კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის ხარჯზეა განათებული ქუჩები და რატომ გამოიწვევს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარება თბილისის დაბნელებას


მას შემდეგ, რაც ქართულ პროდუქციას რუსული ბაზარი ჩაეკეტა, საქართველოს ექსპორტიც თავდაყირა დადგა: თუკი 2006 წლამდე საექსპორტო ჩამონათვალში ქართული ღვინო, მინერალური წყლები და სოფლის მეურნეობის პროდუქცია ლიდერობდა, დღეს ამ პროდუქტებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ჯერჯერობით ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაჭრა ფანჯარა, ვერც წინ – ევროპაში, ვერც უკან – აზიაში, მით უმეტეს, ვერც ოკეანის გაღმა – ამერიკაში. მეორე მხრივ, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში პრობლემები უკრაინულ ბაზარზეც შეიქმნას, ამიტომაც ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, თენგიზ სიგუასთან, ერთად გავარკვევთ, როგორ მოინელა ქართულმა ექსპორტმა რუსული ბაზრის ჩაკეტვა და რა პერსპექტივა ელის, თუკი ვითარება უკრაინის ბაზარზეც გაურთულდება.


– როგორ გამოიყურება ამჯერად ქართული ექსპორტი?

– საქართველოს ექსპორტში ამჯერად პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები – ზესტაფონის პროდუქცია, ეს ჩვენი ექსპორტის, დაახლოებით, 12 პროცენტს შეადგენს; მეორე ადგილზეა ოქრო, დაუმუშავებელი და ნახევრად დამუშავებული, მთელი ექსპორტის დაახლოებით, 10 პროცენტი და მესამე ადგილზეა, არ გაგეცინოთ, მსუბუქი ავტომანქანები, 8,5 პროცენტი. ჩვენ ავტომანქანებს, ბუნებრივია, არ ვაწარმოებთ, მაგრამ დიდი რაოდენობით შემოგვაქვს იმპორტით და შემდეგ ვყიდით.

– სხვა ქვეყნები, სადაც ვყიდით, თავად ვერ შეიტანენ?

– პორტები მხოლოდ ჩვენ გვაქვს. შემდეგ მოდის თხილი და ღვინო. სხვათა შორის, ამ ბოლო პერიოდში კარგად იყიდება ჩვენი კონიაკიც, თუმცა კონიაკი არ ჰქვია, ბრენდის სახით გადის და ღვინო-მასალებიც.

– რომელ ქვეყნებში გადის ჩვენი პროდუქცია საექსპორტოდ და რა ოდენობით?

– ამ მხრივ, ჩვენი უპირველესი პარტნიორია თურქეთი, შემდეგ უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები. ევროკავშირის ქვეყნებზე ჩვენი ექსპორტის 35-36 პროცენტი მოდის, იმპორტზე – 29 პროცენტი. მართალია, პროცენტულად ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მეტი გაგვაქვს, ვიდრე შემოგვაქვს, მაგრამ რაოდენობრივად გაცილებით მეტს ვყიდულობთ იქ. ევროკავშირის მონაცემებით, გასულ წელს მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქცია ვიყიდეთ და შემოვიტანეთ ევროკავშირის ქვეყნებიდან და მხოლოდ 197 მილიონის პროდუქცია გავიტანეთ. ესე იგი, გატანა შემოტანაზე ხუთჯერ ნაკლებია.

– რა შეგვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში?

– ფეროშენადნობები, ოქრო და სოფლის მეურნეობის პროდუქტები, მათ შორის, პირველ ადგილზეა თხილი. ჩვენი დიდი ნაკლია ის, რომ არ იყიდება ჩვენი ტექნოლოგიური ნაწარმი, მაშინ, როდესაც მოწინავე ქვეყნების ექსპორტში 50-60 პროცენტი სწორედ ტექნოლოგიური ნაწარმია: მანქანა-დანადგარები, დაზგები, ამწემოწყობილობები და ასე შემდეგ. ჩვენ კი ვყიდით ფეროშენადნობებს, შეიძლება, ითქვას ნედლეულს; ჯართს, ოქროსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. ტექნოლოგიური ნაწარმი ქართულ ექსპორტში, ფაქტობრივად, არ არის.

– მაგრამ ისიცაა, საიდან უნდა იყოს?

