კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რატომ ქილიკობდნენ მოსკოვში მიხეილ ჭიაურელის ფილმებზე და რა ხუმრობისთვის გადაურჩა ის გაციმბირებას

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  მიხეილ ჭიაურელის იუმორზე საბჭოთა კავშირში ლეგენდები დადიოდა. იგი თავად იგონებდა ანეკდოტებს, მღეროდა, გიტარაზე უკრავდა და სახელგანთქმული თამადა იყო. უყვარდა მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება. 40-იანი წლების მიწურული იყო. ჭიაურელმა შეიტყო, რომ მოსკოვში, სასტუმრო „უკრაინაში“, სადაც თავისი პირადი ნომერი ჰქონდა, დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის, ჯავაჰარლალ ნერუს ვიზიტისთვის ემზადებოდნენ. მოიცვა ზოლიანი მაისური, ქურთუკზე თავისი ორდენები დაიმაგრა და, რაც მთავარია, თეთრ შარვალში გამოეწყო, ისეთში, ჩვენში „ნიფხავს“ რომ ეძახიან. სასტუმროს ჰოლში ყველამ იფიქრა, რომ ეს ნერუ იყო. „კაგებეს“ აგენტები გაოცებას ვერ მალავდნენ: როგორ მოაღწია მან სასტუმრომდე, როცა აეროპორტში არავინ დახვედრია? სტალინის ეპოქაში ასეთი ხუმრობისთვის ადამიანს აუცილებლად ციმბირში გადაასახლებდნენ, მაგრამ ჭიაურელს ამას ვინ გაუბედავდა – იგი ხომ ბელადის საყვარელი რეჟისორი, უფრო მეტიც, მისი „პირადი რეჟისორი“ იყო, თუმცა მოგვიანებით მაინც გადაასახლეს... და არა ამ ხუმრობისთვის (წყარო: „რადიო თავისუფლება“): სტალინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვმა ბრძოლა გამოუცხადა ყველას, ვინც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „პიროვნების კულტს ქმნიდა“. ჭიაურელის გადასახლება ოფიციალურად იმით ახსნეს, რომ სვერდლოვსკში, სადაც ახალი კინოსტუდია გაიხსნა, პროფესიონალი რეჟისორები სჭირდებოდათ. ამბობენ, რომ თავდაპირველად ჭიაურელმაც დაიჯერა, რომ ურალში სამუშაოდ უშვებდნენ. მაგრამ როცა მისი ფილმები „ფიცი“, „ბერლინის აღება“, „დაუვიწყარი 1919 წელი“ აიკრძალა, ნათელი გახდა, რომ მიხეილ ჭიაურელი, უბრალოდ, კინოს ჩამოაშორეს. 1956 წელს იგი თბილისში ბრუნდება და „ოთარაანთ ქვრივს“ იღებს. ცდილობს, არ გამოხატოს გაღიზიანება იმის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში. უფრო მეტიც, ასრულებს მუშაობას აბსოლუტურად კონიუნქტურულ ფილმზე „გენერალი და ზიზილები“, რომელშიც, ერთი მხრივ, მხარდაჭერას უცხადებს ხრუშჩოვის საერთაშორისო პოლიტიკას, მეორე მხრივ, თავისი საყვარელი მოტივის ერთგული რჩება – კვლავაც ქმნის მტრის ხატს დასავლეთისგან. თუმცა მოსკოვში ჭიაურელს უკვე აღარავინ აღიქვამს სერიოზულად – ახალი თაობა მის „სტალინურ ფილმებზე“ ქილიკობს. ეს – მოსკოვში. თბილისში კი მას ისევ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. რაც ყველაზე უფრო საგულისხმოა, ჭიაურელი უყვარს 60-იანელთა თაობასაც. ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლში, ფიქრის გორაზე, მუდმივად იკრიბებიან ახალგაზრდები – სტალინის საყვარელი რეჟისორი მათ, ამჯერად ბევრად უფრო თავისუფლად, 30-40-იანი წლების კრემლის ისტორიებს უყვება. მან უკვე კარგად იცის, რომ ის დრო აღარ დაბრუნდება.
