კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყნები გაერთიანდებიან ახალ კაპიტალისტურ „საბჭოთა კავშირში“ და რომელი სასამართლოსთვის აპირებენ რუსები სააკაშვილის, მერაბიშვილისა და უგულავას გადაცემას


უკრაინაში არჩევნები დასრულდა და, შეიძლება, ითქვას, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი უკვე უკრაინის პრეზიდენტია. ეს, შესაძლოა, იმასაც ნიშნავდეს, რომ რუსეთმა ამერიკას უკრაინა მოუგო. თუ გავიხსენებთ, რომ რფ-ში უფრო ენერგიულად ალაპარაკდნენ ქართველებისადმი სიყვარულზე, სავარაუდოა, რომ ჩრდილოეთში ახალ ტაქტიკურ სვლას ამზადებენ. ჩვენი რუბრიკის სტუმარია რფ-ის „დუმის“ წევრი სერგეი მარკოვი.


– რა ახალ სტრატეგიას მიმართავს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში უკრაინაში არჩევნების შედეგის გარკვევის შემდეგ?

– საქართველოსთან ურთიერთობა არ შეიცვლება, რადგან რუსეთი დარწმუნდა თავისი სტრატეგიის წარმატებულობაში. ჩვენ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრე ვართ. ამასთან, ჩვენ გამოვდივართ იმის გარანტად, რომ არ მოხდეს აფხაზებისა და სამხრეთელი ოსების გენოციდი. იმის შემდეგ, რაც სააკაშვილი გამოვიდა ყველა საერთაშორისო შეთანხმებიდან, რუსეთს არ დარჩა არანაირი იურიდიული საფუძველი, გარდა იმისა, რომ ეცნო აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“. რუსეთი ასევე გამოვა ინიციატორად, რომ დამყარდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, ერთი მხრივ, ქართველებს და, მეორე მხრივ, აფხაზებსა და სამხრეთელ ოსებს შორის. ჩვენს ამ მიდგომას გაგებით ეკიდება საერთაშორისო საზოგადოება და როგორც მე ვხედავ, ეს მიდგომა ესმით ქართველ საზოგადოებაშიც. ისინი ხვდებიან, რომ რუსეთი არ არის დამნაშავე სიტუაციის ასეთ ტრაგიკულ განვითარებაში და ამაზე პასუხისმგებელია საქართველოს მმართველი კლასი, რომელიც, სხვადასხვა დროს, აგრესიულ პოლიტიკას ატარებდა აფხაზებისა და ოსების მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ პირველად კოლონიური და სასტიკი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ოსების წინააღმდეგ; შემდეგ ასეთივე კოლონიური სადამსჯელო ოპერაცია აფხაზების წინააღმდეგ ჩაატარა მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და, ბოლოს, ასეთივე კოლონიური სადამსჯელო ოპერაციით დაასრულა მიხეილ სააკაშვილმა. მთელი პასუხისმგებლობა ამ ტრაგიკულ მოვლენებზე იმ პოლიტიკოსების კისერზეა. ყველაზე დიდი ქართველოფობები არიან ისინი, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილს. ჩვენ გვიყვარს ქართველები და დაველოდებით, როდის წავლენ ხელისუფლებიდან ქართველოფობები.

– რუსეთის სტრატეგიული კურსის წარმატებულობა რით დადასტურდა?

– მაგალითად, თქვენ ხედავთ, რომ საქართველოში იცვლება ნატოსადმი დამოკიდებულება. მთავარი კრიტერიუმი კი არის ის, რომ სამხრეთ კავკასიაში არის მშვიდობა და არავის ხოცავენ: არც ქართველებს, არც აფხაზებს, არც ოსებს. რუსი სამხედრო არის გარანტი იმისა, რომ მშვიდობა იქნება სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ამ ჩვენს ფუნქციას ვასრულებთ.

– რატომ ვერ ასრულებთ ამ ფუნქციას ჩრდლოეთ კავკასიაში? იქ რატომ არ არის რუსი ჯარისკაცი მშვიდობის გარანტი?

– ჩრდილოეთ კავკასიაში მიდის კონტრტერორისტული ოპერაცია. სადაც რუსი ჯარისკაცია, იქ არავინ იხოცება.

– როგორ არა! დაღესტანში ხომ არიან რუსი ჯარისკაცები, მაგრამ იქ ადამიანები მაინც იხოცებიან!

– დიახ, ხოცავენ ადამიანებს, მაგრამ, იქაც დავამყარებთ მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. რუს ჯარისკაცს არავისთან და არასდროს არ წაუგია ომი!