– შევადაროთ საბჭოთა პერიოდს. საქართველოს არ ჰქონდა საშუალება, რომ საკმაოდ მაღალი დონის დაზგები გამოეშვა?! მე არ ვამბობ, რომ უცბად გავარღვევდით ევროპის ბაზარს, მაგრამ ყოფილ საბჭოთა ბაზარზე ჩვენს დაზგებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. 1 000 დაზგას უშვებდა წელიწადში კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი გაერთიანება და პროდუქციის 80 პროცენტი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადიოდა.

– ანუ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

– დიახ, და ზოგიერთი იყიდებოდა აზიურ ქვეყნებშიც კი. ავიღოთ ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის ნაწარმი: სიღრმისეული დგუშები. მათ იყენებენ ნავთობის მომპოვებელი საწარმოები. თურმე, ორად ორი ქარხანა ყოფილა მთელ საბჭოთა კავშირში, ერთი მოლდოვაში, მეორე – ჩვენთან. რატომ შეჩერდა სიღრმისეული დგუშების წარმოება, როდესაც უზარმაზარი მოთხოვნილება იყო?! ულაპარაკოდ გაიყიდებოდა ყველა, წელიწადში 3 000-5 000 რომ გამოგვეშვა. მუშაობდა ელექტროვაგონშემკეთებელი, ელმავალმშენებელი ქარხნები, მაგრამ ყველაფერი ნულზე დავსვით. საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი ექსპორტი ბევრად სჭარბობდა იმპორტს, მეტი გაგვქონდა, ვიდრე შემოგვქონდა. მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ნედლეული და ჩაი უზარმაზარ შემოსავალს უტოვებდა ქვეყანას.

– მეორე მხრივ, ამან ძალიან გააფუჭა ხარისხი, იმიტომ რომ ჩვენს პოტენციალს აღემატებოდა იმ რაოდენობით ჩაისა და ღვინის წარმოება?

– ეს დანაშაულის ტოლფასი იყო – საქართველოში 700 000 ტონა ჩაის ფოთოლი არ უნდა მოკრეფილიყო. ნებისმიერი მაღალი დონის პროფესიონალს რომ ჰკითხოთ, თუ ხარისხიან ჩაიზე ვლაპარაკობთ, საქართველოში ამის მაქსიმუმი 250 000-300 000 ტონაა.

– ამის გახსენება უიმედოა, რადგან იმ ჩაის ძირითადი მომხმარებელი იყო რუსეთის ბაზარი, რომელიც ჩაგვეკეტა. რა რაოდენობით ღვინო გავიდა საექსპორტოდ 2009 წელს?

– 2009 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი 2008 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13 პროცენტითაა შემცირებული. სულ ექსპორტირებულია 10 მილიონი ბოთლი ღვინო, როდესაც ჩვენ მხოლოდ რუსეთში, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვამდე, 50 მილიონ ბოთლს ვყიდდით. ღვინის ექსპორტს 60 კომპანია ახორციელებს, საექსპორტო გეოგრაფია კი 50 ქვეყანას მოიცავს, თუმცა ღვინის პატარ-პატარა პარტიები გადის. მათ შორის, წამყვანი უკრაინაა და მისი წილი ჩვენი საექსპორტო ბაზრის 40 პროცენტს შეადგენს. ესე იგი, 4 მილიონი ბოთლი იყიდება უკრაინაში. რაც შეეხება არაყსა და კონიაკს: 2009 წელს სულ ექსპორტირებულია, დაახლოებით, მილიონი ბოთლი კონიაკი, ოღონდ ლაპარაკია ნახევარლიტრიან ბოთლებზე. პირველ ადგილზე ისევ უკრაინაა: მთელი ჩვენი საექსპორტოდ გასული კონიაკის 86 პროცენტი უკრაინამ შეისყიდა: 822 000 ბოთლი; მეორე ადგილზეა ისრაელი: 42 000 ბოთლი, მესამეზე – ყაზახეთი: – 27 000 ბოთლი. ამ ბოლო დროს დაიწყო ქართული ჭაჭის არყის გაყიდვა. ის შარშან პირველად გავიდა საექსპორტოდ და საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი ისრაელმა იყიდა.

– ბომბებს ხომ არ ამზადებენ?

