კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქცა გენა მამედოვის სავიზიტო ბარათად კლიპი „გიხაროდენ“ და რით გააოცა მან მარკუს მილერის ხმის რეჟისორი


კონცერტის მოსაწყობად მხოლოდ მომღერალი და ლამაზი დეკორაციები არ კმარა. შოუ ხმის რეჟისორის გარეშე, წარმოუდგენელია. ჩვენი რესპონდენტი სწორედ ამ პროფესიის ადამიანია. მას ყველა იცნობს, საკმარისია, მხოლოდ მისი სახელის წარმოთქმა. გენა მამედოვი წლების განმავლობაში ამ საქმეს ემსახურება. მართალია, ხმის რეჟისორები სხვებიც არიან, მაგრამ მის გარეშე თითქმის არც ერთი კონცერტი არ ტარდება საქართველოში. მას არა მხოლოდ ქართველი მომღერლების, არამედ ყველა იმ უცხოელი შემსრულებლის ხმა უკონტროლებია, ვინც კი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულა. ინტერვიუს არასდროს თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ის თავის სათქმელს პულტთან უკეთ ამბობს. სასიამოვნოა, ის, რომ მან გამონაკლისი დაუშვა და პირველი ინტერვიუ ჟურნალ „თბილისელებთან“ შედგა.


– მართალია ძალიან არ გიყვართ ჟურნალისტებთან საუბარი, მაგრამ სალაპარაკო მართლაც ბევრი გაქვთ. ხართ ის ადამიანი, ვის გარეშეც თითქმის შეუძლებელია კონცერტის მოწყობა. თუკი რამე სერიოზული პროექტია, იქ თქვენი ნახვა არავის უკვირს. თქვენი სახელი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. რამდენი წელია, რაც ამ საქმეს ემსახურებით?

– თითქმის ბავშვობიდან. სტაჟი ძალიან დიდი მაქვს. ჯერ სკოლის ანსამბლში ვუკრავდი, მერე პიონერთა სასახლეში დავდიოდი, საიდანაც ანსამბლ „მაისში“ გადავედი, რომლის ხელმძღვანელიც კაზარიანი იყო. იქიდან ოფიცერთა სასახლეში გადავინაცვლე, მერე ჯარში წავედი, ჩამოვედი. ისევ ოფიცერთა სახლს დავუბრუნდი, შემდეგ – ძერჟინსკის კლუბში და ასე შემდეგ. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ჩემი კარიერის შექმნაში ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის და ბევრი რამ მასწავლა გივი გაჩეჩილაძემ, რომელთანაც დაახლოებით, 12 წელი ვიმუშავე.

– რაზე უკრავდით?

– ბავშვობაში დრამზე ვუკრავდი. პიონერთა სასახლეში კი რადიომოყვარულთა ჯგუფში ჩავეწერე და მას შემდეგ უფრო ტექნიკური მხარით დავინტერესდი.

– საკმაოდ დიდი ხნის წინ, თქვენი სახელი მთელი საქართველოსთვის გახდა ცნობილი. ბატონი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერაზე გადაღებული კლიპი „გიხაროდენ“ თქვენს ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ამ კლიპის შემდეგ მუსიკალური სამყაროს გარდა, თქვენ რიგითმა მაყურებელმაც გაგიცნოთ. ეს სულ რაღაც ორი სიტყვის შედეგია: „გენა ფონოგრამა...“

– უპირველესად, ბატონ ჯემალ სეფიაშვილს უნდა ვუთხრა მადლობა, რადგან სწორედ ის ამბობს კლიპში – „გენა ფონოგრამა.“ ის ჯერ წავშალე, მაგრამ ბატონი ჯემალის დაჟინებული თხოვნით, ეს ფრაზა მაინც გაჟღერდა კლიპში. საერთოდ, პოპულისტი ადამიანი არ ვარ და ამიტომაც, არ მინდოდა, ასე რომ ყოფილიყო.

