კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-7(477)


ბედს ვებრძვი – ესე იგი, ცოცხალი ვარ; ესე იგი, კიდევ შემიძლია, მთელ ქვეყნიერებას ავუმხედრდე და ბრძოლაში გამოვიწვიო. ბრძოლაში, რომელშიც მონაწილეობაა მთავარი და არა გამარჯვება, რადგან, ბედს შეგუებული ყოველთვის დამარცხებულია. უმოქმედობაც მარცხისკენ გადადგმული ნაბიჯია. მთავარია, ვიბრძოლო... გულზე ხელები არ დავიკრიფო და არ ვთქვა, რომ დავნებდი...

***

ნიკუშა სადისტური მოთმინებით ელოდა პასუხს. თითქმის ნანობდა, რომ დედამისს საერთოდ დაუსვა ეს შეკითხვა. შინაგან დისკომფორტს გრძნობდა და ინტუიციურად ხვდებოდა, რომ ელენეს პასუხი მათ ურთიერთობას ახალ ფაზაში შეიყვანდა. თითქოს შორიდან ზვერავდნენ ერთმანეთს, აფასებდნენ საკუთარ ძალებსა და მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს. დედა-შვილი მტრად არ მოკიდებია ერთმანეთს, მაგრამ ორივე რაღაცას ელოდა. ნიკუშას მოლოდინი სხვანაირი იყო, უფრო ზომიერი, ელენე კი აშკარად შვილის მოთმინებას სცდიდა. ყოველ შემთხვევაში, ნიკუშა დარწმუნებული იყო ამაში. მისი გონებაც მთლიანად ამაზე ფიქრით იყო დაკავებული. თბილისი, მეგობრები – მირაჟივით დაილექა მის მეხსიერებაში. იაზეც აღარ ფიქრობდა. მისი ცხოვრება თითქოს ახალი, სუფთა ფურცლიდან იწყებოდა. ნიკუშა საკუთარ თავს არ უტყდებოდა, რომ ძალიან უნდოდა, სწორედ ასე მომხდარიყო. ლევანის ზარი მოულოდნელი და ცოტა უსიამოვნოც აღმოჩნდა მისთვის. ლევანს შეწუხებული ხმა ჰქონდა:

– მართალია, რაც გავიგე? იცი, თიკა უყურებდა ტელევიზორს და შემთხვევით მოვკარით თვალი. ადრე უნდა დამერეკა, მაგრამ, ხომ იცი ჩემი მოუცლელობის ამბავი! ალბათ, ძალიან ნერვიულობ. რომ შემეძლოს, ეგრევე გადმოვფრინდებოდი. ძალიან გჭირდები?

– ჰო, ლევან, გისმენ. სურათზე მეუბნები? რა ვიცი, რომ გითხრა, თავს ვიკლავ ნერვიულობით-მეთქი, მოგატყუებ. დაიკარგა – დაიკარგა! სულ დაკარგული არ იყო? ჩემი არც არასდროს ყოფილა.

– ბიჭო, რას ამბობ? დაგავიწყდა, ეგ ნახატი რა ღირს? დედაშენის და შენი რამ გაყო! გაგიჟდი? ეგ ხომ შენი შანსი იყო! ძალიან უცნაური ვინმე ხარ. აქ ყველა ვნერვიულობთ. შენ კი – ვითომ არაფერი?! ფული რომ გჭირდება, არ იცი?

– მე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს აქ და ფულზე ვეღარ ვიფიქრებ.

– მაგაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, ბიჭო, რას მელაპარაკები? არ მითხრა, რომ ფული არ გჭირდება, თორემ გავგიჟდები. იცი, რას ვიზამ? ბიჭებს დაველაპარაკები და რომელიმე ჩამოვალთ შენთან.

– არ მინდა-მეთქი. რომელი გამომძიებლები თქვენ ხართ. აქაური პოლიცია კარგად მუშაობს და, საერთოდაც, უკვე გითხარი, ამ საქმით ჟანია დაკავებული, ელენეს ქმარი.

ყურმილში სიჩუმე გამეფდა. ლევანი რაღაცას ფიქრობდა. ნიკუშა უკვე ტელეფონის გათიშვას აპირებდა, რომ გარკვევით გაიგონა მეგობრის სიტყვები:

– შენ აქაც გაქვს პატარა პრობლემა.

– რაა?!

– ჰო. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ, რა აზრი აქვს, მაინც გაიგებ.

– რა მოხდა? – ნიკუშას არ მოეწონა მეგობრის ტონი.

– მოკლედ, ნატუკა იყო ჩემთან... – ლევანმა სიტყვა გაწელა.

– ვინ?

– ვინ და – ნატა. ახლა არ მითხრა, არ მახსოვსო.

– როგორ არ მახსოვს, მაგის თქმას არც ვაპირებდი. შენთან იყო და მე მაქვს პრობლემა?

– ჰო, შენ გაქვს პრობლემა. გინდ დაიჯერე, გინდ ნუ დაიჯერებ, მაგრამ, ორსულად არის.