– მე არ ვაპირებდი ამ თემის წამოჭრას, თქვენ გახსენით და მე აგყევით. რით ხსნით იმას, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დაამყარეთ, ჩრდილოეთში – ვერა. ქართველებზე ბრძოლისუნარიანები არიან ჩრდილოკავკასიელები?

– არა, უბრალოდ, სამხრეთ კავკასიაში საქმე ეხება სახელმწიფოებს, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ლაპარაკია პარტიზანულ ფორმირებებზე, რადიკალურ ისლამისტებზე და მათთან ბრძოლა რთულია.

– მაგრამ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.

– ისინი არ არიან ლოიალურად განწყობილი რუსეთის ხელისუფლებისადმი, ფაქტობრივად, ისინი არიან ისლამისტური ინტერნაციონალის მოქალაქეები.

– რუსეთი არ დაუშვებს ოსებისა და აფხაზების გენოციდსო. ტალიავინის კომისიის დასკვნაში, რომელსაც თქვენ ხშირად იშველიებთ, ნათქვამია, რომ ქართველების ეთნოწმენდა მოხდა. ესე იგი, ქართველების ეთნოწმენდა დასაშვებია?

– ეს არ იყო ეთნოწმენდა. ეს იყო შურისძიების საკმაოდ ბარბაროსული აქტები ოსებისა და აფხაზების მხრიდან ქართველების მიმართ.

– ნათქვამია, რომ მოხდა ქართველების ეთნოწმენდა და რუსულ მხარეს არაფერი გაუკეთებია, რომ ეს გაეჩერებინა.

– იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ჩვენ ვერ შევძელით, გვემოქმედა ისე ოპერატიულად, როგორც უნდა გვემოქმედა.

– ველოდებით, როდის მიიღებს ქართველი საზოგადოება გადაწყვეტილებასო. რა გადაწყვეტილებას ელოდებით?

– ქართველი დამნაშავეები უნდა გადაეცენ სასამართლოს.

– რომელ სასამართლოს?

– ქართულ სასამართლოს. ესენი არიან: სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა. კიდევ ვინ არის?

– არ ვიცი.

– სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან მთავარი.

– არის მოსაზრება, რომ რუსეთი დიდად არ არის დაინტერესებული, რომ, იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს არიან, აღიარონ მათი დამოუკიდებლობა?

– რუსეთისთვის სულერთია, ცნობენ თუ არა.

– რატომ?

– თუ ცნობენ, ესე იგი, მხარს უჭერენ ჩვენს სიმართლეს; თუ არ ცნობენ, აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან რუსეთს.

– ანუ რუსეთი, ნებისმიერ შემთხვევაში, წაუგებელ თამაშს თამაშობს. თუკი რუსული ხელისუფლება დაიწყებს მოლაპარაკებას ქართველ პოლიტიკოსებთან…

– რუსეთის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო დიალოგი ქართველ პოლიტიკოსებთან და სხვა ჯგუფების მოზიდვაზეც ვიმუშავებთ.

– ჯერჯერობით მხოლოდ ნოღაიდელია. სანამ ამ საკითხზე გადავალთ, მინდა, დავასრულო ეს შეკითხვა. მეჩვენება, რომ ამ დიალოგით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს თავისი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას. თუ საქართველო იწყებს დიალოგს, უნდა ურთიერთობის ნორმალიზება, ესე იგი მორალურ ლეგიტიმაციას იღებთ?

– ჩვენ არ გვაქვს დიდი მორალური წინააღმდეგობები ამ საკითხთან მიმართებაში. რუსეთის მოქმედებები გამართლებულია და ამას მხარს უჭერს რუსეთის მოსახლეობის 99 პროცენტი, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა კი გაგებით ეკიდება.

– არ მგონია.

– ისინი ხომ დათანხმდნენ კვიპროსის თემას?! ესე იგი, ამაზეც დათანხმდებიან. მით უმეტეს, რომ იმ ველურებს, სააკაშვილსა და მერაბიშვილს, ხომ არ უნდა მივცეთ აფხაზები გასაგლეჯად?! მსოფლიოს უმეტესობა ამას ეთანხმება.

– არ ვიცი. რატომ ნოღაიდელი? ასე უბრალოდ ხვდება პუტინი ყველას, ვინც მასთან შეხვედრას მოისურვებს?

