კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის მიდამოში და როგორ დავეხმაროთ ავადმყოფ ადამიანს

ტკივილი გულმკერდის არეში მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო კი ოცდამეერთე საუკუნის განუყოფელი – გულ-სისხლძარღვთა პრობლემებია. ურიგო არ იქნება თუ განვიხილავთ მათგან ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებს და მომზადებული შევხვდებით პრობლემას.

სტენოკარდიული შეტევა

სტენოკარდიული შეტევის მკურნალობისათვის აუცილებელი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ტკივილის კუპირება. ამ შემთხვევაში განვითარებული ტკივილი „მომჭერი“ ტიპისაა და აღინიშნება მკერდის ძვლის უკან. ტკივილი შეიძლება განვითარდეს ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაში და გრძელდება რამდენიმე წუთის განმავლობაში. ჩვეულებრივ, ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ, თვითშეგრძნება უბრუნდება ნორმას, ამიტომ შეტევის მოხსნის მიზნით რეკომენდებულია ნიტროგლიცერინის 0,5-გრამიანი აბების ან 2-3 წვეთი 1-პროცენტიანი სპირტხსნარის მიღება. პრეპარატი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გვერდის ავლით, უნდა შეიწოვოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მიერ, ამიტომ ტაბლეტი ენის ქვეშ უნდა ამოვიდოთ. ნიტროგლიცერინი იწვევს სხეულის ზედა ნახევრისა და კორონალური სისხლძარღვების გაფართოებას. ნიტროგლიცერინის გამოყენება ეფექტურად ჩაითვლება, თუ ტკივილი წყდება პრეპარატის მიღებიდან 2-3 წუთის შემდეგ. ტკივილის შენარჩუნების შემთხვევაში, ნებადართულია პრეპარატის განმეორებით მიღება. ავადმყოფი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ ზოგჯერ ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ აღინიშნება თავის ტკივილი. არტერიების რეფლექსურ გაფართოებას ეფექტურად იწვევს ვალიდოლი, რომელიც ასევე პირის ღრუს ლორწოვანიდან შეიწოვება და მიიღება 3-5 წვეთის ან ტაბლეტების სახით. ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ასევე იძლევა ანალგინის 50-პროცენტიანი ხსნარის 2 მილილიტრი. მისი გამოყენება ხელსაყრელია მაშინ, თუ გვსურს შევამციროთ სხვა ნარკოტიკული ანალგეტიკების დოზა, რადგან ანალგინი აძლიერებს მათ ეფექტს.

გულის ნევროზი

გულის ნევროზი საკმაოდ გავრცელებული, მაგრამ ნაკლებად სახიფათო პათოლოგიაა. მისი მკურნალობა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე გულთან დაკავშირებული სხვა დარღვევების. მიუხედავად იმისა, რომ გულის ნერვოზის დროს მტკივნეული შეგრძნება ისეთივეა, როგორიც სტენოკარდიისას, მათ შორის მაინც არსებითი განსხვავებაა. ამიტომ, მკურნალობის სტრატეგიის შემუშავებისა და ნაკლები ნერვიულობის მიზნით, უნდა შეგვეძლოს დიფერენცირება. ნევროზის დროს განვითარებული ტკივილი უფრო ზოგადია და შეგრძნების აღწერა გაძნელებული. ავადმყოფი გაუგებრად და არაეთგვაროვნად ახასიათებს შეგრძნებას. ყველაზე ხშირად აღინიშნება „მჩხვლეტავი“ და „მსერავი“ ტკივილი, რომელიც იწყება გულის მწვერვალის მიდამოში, ამასთან მისი აღმოცენება ფიზიკურ დატვირთვას არ უკავშირდება. ტკივილი შეიძლება საათებისა და დღეების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს, ინარჩუნებს მონოტონურ ხასიათს და არ ახდენს ზეგავლენას ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე. ნიტროგლიცერინი ან ვალიდოლი მსგავს შემთხვევებში ძლიერ ეფექტს ვერ ახდენს, რადგან ტკივილი მხოლოდ 20-30 წუთის შემდეგ ქრება.

მიოკარდიუმის ინფარქტი

მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის კუნთის გარკვეული მონაკვეთის იშემიური ნეკროზია, რომელიც ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა თანაფარდობა გულის მუშაობისათვის საჭირო რაოდენობის ჟანგბადის მოთხოვნასა და კორონალური სისხლძარღვების მიერ მიტანილი სისხლის მოცულობას შორის. ნიტროგლიცერინი შეტევის დროს, პრაქტიკულად, ვერ ასუსტებს ტკივილის შეგრძნებას და გვაძლევს მოკლედროიან ეფექტს. ამით ჩვენ ვიგებთ დროს, რომლის განმავლობაშიც შესაძლოა საბედისწერო მდგომარეობამდე მივსულიყავით. საბოლოო ჯამში კი, აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება და ექიმის ჩარევა, რომელიც შესაბამისი მედიკამენტებისა და პროცედურების საშუალებით მოხსნის შეტევას. ტკივილის პერიოდში ავადმყოფი ფერმკრთალდება, პულსი სუსტია და ხშირი, არტერიული წნევა მკვეთრად იკლებს. ეს ყველაზე სახიფათო პერიოდია ავადმყოფობისას და მოითხოვს სასწრაფო ჰოსპიტალიზებას. შესაბამისი სიმპტომებია გულმკერდის არეში ტკივლი, თანმხლები სისუსტე, ცივი ოფლი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, თავბრუსხვევა და მცირე დროით გონების პერიოდული დაკარგვა. მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვის ყველა შემთხვევაში, პაციენტი თავსდება სტაციონარში, სადაც მას გულდასმით გამოიკვლევენ, დააკვირდებიან და ხშირ შემთხვევაში – მოარჩენენ.