ნიკუშამ ხმამაღლა გაიცინა.

– რა გაცინებს, სერიოზულად გეუბნები! მე ასეთ თემებზე არ ვხუმრობ და არც შენ გაქვს სასაცილოდ საქმე, იმიტომ რომ, ნატუკა ბავშვის გაჩენას აპირებს.

ნიკუშამ მუშტი მომუჭა და გამეტებით მისცხო კედელს.

– გესმის, რა გითხარი? ვერაფრით ვერ დავარწმუნე, რომ ასეთი სისულელის გაკეთება არ ღირს – ვერ დავითანხმე. გეფიცები, არ მინდოდა, ეს ამბავი შენს ყურამდე მომეტანა, მით უმეტეს ახლა, როცა ისედაც გაქვს სანერვიულო...

– მოიცა, მოიცა! რას ნიშნავს – ვერ გადავათქმევინე? შენ რა, ნატუკას აბორტზე ელაპარაკებოდი? – ნიკუშა ჭარხალივით გაწითლდა.

– ჰო, აბა, რაზე უნდა მელაპარაკა? არ გადამრიო და არ მითხრა, რომ მაგ კახპასთან ბავშვი გინდა!

– ეგ შენი საქმე არ არის, ჩემი შვილის ბედს მე თვითონ გადავწყვეტ!

– საკითხავი ის არის, შენი შვილია თუ კიდევ ვიღაც სხვის, – გესლიანად ჩაურთო ლევანმა.

– არც ეგ არის შენი საქმე! – გაბრაზება დაეტყო ნიკუშას, – ჰო, არ არის შენი საქმე და როგორმე მე და ნატუკა შევთანხმდებით, რა გავაკეთოთ!

– რას ჰქვია, ჩემი საქმე არ არის! ნატუკა ვინ გაგაცნო, ხომ არ დაგავიწყდა? პასუხისმგებლობას ვერ გავექცევი.

– არავინ მოგთხოვს პასუხს, შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ.

ოთახში ელენე შემოვიდა. თვალის ერთი შევლებით მიხვდა, ნიკუშას დაძაბული საუბარი რომ ჰქონდა ვიღაცასთან. არაფერი უთქვამს, სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. ნიკუშამ დაინახა დედა, მაგრამ საუბარი, ჩვეულებრივად, იმავე ტონში გააგრძელა:

– მოკლედ, მიეცი ჩემი ტელეფონის ნომერი და მოვრჩეთ, მე გავცემ პასუხს!

ლევანი არ ელოდა ასეთ რეაქციას.

– კარგი. მაგრამ, იცოდე, მაგარ შარში ყოფ თავს. შენ მაგას არ იცნობ. დარწმუნებული ვარ, შენს ხარჯზე აპირებს სამომავლოდ ცხოვრებას.

– მაგას მე მივხედავ. დამშვიდდი. შენ არაფერს დაგაბრალებ.

– ნიკუშა, მომისმინე! რაღაც ძალიან უცნაურად ლაპარაკობ. მე შენი მეგობარი ვარ და გული შემტკივა შენზე. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. უნდა ვიცოდე, რას აპირებ. არ გაგიჟდე და ის კახპა ცოლად არ შეირთო! რომ მცოდნოდა, ეს ჰქონდა ჩაფიქრებული, სიახლოვეს არ გაგაკარებდი!

– ლევან, ხომ გითხარი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს-მეთქი? პატარა არ ვარ და, თუ რამეს გადავწყვეტ, ეს ჩემი არჩევანი იქნება და სხვა არავისი. მიეცი ჩენი ტელეფონის ნომერი, ან მე მომეცი მისი კოორდინატები და დავუკავშირდები!

– მომისმინე, არ დაკიდო! ნიკუშ, ძალიან არ მომწონს ეს ამბავი...

– არც მე, მაგრამ შენ ვერაფრით დამეხმარები. მეტსაც გეტყვი, გიკრძალავ ჩემს შვილზე ლაპარაკს!

ელენე შეკრთა და მის მზერაში გაოცება გაკრთა. ნიკუშამ ყურმილი დაკიდა და შემოტრიალდა.

– არაფერი მკითხო, ძალიან გთხოვ! – უთხრა ელენეს.

ქალმა ხელები გაშალა:

– შენი ნებაა, არაფერს გკითხავ, მარტო იმას გეტყვი, რომ ყოველთვის შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს, აბსოლუტურად ყველაფერში. ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაგიჭერ.

– ვიცი, მაგრამ, ჯერჯერობით მირჩევნია, ყველაფერი ასე დავტოვო.

ელენემ ოთახში გაიარ-გამოიარა. ბოლოს სძლია თავს და შვილს მიმართა:

– მე შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი.

– ჰო, გაქვს, მაგრამ, თუ ისევ არ ხარ მზად, კიდევ დავიცდი. თუმცა, გულახდილად გეტყვი, ჩემთვის ეს ადვილი არ არის.

– ვიცი.

– თუმცა, ცოტათი ეჭვიც გამიჩნდა.