– რუსი პოლიტიკოსები უფრთხილდებიან საქართველოსთან ურთიერთობას, შეხვდებიან ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს და გვერდზე გადადებენ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ თემას. ყველა, ვინც ლაპარაკობს ახლა აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაზე“, არის ქართველი ხალხის მტერი. ეს სახელწოდებები უნდა დაივიწყოთ 20 წლით, იცხოვროთ ნორმალურად, განვითარდეთ. ჩვენ გვესმის, რომ საქართველო არ არის მზად „იუჟნაია ოსეტიასა“ და აფხაზეთის საღიარებლად. მაგრამ, დაივიწყეთ და 10-20 წლის შემდეგ დაიწყეთ ლაპარაკი არა საქართველოსა და აფხაზეთზე, არამედ ქართველებსა და აფხაზებზე. მათთან უნდა დაამყაროთ მშვიდობა. ისინი ქართველში არ უნდა ხედავდნენ თავხედ აგრესორსა და მკვლელს, როგორც დღეს ხედავენ სააკაშვილისა და მერაბიშვილის სახით. უნდა დავივიწყოთ ყველაფერი და რაღაცნაირად დავიწყოთ ცხოვრება, აბა, რა გავაკეთოთ?!

– საქართველომ 20 წლით დაივიწყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არსებობა და რუსეთი ამასობაში იმუშავებს, რომ ისინი აღიარონ?

– რუსეთი ამ საკითხზე არ მუშაობს.

– ვითომ ნაურუში იცოდნენ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არსებობდა?!

– მერწმუნეთ, რუსეთისთვის სულერთია.

– უკრაინაში იანუკოვიჩის არჩევას რა მოჰყვება?

– სააკაშვილის პროვოკაციის შემდეგ, როდესაც მან თავისი სპეცრაზმი გაგზავნა უკრაინაში, რომ არჩევნები ჩაეშალა, რა თქმა უნდა, ურთიერთობები შეიცვლება. უკრაინის ახალი ხელისუფლება დაინტერესდება, როგორ ხდებოდა საქართველოსთვის იარაღის უკანონოდ მიყიდვა.

– სხვათა შორის, მაშინ, როდესაც საქართველო უკრაინისგან ყიდულობდა იარაღს, პრემიერ-მინისტრი იანუკოვიჩი იყოო?!

– მე მგონია, რომ ეს ტყუილია და სააკაშვილისა და იანუკოვიჩის „შაშნებია“. მთავარია, რომ შეწყდება იარაღის მიყიდვა.

– კიდევ რა შეწყდება?

– შეწყდება სამხედრო დამნაშავეების მხარდაჭერა, რაც გააძლიერებს მათ იზოლაციას და დააჩქარებს მათ დამხობას.

– ელოდებით?

– დიახ, რა თქმა უნდა. იანუკოვიჩის ტაქტიკა ასეთია: მდინარის პირას ჯდომა და იმის მოლოდინი, რომ, ადრე თუ გვიან მდინარე მტრის გვამს ჩამოატარებს.

– გასაგებია, თუ პუტინი ელოდება ამას, მაგრამ, იანუკოვიჩისთვის რატომ უნდა იყოს ასეთი მოსისხლე სააკაშვილი?

– სააკაშვილი ისევე უტაქტოდ და თავხედურად ექცეოდა იანუკოვიჩს, როგორც პუტინს.

– მე ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ, იქნებ გამახსენოთ?

– თქვენ არ გინახავთ, როგორ ცდილობდა „ნაგადიტ იანუკოვიჩუ“ ამ დამკვირვებლებით?!

– რა უნდა გვეკეთებინა 2 000 დამკვირვებელს 50-მილიონიან უკრაინაში?

– იქ ყველაფერი ირყევა. ჩვენც ვფიქრობთ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ და ამას არც ჩვენ დავუშვებდით, მაგრამ, ის ხომ ცდილობდა, როგორც შეეძლო?! როგორ მოექცევა ამის შემდეგ იანუკოვიჩი მას? ის არასდროს შეხვდება სააკაშვილს.

– ანუ სავიზო რეჟიმი დაწესდება და უკრაინის ბაზარი დაიკეტება?

– დრამატული არაფერი მოხდება, არც სანქციები დაუწესდება საქართველოს, მაგრამ, არც კარგი მოხდება რაიმე. იქნება ცივი მშვიდობა.

– ტიმოშენკო ასე მშვიდად წავა ავანსცენიდან?

– ჩუმად არა, მაგრამ, წავა და ნელ-ნელა გადაეწყობა ახალ პრეზიდენტზე.

