კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა სტალინის მამა


„სინამდვილეში მას მხოლოდ ერთი ადამიანი უყვარდა – ეს იყო მისი დედა“, – წერს თავის მოგონებებში ემიგრანტი იოსებ ირემაშვილი იოსებ სტალინის შესახებ. ცნობილია, რომ სტალინი ამაყობდა თავისი ქართული წარმოშობით და არაერთხელ აღუნიშნავს ეს რუზველტთან, ჩერჩილთან და დე გოლთან შეხვედრებისას. ბელადს განსაკუთრებით უყვარდა დედამისი. გარეგნობით კი იოსები ძალიან ჰგავდა მამას.

იოსებ სტალინის მშობლების – ბესო ჯუღაშვილისა და ეკატერინე (კეკე) გელაძის ქორწინება გორში 1874 წელს შედგა. მეჯვარეები იყვნენ იაკობ ეგნატაშვილი და მიხა ციხითათრიშვილი, სტალინს ორივეს ოჯახთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა სიცოცხლის ბოლომდე.

მამის გარდაცვალების შემდეგ, ძმებმა – ბესარიონ და გიორგი ჯუღაშვილებმა, მამის ქონება გაიყვეს. გიორგი მანგლისში წავიდა, სადაც სამიკიტნო გახსნა. მოგვიანებით სამიკიტნო ყაჩაღებმა გაძარცვეს, გიორგი კი მოკლეს. ბესო თბილისში ჩამოვიდა, ხარაზთა საამქროს მიეკედლა და ხელობაც შესანიშნავად შეისწავლა. მოგვიანებით, ვინმე ოსეფ აბრამოვმა გორში სახარაფო სახელოსნო გახსნა, სადაც 30 ხელოსანი ჩაიყვანა. მათ შორის იყო სტალინის მამა – ბესოც, რომელიც მალე სახელოსნოში პირველი ოსტატი გახდა. ახლომახლო სოფლის აზნაურობა მასთან იკერავდა ჩექმებს. ამიტომ იყო, რომ ბესოს მუდამ უჩხრიალებდა ჯიბეში ვერცხლი, კარგად იცვამდა და ჰყავდა ბევრი მეგობარი, რომლებთანაც უყვარდა ქეიფი და დროსტარება.

ბესარიონ ჯუღაშვილი გორში დაქორწინდა ეკატერინე გელაძეზე. ეკატერინეს მამა, გლახო, მეთუნე (თიხის ოსტატი) იყო, თავად ამილახვრის ყმა. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ იგი გორში ჩამოვიდა ოჯახით და ქალაქის გარეუბანში დასახლდა, სადაც მოიპოვებოდა თიხა და კვლავ მეთუნეობას მიჰყო ხელი.

ბესარიონსა და კეკეს სამი ვაჟი შეეძინათ. პირველი – გიორგი, დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. დამწუხრებულმა ბესომ სმას უმატა. მეორე ვაჟს ჯუღაშვილებმა მიხეილი დაარქვეს. სამწუხაროდ, მან ისე ცოტა ხანს იცოცხლა, რომ მისი მონათვლა ძლივს მოასწრეს მშობლებმა – მიხეილ ჯუღაშვილმა მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა. 1878 წლის, ზოგიერთი ვერსიით კი, 1879 წლის 21 დეკემბერს, ბესარიონ ჯუღაშვილის ოჯახში მესამე ვაჟი გაჩნდა. ნათლიამ მას იოსები დაარქვა. იოსებ ჯუღაშვილი ჯანმრთელობის მხრივ სუსტი ბავშვი იყო. 5 წლის ასაკში მას ყვავილი შეეყარა და სასწაულად გადარჩა, თუმცა, ავადმყოფობამ ნაყვავილარი სახე დაუტოვა.

ბესარიონ ჯუღაშვილი, თავისი თანამედროვე ქართველი ხელოსნის ტიპური წარმომადგენელი ყოფილა. ენამოსწრებული ადამიანი, რომელსაც უყვარდა ხუმრობა და შემასხარავება, კარგადაც მღეროდა. გალოთებასთან ერთად, მას ხასიათიც გაუფუჭდა – ხშირად ჩხუბობდა და ტეხდა აყალმაყალს როგორც სუფრაზე, ასევე სახლშიც. თანამედროვეთა აღწერით, ბესო ჯუღაშვილი იყო გამხდარი, შავი თმით, წვერითა და ულვაშით. ასევე, აღნიშნავდნენ, რომ ახალგაზრდობაში სოსო ძალიან ჰგავდა მამას. როგორც ჩანს, სტალინი გარდა გარეგნობისა, სიმღერის ნიჭითაც ჰგავდა მამამისს, ბესარიონს. დიდი ბელადი სიცოცხლის ბოლო წლებამდე შესანიშნავად მღეროდა, განსაკუთრებით უყვარდა ორი სიმღერა: „ჰასანბეგურა“ და „გაფრინდი, შავო მერცხალო“. სემინარიაში სწავლის პერიოდში კი იგი ერთნაირი წარმატებით გალობდა როგორც ქართულად, ასევე რუსულად. ცნობილია, რომ სემინარიის მგალობელთა გუნდის შედგენისას, მასწავლებლებმა საგანგებოდ შეამოწმეს მოწაფეების სმენა და ხმა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ სტალინს სემინარიის მგალობელთა გუნდში უნდა ემღერა. ის მეორე ხმას მღეროდა. ცნობილია, რომ ქმრის სურვილის წინააღმდეგ წავიდა კეკე გელაძე, როდესაც იოსები სასულიერო სემინარიაში მიიყვანა. მოგონებების მიხედვით, პატარა სოსო სასულიერო სასწავლებელში ერთ-ერთ საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა. სემინარიის დაამთავრების შემდეგ მან მიიღო წარჩინების დიპლომი, რაც ოქროს მედალზე დამთავრებას ნიშნავდა. ასეთი დიპლომები ძალიან იშვიათად გაიცემოდა ღარიბი ოჯახების შვილებზე.