– ეჭვი? რაზე?

– უამრავ რაღაცაზე ვფიქრობ, იქნებ, საერთოდ არ უნდა ჩამოვსულიყავი...

ელენემ შეშფოთებით შეხედა შვილს:

– ეს აღარ თქვა. აღარასოდეს არ თქვა. შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირებული. გიყურებ და ვხვდები, რომ აქამდე მხოლოდ ვცოცხლობდი. უბრალოდ, ვსუნთქავდი და სულ ეს იყო.

– მაშინ, მითხარი და მოვრჩეთ. ეს პასუხი ბევრ რამეს შეცვლის, დიდი ლოდი მომეხსნება გულიდან.

– საღამოს გეტყვი ყველაფერს. შენს ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს, მაგრამ მე დარწმუნებული უნდა ვიყო იმაში, რომ ჩემს თითოეულ სიტყვას ისე გაიგებ, როგორც საჭიროა და დამიჯერებ.

ნიკუშა შეიჭმუხნა:

– შევეცდები.

– ესე იგი, ვერ მპირდები, – ელენე ტკივილით და სევდით შესცქეროდა შვილს და ნიკუშამაც ვეღარ გაუძლო:

– კარგი, კარგი, გპირდები.

ქალმა თავი გადააქნია.

– არ მინდა, კიდევ დაგკარგო. ამას ვეღარ გავუძლებ. შვილი რომ გყავდეს, მაშინ...

ნიკუშამ ხელის აქნევით შეაწყვეტინა:

– არა, არა, შვილზე ნუ ვილაპარაკებთ, არ მინდა! ძალიან გთხოვ, ვიცი, შენ ახლა რაღაც გაიგონე, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებას არ გირჩევ. ლევანთან რაღაც ისეთზე ვლაპარაკობდი, რაც შენ არ გეხება. ჩვენს ურთიერთობას არ ეხება. არანაირად.

– ესე იგი, ეს ლევანი იყო, – ჩაილაპარაკა ელენემ.

– ჰო. ლევანმა დარეკა. ძალიან ნერვიულობს იმ ნახატის დაკარგვის გამო.

– მართლა? – ელენე დაიძაბა.

– მე ჩამოვალ, ან ბიჭებს გამოვგზავნიო.

– უცნაურია, ძალიან უცნაური...

– რა არის უცნაური, ჩემ გამო რომ ნერვიულობს? ჩემი მეგობარია და ვუყვარვარ. სხვათა შორის, ძალიან ზრუნავდა ჩემზე მთელი ამ წლების განმავლობაში.

– ლევანი კარგი ბიჭია. მე ცუდი არაფერი მიგულისხმია. გეფიცები, ტყუილად გაღიზიანდი.

– არ ვიცი, არ ვიცი. ტყუილად არაფერი ხდება. იცი, ყველაზე ცუდი რა არის? შენ მე კომპლექსი გამიჩინე. დიდი ხანია ეჭვით ვცხოვრობ და გავწამდი.

– მერე, რატომ იწამებ თავს? უნდა მენდო. ერთხელ უნდა მენდო და ყველაფერი დამთავრდება. შენი ტანჯვა დამთავრდება. ნიკუშა, შენ ჩემს სიყვარულშიც გეპარება ეჭვი?

– არა, არ მეპარება.

– თვითონაც არ გჯერა შენი სიტყვების. – ელენე შვილთან მივიდა და თმა მოუჩეჩა. ნიკუშას თავი არ გაუწევია, ესიამოვნა დედის თითებიდან წამოსული სითბო.

***

ლევანმა ყურმილი გაბრაზებით დაახეთქა აპარატზე და მდივნის გამოსაძახებელ ღილაკს დააჭირა თითი. რამდენიმე წამში ქალმა კარი შეაღო და ზღურბლიდანვე იკითხა:

– მეძახდით, ბატონო ლევან?

– არა, ისე, გასართობად დავაჭირე ღილაკს თითი! რა სულელურ შეკითხვებს მისვამ ამ ბოლო დროს, რა უბედურებაა! სად იყავი აქამდე, ორი ნაბიჯის გადმოდგმას ამდენი დრო სჭირდება?

ქალი მიხვდა, შეფი მასზე რომ ცდილობდა ბრაზის გადმონთხევას, ამიტომ გაჩუმება არჩია. ლევანი ბობოქრობდა:

– ვერავის იმედი ვერ გექნება ადამიანს, გაგიჟება შეიძლება! რას მიყურებ! მითხარი, დღეს რამე მნიშვნელოვანი შეხვედრა ხომ არ მაქვს? ტელევიზიიდან დარეკეს, რადიოდანაც. აინტერესებთ, ხომ ვერ შეძლებთ მისვლას და გადაცემაში მონაწილეობის მიღებას.

– ვერ შევძლებ! – ბრაზით თქვა ლევანმა

– კი, მაგრამ, იქნებ ტელეფონით მაინც გაგეკეთებინათ კომენტარი, ჯერ კიდევ გუშინ შეპირდით, – მორიდებით შეახსენა მდივანმა.