– იქ საქართველოდან წასული ბევრი ადამიანი ცხოვრობს და, ეტყობა, მოენატრათ ქართული ჭაჭა. სულ 27 000 ბოთლი იყიდა ისრაელმა. ჭაჭის არყის ექსპორტის მხრივ მეორე ადგილზეა ყაზახეთი: 17 000 ბოთლი, მესამეზე – უკრაინა, მასაც, დაახლოებით, იმავე რაოდენობის ჭაჭა შეაქვს, რამდენიც ყაზახეთს. სულ ამ ბოლო პერიოდში 12 ქვეყანაში ექსპორტირებულია 74 000 ბოთლი ჭაჭა. ესეც კარგია, რადგან ადრე საექსპორტოდ მხოლოდ ღვინის ნაწარმი გადიოდა, ძირითადად, კახური ღვინოები და კონიაკი.

– იმპორტში როგორ გვაქვს საქმე?

– პირველ ადგილზეა ენერგომატარებლები: ნავთობი, ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი.

– ეს ბუნებრივია, როდესაც იმპორტში პირველ ადგილზე ენერგომატარებლებია?

– რადგან ჩვენ არ გვაქვს საკუთარი საბადოები, იძულებული ვართ, შევისყიდოთ ენერგომატარებლები. მე ვიცნობ ძალიან ბევრი ქვეყნის ექსპორტ-იმპორტს და, როგორც წესი, იმ ქვეყნებში, რომლებსაც ენერგოსაბადოები არ აქვთ, პირველ ადგილზე ენერგომატარებლების იმპორტია. იმპორტში მეორე ადგილზე მსუბუქი ავტომანქანებია, რომლებიც ექსპორტში მესამე ადგილს იკავებს, რადგან ძალიან ბევრს ვყიდულობთ და შემდეგ ნაწილს ვყიდით. მესამე ადგილზეა ფარმაცევტული საშუალებები. ჩვენ გაცილებით მეტ პროდუქციას ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. ჩვენთან დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ასეთ ქვეყანათა ათეულში მოვხვდით და ვართ მეექვსე ადგილზე. ჩვენთვის ნაცნობი ქვეყნებიდან ამ ათეულში მოხვდნენ: ლატვია, იქაც, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20 პროცენტია; სომხეთი, მაგრამ იქ ჩვენთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა – 4,5-პროცენტიც არ არის. ვითარებას ართულებს ინვესტიციების შემცირებაც: 2008 წელს საქართველომ პირდაპირი ინვესტიციების სახით მიიღო მილიარდ-ნახევარი დოლარი, 2009 წელს – ბევრად ნაკლები, 800 000 მილიონი, ესე იგი განახევრდა და ეს ძალიან ცუდია. ჩვენ ძალიან გვშველის, რომ აგვისტოს წაგებული ომის შემდეგ 4,5-მილირდიანი დახმარება მივიღეთ, მაგრამ ის გათვლილია სამ წელიწადზე და წელს მთავრდება.

– რამდენი დარჩა?

– გასარკვევია 600-700 მილიონის ბედ-იღბალი. 2010 წელს დიდი ინვესტიციების იმედი არ მაქვს, თუმცა ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, ორ მილიარდს მივიღებთო. ჩემი მონაცემებით, მილიარდსაც ვერ გადავცდებით. ამიტომ ასეთი თამამი განცხადებების კეთება ქვეყნის პირველი პირისგან მიუღებლად მიმაჩნია. თითქმის ყველა საერთაშორისო მონაცემს ვაგროვებ. მოდი, ვნახოთ, რას ვლაპარაკობთ და რა არის რეალურად: ამერიკული მშვიდობის ფონდისა და ჟურნალ „საგარეო პოლიტიკის“ ექსპერტებმა მსოფლიოს 177 ქვეყნის ქმედუნარიანობის მაჩვენებელი შეაფასეს. რეიტინგი სახელმწიფოების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისუსტის მიხედვითაა შედგენილი. ამ გლობალურ ინდექსში შეფასებულია მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებების მიერ სიტუაციის კონტროლის უნარი და საქართველო საფრთხეში მყოფი ქვეყნების სიაში მოხვდა. რეიტინგში პირველ ადგილზეა სომალი, მეორეზე – ზიმბაბვე, საქართველო კი 33-ე ადგილზეა. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ტაჯიკეთსაც კი ვუსწრებთ, ცუდი მაჩვენებლებით. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საგადასახადო სისტემების დონის რეიტინგით საქართველო 110-ე ადგილზეა, 2007 წელს კი ასმეორეზე ვიყავით. 2008 წლის მონაცემებით, ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში 141 ქვეყანას შორის საქართველო 39-ე ადგილს იკავებს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩვენზე წინაა ესტონეთი და ლიტვა. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 2009 წლის თებერვალში ჩატარდა, შეფასდა ქვეყნების მიმდინარე რეფორმები. საქართველო 90-ე ადგილით ჩამორჩენილი ქვეყნების რიცხვში მოხვდა. გვაქვს რაიმე სატრაბახო?! ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქვეყნების რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-15 ადგილზეა. ყველაზე საშიშ ქვეყნებად აღიარებულია: სომალი, შემდეგ – ავღანეთი, ერაყი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, პაკისტანი.

