კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა საიდუმლოს უმალავდა ოჯახი ბავშვს და ვინ ეძებს მშობელ მამას პენზის მხარის ქალაქ ზარეჩნიდან


47 წლის ლუდმილა ანატოლის ასული ნიკიტინა ეძებს: დაახლოებით 68-69 წლის ანატოლი შათრაშვილს.

ისტორია: ვეძებ მამას, დაახლოებით 68-69 წლის ანატოლი შათრაშვილს. მამაჩემის არსებობის შესახებ ცამეტი წლის ასაკში გავიგე. მას შემდეგ ძალიან მინდა, მამა ვიპოვო და გავიცნო. მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. სამწუხაროდ, მამის ფოტოც კი არ გამაჩნია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვიპოვი თქვენი რუბრიკისა და მკითხველის დახმარებით. ვფიქრობ, მის პოვნაში დედაჩემის ფოტო დამეხმარება. ფოტო სწორედ იმ წლებშია გადაღებული, როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

– ლუდა, მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი და რა იცით მამის შესახებ?

– მე დავიბადე და დღემდე ვცხოვრობ პენზის მხარის ქალაქ ზარეჩნიში. ის საკმაოდ ჩაკეტილი ქალაქია და ადრე მას პენზა-19 ეწოდებოდა. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი სწორედ ამ ქალაქში გაიცნეს. დედა კლავდია პავლეს ასული ნიკიტინა იყო. დავიბადე 1962 წლის 27 აპრილს. მთელი ჩემი ბავშვობა ისე გავატარე, სიმართლე არ ვიცოდი ჩემი მშობელი მამის შესახებ. ჩვენს ოჯახში ამას ყველა მიმალავდა. დედა ადრეულ ასაკში გარდამეცვალა, მაშინ ჯერ კიდევ 13 წლის ვიყავი. მე დეიდამ, მარია პავლეს ასულმა ნიკიტინამ გამზარდა. სწორედ დეიდისგან გავიგე სიმართლე, რომ თურმე, მამაჩემი ქართველი ყოფილა და პენზა-19-ში სამხედრო სამსახურს გადიოდა. შემდეგ კი თავის სამშობლოში, საქართველოში დაბრუნებულა.

– მამის შესახებ კიდევ რა იცით, მან თუ იცოდა თქვენი არსებობის შესახებ რაიმე?

– როგორც ვთქვი, დედა გარდამეცვალა, მხოლოდ მას შეიძლება, სცოდნოდა მამაჩემზე მეტი ინფორმაცია. დეიდას მონაყოლიდან რაც მის შესახებ ვიცი, არის ის, რომ ანატოლი (ტიმური – ასე ეძახდნენ მას აქ) პენზაში მსახურობდა 1958-1961 წლებში. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ის კიდევ რაღაც დროით კონტრაქტით დარჩენილა ამ ქალაქში. რამდენადაც ვიცი, მას და დედაჩემს ერთმანეთი უყვარდათ და მან იცოდა ჩემი არსებობის შესახებ. დედაჩემს ის საქართველოში წამოსვლას სთავაზობდა, მაგრამ დედა არ დაეთანხმა და ასე დაშორდნენ ერთმანეთს. ვიცი, რომ საქართველოდან დედაჩემი წერილებსაც იღებდა ბებიაჩემისგან (ანუ მამის დედისგან). სამწუხაროდ, არც ერთი წერილი შენახული არაა და ამაზე გული მართლაც მწყდება. ამ წერილებით მაინც გავარკვევდი მათ იმდროინდელ საცხოვრებელს. ვიცი, ინფორმაცია ძალიან მწირია და მისი პოვნის შანსიც მცირეა, მაგრამ იმედი მაინც მაქვს. შეიძლება, მამაჩემმა ფოტოთი იცნოს დედა და გამოგეხმაუროთ.

– აქამდე თუ გიცდიათ მამის მოძებნა და რა ხერხებით?

– დიდი ხანია, რაც მამაჩემის მოძებნა გადავწყვიტე. ხელისშემშლელი ფაქტორიც ბევრი მქონდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ მე სინამდვილეში მისი ზუსტი გვარიც კი არ ვიცი. შათრაშვილი რომ იყო, ეს დეიდამ მითხრა, მაგრამ ხომ შეიძლება, მას არასწორად ახსოვდეს ქართული გვარი. ვიყავი მისული სამხედრო არქივში და განაცხადიც გავაკეთე, მაგრამ იქ მითხრეს, არქივში რომ მოიძებნოს პიროვნება, გვარი, სახელი და მამის სახელი აუცილებლად, დაზუსტებით უნდა იცოდეთო. შემდეგ ვცადე, სამძებრო საიტზე განმეთავსებინა განცხადება. ამისთვისაც გამოცდილებაა საჭირო, თავიდან მივუთითე, რომ ვეძებ მამას – ტიმურს საქართველოში. ამის შემდეგ ნებაყოფლობითმა დამხმარეებმა დამაკვალიანეს ძებნის სპეციფიკაში. მივხვდი, რომ აუცილებელი იყო მამის სრული სახელის დაწერა. დაბადების მოწმობით ანატოლის ასული ვარ. აქედან გამომდინარე, მამაჩემს ანატოლი ჰქვია.

– რა მიზანი გამოძრავებთ? დავუშვათ, იპოვეთ მამა და აღმოჩნდა, რომ მას ოჯახი აქვს. როგორ ფიქრობთ, მისი ოჯახის წევრები მიგიღებენ? თქვენ და მამათქვენს, ამდენი წლის განმავლობაში არ გქონიათ ურთიერთობა, გაუგებთ კი ერთმანეთს?

– მე ორი შვილი და ორი შვილიშვილი მყავს. ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე. გამორიცხული სულაც არ არის, რომ მამაჩემს ოჯახი აქვს და მე შეიძლება ნახევარდა-ძმაც მყავს, მაგრამ მისი პოვნა მაინც ძალიან მინდა. სურვილი მაქვს, გავიცნო ისინი და იმედი მაქვს, ისინიც მიმიღებენ. მამა თუ ვიპოვე, უპირველესად, მისი გაცნობა მაინტერესებს, ვისაც კი ის უნახავს, ყველა მეუბნება, რომ ძალიან ვგავარ მამაჩემს ფიზიკურად. მე მისგან აბსოლუტურად არაფერი მინდა, მისი ნახვისა და გაცნობის გარდა. ერთი სისხლი და ხორცი ვართ და ვფიქრობ, ერთმანეთს აუცილებლად უნდა გავუგოთ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3