– მე შენთვის რჩევა არ მითხოვია. ეტყვი, რომ ძალიან მოუცლელი ვარ, რეგიონში გავდივარ, გადაუდებელი თათბირი მაქვს – ერთი სიტყვით, რაც გინდა, ის მოიგონე, ოღონდ ამ საკითხზე, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში აღარ შემაწუხო!

– კი, მაგრამ ბატონო ლევან...

– არავითარი „მაგრამ“! შენ ჩემი ინტერესები უნდა დაიცვა და ის გააკეთო, რაც ჩემთვის იქნება სასარგებლო. უამრავი პრობლემა მაქვს და ჟურნალისტების სულელური კითხვების პასუხებზე ნამდვილად ვეღარ ვიფიქრებ. გაიგე, რაც გითხარი?

ქალმა თავი დაუქნია.

– კიდევ რა გვაქვს? სამთავრობო სხდომა ხომ არ იგეგმება?

– ჯერჯერობით არ დაურეკავთ.

– ჰო, ვიცი მაგათი ამბავი. ბოლო წუთს გადაწყვეტენ ხოლმე. თუმცა, დღეს არაფერი მომხდარა ისეთი, რომ საყოველთაო განგაში გამოცხადდეს. შემახსენე, ხომ არაფერი მავიწყდება?

– თქვენს მოადგილესთან გქონდათ შეხვედრა, თავის კაბინეტში გელოდებათ და, კიდევ...

– სოსოს უთხარი, ამოვიდეს. კიდევ რისი თქმა გინდოდა?

– დღეს რამდენჯერმე დაგირეკათ ვიღაც გოგონამ. ვინაობა არ უთქვამს. თვითონაც მიხვდებაო.

– გოგონამ თუ ქალმა? – მოიღუშა ლევანი.

– მე დასკვნა მისი ხმის მიხედვით გამოვიტანე, ასაკი არ მიკითხავს.

– კარგი, კარგი. სოსოს შევხვდები და წავალ. არავისთან აღარ დამაკავშირო.

– თქვენმა მეუღლემ რომ დარეკოს?

– ჩემი მეუღლე მობილურზეც დამირეკავს. შენ კი დღეს ძალიან ბევრ კითხვას მისვამ. ადრე ასეთი მიუხვედრელი არ იყავი. ასე, რომ გაითვალისწინე!

მდივანმა ჩუმად გაიხურა კარი.

ლევანმა აივნის კარი გამოაღო, ცივი ჰაერი ღმად ჩაისუნთქა და ჩაფიქრდა: ჰმ, გამომივიდა ეგეც გმირი – მამობა მოუნდა. იდიოტი. ვერ ვიგებ, რატომ არის კარგი ტიპი, როცა მთელი ცხოვრება დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მაგრამ, რა გინდა, ამ ჩერჩეტ ქალებს სწორედ ასეთი მამაკაცები მოსწონთ. უფულო და ქარის წისქვილებთან მებრძოლი დონკიხოტები. ყველაფერი გააჩნდა, აბსოლუტურად ყველაფერი, რომ საუკეთესო მომავალი ჰქონოდა: თანამდებობა, ფული, გავლენა, ლამაზი ქალები... მხოლოდ თითი უნდა გაენძრია და დღეს ყველასათვის ცნობილი კაცი იქნებოდა. მაგ შტერმა კი, რა გააკეთა?! – თითის მაგივრად ხელი გაანძრია და ყველაფერი ქვიშაში აშენებული ხუხულასავით დაანგრია. ბედმა მაინც არ გაიმეტა და კიდევ მისცა შანსი, თანაც – როგორი, მაგრამ, მაინც ღრუბლებში დაფრინავს და დედამიწაზე ჩამოსვლას არ აპირებს. იდიოტია, აბა რა არის! თუმცა, მე რა მენაღვლება, იბრძოლოს და იწვალოს ტორეადორივით, დაფნის გვირგვინს მაინც არავინ დაადგამს თავზე. დიდი-დიდი, ნატუკა ერგოს ჯილდოდ. სულელი! მგონი, განსაკუთრებული წვალება არც დასჭირდება ნატას, რომ ცოლად მოაყვანინოს თავი. ეტყობა, სულ მამამისის კვალზე წავიდა. „კეთილშობილი რაინდი“! გულმოკლული და სიყვარულში ხელმოცარული ქალების ნუგეშისმცემელი!.. ჩემი ცოლიც კი მის მხარეს არის, ესმის მისი. საინტერესოა, მე რატომ არ მესმის? ყველაფერს ჩემით მივაღწიე. არასდროს მქონია ისეთი ცხოვრება, ფეხი ფეხზე გადამედო და დავლოდებოდი, როდის მომერთმეოდა ლანგრით ბედის წყალობა. შეიძლება, მშურს ნიკუშასი, მაგრამ შური არ არის პათოლოგია, აბსოლუტურად ნორმალური გრძნობაა და ნებისმიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი. რატომ უნდა ვგრძნობდე სინდისის ქენჯნას მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგჯერ მშურს ნიკუშასი? მას შეუძლია, ცხოვრებას ისე უყუროს, როგორც მისმა ბატონ-პატრონმა, მაშინ, როცა არაფერს წარმოადგენს, ჯერ კენჭიც კი არ გადაუბრუნებია, მაგრამ, მაინც შეუძლია, თქვას – ფეხებზე მკიდია, ორი მილიონი რომ დავკარგეო. სად არის სამართალი, ასეთ კაცს რატომ უნდა უღიმოდეს ბედი?!“.

