კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

როგორ უცხელებდნენ თავის მოსავლელად ბრძოლის დროს თანამებრძოლები მათარით წყალს დოდო გუგეშაშვილს


მიუხედავად იმისა, რომ მხედრიონელს, აფხაზეთის ომის ვეტერანსა და პოლკოვნიკს დოდო გუგეშაშვილს, ძალიან ბევრი რამის გადატანა მოუხდა, ის დღესაც მშვენივრად გამოიყურება და კარგ ფორმაშია.


დოდო გუგეშაშვილი: ძალიან ძნელია, სათანადოდ იზრუნო საკუთარ თავზე, როდესაც ბრძოლის წინა ხაზზე დგახარ, მაგრამ, როცა ქართველი ქალი ხარ, ამასაც ახერხებ. მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩემთვის ბიჭებს მათარით გაუთბიათ წყალი, რომ თმა წესრიგში მომეყვანა. ტანზე, სხვა აუცილებელ ატრიბუტებთან ერთად, შემორტყმული მქონდა კოსმეტიკური საშუალებები და საბრძოლო აღჭურვილობასთან ერთად მას სულ თან დავატარებდი. რაც უფრო რთულ სიტუაციაში ვიმყოფებოდი, საკუთარ თავსაც ვამშვიდებდი და ჩემ გარშემო მყოფნიც მშვიდდებოდნენ იმით, რომ ასეთ დროს შემეძლო ამომეღო კოსმეტიკა და გამეკეთებინა მაკიაჟი. ყოველთვის ვატარებდი და ბრძოლის წინა ხაზზე ყოველთვის მეკეთა კლიფსები, რომელიც აუცილებლად თეთრი ფერის უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ფერი ძალიან კარგი სამიზნეა, ძირითადად ასეთი ფერის პერანგი მეცვა. არ ვივიწყებდი და არ მავიწყებდნენ ბიჭები, რომ ქალი ვიყავი. მქონია შემთხვევა, ყუმბარისგან დასისხლიანებული ფეხებიდან სისხლი მდიოდა, მაგრამ თვალები მაინც დახატული მქონდა. ომში ჩემი მოწესრიგებული გარეგნობის გამო ბიჭებმა „თეთრი მაგნოლია“ დამარქვეს. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ შინაგანად რაც უფრო მეტად ვარ ტკივილით სავსე, მით უფრო მეტად ვცდილობ, ეს ჩემს გარეგნობაზე არ აისახოს. ქალი ყოველთვის და ყველგან ტკივილით არის გაჯერებული, მაგრამ მან უნდა მოახერხოს, რომ საკუთარი გარეგნობა და ხასიათი შეინარჩუნოს. პატიმრობის დროს, ლაშა თაბუკაშვილმა, გოგა ხაინდრავამ და დათო ტურაშვილმა შემომითვალეს, რა შემოგიგზავნოთ, რა გესიამოვნებაო. ლაშა თაბუკაშვილს ვთხოვე ბურთულებიანი რუჟი, გოგა ხაინდრავას – თვალის შავი, კარგი კონტური, ხოლო დათო ტურაშვილს შევუთვალე, ღია ყავისფერი პომადა შემოეგზავნა. გოგა ხაინდრავამ შემომიგზავნა დიდი, ბომბორა, სათამაშო ძაღლი, რომელსაც ყურებზე ეკეთა თეთრი კლიფსები, ლაშა თაბუკაშვილმა გამომიგზავნა დიდფუნჯიანი, ბურთულებიანი რუჟი, ხოლო დათო ტურაშვილმა – ყვავილების თაიგული, რომლის შუაშიც იდო ყავისფერი პომადა.

– ახლა როგორ უვლით თავს?

