კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოთხი გადარეული წყალბურთელი, შუა რაგბის დროს დალეული ყანწი, ბიძინა კვერნაძის ბულიონის რეცეპტი და ვორონცოვზე ნაქეიფარი დოდო აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე და ჯემალ ღაღანიძე


არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაში მთავარ როლს ურთიერთობები ასრულებს. ნამდვილი მეგობრობა მათთვის წმიდათა წმიდაა და საყვარელი საძმაკაცოს გამო არც თავგანწირვაა მათთვის უცხო. კორკოტა, იგივე გიორგი კორკოტაშვილი მეგობრებისთვის საყვარელი ადამიანია. მათ გამო უკან არასდროს დაუხევია და დღესაც სიამოვნებით იხსენებს იმ წლებს, როცა ნაღდი თბილისელობა და ქალაქელობა მართლაც სავიზიტო ბარათი იყო.


ახალ წელს გზააბნეული დოდო აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე და ჯემალ ღაღანიძე

დოდო აბაშიძეს, ეროსი მანჯგალაძესა და ჯემალ ღაღანიძეს 31 დეკემბერს ვორონცოვზე მოუწიათ ქეიფი. კარგად შეუბერეს და საათს რომ დახედეს, ქეიფის ეშხში ისე შესულან, ახალ წლამდე, სულ რაღაც ნახევარი საათიღა იყო დარჩენილი. მოკლედ, გონს რომ მოვიდნენ, მიხვდნენ, სახლებში მისვლას ვეღარ ასწრებდნენ. არადა, ქუჩაში მაშინ ტაქსები ასე ხშირად არ დადიოდა. ახალ წელს ქუჩაში ხომ ვერ შეხვდებოდნენ? ეროსის უთქვამს, ბიჭებო, ბოლოს და ბოლოს თბილისია, ვინმეს მივუკაკუნოთ ფანჯარაზე, ავუხსნათ ჩვენი სიტუაცია, იქნებ სახლში შეგვიპატიჟონ და ახალი წელი სახლის ჭერქვეშ გაგვატარებინონო. მართლაც, ასე გადაუწყვეტიათ. ბელეტაჟიანი სახლის ფანჯარაზე მიუკაკუნებიათ. გამოუხედავს ვიღაც კაცს და თვალები შუბლზე ასვლია. წარმოიდგინეთ, სამი ბუმბერაზი მსახიობი დგას ფანჯარასთან ახალი წლის დადგომამდე, სულ რაღაც ათი წუთით ადრე და გეუბნებიან თუ შეიძლება, შენს ოჯახში შევხვდებით ახალ წელსო. ეს რომ უთქვამთ, დაბნეულობისგან იმ კაცს შოკი მიუღია და სიტყვა ვერ მოუბრუნებია. მიხვდნენ თურმე, ეროსი, დოდო და ჯემალი იმ კაცის დაბნეულობის მიზეზს და სიცილით უთქვამთ, ე ბიჭო, გააღე კარი თუ გვიშვებ, შენთან ერთად გვინდა, ამ ახალ წელს შევხვდეთ, რას დაიბენიო. ბოლოს აზრზე მოსულა ის უცხო კაცი და სიხარულით შეუპატიჟია მსახიობები სახლში სადღესასწაულო სუფრასთან. ჩვეულებრივმა თბილისურმა ოჯახმა თურმე იმ დღეს მოილხინა, ნუ იტყვით. მათთან ქეიფს, დამეთანხმებით, ბევრი ინატრებდა. დილამდე უქეიფიათ. მერე ამბობდა ის კაცი თურმე, ეს რა საჩუქარი გამომიგზავნა ღმერთმა ახალ წელს, ამას მოვიფიქრებდიო?!

