კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ გახდა სამტრედიელი „ჩალიჩა“ მილიონერი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

„ჩალიჩა“
სამტრედიელი მურაზ მიხელაშვილი 1930 წელს იყო დაბადებული. მეტსახელად მას „ჩალიჩას“ ეძახდნენ. მურაზის გონება ბავშვობიდანვე ფულის საკეთებლად იყო მოწყობილი. სწორედ ამიტომ ამბობდნენ: ეს ბიჭი ქვასაც კი წვენს გამოადენს და ამ წვენს კონიაკის ფასად გაყიდისო, რაც სიმართლესთან საკმაოდ ახლოს იყო. მურაზმა 1951 წელს წვენების ტექნოლოგის დიპლომი მიიღო და მოსკოვის ლიმონათის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის პერიოდი იყო და მცირე ეკონომიკური დანაშაულისთვის უმკაცრესად სჯიდნენ, მურაზმა ქარხანაში „ლევი“ (აღურიცხავი ლიმონათის გამოშვება დაიწყო და ძალიან დიდი მოგება რჩებოდა. წილს კი ოთხად „ტეხავდა“.  ამგვარად, „ჩალიჩამ“ დიდი ქონება იშოვა. მოსკოვის ცენტრში ბინა იყიდა. ძვირფასი, ანტიკვარული ავეჯი შეიძინა და ნაშოვნი ფულის 90 პროცენტი ოქროდ აქცია. თუმცა, 1957 წელს მისი ბინა გაქურდეს. საიდუმლო სამალავიდან ყველაფერი წაიღეს და „ჩალიჩა“, ფაქტობრივად, მშრალზე დატოვეს. ამას  ისიც დაერთო, რომ 1958 წლის დასაწყისში ლიმონათის ქარხანა შეამოწმეს და „ლევი“ საამქრო აღმოაჩინეს. მურაზს დასაჭერად ჰქონდა საქმე და 15-წლიანი პატიმრობაც გარანტირებული ჰქონდა. ამიტომ „ჩალიჩამ“ მოსკოვური ბინა და ავეჯი გაყიდა. ფული გამომძიებელს ჩაუთვალა, საქმიდან თავი დაიძვრინა და მშობლიურ ქალაქში – სამტრედიაში დაბრუნდა.
თამბაქოს მეფე
მალე მურაზი თბილისში ჩავიდა და თამბაქოს ფაბრიკაში უბრალო მუშად მოეწყო. თუმცა, სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ მურაზმა იგივე საქმე დაატრიალა, როგორიც მოსკოვის ლიმონათის ქარხანაში. „ჩალიჩამ“ თამბაქოს წარმოება გააორმაგა – პროდუქციაში ჩალასა და სხვა გამხმარ ფოთლებს ურევდა. მომწოდებლისგან გაორმაგებულ სიგარეტის შესაფუთ საშუალებებს (კოლოფებს) იღებდა და „ლევ“ საქონელს ამიერკავკასიისა და სამხრეთ რუსეთის სხვადასხვა სავაჭრო ქსელში უშვებდა. „ჩალიჩა“ სულ მალე ამიერკავკასიის თამბაქოს მეფე გახდა და იმაზე ბევრად მეტი ქონება იშოვა, ვიდრე ლიმონათში. მურაზი ფულის უდიდესი ნაწილით კვლავ ოქროსა და ძვირფას ქვებს ყიდულობდა და თავის საყვარელთან, ალა ჯაჯანაშვილთან ინახავდა, რომელიც ვერაზე ცხოვრობდა. თუმცა, 1963 წელს ალა თავის ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში გაემგზავრა და იქ დარჩა. რა თქმა უნდა, მურაზის ქონებაც ხელს გააყოლა და 33 წლის „ჩალიჩა“ უკვე მეორედ დარჩა ცარიელ-ტარიელი.
„სროკზე“
მეორედ გაკოტრებული „ჩალიჩა“ გამდიდრების ახალ გზებს ეძებდა და ამან ის ბრილიანტებით მოვაჭრეებთან მიიყვანა. თუმცა, მურაზს ისევ არ გაუმართლა და ის 33 წლის ასაკში ციხეში მოხვდა. ამჯერად „ჩალიჩას“ თავის დასახსნელი ფული არ ჰქონდა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობაში მურაზმა მხოლოდ 2 წელიწადი გაატარა. დანარჩენი 3 წელიწადი კი მას თავისუფალ პატიმრობაში უნდა გაეტარებინა და ემუშავა. „ჩალიჩა“ ჩრდილო კავკასიაში, მინერალური წყლების ჩამომსხმელ ქარხანაში გაამწესეს ექსპედიტორად. მურაზი ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში სხვადასხვა პროდუქციას აცილებდა ან რკინიგზით, ან სატვირთო მანქანებით და მთელი მისი სამუშაო სულ ეს იყო. ჭამა-სმა და საცხოვრებელი მას უფასო ჰქონდა და იმდენსაც აძლევდნენ, რომ სიგარეტზე ჰყოფნოდა. თუმცა, მურაზ მიხელაშვილი რის „ჩალიჩა“ იქნებოდა, რომ „სროკზეც“ არ „ეჩალიჩა“. მურაზმა თავის მეწყვილესთან ერთად, ქალაქ ესენტუკის ერთ-ერთ სამკურნალო წყაროს მილი შეუერთა და „ლევ“ წყალს იღებდა. შემდგომ მას ბოთლებში დაგაზულს ასხამდა და ცენტრალურ რუსეთში გზავნიდა დიდ პარტიებად. პატიმრობის ვადა რომ გაუვიდა, „ჩალიჩა“ ესენტუკში დარჩა. თავისი „ლევი“ ბიზნესი მნიშვნელოვნად გააფართოვა და 1975 წლისთვის უკვე საკმაო კაპიტალი დააგროვა.
ოფიციალური მილიონერი
მურაზმა ჩრდილო კავკასიაში ძალიან დიდი სანაცნობო წრე გაიჩინა და სტავროპოლის მხარის პირველი მდივნის ცოლს, რაისა ტიტორენკოს დაუახლოვდა. მისი მეუღლე კი – მიხეილ გორბაჩოვი იყო. რაისა მაქსიმოვნას ხელშეწყობით „ჩალიჩამ“ სტავროპოლის ოლქში არალეგალური საწარმოების ქსელი ჩამოაყალიბა. იქ  მზადდებოდა სხვადასხვა პროდუქცია – დაწყებული ცელოფნის პარკებიდან, ხალიჩებით დამთავრებული. ეს პროდუქცია შემდგომ საბჭოეთის სხვადასხვა რეგიონში იგზავნებოდა და „ლევი“ შემოსავლისგან მიღებული ფული არა მარტო ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელობაში, არამედ მოსკოვშიც იგზავნებოდა. რაისა მაქსიმოვნასთან კი სხვადასხვა ძვირფასი საჩუქრები მიჰქონდა. „ჩალიჩა“ იატაკქვეშა მილიონერი იყო. ხოლო როდესაც გორბაჩოვი მოსკოვში გადაიყვანეს და ოდნავ მოგვიანებით მან „პერესტროიკა“ დაიწყო, მურაზ მიხელაშვილი უკვე ოფიციალური მილიონერი გახდა. 1990 წლის ნოემბერში, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე ძალიან მცირე დრო იყო დარჩენილი, „ჩალიჩა“საცხოვრებლად თავის ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში გაემგზავრა და იქ დიდძალი ქონება ჩაიტანა.
მურაზ მიხელაშვილი  2014 წელს 84 წლის ასაკში ქალაქ თელ-ავივში გარდაიცვალა.


скачать dle 11.3