ზოგიერთ პაციენტში, მიოკარდიუმის ინფარქტი მოულოდნელად იჩენს თავს, ადამიანი თითქოსდა სრულიად ჯანმრთელი იყო ამ მომენტამდე. სინამდვილეში, ასეთი ,,ჯანმრთელი” ადამიანების გამოკვლევისას, სხვადასხვა სიმპტომები მეტყველებს გულის, სისხლძარღვების ათეროსკლეროზზე ან დიდი ხნით ადრე განვითარებულ ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფარქტის დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთულდება, ამიტომ საჭირო ხდება ელექტროკარდიოგრაფია, სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა და სხვა დამხმარე სადიაგნოსტიკო მეთოდები. პროფილაქტიკისთვის, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი – ჯანსაღი საკვები, მავნე ჩვევების უარყოფა, ჰიპოდინამიასთან ბრძოლა. რისკ-ჯგუფში მოხვედრილი პაციენტებისათვის, აუცილებელია, შესაბამისი დიეტა ცხიმის მაქსიმალურად მცირე რაოდენობის მიღებისათვის, ალკოჰოლის შეზღუდვა, თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა. უნდა იქნეს მიღწეული სხეულის მასის შემცირება, ასევე აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და სტრესისაგან თავის არიდება. თანამედროვე ცხოვრების ტემპებისა და მისი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა მოძებნოთ ემოციური დაძაბულობიდან გამოსვლის გზები.

გადაუდებელი დახმარება

ტკივილის აღმოცენებისას, ავადმყოფმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა, უნდა ეცადოს ჩამოჯდეს ან დაწვეს. შეიხსნას ღილები, ელვაშესაკრავი და ქამარი. ამ დროს სუნთქვა უნდა იყოს რიტმული და ღრმა, რადგან მთელ ორგანიზმს არასაკმარისი რაოდენობით სისხლი მიეწოდება და მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ჟანგბადით გაჯერებული. გადაუდებელი დახმარება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, უპირველესად, ტკივილის მოხსნის აუცილებლობაა, რათა თავიდან ავირიდოთ კარდიოგენური შოკის განვითარება. მაგრამ, საჭიროა სიფრთხილე ტკივილგამაყუჩებლების მოხმარებისას, ამით თავიდან ავიცილებთ პრეპარატების გვერდით ეფექტებს. როდესაც წნევის გაზომვისას, არტერიული წნევის დონე ვერცხლისწყლის სვეტის 90 მილიმეტრზეა, საჭიროა ნიტროგლიცერინის 0,5-გრამიანი ტაბლეტის ენის ქვეშ ამოდება. ან თუ ნიტროგლიცერინი არ მოგვეპოვება, იგივე პროცედურისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ვალიდოლის ტაბლეტი, შაქრის ნატეხზე 30 წვეთი ვალოკორდინი ან კორვალოლი. თუ ამის შემდგომ ტკივილი 5 წუთის განმავლობაში შენარჩუნდა, მეორე ტაბლეტი ნიტროგლიცერინიც უნდა მივიღოთ. უპირველესად კი სასწრაფოს გამოძახებაზე უნდა ვიზრუნოთ. ავადმყოფის გარშემომყოფებმა, მარტო არ უნდა დატოვონ გულის არეში ტკივილების მქონე პირი. უნდა უზრუნველვყოთ ავადმყოფის სუფთა ჰაერით მომარაგება. ექიმის მოლოდინში, უნდა მოვახერხოთ, რომ ავადმყოფი წოლით მდგომარეობაში გაუნძრევლად იყოს. გულის დახურული მასაჟი მხოლოდ მას შემდეგ უნდა ჩატარდეს, როდესაც დავრწმუნდებით გულის გაჩერებაში. კომპლექსურად უნდა ვახორციელოთ ხელოვნური სუნთქვაც. არსებობს სიტუაციები, როდესაც ექიმთან დაკავშირება ვერ ხერხდება და სახლის პირობებში მედიკამენტების მოხმარების აუცილებლობა ჩნდება. ხშირ შემთხვევაში მიოკარდიუმის ინფარქტისას, გადაუდებელ დახმარებას იწყებენ 3 მილილიტრი ანალგინის 50-პროცენტიანი ხსნარისა და 1 მილილიტრი დიმედროლის 1-პროცენტიანი ხსნარის ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან ნარევის ინტრავენური შეყვანით.

გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მკურნალობა საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია, ამიტომ ადრეულ პერიოდშივე უნდა შევძლოთ პათოლოგიის აღმოჩენა, ამისათვის კი შესაბამისი ცოდნა და მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.



ერეკლე ასპანიძე


скачать dle 11.3