მოგვიანებით ბესარიონი თბილისში წავიდა და ადელხანოვის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. პირველ ხანებში იგი საკმაოდ ხშირად ჩადიოდა გორში ცოლ-შვილის მოსანახულებლად, მაგრამ, მისი ვიზიტები თანდათან სულ უფრო და უფრო იშვიათი გახდა, რაც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ბესომ სმას უმატა, რის გამოც ცოტა ხანში სამსახურიც დაკარგა. ამის შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ქუჩაში, ფეხსაცმლის შემკეთებლად და, რასაც შოულობდა, სასმელში ხარჯავდა.

1909 წლის 7 აგვისტოს თბილისის მიხეილის საავადმყოფოში, ანუ დღევანდელ ქალაქის მეხუთე საავადმყოფოში, თავისი ფეხით მისულა ავადმყოფი ბესარიონ ჯუღაშვილი. რამდენიმე დღეში კი იგი ამავე საავადმყოფოში გარდაიცვალა. საავადმყოფოს მასალებში წერია, რომ ბესარიონი ამ დროს 55 წლის იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ძირითადად დედასთან იზრდებოდა და ხელმოკლეობის გამო ნორმალური კვება არ ჰქონია არც ბავშვობაში და არც თბილისში სწავლის პერიოდში, იგი ფიზიკურად ძლიერი პიროვნება გახლდათ. მამას სტალინის ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი როლი არ შეუსრულებია. სულ სხვა იყო დედა. მამას სურდა, სოსო მეწაღედ გაეზარდა. კეკე კი ოცნებობდა, რომ მისი ვაჟი სასულიერო პირი გამოსულიყო. როდესაც 5 წლის ასაკში იოსები ავად გახდა, დედამისი ფეხით ავიდა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და შესთხოვა, თუ შვილს გადამირჩენ, სოსო შენი მსახური გახდებაო. ქმრის თბილისში გადასვლის შემდეგ, კეკემ მუშაობა დაიწყო დების – დარია და ლიზა ყულიჯანოვების სამკერვალო სახელოსნოში, სადაც მან 17 წელი დაყო და ერთ-ერთ საუკეთესო მკერავად ითვლებოდა. მოგვიანებით, როდესაც მხედველობა გაუუარესდა, კეკემ მატყლის საბნების კერვა დაიწყო. საკუთარი შვილისა და ღირსების შესანახად იგი არავითარ სამუშაოს არ ერიდებოდა. იყო პერიოდი, როდესაც მდიდართა ოჯახებში რეცხავდა და ალაგებდა. სტალინის დედამ საკმაოდ დიდხანს იცოცხლა, იგი მოესწრო, როგორ გახდა მისი შვილი უზარმაზარი ქვეყნის პირველი პირი, რომელსაც ყველა აღტაცებითა და პატივისცემით ეპყრობოდა. თვითონ იგი მოკრძალებულად ცხოვრობდა საქართველოში. შვილის თხოვნით, ეკატერინე გელაძე გარკვეული დროით კრემლშიც გადასახლდა, თუმცა მალევე დაბრუნდა სახლში. იგი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ქართველი ქალის ტრადიციულ სამოსს. სტალინის ქალიშვილის, სვეტლანას მოგონებების მიხედვით, ბელადი ხშირად უყვებოდა მას დედის შესახებ. იოსებ სტალინს თავისი დედა ძალიან ჭკვიან ქალად მიაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ განათლება არ ჰქონდა მიღებული. კეკეს უნდოდა, რომ სტალინი მღვდელი გამოსულიყო. 1935 წელს სტალინმა თბილისში მოინახულა დედამისი. მას ძალზე ესიამოვნა, როდესაც დედამ უთხრა: „დასანანია, რომ შენ მაინც არ გახდი მღვდელი“. სტალინის დედა 1937 წელს გარდაიცვალა.



იგორ კვესელავას მასალების მიხედვით


скачать dle 11.3