კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ ზომიერება მარხვაში და როდის ემუქრება ქრისტიანს დაცემა


როდესაც უკეთური ეშმაკი იხილავს, რომ სამართლად, ცხოველი გულმოდგინებითა და კეთილგანწესებით ვვალთ სათნოებათა გზით, რომელთაგან თავის მხარეზე ჩვენს გადაბირებას აშკარა ცდუნებებით ვერ ახერხებს, მაშინ ნათლის ანგელოზად გარდაისახება და ხან მოჩვენებითი კეთილი ზრახვებით, ხან წმიდა წერილიდან გამონათქვამების მოხმობით, ხანაც წმიდანთა ცხოვრების მაგალითებით, შეუფერებელ დროს აღგვძრავს, თავს ვიდვათ ისეთი ღვაწლი, რომელიც ბევრად აღემატება ჩვენს ძალებს, რომ ვიოცნებოთ, თითქოს მივაღწიეთ მის მწვერვალს და ამ დროს დაცემის უფსკრულში შთაგვთხიოს. ესრეთ ზოგიერთებს ჩააგონებს მკაცრ მარხვას, თავის გაშოლტვას სისხლის დადენამდე, შიშველ მიწაზე ძილს და სხვაგვარად ხორცის შეჭირვებას, რომ ან გაამპარტავნდეს ზრახვით – რაოდენ დიდ საქმეებს აღასრულებს, ან, უკიდურესად მოუძლურდეს და მცირეოდენი სათნო საქმეც კი ვეღარ აღასრულოს; ან სამოღვაწეო საქმის სიმძიმით გადაქანცული, სულიერი ღვაწლისა და თვით სულის ხსნისადმი შეიქნეს გულგრილი. ამგვარად, სათნოებათა მიმართ გულგაგრილებული მოღვაწე უწინდელზე მეტი ნდომით დაეწაფება ხორციელ და მიწიერ სიამეებს.

და რამდენი სული წარწყმდა უკვე მტრის ან ბოროტი ხრიკით, რომელთაც შეიწყნარეს მისწრაფება უგუნური მოშურნეობისადმი, რომელიც მრავლად აღემატება მათ საკუთარ ძალებს; წახდნენ თავიანთ გამოგონილ ღვაწლში და ბოროტ დემონთა დასაცინი შეიქნენ, რაც, რა თქმა უნდა, არ დაემართებოდათ, სწორ განსჯასა და რჩევას რომ მიჰყოლოდნენ და არ დაევიწყებინათ, რომ თვითმოკვდინების ღვაწლი საქებია და ნაყოფიერი იქ, სადაც მის აღსასრულებლად საკმარისი ხორციელი ძალა და სულიერი თავმდაბლობაა, ყოველთვის გვმართებს მათი გონიერად მართვა. ისინი უნდა გამოვიყენოთ, როგორც სულიერი წინსვლის საშუალებანი და არ უნდა იქცეს ჩვენთვის თვითმიზნად. ამასთან, არ შეიძლება ხან ამცირებდე, ხან უმატებდე, ხან ცვალო ან კიდევ სულაც შეწყვიტო ისინი დროებით.

მათ, ვისაც არ ძალუძთ წმიდანებივით მკაცრი ცხოვრებისა და ღვაწლის შედგომა, შეუძლიათ, სხვაგვარად მიჰბაძონ მათ ცხოვრებას, კერძოდ, აღძრან და აღმართონ გულში კეთილი განწყობა, გულითადი ლოცვის ჩვევა შეიძინონ, არ დაუთმონ ვნებების მიერ მოგვრილ აზრებსა და სურვილებს, შეინარჩუნონ გულის სიწმინდე, შეიყვარონ მდუმარება და განმარტოება, თავმდაბლობა და მორჩილება ყველას წინაშე, სიკეთე მიაგონ იმათ, ვისგანაც რაიმე უსიამოვნება შეხვდათ, დაიცვან თავი ყოველგვარი უჯეროსაგან – თუნდაც სულ მცირე და უმნიშვნელო იყოს იგი. ამგვარი კეთილი განწყობა ბევრად უფრო ესათნოება ღმერთს, ვიდრე უზომო ღვაწლი ხორცის მოკვდინებისა, როდესაც იგი ჩვენი სულიერი მდგომარეობის მიხედვით არ მოგვეთხოვება.

თუკი ამგვარ ღვაწლს იტვირთავ, გირჩევ, წინდახედულად იმოქმედო. ნუ შეუდგები მას უზომოდ, არამედ დაიწყე მცირედით, რამეთუ უმჯობესია, თანდათან ახვიდე ზევით, ვიდრე უცებ დაიწყო დიდი ღვაწლით და შემდეგ, შენდა სამარცხვინოდ, უკან დაბრუნება მოგიხდეს. გირჩევ, აგრეთვე, თავი დაიცვა მეორე უკიდურესობისაგან, რომელშიც ზოგჯერ ისეთი მოღვაწენიც კი ვარდებიან, რომლებიც მადლმოსილებად ითვლებიან. თუკი მათ თვითმაამებლობა და თავის შეცოდება წარმართავს, ძალიან დიდ ზრუნვას იჩენენ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და ისეთი გულმოდგინე დამცველები არიან მისი, რომ, როდესაც სულ მცირე შრომა შეხვდებათ და მოაკლდებათ რამე, შეშინებულნი კანკალებენ, ჯანმრთელობა არ დავკარგოთო. და იმდენს არაფერზე ფიქრობენ, არაფერზე ისეთი სიამოვნებით არ საუბრობენ, რამდენსაც თავიანთი სიცოცხლის შენარჩუნებაზე. ამავე დროს, იგონებენ თავისთვის დელიკატურ საჭმელებს, რომლებიც მათ გემოთმოყვარეობას უფრო ემსახურება, ვიდრე ჯანმრთელობას, რითაც ასუსტებენ და ხშირად შეირყევენ კიდეც ჯანმრთელობას და კარგავენ იმას, რაც უდიდეს სიკეთედ მიაჩნიათ, რადგან მისი შენარჩუნების გზებს არასწორად ირჩევენ.

თუმცა ეს მოღვაწენი ცდილობენ, ასეთი მოქმედების მიზეზად უფლისადმი უკეთესად მსახურების სურვილი წარმოაჩინონ, სინამდვილეში ეს სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, შეარიგონ ორი შეურიგებელი მტერი – სული და ხორცი, რაც არაფერს არგებს თითოეულ მათგანს, არამედ, პირიქით, აშკარა ვნება მოაქვთ ორივესთვის: რამეთუ, ამგვარად ხორცი კარგავს ჯანმრთელობას, სული კი – მაცხოვნებელ განწყობას. ამდენად, უხიფათო და სასარგებლო სულისთვისაც და ხორცისთვისაც არის ზომიერი ცხოვრების წესი, რომელიც გონივრულად წარიმართება. გათვალისწინებულია როგორც სულიერი მოთხოვნილებანი, ასევე, სხეულის წყობა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად: რამეთუ ამ მხრივ ყველასთვის ერთი საზომი არ გამოდგება, თუმცა კანონი ყველასთვის ერთია – სხეული იყოს სულის სამსახურში. გაიხსენე ამასთან დაკავშირებით უკვე ნათქვამი, რომ არა მარტო ხორციელი სათნოების მოხვეჭისას, არამედ სულიერშიც გმართებს, დაიცვა თანამიმდევრობა – აღხვიდე ქვევიდან ზევით.

„უხილავი ბრძოლა“


скачать dle 11.3