ოცდაორლიტრიანი „შტოფი“ და ოთარ რამიშვილის ტუალეტში დამალული სასმელი

მე, ვახტანგ მესხი, გიგლა ჩიქოვანი და კიდევ რამდენიმე ჩვენი ძმაკაცი ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე ჩამოვდივართ. გავიხედეთ, ოთარ რამიშვილი თავისი სახლის სადარბაზოსთან დგას და შუა გაწევ-გამოწევაშია, ყველას სახლში ეპატიჟება, არადა, თავად არ სვამდა იმ პერიოდში. რომ დაგვინახა, გაუხარდა. გვკითხა, სად მიდიხართ ბიჭებო, რას აპირებთო. ჩვენ ვუპასუხეთ, არაფერს არ ვაპირებთ, რაღაც ატროვებულები ვართ და ჩვენ თვითონ არ ვიცით რა გვინდაო. ოთარს სახე გაებადრა, მაგარი პურმარილი მაქვს სახლში, ღვინოც მაქვს და გეპატიჟებით ჩემთანო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა? კარგი პურმარილი, კარგი სასმელი, კარგი სიმღერა, გარეთ სიცივე და სახლში სითბო. მახსოვს, გარეთ თოვდა. ოთარი არ სვამდა, სამაგიეროდ, გიტარას უკრავდა და საოცარ ისტორიებს გვიყვებოდა. შევამჩნიეთ, რომ ხშირად გადიოდა ოთახიდან. ცოლმა ჰკითხა, რა არის, ოთარ, რა ხშირად ტოვებ სუფრას, რა გჭირსო. მანაც უპასუხა, ტუალეტში მინდება ხშირ-ხშირად, გავცივდი და ცისტიტი მაქვსო. ჩვენც დავიჯერეთ. სინამდვილეში, თურმე ოთარს, დამალული აქვს იქ სასმელი, გადის და ჩუმ-ჩუმად წრუპავს. არადა, ნელ-ნელა ქეიფის ეშხში რომ შედიოდა და სიმღერას უმატა, კი გაგვიკვირდა, მაგრამ აბა, რას წარმოვიდგენდით? გაგვითავდა სუფრასთან ღვინო. მე ვუთხარი, სახლში წამალივით ღვინო მაქვს, წავალ და მალევე დავბრუნდები-მეთქი. გამოვედი. სად არის ტაქსი? დავადექი ქუჩას ფეხით. იმხელა თოვლი მოვიდა, რომ გზაშიც არ დამეწია მანქანა. შანიძის ქუჩამდე ასე ვიარე. სახლიდან გამოვიტანე ოცდაორლიტრიანი ჭურჭლით ღვინო. ისეთი მძიმე იყო, ოთარისთან სახლში ნამდვილად ვეღარ ავიტანდი ფეხით. მეუღლემ მითხრა, აგერ ციგა მაქვს და იქნებ ამით აიტანოო. დავდგი ეს ჩემი ღვინო იმ ციგაზე და ცურვა-ცურვით ავიტანე ეს ღვინო. ნახევარი ვაკე და ვერა მომდევდა, მიხვდნენ, მაგარი ქეიფისთვის იყო განკუთვნილი ეს სასმელი. მივედი როგორც იქნა, ოთარის სახლამდე და თან იმ ღვინოს ოთხი-ხუთი დაუპატიჟებელი სტუმარიც მივაყოლე. წარბიც არ შეუხრია მასპინძელს. ის ღამე სიმღერებით და საოცარი ამბების მოყოლაში გავათენეთ. ეს ერთ-ერთი თბილისური, ამბავია, რომელიც ჩემს მეხსიერებაში არასდროს წაიშლება და რომელსაც ყოველთვის ღიმილით და სიამაყით ვიხსენებ. აი, ასეთი სტუმარმასპინძლობა ვიცოდით ჩვენს ქალაქში.

გოგონას მოსახიბლავად წასული საძმაკაცო, გახარებული „რესტორანა“ და ბიძინა კვერნაძის „პახმელია“