  1964 წელს ჭიაურელი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს – მუშაობას იწყებს მუსიკალურ კომედიაზე, რომელშიც გადაიღებს როგორც ქართული კინოს კლასიკოსებს – უფროსი თაობის წარმომადგენლებს, იმათ, ვინც „სტალინური ესთეტიკის“ დამკვიდრებას შეუწყო ხელი ქართულ კინოში, ასევე ახალგაზრდებს, იმათ, ვინც დაანგრიეს ეს ესთეტიკა. 1965 წელს თბილისში ტრიუმფით შედგა პრემიერა ფილმისა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. მაგრამ მოსკოვი დიდხანს არ იღებდა ფილმს. ეს იყო იშვიათი შემთხვევა საბჭოთა კინოს ისტორიაში, როცა „რესპუბლიკური პრემიერის“ შემდეგ მთელი სამი წელი გავიდა, სანამ სურათი საკავშირო ეკრანზე გამოვიდოდა. არ არის გამორიცხული, რომ ცენზურა ფილმის საკავშირო პრემიერას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ჭიაურელის მტერი – ნიკიტა ხრუშჩოვი 1968 წელს უკვე მოხსნილი იყო. რა თქმა უნდა, ჭიაურელის ამ კომედიაში, რომელსაც ავქსენტი ცაგარლის ამავე სახელწოდების პირველი პიესა დაედო საფუძვლად, არაფერი იყო ისეთი, რაც კომუნისტური ეპოქის იდეოლოგთა ეჭვს გამოიწვევდა. მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველოში „გიორგობისთვეს“ და „არაჩვეულებრივ გამოფენას“ იღებდნენ. ნათელი იყო მხოლოდ ერთი რამ – ჭიაურელი თავის თავს არ ღალატობდა: სტალინის ფიგურას თითქოს ჩაენაცვლა აკაკი ხორავას ყარაჩოხელი – გოლიათი კაცი, რომელიც ფილმში ყველაფერს აგვარებს – სტალინური კლასიციზმის ეს
თავისებური გადმონაშთი, რომლის მიმართ მიხეილ ჭიაურელის სიმპათია აშკარაა. მოულოდნელად აღორძინდა სტალინის ეპოქის ფილმების ესთეტიკაც – სურათოვანი კადრები, სტატიკური და კარგად გათვლილი კომპოზიციები, შუქ-ჩრდილისა და ფერის მკვეთრი კონტრასტები – სწორედ ის, რაზეც ქილიკობდა ახალი თაობა, რაზეც ქილიკობდნენ „კვაზიდოკუმენტური სტილის“ მქადაგებლები, მაგრამ ჭიაურელის ახალ ფილმზე საქართველოში არავინ იქილიკა. კი, ინტელექტუალებისთვის, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ „ოპერეტა“ იყო, მაგრამ ისინიც კი გაოცებულნი იყვნენ მსახიობების თამაშის ბუნებრიობით, სხარტი დიალოგებით, ცოცხალი ხასიათებით.
  არჩილ გომიაშვილი კინოში თავის ამ დებიუტს საუკეთესო როლად მიიჩნევდა. სოფიკო ჭიაურელი ხშირად, სწორედ, ამ ფილმში განსახიერებულ როლს იხსენებს ნოსტალგიით... 1968 წელს „განთიადის მომღერალი“ გადაიღო, ხოლო 1969 წელს – მულტფილმი, ისევ ძალიან მრავალმნიშვნელოვანი სათაურით – „როგორ ასაფლავებდნენ თაგვები კატას“... რუსეთში მიიჩნიეს, რომ მიხეილ ჭიაურელი აქ პეტრე პირველის დაკრძალვას გულისხმობდა. თუმცა ყველამ, ვინც მეტ-ნაკლებად ახლოს იცნობდა მიხეილ ჭიაურელს, იცოდა, რომ სტალინის საყვარელი რეჟისორი აქ თავისი საყვარელი ბელადის დაკრძალვას გულისხმობდა. მას სიცოცხლის ბოლომდე სწამდა, რომ ქვეყნის ხსნა მხოლოდ გოლიათებსა და მხოლოდ ბელადებს შეუძლიათ.