ლევანი კარისკენ მკვეთრმა ხმაურმა მიახედა – ზღურბლზე მისი მდივანი მთელი ღონით ცდილობდა ზორბა მამაკაცთან გამკლავებას და ვერ ახერხებდა. ვახომ სულ ადვილად მოავლო ქალს ხელი იღლიებში, ასწია და კარს იქით გადასვა. მდივანმა საცოდავად ამოიკნავლა:

– მაპატიეთ, ბატონო ლევან, ვერაფრით შევაჩერე!

– ბიჭო, როგორ იქცევი, სად გგონია შენი თავის, შენს რომელიმე კაფეში თუ საკუთარ სახლში? ან, საშვის გარეშე ვინ შემოგიშვა. სად იყო დაცვა? ვერ გადამირჩება ვერც ერთი!

– ნუ ყვირი და მდივანს უთხარი, ყავა და ერთი ჭიქა წყალი მომიტანოს. დავიღალე, – ვახომ არაფრად ჩააგდო არც ლევანის მბრძანებლური ტონი და არც მისი ბრაზიანი გამოხედვა, ნებივრად გაიშხლართა სავარძელში და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

– არ გეკითხები, შეიძლება თუ არა მოწევა, საფერფლე უკვე დავინახე. ერთი, აქეთ გადმომიდგი, შენს გაზრდას!

– ვახო, მეტისმეტი მოგდის! ეს მინისტრის კაბინეტია, გესმის? მინისტრის!

– გმადლობთ, რომ გამახსენე, თორემ აღარ მახსოვდა. გაიხარე. – დასცინა ვახომ და ჯერ კიდევ ღია კართან მდგარ მდივანზე ანიშნა: – ეტყვი, რომ კარი დახუროს და ყავა მოადუღოს, თუ, პირდაპირ დავიწყო, რატომ მოვედი?

ლევანმა მდივანს რაღაც ანიშნა, ქალმაც მაშინვე გაიხურა კარი.

– აჰა, ახლა მარტონი ვართ. მითხარი, რა დაგეტაკა, კაბინეტში რომ მომივარდი?

ვახომ დამცინავი მზერით შეათვალიერა წამოჭარხლებული მეგობარი და თითები გაატკაცუნა:

– პრინციპში, მე არც ის ღია კარი შემიშლიდა ხელს, რომ შენთვის სიფათი გამელამაზებინა. ესე იგი, გაინტერესებს რისთვის მოგივარდი კაბინეტში?

– ჰო, და, დროზე მითხარი, მეჩქარება! ცოტა დრო მაქვს.

– შენი საქმე მოიცდის. ჩემთვის დროსაც გამონახავ. მეგობრები ვართ, ბოლოს და ბოლოს.

– ვახო, სამი საათის შემდეგ სახლში ვიქნები და იქ ვილაპარაკოთ ჩვენს მეგობრობაზე.

ვახომ თავი გადააქნია:

– არა, სახლში თიკა იქნება, მე კი მასთან ვერ დაგარტყამ. შენგან განსხვავებით, იმ გოგოს პატივს ვცემ და ქმარს ცხვირწინ ვერ გავულახავ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმარი ამას ასი პროცენტით იმსახურებს.

– ნუ მემუქრები! თუ ვინმე ცემას იმსახურებს ეს შენ ხარ, მაგრამ, ვხედავ გადაწყვიტე, „დამასწრო“. „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ პრინციპით მოქმედებ, მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს არ გამოგადგება. მეც მინდოდა შენი ნახვა.

– რას მელაპარაკები! მერე, რატომ ვერ მნახე. მეძებე და ვერ მიპოვე? ჟურნალისტს კარგად მიეცი ჩემი ბინის მისამართი?!

ლევანს გაეღიმა:

– აი, თურმე რამ გაგაგიჟა! დიდი ამბავი, ვიხუმრე. ისე, უბრალოდ, გავერთე.

– ამ ბოლო დროს იდიოტურად ერთობი! ჭორი რომ გამივრცელე, მაშინაც იხუმრე?

ლევანმა თავი ასწია. ვახოს შეკრულმა წარბმა და მის მზერაში ანთებულმა ველურმა ნაპერწკალმა მიახვედრა, რაშიც იყო საქმე.

– აჰა, გასაგებია ყველაფერი, იამ გამოგგზავნა!