– სამწუხაროდ, არ მაქვს იმის საშუალება, რომ ვიარო მასაჟისტთან, გავიკეთო სხვადასხვა პროცედურა, შესაბამისად, თავს ხან როგორ ვუვლი, ხან – როგორ. ჩემი ხერხებით, საშუალებებით ვცდილობ, მოვუარო კანს, ეს არის მკვებავი კრემები მშრალი კანისთვის. გამოგიტყდებით, რომ ვერ ვახერხებ ძვირად ღირებული კოსმეტიკის ყიდვას, მაგრამ, როდესაც ვიყიდი კრემს, ორ დღეში ვხვდები, უხდება თუ არა ჩემი სახის კანს და შემდეგ უკვე ვიწყებ მის ხმარებას. ასევე, ვიკეთებ ხილის ნიღბებს. ადრე ჩემი სტილისტი იყო დათო წიკლაური. როდესაც ჭრილობების გამო საავადმყოფოში ვიწექი, მას შევუთვალე, რომ ჩემთვის თმა მოეწესრიგებინა. დალეწილი, დამტვრეული ვიწექი საავადმყოფოში, ფეხზე უზარმაზარი გირები მეკიდა, ოპერაციისთვის ვიყავი გამზადებული, მაგრამ, მოვიდა დათო და დამიმუშავა თმა, შემჭრა და გამიკეთა ვარცხნილობა. შემდეგ, როდესაც დამაპატიმრეს, წლისა და ერთი თვის განმავლობაში შვილსაც კი არ აძლევდნენ ჩემი ნახვის უფლებას. დამავიწყდა ეს და დათოს შევუთვალე, მოდი და თმა მომიწესრიგე-მეთქი. პატიმრობისას ორი ოპერაცია გამიკეთეს და იმ პერიოდში „რეზბალნიცაში“ ვიწექი. მოვიდა დათო დიდი ჩანთით დოდო გუგეშაშვილთან მივდივარ, თმა უნდა შევჭრაო, თან თავიდან ბოლომდე იყო შეიარაღებული მაკრატლებით და ასე შემდეგ. დიდი ამბავი ატყდა, ვინ შემოუშვებდა! საპატიმროში იყვნენ გოგონები, რომლებიც ამ პროფესიას მშვენივრად ფლობდნენ და ისინი მიკეთებდნენ თმას. დათოს შემდეგ თმას მჭრიდა სტილისტი რამაზი, რომელიც სალონ „შარმში“ მუშაობდა და ახლა მოსკოვში იმყოფება. მის შემდეგ სტილისტის შერჩევა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, საბოლოოდ „დავფუძნდი“ დიღმის მასივში – იქ არის სალონი „პაპა“ და ჩემი სტილისტი გახდა ძალიან კარგი ქალბატონი, ნანა გველესიანი.

– როგორი სურნელის სუნამო გიყვართ?

– რაც მომხვდება ხელში, იმას არ ვხმარობ. თუ მეგობრები გამანებივრებენ და მაჩუქებენ „კრისტიან დიორს“, მაქსიმალურად ვცდილობ, დიდხანს ვიმყოფინო, თუმცა მას სხვა სუნამოთიც ჩავანაცვლებ ხოლმე. მას უნდა ჰქონდეს ყვავილის სურნელი და ტკბილი არ უნდა იყოს.

– ვარჯიშობთ?

– ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ არ ვვარჯიშობ, ადრე ძალიან გამხდარი ვიყავი და ბოლო დროს ცოტა მოვიმატე. შთაგონებით ვეგეტარიანელი ვარ, ცომეულს, მარილიან, ცხარე საჭმელს არ ვჭამ, კვების ჩემი რეჟიმი მაქვს, ალკოჰოლურ სასმელს არ ვსვამ, არც ვაგემოვნებ. ძალიან მიყვარს ჩაი, ყავა. ჩემი სისუსტეა შოკოლადი, ნამცხვრებს არ ვჭამ. ძირითადად უმი ბოსტნეულით ვიკვებები, ყველიც ჩემი სისუსტეა და, კიდევ, ვაშლზე მეკეტება ჭკუა. ასევე მიყვარს ანანასი, თუმცა იშვიათად მიხდება მისით პირის ჩატკბარუნება.

რჩევა: ყველა ქალი ტკივილით არის სავსე, ამიტომ მათ ვურჩევ, ყველაზე ურთულეს სიტუაციაშიც არ დაკარგონ ქალურობა, არ გაუხეშდნენ, რაც შემდგომ გარეგნობაშიც და სულიერებაშიც გამოიხატება.


скачать dle 11.3