„გიორგი სააკაძე“  
ცნობილია, რომ 1941 წლის ნოემბრის დასაწყისში სტალინმა თბილისიდან გამოუძახა ჭიაურელს და დაავალა, სასწრაფოდ დაეწყო ფილმის გადაღება. ეს ამბავი იმ დროს ხდება, როდესაც გერმანელ ფაშისტთა ჯარები კრემლის თაღებიდან მხოლოდ 40 კილომეტრის დაშორებით იდგნენ. სტალინი ფილმის გადაღებას დაუყოვნებლივ, ექვს თვეში მოითხოვდა, რადგან ჯარისკაცთა სამხედრო, პოლიტიკური და პატრიოტული სულისკვეთების საგრძნობლად ამაღლების საქმეში მას დიდი როლი უნდა ეთამაშა. ჭიაურელი გაცილებით მეტ დროს ითხოვდა. არადა, სტალინმა ჭიაურელს აღუთქვა ყოველგვარი დახმარებით უზრუნველყოფა, რაც კი საჭირო იქნებოდა ფილმის დროულად და მაღალმხატვრულ დონეზე გადაღებისთვის. მართლაც, ფილმი „გიორგი სააკაძე“, რომელსაც საკმაოდ დიდი სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, რეკორდულ დროში შეიქმნა. იმ დროს ამ ფილმით ხალხს ჩაუსახეს რწმენისა და მტერზე გამარჯვების იმედი. ფილმს, რომელიც ორ სერიად გადაიღეს, პირველი ხარისხის სტალინური პრემია მიენიჭა. ალბათ, საინტერესო იქნება, მოვიყვანოთ ცნობილი ჟურნალისტის, ჰენრიხ ბოროვიკის მიერ გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოში“ (5, 2007 წელი) გამოქვეყნებული ნარკვევის მოკლე შინაარსი, სადაც მოთხრობილია სტალინისა და ჭიაურელის ურთიერთობაზე. ბოროვიკი გაზეთის მკითხველებს უამბობს, თუ როგორ შექმნა ჭიაურელმა არაჩვეულებრივი მხატვრული ფილმები: „უკანასკნელი მასკარადი“, „გიორგი სააკაძე“, ხოლო ომის შემდეგ „ფიცი“ და „ბერლინის დაცემა“. ორ უკანასკნელ ფილმზე ბოროვიკი სარკაზმით ამბობს, რომ იქ მთავარ გმირად გამოყვანილია „ყველა ხალხის ბელადი“ სტალინი, რომლის როლს განუმეორებელი მიხეილ გელოვანი თამაშობდა.
ბოროვიკის აზრით, სტალინის გარდაცვალებისა და მეოცე ყრილობაზე ხრუშჩოვის გამოსვლის შემდეგ, ჩვენმა მუდამ მოწინავე ინტელიგენციამ, უნდოდა, რა, ეპოვა პასუხი კითხვაზე – „ვინ არის დამნაშავე?“ დაიწყო მიხეილ ჭიაურელის განსჯა, რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი დამნაშავე სტალინის პიროვნების კულტის აღზევებაში, რომ მან მიიღო მრავალი ჯილდო და ის სტალინის დროს კარგად ცხოვრობდა. არადა, მან ძალზე ნათელი კვალი დატოვა საბჭოთა კინემატოგრაფიაში. იყო რა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მას ექვსჯერ ჰქონდა სტალინური პრემიის ლაურეატის წოდება მინიჭებული. ბოროვიკი არ აზუსტებს, ვინ რა წვლილი შეიტანა პიროვნების კულტის ჩამოყალიბების საკითხში და ტენდენციურად ამბობს, რომ ჭიაურელი მძიმედ განიცდიდა შევიწროებას და თავს ვერ იცავდა. ბოროვიკი განაგრძობს და გვამცნობს, რომ თურმე, ერთხელ საკმაოდ გვიან, თითქმის შუაღამისას, სტალინმა სტუმრად მიიწვია კინორეჟისორი და წინადადება მისცა, სხვადასხვა საკითხზე ესაუბრათ, თან ჭადრაკიც ეთამაშათ. ბოროვიკი თან გვაფრთხილებს, რომ სტალინი ჭადრაკს არცთუ ისე კარგად თამაშობდაო. ჭიაურელი ღელავდა, მთელი ღამე ნერვიულობაში გაუტარებია და საერთოდ არ უძინია, დილით ადრე კი ჩაუცვამს და სტალინთან გამომშვიდობების გარეშე წასულა. იმ ღამის განცდების შესახებ მან მერე მეგობრებს უამბო და მწარე ღიმილით დაამატა: „ისინი კი ამბობენ, რომ სტალინის დროს მე მშვიდად ვცხოვრობდი!“ ბოროვიკი თავის პასკვილში გვიყვება ჭიაურელის „საშინელ“ განცდებზე, მის შიშსა და ფსიქოლოგიურ შოკზე და აღნიშნავს, რომ სტალინმა ყველაფერი გააკეთა მის შესაშინებლად და დასათრგუნადო.
скачать dle 11.3