– ეს ამერიკის ფავორიტები რა სახიფათო ქვეყნების სიაში მოვხვედრილვართ?

– აი, ამ რეიტინგებს რომ გადახედავ, სატრაბახო არაფერი გვაქვს, გარდა 39-ე ადგილისა.

– ეს რითაა გამოწვეული, კანონმდებლობაა გამართული? ეკონომიკურად ვერანაირად ვერ ვიქნებით თავისუფალი, თუ ქვეყანაში საწვავისა და წამლების ფასს გავიხსენებთ?

– გაადვილდა საწარმოების შექმნის სქემა, ამას გარდა, კანონით ძალიან დიდი შეზღუდვები არ აქვს საქართველოს ეკონომიკას. კვლევა არ ითვალისწინებს იმას, რა ხდება კანონს მიღმა. ჩვენს კანონს რომ წაიკითხავ, დიდი შეზღუდვა არ არის და გადასახადებისადმი პროცენტული მიდგომაც საკმაოდ მისაღებია, თუნდაც, განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაშიც. ამიტომაც მოვხვდით 39-ე ადგილას. ისინი კანონის მიხედვით აკეთებენ შეფასებას. ამერიკულმა ორგანიზაცია „მშვიდობის ფონდმა“ ყველა ქვეყანა დაყო ოთხ კატეგორიად: იდეალური ვითარებაა 13 ქვეყანაში, საშუალო კატეგორიაში მოხვდა 32 ქვეყანა, გამაფრთხილებელ კატეგორიაში – 92, არშემდგარი ქვეყანა კი 38-ია და აი, ამ არშემდგარ ქვეყნებს შორის საქართველო 33-ე ადგილზეა. ესე იგი, ყველაზე ცუდ კატეგორიაშიც კი 33-ე ადგილზე ვართ. საინტერესოა, ვინ ლიდერობს იდეალურ ქვეყნებში: ჰოლანდია, ავსტრია, ავსტრალია, ლუქსემბურგი, კანადა, ახალი ზელანდია, დანია, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია. სხვათა შორის, საშუალო კატეგორიის 32 ქვეყანაში შედის: აშშ, იაპონია, საბერძნეთი, არგენტინა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ამ მეორე კატეგორიაში მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. საბჭოთა რესპუბლიკები, ძირითადად, გამაფრთხილებელ კატეგორიაში არიან: რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყირგიზეთი, ყაზახეთი. არშემდგარი ქვეყნების კატეგორიაში საქართველოს გარდა შევიდა: უზბეკეთი და ტაჯიკეთი. თვითონ გადაწყვიტეთ, გვაქვს თუ არა საქმე სატრაბახოდ?! ეს მონაცემები მე მაქვს და პრეზიდენტს არ დაუდებდნენ მაგიდაზე?!

– მას შემდეგ, რაც რუსული ბაზარი ჩაიკეტა, ქართულ ექსპორტში, ნაცვლად ღვინისა, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციისა, ლიდერობს ფეროშენადნობები, ოქრო და ავტომანქანების გადაყიდვა. რის ექსპორტი ჯობს ქვეყნისთვის?