– ითანამშრომლებენ?

– იანუკოვიჩის ასარჩევია, ვისთან ითანამშრომლებს: იუშჩენკოსთან თუ ტიმოშენკოსთან. ერთ-ერთთან მოუწევს.

– იუშჩენკო არ არის ჩამოწერილი, როგორც პოლიტიკოსი?

– იმისთვის, რომ ტიმოშენკო ჩამოიშოროს, იანუკოვიჩს იუშჩენკოსთან თანამშრომლობა სჭირდება.

– და, რას მიიღებს ამით იუშჩენკო?

– მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა უნდა.

– ანუ, ის პრეტენზიები, რომლებიც მის მიმართ ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებას, წარსულს ჩაჰბარდა?

– არა, რას ამბობთ, ყველაფერი ძალაშია! იუშჩენკო ჩამოყალიბდა, როგორც რუსეთის, ყველაფერ რუსულის მტერი, რუსოფობი, პროვოკატორი, აკეთებდა ყველაფერს, რომ გაფუჭებულიყო ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ სიამოვნებით დავსვამდით მას ჩვენს საბრალდებო სკამზე, მაგრამ არ შეგვიძლია.

– ელოდებით, რომ უკრაინელი ხალხი დასვამს?

– რა თქმა უნდა. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით, რომ სააკაშვილი დაჯდება ქართულ საბრალდებო სკამზე, იუშჩენკო – უკრაინულზე, დიკ ჩეინი კი, რომელმაც ბრძანება გასცა „იუჟნაია ოსეტიაში“ ხოცვის დაწყებაზე – ამერიკულ საბრალდებო სკამზე.

– არ ეწინააღმდეგება ეს იმას, რაც თქვით, რომ იანუკოვიჩს მოუწევს იუშჩენკოსთან თანამშრომლობაო?

– უკრაინაში, ხომ იცით, როგორ ხდება? დღეს ითანამშრომლებენ, ხვალ იჩხუბებენ, ზეგ – მოსისხლე მტრები არიან.

– უკრაინის გაყოფის საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში?

– ეს საკითხი არასდროს მდგარა. ერთადერთხელ იდგა ეს საკითხი დღის წესრიგში – „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, მაგრამ იუშჩენკოს ეს რომ გაეკეთებინა, ამერიკული სპეცრაზმი, უბრალოდ, მოიტაცებდა მას, იმიტომ რომ, ამერიკელები არიან უკრაინის მთლიანობის გარანტები.

– რატომ?

– თუ უკრაინა გაიხლიჩება, მისი ორი მესამედი შევა რუსეთში, ამერიკელებს კი ეს არ უნდათ.

– იანუკოვიჩის გაპრეზიდენტება ნიშნავს, რომ უკრაინა დაბრუნდა რუსულ ორბიტაზე? მთელი და არა ორი მესამედი?

– უკრაინა არასდროს ყოფილა რუსულ ორბიტაზე. იანუკოვიჩი წარმოადგენს უკრაინის ეკონომიკურ ინტერესებს და, უკრაინული ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ითანამშრომლებს რუსულ ეკონომიკასთან. ეკონომიკურად უკრაინა დაინტერესებულია, რომ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან. პლუს ამას, უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა რუსეთს მოძმე სახელმწიფოდ მიიჩნევს და იანუკოვიჩი მათ ნებას გამოხატავს.

– ანუ, რუსეთმა მოუგო უკრაინა ამერიკას?

– არა, ამერიკამ მიატოვა უკრაინა. ამერიკელებს ბევრი პრობლემა აქვთ, არ უნდათ უკრაინის რჩენა, იქ რეფორმების გატარება. ამერიკელებს ძალიან ეშინიათ, რომ, ისეთი ეგზოტიკური პიროვნებები, როგორებიც არიან იუშჩენკო და ტიმოშენკო, შეიძლება, სააკაშვილის გზით წავიდნენ და ქვეყანა მიიყვანონ რუსეთთან ომამდე. შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილმა, თავისი ომით „იუჟნაია ოსეტიაში“, აიძულა ამერიკელები, მიეტოვებინათ უკრაინა და აიძულა მთელი დასავლეთი, უარი ეთქვა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე.

– უკრაინას რომ ნატოს სტანდარტები დაეკმაყოფილებინა, არ მგონია, სააკაშვილს შეეშალა ამისთვის ხელი.

