნდა გამომეყენებინა, ამდენის საშუალება კი არ იყო. მოკლედ, მივხვდი, რომ კარგ დროს ვერ დავიწყე, თუმცა, ამ სალონმა მომცა ის, რომ ჩემი სამეგობრო შემოვიკრიბე – ნამდვილი სალონი იყო, სასიამოვნო გარემო, საჭორაო კუთხე. საერთოდ, იმ პერიოდს მორგებული ადამიანი ვარ, როცა მამაკაცი იყო მარჩენალი ძალა და ქალს ოჯახში ჰქონდა თავისი ფუნქციები. მეც ვმუშაობდი, მაგრამ მე არ ვიყავი ეკონომიკური ძალა, ჩვეულებრივი მეცნიერის ხელფასი მქონდა. დღესაც ვხუმრობ, რომ მე არ ვიცი ფულის შოვნა, მე ვიცი განკარგვა.


скачать dle 11.3