– რუსეთში, ძირითადად, გადიოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. იქ შედიოდა ჩვენი ციტრუსის, ბოსტნეულის, ხილის, ღვინისა და მინერალური წყლების 70-80 პროცენტი. ეს დაახლოებით 250 მილიონის საქონელია, რაც ახლა განულებულია და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ვითარება გამოასწოროს. ჩვენ მაინც ძირითადად სოფლის მეურნეობაზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია. ჩაისა და ღვინის გარდა, საქართველო მილიარდ პირობით ქილა კონსერვს უშვებდა. დღეს იმის მეათედსაც ვერ ვაწარმოებთ. რატომ? ჩვენი მიწა გახდა უნაყოფო თუ წყალი არ გვაქვს? ეს იმის ბრალია, რომ სოფელი პირველი დღიდანვე მიგდებულია. ვამბობ და ათასჯერ გავიმეორებ: ჩვენ ვართ არა ინდუსტრიულ-აგრარული, არამედ აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანა. როდესაც ჩემს დროს მოვიწვიე უცხოელი სპეციალისტები, ყველა აღნიშნავდა, რომ ქვემო ქართლში უნოყიერესი მიწაა, ერბოსავით. თან საქართველოს არ აქვს იმდენი საშუალება, რომ ნიადაგში დიდი რაოდენობით სასუქი შეიტანოს და ამიტომ პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა. ევროპის ბაზარზე კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის სისუფთავეს. ასეთი პროდუქცია დაახლოებით 2,5-3-ჯერ მეტი ღირს. საქართველოს ხარისხითა და სისუფთავით შეეძლო ევროპული ბაზრის მოპოვება. რასაკვირველია, ფეროშენადნობები გვაქვს, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება, ძველი საბჭოთა ტერმინი რომ ვიხმაროთ, მანქანებით სპეკულაცია?! კი ბატონო, კარგია, რომ მოგება მოაქვს, მაგრამ ამაზე ქვეყნის მოგების გათვლა უპერსპექტივოა. ჩვენ არ გვჭირდება დიდი მრეწველობა, მაგრამ წელიწადში 300 000 ტონა ფოლადის გადადნობა გვჭირდება; ქარხანა გაქვს, გამოცდილი სპეციალისტები გყავს, მოთხოვნილება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პროდუქციაზე დიდია, რატომ მოსპე?! თბილისში გვქონდა მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ინსტიტუტი – „მიონი“, რატომ მოსპე?! ის ხომ გამოუშვებდა თანამედროვე ელექტრონიკის მაღალი დონის პროდუქციას, რომელიც ევროპულ ბაზარზეც კი გაიყიდებოდა?!

– ჩვენ ახლა ვუშვებთ მზარეულებს, რომლებსაც ჯერჯერობით მხოლოდ ხახვის დაჭრას ვანდობთ, იმიტომ რომ შეფ-მზარეულები ევროპიდან ჩამოგვყავს!

– ჩვენი პრეზიდენტი ხშირად უსვამს ხაზს საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს. მე მას არ ვეთანხმები. მართალია, ბუნებამ ყველაფერი მოგვცა ტურიზმის განსავითარებლად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ტურისტული ინდუსტრიის შექმნას დიდი დრო და დანახარჯები სჭირდება. მაღალრენტაბელური ტურისტის მოსაზიდად გჭირდება ენერგია, გვაქვს ეს ენერგია? არ გვაქვს. ამიტომ ნუ ვატყუებთ ხალხს, რომ საქართველოში ტურიზმი აგვავსებს, ვერ აგვავსებს! ევროპაში ერთ ტურისტზე თვეში 1 500 კილოვატი ელექტროენერგია იხარჯება, როდის გვექნება ჩვენ ამის საშულება?! როდესაც ამბობ, რომ ანაკლიასა და მესტიაში ტურიზმის ცენტრებს გააკეთებ, იმასაც ხომ ენერგია უნდა, რომელიც არ გაქვს?! რის ხარჯზეა დღეს განათებული რუსთაველის გამზირი?! ტრადიციულად ყველაზე დიდი მომხმარებელი ჩვენთან მრეწველობა იყო, მრეწველობა რომ ჩაკალი, პირველი მომხმარებელი გახდა მოსახლეობა და ქალაქის განათება. აბა, აამუშავე მრეწველობა, თუ გაანათებ ქალაქს?! ტურიზმს რით აამუშავებ?! საქართველოს იმის ნახევარი მრეწველობა რომ ჰქონდეს, რაც სოციალიზმის დროს ჰქონდა და ძვირად ღირებული ტურიზმი განავითაროს, დაგვჭირდება 20-22 მილიარდი ელექტროენეგია წელიწადში. დღეს გამოვიმუშავებთ 8-8,5 მილიარდს. ანუ ორი-სამი ახალი ენგურჰესი გვჭირდება. არადა ჩვენ ვაშენებთ საშუალო და პატარა ელექტროსადგურებს, ამით კი დიდ მოთხოვნებს ვერ დავიკმაყოფილებთ.


скачать dle 11.3