ვახომ ხელები მომუშტა:

– შენს ადგილას, იას ხსენებისგან თავს შევიკავებდი, იდიოტო! ეყოფა იმ გოგოს, რაც აზარალე. სახეზე გეტყობა, რომ უკვე ყველაფერს მიხვდი. ძალიან კარგი, ბევრი ლაპარაკი აღარ მომიწევს. ახლა ადგები, წამომყვები და ჩემი თანდასწრებით მოუხდი იას ბოდიშს.

– არა!

– რა თქვი? კარგად ვერ გავიგონე!

– მე ვთქვი – არა! არ წამოვალ იასთან. არც შენთან და არც მასთან საბოდიშო არაფერი მაქვს. ნუ იბღვირები და მუშტებს ნუ მიტრიალებ! ის დრო ხომ არ გგონია, შენი ღონით რომ მაშინებდი? დიდი ხანია, გავიზარდე. რაღაც შემეშალა? დიდი რამე! ეჭვი შენ თვითონ გამიჩინე შენი სულელური სიტყვებით.

– მოიცა, მოიცა! რას ნიშნავს – ეჭვი გაგიჩინე? პირდაპირ მითხარი, რომ იეჭვიანე. ანუ, ია გიყვარს და ეგრევე იმიტომაც გადაირიე!

– აუუ! შენ სულ ნუ გაუბერე! კი არ მიყვარს, ნიკუშას და ჩვენი ძმაკაცობის პონტში გამიტყდა. ისევე გამიტყდა, როგორც შენ. რა არის აქ გაუგებარი?

– ლევან, მე იმდენი ეშმაკობა არ მაქვს, რამდენიც შენ და არც არასდროს მქონია. მაგრამ, იმას კი ვხვდები, რომ რაღაცას თაღლითობ. იას ბოდიშს მოუხდი, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

– კარგი, დათმო ლევანმა, – მოვუხდი ბოდიშს, მაგრამ, სად გავაკეთებ ამას და როგორ – მე თავად გადავწყვეტ. ზრდასრული ადამიანი ვარ და საკუთარ საქციელზე თავად ვაგებ პასუხს, იმაზეც, თუკი რამე შემეშალა. გამკონტროლებლები და ზედამხედველები არ მჭირდება.

ვახომ თავი გადააქნია უარის ნიშნად:

– არ გამოვა ეგ ამბავი. კი არ შეგეშალა: შეურაცხყოფა მოგვაყენე, ორივეს – მეც და იასაც. შენ რა, ვერ ხვდები რაზე გელაპარაკები? ბოდიშიც ერთად უნდა მოგვიხადო!

– მორჩი, ვახო! პატარა გაუგებრობისგან ტრაგედიას ნუ ქმნი! რატომ იმას არ ამბობ, შენი ქარაფშუტობით რომ დაიწყო ეს ყველაფერი? ჯერ რესტორანში მოიყვანე ის გოგო, მერე დილაუთენია დამირეკე და მითხარი, ღამე იასთან გავატარეო. თან, ისიც დაამატე, აბა, რა მექნა, ისეთი მთვრალი ვიყავი, ჭკუა არ მომეკითხებოდაო. შენ რას იფიქრებდი, ჩემს ადგილას?

– ჯერ ერთი, შენს ადგილას მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებოდი და, მეორეც, მე არ მაქვს ავადმყოფური წარმოსახვა. ია ჩვენი დაა. კრეტინი ხარ, თუ წამით მაინც დაუშვი, რომ მე შემეძლო მისთვის სხვანაირად შემეხედა!

– ჰო, კარგი, დამნაშავე ვარ, ნუ ბღავი. იასაც მოვუხდი ბოდიშს და, თუ სხვანაირად ვერ მშვიდდები, შენც პატიებას გთხოვ. მოდი, ნუ ვიჩხუბებთ, ეს არავისთვის არ არის კარგი, ყველაზე მეტად კი ნიკუშას დააზარალებს.

– თუ იასთან მის ურთიერთობას გულისხმობ, შენ ის უკვე დააზარალე!

ვახომ მეგობარს შეუბღვირა:

– მეე?!

– დიახ, შენ, ის პატარა კახპა რომ მიუგზავნე! დაგავიწყდა, ია თავზე რომ წამოადგა ორივეს?

ლევანი ჩაფიქრდა და ნიკაპი მოისრისა:

– ჰო, ეგ გოგო მართლა შეიძლება პრობლემად იქცეს და უკვე ვნანობ, რომ საერთოდ გავაცანი ნიკუშას. მგონი, შეცდომა დავუშვი.

– ხედავ, მერამდენე შეცდომას უშვებ? მგონი, დროა დაფიქრდე!

– ნიკუშას ველაპარაკე. ნატუკა ფეხმძიმედ არის.

ვახომ გაიცინა, მერე უცებ ისევ სერიოზული სახე მიიღო:

– შენგან, ტო?! ვაა, მაგარ შარში გახვეულხარ. თიკამ გაიგო? აუუ, რა ამბავს დაატრიალებდა?! მეც კიდევ, მოვედი და დაგიმატე, თითქოს შენი არ გეყოფოდა! ეგ არის, რა! შევხედე, თუ არა მაგ გოგოს, ეგრევე მივხვდი, რა ჩიტიც იყო. მეც მიპირებდა შებმას, ხომ იცი! მაგრამ, ეგეთებს სუნით ვცნობ და სათოფეზე არ ვეკარები! ვაა!..