– მერწმუნეთ, საქმე არ არის სტანდარტებში! თურქეთი, რა, აკმაყოფილებდა ნატოს სტანდარტებს, როდესაც ნატოში მიიღეს?!

– ეს დიდი ხნის წინათ იყო.

– მერე რა?! რა, ბალტიისპირეთის ქვეყნები დემოკრატიულები არიან?!

– უფრო, ვიდრე ცენტრალური აზიის ქვეყნები.

– შეიძლება, მაგრამ იქ იდეალური დემოკრატია არ არის.

– ბალტიისპირეთი თვითონ მიხედავს თავის დემოკრატიას. თუ უნდა დაივიწყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არსებობა, რატომ უნდა იმეგობროს საქართველომ რუსეთთან?

– ჩვენ გვიყვარს ქართველები.

– მესმის, მაგრამ, იცხოვრებს საქართველო როგორმე ამ სიყვარულის გარეშეც.

– თქვენ განა ცხოვრობთ?! თქვენ „ვიჟივაეტე“. საერთოდ, ჭკვიანები ერთიანდებიან, სულელები კი იშლებიან. ჩვენ ჭკვიანები ვართ და გაერთიანება გვინდა.

– თუ ქართველები ფიზიკურად განადგურდებიან, დაკარგავენ ტერიტორიებს, მოხდება მათი ეთნოწმენდა, ვის სჭირდება ასეთი გაერთიანება? ამას არ ჯობია „ვიჟივატ“?!

– საბჭოთა დროს საქართველო ყვაოდა. დღეს ყველამ უკეთ დაიწყო ცხოვრება, მხოლოდ მე და თქვენ ვცხოვრობთ ცუდად. აქედან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ: ისევ უნდა გავერთიანდეთ.

– ახალ საბჭოთა კავშირში?

– კაპიტალისტურ კავშირში.

– იქ მხოლოდ „ყოფილები“ ვიქნებით?

– ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და თურქეთი.

– თურქეთი რას ფიქრობს ამაზე?

– სხვადასხვანაირად: ვისაც კიდევ აქვს ევროკავშირის ილუზია, წინააღმდეგნი არიან, დანარჩენები – არა.

– რუსეთი რატომ მიილტვის მუსლიმანური სამყაროსკენ?

– იმიტომ, რომ მუსლიმანებს არ იღებენ ევროკავშირში.

– იმ პრინციპით ვხვდებით ჩვენც იმ კაპიტალისტურ კავშირში, რომ ევროკავშირში არ გვიღებენ?

– რა თქმა უნდა. იმათ, ვისაც არსად არ იღებენ, რაღაცნაირად ხომ უნდა იცხოვრონ?!

– რაში სჭირდება რუსეთს ისეთები, რომლებსაც არავინ არსად არ იღებს?

– ყველაფერი მარტივია – ჩვენ გვიყვარს ქართველები.

– მხოლოდ გეოპოლიტიკაა მიზეზი?

– რა თქმა უნდა, თქვენც კარგად იქნებით და ჩვენც. ჩვენ ველოდებით, როდის გამოგვიჩნდება პარტნიორი და როდის ჩამოაყალიბებს საქართველოს ხელისუფლება მკაფიო წინადადებებს თანამშრომლობის აღდგენაზე. ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ მონანიებას...

– მე მხოლოდ გისმენთ და არ შემოვდივარ პოლემიკაში, მაგრამ, საქართველოს რა აქვს მოსანანიებელი რუსეთის წინაშე?

– რომ დახვრიტა რუსი სამშვიდობოები.

– ქართველი სამშვიდობოებიც დახვრიტეს 7 აგვისტომდე, თუ, ეს არ ითვლება?

– ასეთი რამ არ ყოფილა.

– მოგაწოდებთ ამის დამადასტურებელ ფაქტებს და, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ ფაქტების ტალიავინის კომისიისთვის გადაცემა.

– გარდა რუსი სამშვიდობოების დახვრეტისა, საქართველომ დაარღვია სოჭის ხელშეკრულება, გააღვივა რუსოფობია, ისტორიის სახელმძღვანელოები სავსეა დამახინჯებებით, მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ მონანიებას, ჩვენ გვინდა ნორმალური ურთიერთობის აღდგენა. ეს უნდა ქართველ ხალხსაც, მაგრამ ამის უფლებას არ აძლევენ სამხედრო დამნაშავეები. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით, სანამ ქართველი ხალხი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

– მე დავბეჭდავ ამ თქვენს ინტერვიუს და მივცემ მკითხველს მასალას დასაფიქრებლად.


скачать dle 11.3