ერთ ჩვენს ძმაკაცს გოგო მოსწონდა. მოსეშვილის ქუჩაზე ოთხი ნასვამი კაცი მივედით. ის გოგო მესამე სართულზე ცხოვრობდა. დავდექით სახლთან, სანთებელები ავანთეთ და დავიწყეთ მუხამბაზის მღერა: „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ, თვალს ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ“... ეშხში ვართ შესული. გვიანია. იმ გოგოს ფანჯარაში სინათლე არა და არ ინთება. არადა, ვხედავთ ფარდის უკან ამოფარებულია და გვისმენს. დავამთავრეთ სიმღერა და დავიწყეთ: გამოდი, გამოდი... ჩამოდი, ჩამოდი... იმ კორპუსში ცხოვრობდა ჩვენი ძმაკაცი „რესტორანა“, გავიხედეთ და არ ჩამოვიდა? თან ოცლიტრიანს მოათრევს. ვკითხეთ, სად მიდიხარო. გაუკვირდა, კაცო, მე არ მეძახდით ჩამოდი, ჩამოდიო, ჰოდა, მეც ჩამოვედიო. იქვე, თბილისურად, მანქანის „კაპოტზე“ გაიშალა პურმარილი, ჩამოვასხით ღვინო და დავილოცეთ. კარგა ხნის შემდეგ, გაგვახსენდა გოგონასთან რომ ვიყავით მოსული. ისევ მივტრიალდით კორპუსისკენ და კვლავ დავიწყეთ: ჩამოდი, ჩამოდი... ამ ჩვენმა მეგობარმა „რესტორანამ“ დაახურა თავზე თავის სასმელს და წასვლა დააპირა. გაგვიკვირდა, ვეცით ხელებში, სად მიგაქვს ეგ სასმელიო. გვითხრა, ახლა მაგ ძახილზე, მთელი კორპუსი აქ ჩამოვა და დროზე გავასწრებ აქედან ჩემი სასმელიანად, თანაც მე მეტი აღარ მინდაო. მოკლედ, იქიდან გამოვბრუნდით და ავედით კვერნაძეებში. გოგიმ მოგვიყვა ასეთი ისტორია: თურმე დილით ბიძინა კვერნაძე ჩავიდა ეზოში „პახმელიაზე“. დამწუხრებული მეზობელი შეხვედრია წინ. უკითხავს ბიძინას, რა მოგივიდა, ასე შეწუხებული რატომ ხარო. იმ კაცს უთქვამს, კატა რომ მყავს, ის გამიხდა ძალიან ცუდად და რა გავუკეთო აღარ ვიცი, ხომ ვერ მირჩევთ რამესო. ბიძინა „პახმელიაზე“ იყო და იმ კატის დარდი ჰქონდა? უთქვამს, რა გაუკეთო და, თაგვის ბულიონი მოუხარშე და მიართვი, აუცილებლად უშველისო.

ძველი კოსტიუმით გადარჩენილი უსაბუთო მძღოლი

ერთი თბილისელი ბიჭი, მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა ქუჩაში მანქანით. ბედზე, ერთი და იგივე ინსპექტორი აჩერებდა, ისიც მოთაფლავდა და უძვრებოდა ხელიდან. ერთხელაც, ცუდი დღე გაუთენდა, სხვა ინსპექტორმა გააჩერა. გადმოვიდა მანქანიდან. ინსპექტორმა მკაცრი სახით უთხრა, წარმოადგინეთ საბუთებიო. შეწუხდა კაცი, რა ქნას? დაიწყო კოსტიუმზე ხელების ფათური, ვითომ სახლში დამრჩას იმიტაციას აკეთებს. ბოლოს ამოღერღა, მაპატიეთ ბატონო, ძველი კოსტიუმის ჯიბეში დამრჩენია საბუთებიო. ინსპექტორმა შეხედა თურმე და უთხრა, შე უბედურო, ამაზე ძველი კოსტიუმიც თუ გაქვს, წაეთრიე აქედან, შე უბედურო, გაიარე, გაიარეო.

მორაგბის სამადლობელი და შუა მოედანზე გამოცლილი ყანწი

რაგბიში ვეთამაშებოდით ქუთაისის ბიჭებს. საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებისთვის ვიბრძოდით. უბრალოდ, სპარინგი გაიმართა. გახურებულ თამაშში ვართ, ერთმანეთს არ ვინდობთ, გულშემატკივარიც ბობოქრობს. უცებ, ქუთაისლების ერთ-ერთი გულშემატკივარი წამოხტა ფეხზე, ხელში დიდი ყანწი უჭირავს და შესძახა, ხალხო მისმინეთო. ხალხი მისკენ შეტრიალდა. დაიწყო, ამ ყანწით მინდა, გოგლა შავთელიშვილის სადღეგრძელო შევსვა, გოგლიკ გაგიმარჯოს, შენს ფეხს და მარჯვენას გაუმარჯოს, შენს კაცობას და მეობასო. მოიყუდა ყანწი და დალია. გაავსო ისევ ღვინით, გადააწოდა იქვე მჯდომებს, დალიეს მათაც. ისევ გაავსო ყანწი პირამდე და გოგლას დაუძახა, მოდი სამადლობელი დალიეო. მოთამაშემ, მოუბოდიშა, ბიჭებო, ხომ ხედავთ, ვთამაშობ და ვერ დავლევო. გადაირია ის კაცი, ახლა არ შემშალო ჭკუიდან, სამადლობელი არ უნდა შესვა, ბიჭო, ეს როგორი წესიაო. რაღას იზამდა გოგლიკა, მივიდა შესვა ყანწი ბოლომდე, ისევ დაბრუნდა მოედანზე და თამაში გააგრძელა. საქმე ის არის, ეს თამაში წავაგეთ. მოწინააღმდეგეებმა კი იქვე გააგრძელეს სმა, შორს წასვლა აღარ მოუწიათ.