– მორჩი? – მშვიდად ჰკითხა ლევანმა, – ძალიან კარგი. ჰოდა, გეტყვი, რომ მე არაფერ შუაში ვარ, ნატუკა ბავშვს ნიკუშასგან ელოდება. ასე რომ, შარში მე კი არა, ნიკუშაა. თან, ისიც დაუმატე, რომ ჩასული არ იყო, დედამისი რომ გაძარცვეს! ერთი სიტყვით, ნიკუშას ჩვენი დახმარება სჭირდება. შენ კი მოხვედი და რაღაც სისულელის გამო მეჩხუბები!

ვახოს პატარა ბავშვივით შერცხვა და უხერხულად შეიშმუშნა:

– სულაც არ არის სისულელე, მაგრამ, რაღაცაში მართალი ხარ. ეგ ნატუკა უფრო დიდი პრობლემაა. ია გაგიჟდება, ტო! ნატამ რომ ნიკუშას ბავშვი გაუჩინოს, ვერ გადაიტანს, გეფიცები!

– არ უნდა გაიგოს. იას არაფერს ვეტყვით, მაგრამ ნიკუშა ისეთ ჰანგზე მღერის, მგონი იმ გოგოს ცოლად მოყვანა აქვს გადაწყვეტილი.

– მაგან სულ გარეკა? თუმცა, არც გამიკვირდება, ასე რომ მოიქცეს. ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ?

ლევანმა მხრები აიჩეჩა:

– რა ვიცი! ვიფიქრე, დათო ხომ არ გამეგზავნა მასთან. მე თვითონ არ მცალია.

– დათო რად მინდა, მე წავალ. მაგრამ, მერე რა გავაკეთო იქ?

– მითხრა, ნატუკას ჩემი ტელეფონის ნომერი მიეცი და თავად მოვაგვარებ მასთან ურთიერთობასო. ჩემი შვილის ბედი მარტო ჩემი გადასაწყვეტიაო.

ვახომ მოწონებით დააქნია თავი:

– სწორად უთქვამს! კაცია!

– კაცია!.. – გამოაჯავრა ლევანმა, – ჰოდა, თუ კაცია, ზარდოს სხვისი ნაბიჭვარი. მე ხმას აღარ ამოვიღებ, ჩემი სათქმელი უკვე ვუთხარი.

– გადაწყვეტილებას მის მაგივრად ჩვენ ვერ მივიღებთ. მის არჩევანსაც პატივი უნდა ვცეთ.

– ძალიან კარგი. ბოლოს და ბოლოს, „გამარჯობას“ ვეტყვი რძალს, – ირონიულად ჩაიცინა ლევანმა.

– რომელ რძალს? აუუუ! ნატუკა უნდა შეირთოს ცოლად? მეტისმეტია, ტო! ცოდოა ნიკუშა!

– შენ არ თქვი, მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთო? ეჭვი მაქვს, რომ ნიკუშას არჩევანი სწორედ ეგ იქნება.

ვახო აწრიალდა. ლევანი მიხვდა, რომ მტკივნეული ადგილი მოუძებნა:

– ჩადი მასთან, იქნებ ცოტა აზრზე მოიყვანო. დაელაპარაკე და უთხარი, რომ მისი მთავარი საზრუნავი ახლა იმ ნახატის მოძებნა უნდა იყოს. რაღაც-რაღაცეები აუხსენი.

– რა რაღაც-რაღაცეები?

ლევანმა მაშინვე არ უპასუხა. მაგიდიდან საქაღალდე და უჯრების გასაღებების აცმა აიღო და მეგობარს ჰკითხა:

– ხომ მანქანით ხარ?

– არა, მეტროთი მოვედი, – მანქანის გასაღები დაანახვა ვახომ.

– ძალიან კარგი. მაშინ, ახლა მე მძღოლს გავუშვებ, მაგ შენს „მეტროში“ ჩავსხდებით, ჩემთან წავალთ და დანარჩენზე იქ დაგელაპარაკები. თუ ნიკუშამ ეს შანსიც გაუშვა ხელიდან, დაიღუპება. ეჭვი მეპარება, ჟანი იმაზე ოცნებობდეს, თავისზე რვა წლით უმცროს გერს დაუტოვოს მთელი ქონება. ძალიან საეჭვოა იმ ნახატის გაქრობაც და, საერთოდ, ძალიან ბევრი ეჭვი გამიჩნდა. შენ უნდა მოახერხო ამ ეჭვების გადამოწმება. თინიკოს დავურეკავ. რამეს მოგვიმზადებს.