– საქართველოში ბევრი მომღერალი ამტკიცებს, თუ თავს იმართლებს, რომ აპარატურა არ ვარგა, რის გამოც კონცერტზე ცოცხლად ვერ იმღერებს. აპარატურა ვარგა თუ არა, ეს თქვენზე უკეთ არავინ იცის.

– დღეს მინუსზეც შეიძლება სიმღერა და ცოცხლად შესრულების დროსაც. ფაქტია, როცა უცხოელი მომღერლები ჩამოდიან, ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები იქნებიან ისინი თუ სხვები, ჩვენს აპარატურაზე მშვენივრად მღერიან. აპარატურა მაშინაც იგივე დგას, ისევე როგორც მიკროფონები. ხშირ შემთხვევაში, მე თვითონ ვზივარ პულტთან და ვმუშაობ მათთან. უკმაყოფილო არავინ რჩება. კონცერტის ბოლოს ყველა უცხოელი მომღერალი მადლობას მიხდის. აქედან გამომდინარე, ჩვენი აპარატურა იმის საშუალებას იძლევა, რომ მომღერალმა ცოცხლად იმღეროს.

– თქვენ ალბათ, ყველაზე კარგად იცით, კონცერტის დროს ვინ მღერის ცოცხლად და ვინ პლუს ფონოგრამაზე.

– ოოო... (იცინის). ყველას შეუძლია, ცოცხლად იმღეროს, უბრალოდ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. მაყურებელს ვერ მოატყუებ, ყველა კარგად ხვდება, ვინ რა ფონოგრამაზე მღერის. ცოცხლად შესრულების შემთხვევაში ტექნიკურ მომზადებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

– კონცერტებზე, აპარატურასთან დაკავშირებით, ბევრი სახალისო ამბებიც ხდება, განსაკუთრებით გასვლით კონცერტებზე. ხშირია მომღერლების გადაძახილი ხმის რეჟისორთან, მინი დისკების არევის გამო, ეგ არა, მეორე და ასე შემდეგ.

– ხშირად მომღერლებსაც ერევათ, რომელ დისკზე რა აქვთ ჩაწერილი. ჩემი აზრით, როცა მომღერალი მაინც პლუსზე მღერის, და ამ დროს დისკზე რაიმე მიზეზის გამო სიმღერა შემეშალა, ჯობია პირი გააღოს და სიმღერა გააგრძელოს. სულ ერთი არ არის?

– როცა ღია კონცერტის დროს ამინდი არ გწყალობთ, მაშინ რა ხდება?

– ეს ძალიან ცუდია, რადგან ამას ძალიან ბევრი მინუსი აქვს. ჯერ ერთი, აპარატურა ფუჭდება. პრინციპში, ახლა შეიძლება, დახურული სცენის დადგმა. მომღერლები ამ შემთხვევაში კი, იქნებიან მშრალად, მაგრამ მაყურებელი მაინც სველდება.

– რომელ უცხოელ შემსრულებელთან გიმუშავიათ?

– ვინც საქართველოში ჩამოდის, თითქმის ყველა მომღერალთან მიმუშავია. ზოგი თავის ხმის რეჟისორთან ერთად ჩამოდის, ზოგთან კი მე ვმუშაობ. უცხოელები ძირითადად ორი პულტით მუშაობენ, ერთი მონიტორზე, მეორე დარბაზზე. თუ ერთი ხმის რეჟისორი ჩამოდის, ერთ პულტზე მე ვჯდები, მეორეზე – ის.

– პრინციპში ხმის რეჟისორი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა კონცერტზე, რადგან ხმის რეჟისორმა რომ მოინდომოს, მომღერალს „გააფუჭებს.“

– კი ასეა, მაგრამ მე ყველა ძალიან მიყვარს და ასეთ რამეს არც ერთს არ გავუკეთებ.

– როგორც ვიცი, საქართველოში ყველაზე მაღალი დონის აპარატურა თქვენ გაქვთ.

– არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიაშიც. ბაქოში ვიყავი, არაშის კონცერტზე ხმის რეჟისორად. მამედოვი ვარ, მაგრამ სომხეთშიც მქონდა კონცერტი. არანაირი პრობლემა არ მქონია.

– ხმის რეჟისორი ყველგან სჭირდებათ, კონფერენციებზე, სხდომებზე, მიტინგებზეც კი. თქვენ თუ ყოფილხართ მსგავს ადგილებში?

– კონფერენციებისთვის და სხდომებისთვის ჩემი აპარატურა დიდია, პოლიტიკაში კი მე არ ვერევი. ამიტომ, მხოლოდ კონცერტებზე ვმუშაობ.

– სახლშიც უსმენთ მუსიკას?

– არა. მუსიკა და სიმღერები კონცერტზეც მეყოფა. თუ დამიჯერებთ, სახლში საერთოდ არ მაქვს არც სიდი ფლეერი, არც მაგნიტოფონი და არც რადიო.

– მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ჩოხატაურში, წვიმაში გამართული კონცერტი. ხმის რეჟისორი მაშინაც თქვენ იყავით. კონცერტზე წვიმის გამო ბევრი კურიოზი მოხდა. საკმაოდ ცნობილი მომღერლები სცენაზე ხტუნვა-ხტუნვით მღეროდნენ. წვიმის გამო დენი მიკროფონებზე გადადიოდა. არც თქვენ იყავით მაინცდამაინც დაცული, დენი პულტზეც გადადიოდა. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება?

– ჰო, ეს კონცერტი მეც გამახსენდა. წვიმის დროს პულტთან ძირითადად რეზინის ხელთათმანებით ვმუშაობთ. დენის დარტყმასთან დაკავშირებით ერთი კურიოზი გამახსენდა. საბჭოთა კავშირის დროს მოხდა ეს ამბავი. მაშინ პირველად გავედი უცხოეთში. ჩვენთან სამფაზიანი სისტემაა, ანუ ნულიც არის და დამიწებაც. ჩეხოსლოვაკიაში ჩვეულებრივი საბჭოთა სისტემის აპარატურით წავედით. ყველაფერი რომ შევაერთე, იმ კაბელებში დამიწება არ არსებობდა. მომღერალი სცენაზე გიტარით ხელში გამოვიდა. აკორდი აიღო, მიკროფონს ხელი მოჰკიდა და დენმა ისე ძლიერ დაარტყა, მოშორებით გადააგდო. გეტყვით, რომ ჩვენთან დამიწება დღემდე არ არის.

ახლახან მარკუს მილერს ფილარმონიაში რომ ჰქონდა კონცერტი, ხმის რეჟისორმა დამიწება მომთხოვა. რომ ავუხსენი, ნული და დამიწება ერთია-მეთქი, არ დამიჯერა.

გორში გვქონდა კონცერტი ღია ცის ქვეშ. წვიმდა. სიმფონიურ ორკესტრს უნდა დაეკრა. წვიმის გამო სკამებიც დასველდა, ვიოლინოებიც და სხვა დანარჩენი ინსტრუმენტიც, მათ შორის, პულტიც. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ კონცერტზე 20 არხიდან მხოლოდ 3 მუშაობდა.

– ჯაზ-ფესტივალზე თქვენ მუშაობთ, ისევე როგორც სხვა ჩამოსულ უცხოელ მომღერალთან. ქართველი პოპმომღერლების კონცერტების გარდა, კიდევ ვისთან მუშაობთ?

– პაატა ბურჭულაძის „იავნანას“ ყველა ღონისძიება ჩემი გახმოვანებულია, ასევე, „ვარსკვლავების აკადემია,“ „ჯეოსტარი“... ახლა „ანა-ბანა“ იწყება.

– „ნიჭიერს“ რაც შეეხება?

– კი, იქაც მე ვარ. „ნიჭიერში“ დავყრუვდი. მართალია, სიმღერა ყველას უნდა, მაგრამ სცენა სუფრა არ არის.


скачать dle 11.3