მტკვარში მოცურავე სამი წყალბურთელი და ფეხსაცმელების დამტარებელი ტაქსისტი

ოთხი წყალბურთელი ძმაკაცი რესტორნიდან გამოვიდა. ძველ თბილისში რესტორანი „ნადკუროი“ განთქმული იყო. მოკლედ, იქ მაგრად დათვრნენ ძმაკაცები და გამოვიდნენ. თებერვალია. მტკვარს მოაქვს დამდნარი თოვლი, ხე, ბუჩქი... ერთმა თქვა, ვინც არ გადახტეს ახლა ამ წყალშიო. სხვები ხომ არ ჩამორჩებოდნენ და დაეთანხმნენ, მოდიო. ტანსაცმლიანებმა ისკუპეს წყალში. ერთი გადახტა, მეორე მიჰყვა, მესამე მიჰყვა, მეოთხე დგას. ფიქრობს, გადავხტე, არ გადავხტე. თან წყალი ცივია, დახრჩობის დიდი საფრთხეა. ბიჭები წყლიდან უქნევენ ხელ-ფეხს, გადმოხტიო უყვირიან. ამ ტიპმა მიაძახა, ბიჭებო „ინსპექტორები“ მაქვს ახალი ნაყიდი, სამასი მანეთი მივეცი, დღეს პირველად მაცვია და როგორ გავიმეტო ამხელა ფასიანი ფეხსაცმელიო. ისინი გადაირივნენ, დაგინებულია ბიჭო, არ შეიწერო, რა გჭირს, ვაჟკაცი არ ხარო. ერთი სიტყვით, ნამუსზე შეაგდეს. ამ ტიპმა იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გააჩერა ტაქსი. გაიხადა ფეხსაცმელები, ჩაუწყო ტაქსის მძღოლს მანქანაში, ფული გაუწოდა და უთხრა: აჰა, ძმაო, ფული და ეს ფეხსაცმელები სიონის ეკლესიასთან პატარა ბარი რომ არის, იქ მომიტანე, მე ცურვით დაგეწევიო. მძღოლი გამოშტერდა. სანამ ის აზრზე მოვიდა, ამან ისკუპა წყალში. ფეხსაცმელები კულტურულად ტაქსით გაუშვა, თვითონ კი გაყინულ, ბინძურ მტკვარში გადახტა და მოუსვა. ტაქსისტმა მიასწრო დათქმულ ადგილას მოცურავეებს. გააჩერა ტაქსი, გადავიდა, ხელში ფეხსაცმელები უჭირავს. მივიდა ბართან და ბარმენს უთხრა, თუ ძმა ხარ, ოთხი პატარა სირჩა არაყი ჩამოასხიო. ბარმენი გაშტერდა თურმე, ერთი კაცია, ოთხი ჭიქა რად უნდა, ან ფეხსაცმლის ხელში დაჭერა და ასე სიარული რა „პონტიაო“. უკითხავს, ხომ არ „მაღადავებ“, რა ოთხი ჭიქა დაგისხა თუ ძმა ხარ, თან მანქანით ხარო. ტაქსისტს ჩაუცინია, მე არ მინდა ძმაო, ახლა მტკვრიდან ოთხი ბიჭი ამოვა და მათ უნდა დავახვედროო. სულ შეშლილა ბარმენი. არ გასულა ცოტა ხანი და ის ოთხი გაწუწული ძმაკაციც მოსულა. ის არაყიც უხუხიათ და ფეხსაცმელებიც საღ-სალამათი რომ დახვდათ, მადლობა გადაუხდიათ მძღოლისთვის. კარგა ხანი საუბრობდნენ თბილისში ამ ამბავზე. ეს რა უქნიათ ოთხ ნაგიჟარს, ამ თებერვალში, როგორ გაბედეს ადიდებულ მტკვარში, თანაც, ნასვამებმა შესვლა და ბანაობაო.


скачать dle 11.3