– არ გინდა. კაფეში დავრეკავ და გამზადებულს მოვატანინებ, – შეაჩერა ვახომ და თავისთვის ჩაილაპარაკა: – მაგარი შარიანია ეს ნიკუშა. მგონი, მაგისი გაშვება არ შეიძლებოდა, არაფერი მოიწიოს. დათომ მითხრა, ვინ იცის, ჟანს მასთან დაკავშირებით რა გეგმები აქვსო და, უკვე მეც შემეპარა ეჭვი.

– სწორედ მაგაზე უდა ვილაპარაკოთ, – თავი დაუქნია ლევანმა.

***

თინიკო დაუპატიჟებელ სტუმარს აკვირდებოდა. გოგო დამფრთხალ მზერას არიდებდა და ცდილობდა გულუბრყვილო, საცოდავი მსხვერპლის როლი ბოლომდე ღირსეულად ეთამაშა:

– ძალიან ვნერვიულობ. მაპატიეთ, ასე უცერემონიოდ რომ გამოგეცხადეთ, მაგრამ, იმედი მაქვს, გამიგებთ. სხვა გამოსავალი არ მქონდა. საშინელ მდგომარეობაში ვარ. თქვენი მეუღლე დამპირდა, რომ დამეხმარებოდა, მაგრამ, აღარ დაურეკავს. მე კი დიდხანს ვეღარ დავიცდი, ხომ ხვდებით, რატომაც – ჩემმა მშობლებმა რომ ეს ამბავი გაიგონ, სახლიდან გამომაგდებენ. მამაჩემი საშინლად მკაცრი კაცია. ნიკუშა მიყვარს, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია... – ნატუკამ თვალები ხელსახოცით მოიწმინდა და თინიკო მალულად შეათვალიერა, მერე ოთახს მოავლო დაკვირვებული მზერა. ერთი შეხედვით შეაფასა ის კომფორტი და ფუფუნება, რომელიც ბინაში სუფევდა.

– ლევანს საიდან იცნობთ? – თინიკომ გულისრევა იგრძნო, მაგრამ თავს მოერია.

– ლევანი არაჩვეულებრივი ადამიანია. ისე გულთან მიიტანა ჩემი გასაჭირი... სად გავიცანი? რა თქმა უნდა, ნიკასთან, ნიკუშამ გამაცნო.

– თქვენ დიდი ხანია, ურთიერთობა გაქვთ? მინდოდა, მეკითხა, დიდი ხანია, რაც... – თიკამ მუცელზე ანიშნა.

– ექიმმა მითხრა, რომ მესამე თვეში ვარ... ნიკუშა შემთხვევით გავიცანი, მაღაზიაში... ჩემზე გაცილებით უფროსია, მაგრამ მე არასდროს მომწონდა ჩემი ტოლი ბიჭები.

– მე შემიძლია, რამით დაგეხმაროთ?

– არა, მე მხოლოდ ბატონი ლევანის ნახვა მინდოდა. ტელეფონს არ პასუხობს, სამსახურში კი ვერ მივიდოდი, მერიდება. შეიძლება, აქ მოვუცადო?

თიკამ გაურკვევლად აიჩეჩა მხრები:

– ლევანი, შეიძლება, გვიანობამდე არ მოვიდეს.

– მე არ მეჩქარება. თუ შეიძლება, წყალი დამალევინეთ. მინერალური მირჩევნია.

თინიკოს არ ესიამოვნა სტუმრის თავხედობა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ადგა და მინერალური წყლის მოსატანად სამზარეულოში გავიდა.

ნატუკამ კმაყოფილმა მიმოიხედა:

„არაჩვეულებრივი ბინაა, სწორედ ასეთი წარმომედგინა. ყველაფერია, რაზეც შეიძლება ქალმა იოცნებოს. მართალია, მე რაღაც-რაღაცეებს შევცვლიდი. მაგალითად, ამ სამეულს. ძალიან დიდია და უხეში. ფარდებიც ცოტათი ძველმოდურია, მაგრამ მთლიანობაში მაინც კარგია. თუ პარიზში არ მომეწონა, ან ნიკუშას მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას წავაწყდი, უკვე ვიცი, რისთვისაც უნდა ვიბრძოლო!“..

– აი, ინებეთ. ძალიან ცივი არ არის, ორი ნატეხი ყინული ჩავაგდე.

– გმადლობთ, თქვენ ძალიან კეთილი ხართ. ბატონი ლევანის მეუღლე სწორედ ასეთი წარმომედგინა. ალბათ, ძალიან ძნელია მინისტრის ცოლობა. შვილები ჯერ არ გყავთ? რატომ?

თინიკომ პირი გააღო, რომ ამ უტიფარი, არამკითხე გოგოსთვის საკადრისი პასუხი გაეცა, მაგრამ შემოსასვლელში ხმაური ატყდა და თინიკო მიხვდა, რომ ლევანი დაბრუნდა. სახე ნატუკასაც გაუბრწყინდა:

– მგონი, თქვენი მეუღლე დაბრუნდა. თქვენ კი მითხარით, გვიანობამდე არ მოვაო. ალბათ, როგორ გაუკვირდება, აქ რომ დამინახავს!..



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3