კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაუნადგურა ფრჩხილები სოფო ბედიას და რა დაუჯდა მას საშინელების ფასად


მომღერალი სოფო ბედია საკუთარ გარეგნობაზე ყოველთვის ზრუნავს, თუმცა ამისთვის დიდი დრო ნამდვილად არ სჭირდება.


სოფო ბედია: სანამ ბავშვი არ მყავდა, მანამდე უფრო მეტ დროს ვუთმობდი საკუთარ თავს, ვიდრე ახლა. ზოგადად, თავის მოსაწესრიგებლად მაქსიმუმ ოცი წუთი მჭირდება. ყოველთვის წინასწარ ვიცი, რა უნდა ჩავიცვა, თუმცა, ხანდახან ისეც ხდება, რომ რაღაცას ჩავიცვამ და მერე გადავიფიქრებ. მაკიაჟს ყოველთვის თვითონ ვიკეთებ.

– ძილის წინ ყოველთვის იშორებ მაკიაჟს?

– დიახ, სამედიცინო საპონი მაქვს და იმით ჩამოვიბან ხოლმე მაკიაჟს, მერე კი მკვებავ კრემს ვისვამ. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ძალიანაც რომ მეძინებოდეს, მაინც უნდა შევიდე აბაზანაში და სახე ჩამოვიბანო.

კოსმეტოლოგი არ მყავს, ძველ, ბებიების შემუშავებულ მეთოდებს მივმართავ ხოლმე. ძალიან კარგია გაზგასული, შემთბარი „ნაბეღლავის“ გამოყენება. თუ იმ მომენტში „ნაბეღლავი“ არ გაქვთ, კარგია სახის ჩამობანა ჯერ თბილი, და შემდეგ კი – ცივი წყლით. ასევე, კარგია გვირილის ნაყენის გამოყენება. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ხშირად მივმართავ ამ ყველაფერს, სახეც არასდროს გამიწმენდია. სახეც და, საერთოდ, მთლიანად კანი, ძალიან კარგ ფორმაში მაქვს და არ სჭირდება დიდი მოვლა.

– ნიღბებს ხმარობ?

– დიახ, თუმცა, ხშირად ვერ ვიცლი ამისთვის. ძალიან კარგია ზეითუნის ზეთისა და თაფლის ნიღაბი. ბავშვობაში მაქვს გაკეთებული, აი გარდატეხის ასაკი რომ გაქვს ახალი გადავლილი, მაშინ. მინდოდა, კანი უფრო კარგ ფორმაში მქონოდა, ამიტომ ერთმანეთში ვურევდი თაფლს, ზეითუნის ზეთს, ვიდებდი სახეზე და მერე ჩამოვიბანდი ხოლმე. ძალიან მომწონდა, უფრო რბილი ხდებოდა კანი.

– გიყვარს ექსპერიმენტები?

– დიახ, განსაკუთრებით – მაკიაჟზე. ადრე ცეკვაზე დავდიოდი, მაკიაჟის გაკვეთილებიც გვქონდა და, ერთხელ რომ გააკეთა მასწავლებელმა, ისე მალე ავითვისე, გაუკვირდა. მერე უკვე „ნუცას სკოლაშიც“ ვაკვირდებოდი ვიზაჟისტებს და ასე ნელ-ნელა ვისწავლე. რაც შეეხება თვალებს, რა ფორმითაც ახლა ვიხატავ, ეს ჩემი შემოქმედებაა, არავის უსწავლებია და ძალიან მომწონს. თმაზე კი, „ნუცას სკოლაში“ გავიკეთე მელირება. ერთხელაც გადავწყვიტე, თმა გადამეღება, არადა დილით ეთერი მქონდა. გამაღიავებელი საღებავი ვიყიდე და ჩემს ბიძაშვილს მივადექი – ჩემით მინდოდა, „ისკუსტვები“ აღმომეჩინა. დავიდე თავზე და ისეთი საშინელი ფერი გამოვიდა, ტირილი დავიწყე. ასე რომ ეს ყველაფერი ტირილისა და საშინელებების ფასად დამიჯდა. სხვა საღებავი ვიყიდე და მაშინვე გადავიღებე. ჩემი სტილისტი მყავს, რიჩი, ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ვენდობი და ნებისმიერ ვარცხნილობას ძალიან კარგად მიკეთებს.

– თმაზე იკეთებ ნიღბებს?

– დიახ, დაბანის შემდეგ ვიკეთებ რიჩის მოცემულ ნიღბებს. „ჯეოსტარზე“ ხან რა ფერის თმა მქონდა, ხან კიდევ რა ფერის და დამეწვა. ფრჩხილების პრობლემაც მაქვს – დაგრძელება გამიკეთეს და ისე გამინადგურდა, რომ საერთოდ არ ვხმარობ ლაკს, ლიმონით და იოდით ვმკურნალობ, რომ რაღაცას დაემსგავსოს.

