კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ანგელოზია თავმოყრილი ხათუნა ბედელაძის კოლექციაში და როგორ მოფრინდა შობის ღამეს ბედელაძეების ოჯახის მფარველი ანგელოზი


რეჟისორ ქეთევან (ხათუნა) ბედელაძის ოჯახში რამდენიმე სახეობის კოლექციაა. ჩვენმა მკითხველმა უკვე დაათვალიერა ზანზალაკებისა და თოჯინების კოლექციები. დღეს კი შევიტყობთ როგორ გროვდებოდა ანგელოზების კოლექცია და რამდენი ანგელოზი ბინადრობს დღეისათვის ხათუნას ოჯახში.

ხათუნა ბედელაძე: ვიზრდებოდი ქრისტიანულ ოჯახში და ბავშვობიდან ვიცოდი „ლოცვაი მფარველი ანგელოზისადმი სამარადისოი“; ...„წმიდაო ანგელოზო, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის...“; „ლოცვაი წმიდისა ანგელოზისა მიმართ“; „...წმიდაო ანგელოზო, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა, შემინდვენ და დამიფარენ...“; „ლოცვაი ანგელოზისა მიმართ კაცისა ცხოვრებისა მფარველისა“; „ანგელოზო წმიდაო, მომიტევენ ცოდვანი ჩემნი, აქამომდე ქმნილნი...“. აგრეთვე, ვიცოდი, რომ წმიდა დიონისე არეოპაგელმა მოგვცა იმის შესახებ ცოდნა, თუ რომელ ანგელოზს რა კურთხევა აქვს მოცემული ღვთისგან: მთავარანგელოზ მიქაელს, გაბრიელს, რაფაელს, ურიელს, უგუდიელს, ვარახიელს, სერაფიელს, იერომიელს, ტაქიელს.

ვერასდროს წარმომედგინა, რომ ოდესმე სათამაშოსა და სუვენირის სახით მექნებოდა ანგელოზი, მაგრამ, როგორც რაინერ მარია რილკე ამბობს: „ანგელოზი და თოჯინა – აი, ეს არის, ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტი სანახაობა“. რადგან მე მაქვს თოჯინების დიდი კოლექცია, ამ კოლექციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ანგელოზებს და ეს მართლაც სასიამოვნო სანახავია.

– როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

– რამდენიმე წლის წინ, ახალი წლის ღამეს, ჩემთან მეკვლედ მოვიდა ჩემი უახლოესი მეგობარი, ეკა დავლიანიძე, რომელსაც ზურგზე ანგელოზის ფრთები ეკეთა და მითხრა: ანგელოზი მოვედი და მუდამ გფარავდეს შენი მფარველი ანგელოზიო. იმავე წელს, ნათლისღებისას, მეწვია ჩემი პატარა მეგობარი, ჩემი პატარა ანგელოზი და ანგელოზის სუვენირი მაჩუქა.

ცნობილია, რომ ნათლისღებას, ყოველ ადამიანს ღმერთი ანგელოზს დაუდგენს და მიუჩენს, ამ ანგელოზს მფარველი ანგელოზი ჰქვია.

სწორედ ამ წლიდან დაიწყო კოლექციის შეგროვება.

– დღეისათვის რამდენი ანგელოზია თავმოყრილი ამ კოლექციაში?

– ამ კოლექციაში ჯერჯერობით ასი ცალი ანგელოზია თავმოყრილი. მათ შორისაა: მუსიკალური ჭიქა-ანგელოზი, ძილის ანგელოზი, „ბრელოკი“-ანგელოზი, გაჭირვებულთა შემწე ანგელოზი, რაფაელის ანგელოზი, მხიარული ანგელოზი და დათუნია ანგელოზები, რომლებიც ძალიან ლამაზები და საყვარლები არიან, თუმცა, ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ არის დათუნია ანგელოზი.

– როგორ ივსება და მდიდრდება თქვენი ანგელოზების კოლექცია?

– ჩემი ანგელოზების კოლექციის გამდიდრებით დაკავებულნი არიან ჩემი მეგობრები. უცხოეთში მოხვდებიან თუ არა, იწყებენ ანგელოზებისა და ზანზალაკების ძებნას. ზემოთ ჩამოთვლილ ანგელოზთა უმრავლესობა გერმანიიდან ჩამომიტანა ჩემმა მეგობარმა და უნიჭიერესმა ბარიტონმა, ზაზა ხელაიამ. გერმანელი მასპინძლისთვის გამოუცხადებია: მე უნდა ვიყიდო ანგელოზები და ზანზალაკები ხათუნა ბედელაძის კოლექციისთვის, თანაც, ისეთები, როგორებიც მას არ აქვსო, მაგრამ გერმანელმა მასპინძლებმა რა იცოდნენ ხათუნას კოლექცია. ამიტომ, სადაც აღმოაჩენდნენ, სათითაოდ აჩვენებდნენ ზაზას და ისიც პასუხობდა: ასეთი აქვს, ასეთი აქვს, ასეთიც აქვსო. მიუხედავად ამისა, მაინც მოიძებნა განსხვავებული ანგელოზები: ალაქია, მთავარანგელოზი, გაბრიელი, ჯიბრაილი...

კოლექციის შევსებაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს უახლოეს მეგობრებს: ლელა ოჩიაურს, ეკა გელაშვილს, ჩემს ძმისშვილს – ნუციკო ბედელაძეს, ნათლულს – ირინკა გოგოლაშვილს, ჩემს მოსწავლე – ირინკა დუმბაძეს, აგრეთვე სხვა მოსწავლეებსა და ახლობლებს.

– ამ ანგელოზებს მხოლოდ ესთეტიკური დატვირთვა აქვს ამ ოჯახში?

– არა. მე მივირთმევ თეფში-ანგელოზიდან და ჭიქა-ანგელოზიდან, შანდალი-ანგელოზი ყოველთვის ინთება ჩემს ოჯახში დღესასწაულებზე.

წლევანდელი შობა განსაკუთრებით ლამაზი იყო თბილისში. ულამაზესი ტრადიცია დაამკვიდრა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომლის თანახმადაც, შობის ღამეს, ყველა ოჯახის სარკმელში სანთელი ინთება, შემდეგ კი მოფრინდება ოჯახის მფარველი ანგელოზი. ამ ღამეს ჩემს ოჯახში კიდევ ერთი ანგელოზი შემოფრინდა.

„ანგელოზო წმიდაო, მომეც მე სინანული პეტრესი, ცრემლნი მაგდალინელისანი, აღსარებაი ავაზაკისა მის ჯუარცუმულისაი, მომიტევენ ცოდვანი ჩემნი აქამომდე ქმნილნი...“


скачать dle 11.3