– როდის გაგიჩნდა პირველად ინსტინქტი, რომ ქალი ხარ და რა გააკეთე?

– ბავშვობიდან მიყვარდა პრანჭიაობა, დედაჩემის კაბებს ვიცვამდი, ქუსლიან ფეხსაცმელს და დავდიოდი „პოდიუმზე“. დაბალქუსლიან ფეხსაცმელს იშვიათად ვიცვამ, თუმცა, მაქვს „გამონათებები“ და „ბალეტკებიც“ ჩამიცვამს. ბავშვობაში ძალიან მინიატურული, გამხდარი ვიყავი, სულ ვოცნებობდი, რომ სილამაზის კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ მამაჩემი იმდენად „აზიატი“ იყო, უარი მითხრა და ჩემს ოცნებას ასე გადაუსვა ხაზი. სკოლაში სახეზე ყოველთვის მსუბუქად ვისვამდი მაკიაჟს, მაშინ ეს ძალიან მოდაში იყო. მე და ჩემი ძმა სკოლაში ძალიან აქტიურები ვიყავით, მასწავლებლები დიდ პატივს გვცემდნენ. დამრიგებელი ცალკე გამომიყვანდა ხოლმე და მეუბნებოდა, სოფო, ისედაც ლამაზი ხარ, რად გინდა დატუშული წამწამებით რომ დადიხარო. მეც შევპირდებოდი, ასე აღარ მოვალ-მეთქი და მეორე დღეს მაინც რაღაცას ვისვამდი. ბოლოს მიხვდა, რომ ჩემს გაფრთხილებას აზრი აღარ ჰქონდა.

– როგორ უვლი სხეულს, კანს, თუ ხმარობ დუშ-გელებს, ბოდი-ლოსიონებს?

– დიახ, ვხმარობ დუშ-გელებს, ბოდი-ლოსიონებს, თუმცა, ბავშვის გამო, შეიძლება, მაკიაჟი მოვიშორო და სხეულისთვის ვერ მოვიცალო. მაქვს პერიოდები, როდესაც სხეულზე კრემებს ვისვამ, თუმცა დიდი დოზით არა.

– გიყვარს მასაჟები?

– ძალიან მიყვარს და ახლა მინდა, რომ გავიკეთო. ადრე წონაში მინდოდა დაკლება, ყველაფერს ვედებოდი და მასაჟებიც გავიკეთე. ახლა გავხდი და სხეულის გამამკვრივებელი თაფლის მასაჟების გაკეთებას ვაპირებ. მასაჟი საოცარი განტვირთვაა და კარგად ვისვენებ.

– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?

– ზამთარში უფრო ნეიტრალური სურნელის სუნამო მიყვარს – არც ტკბილი და არც ცივი. ზაფხულში აუცილებლად გრილი უნდა იყოს. ახლა ვხმარობ „ბულგარს“, მიყვარს „ივ სენ ლორანი“. საერთოდ, არ ვიცი სუნამოს ამოჩემება, თან, უფრო მეტად მჩუქნიან. დიდ ყურადღებას ვაქცევ მამაკაცის სუნამოს სურნელს, არის შემთხვევები, როდესაც ჩემი მეუღლის სუნამოსაც ვისხამ. როდესაც ჩემთვის სუნამოს ყიდულობს, მეც მივყვები, რომ უკეთესად შევარჩიოთ. მიყვარს, როდესაც ჩემს მეუღლეს კარგი სუნამო ასხია. მადლობელი ვარ, რომ ჩემი ქმარი ძალიან სუფთა, პეწიანია, ქალი არ იქნება ისეთი მოწესრიგებული, როგორიც ჩემი მეუღლეა.

– როდესაც ქალს გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავს, ეს მას სტიმულს აძლევს?

– ეს ყველაზე დიდი სტიმულია. შეყვარებულობის პერიოდში, თვალების გახელისთანავე მისთვის ვიპრანჭებოდი, მთელი საათი ვიდექი სარკის წინ. ქალი ყოველთვის უნდა იყო ფორმაში, მამაკაცისთვის მეუღლე ყოველთვის სასურველი და ახლის აღმოჩენა უნდა იყოს. ჯერჯერობით ამას ვახერხებთ, მერე – ვნახოთ.

რჩევა: მთავარია ქალი ბედნიერი იყოს. თუ ბედნიერი არ ხარ, რაც უნდა ბევრი კრემი და თავის მოვლის სხვა საშუალება იხმარო, ვერაფერს მიაღწევ. როდესაც ბედნიერი ხარ, მერე უნდა მოუარო კანს, როდესაც კანი ფორმაშია, შენც უკვე ფორმაში ხარ.


скачать dle 11.3