კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რუსა მორჩილაძე: ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ გარდაცვალების არ მეშინოდეს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი ცხოვრება ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება. ის უკვე 4 000-ზე მეტი სიმღერის ავტორია და მის სიმღერებს ქართული შოუ-ბიზნესის არაერთი ვარსკვლავი ასრულებს.
რუსა მორჩილაძე: სიმღერა ბავშვობიდან ჩემი მთავარი გატაცება იყო. ეს ისტორია ოჯახიდან იწყება. ჩვენთან ყველა მღერის და როგორც დედა ამბობს, ერთი წლის ვიყავი, როცა უკვე ვღიღინებდი. ჩემი გატაცება მალე პროფესიად იქცა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა გარდა იმისა, რომ ვმღეროდი, გაუცნობიერებლად, პიანინოსთან მივდიოდი და ერთი თითით მელოდიებს ვაწყობდი. სკამზე დაჯდომა რომ შევძელი, უკვე ორივე ხელს ვიყენებდი, რაც ჩემთვის არავის უსწავლებია და ყველა ხვდებოდა, რომ ეს იყო ჩემი მთავარი ნიჭი. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და მასწავლებლები სხვადასხვა რჩევებს მაძლევდნენ მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის მთავარი მუსიკა იყო. ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო საგნებიც მიყვარდა, თუმცა მუსიკას ვერაფერი შეედრებოდა.
  ექვსი წლის ვიყავი, როცა ნათესავებისა და ოჯახის გარდა პროფესიონალმა პედაგოგმა მომისმინა და დედას უთხრა, ეს ბავშვი მომეცითო – ეს იყო მორის მარიამული. ის ჩემი პირველი პედაგოგია, რომელმაც სცენაზე სიმღერა დამაწყებინა. თქვა, ამას ვინც შეუყვარდება, სიცოცხლის ბოლომდე ეყვარება, ისეთი გრძნობით მღერისო. იქიდან დაიწყო ჩემი სასცენო მოღვაწეობა: სასკოლო ოლიმპიადები, ფესტივალები, კონკურსები. ძალიან ცნობილი ბავშვი გავხდი და თუ სადმე სტუმარი იყო ჩამოსული, ევროპიდან თუ რუსეთიდან, ყველგან მამღერებდნენ. სამთავრობო კონცერტებზე ვსაუბრობ და სულ სალაპარაკო თემა იყო, ეს პატარა გოგო როგორ მღერისო. შემდეგ ჩემმა ბიძამ – ომარ კელაპტრიშვილმა წამიყვანა ხალხურ საკრავთა ორკესტრში. ეს ადამიანი იყო მთავარი ავტორიტეტი ჩემთვის. მეუბნებოდა, რომ საესტრადო სიმღერებისთვის თავი უნდა დამენებებინა. უნდოდა, ფოლკლორისტი გამოვსულიყავი, რადგან ხალხური სიმღერები ძალიან კარგად გამომდიოდა და მისი დამსახურებაა, რომ ჩემთვის ეს მიმართულება ძალიან მშობლიურია. შემდეგაც ჩემმა ფანტაზიამ თავისი გააკეთა, სიმღერების წერა მომინდა და თანამედროვე მუსიკისაკენ გადავიხარე.
– მიუხედავად მუსიკისადმი ასეთი დამოკიდებულებისა, ბავშვობაში უამრავ წრეზე დადიოდით.
– ნამდვილად. ძალიან აქტიური ვიყავი, ხშირად სახლში ვერც ვსადილობდი და შუალედებში მე და დედა კაფეში ვისხედით ხოლმე. ძალიან აქტიური დედა მყავს და უნდოდა, ყველაფერი მომესწრო. მთელი ჩემი ცხოვრება მისი დამსახურებაა. რომ გავიზარდე, ვფიქრობდი, რომ მუსიკას თავის ადგილი ექნებოდა და თეატრალურში ჩაბარებაც მოვინდომე, რადგან არტისტობაც გამომდიოდა. მაგრამ დედამ „ისეთი ჩამიტარა“, რომ ეს ნაბიჯი ვეღარ გადავდგი (იცინის). საერთო ჯამში, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი.
– იმ პერიოდში აცნობიერებდით, რა ხდებოდა თქვენს თავს?
– არა და ვერც ახლა ვაცნობიერებ. უბრალოდ, ღმერთს დიდი მადლობა, ამ ტალანტისთვის და სასიამოვნო ნიჭისთვის. თუმცა, არც ახლა ვგრძნობ, რომ რამით განვსხვავდები სხვისგან. ზოგს მათემატიკის ნიჭი აჩუქა უფალმა, მე მუსიკის მერგო წილად, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ, რადგან სირთულეების მიუხედავად, ძალიან სასიამოვნო პროფესიაა.
– რისი დამსახურებაა, რომ ბავშვობიდან დღემდე არ კარგავთ აქტუალობას და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განიცდის მცირე თუ ხანგრძლივ პაუზას, მსგავსი გამოცდილება თქვენ არ გაქვთ.  
– მართალია, პაუზა არ მაქვს. „მუსიკალური შიმშილი“ მთელ მსოფლიოშია და ზოგადი პაუზის შესახებ ჩემთვისაც უკითხავთ, მაგრამ პრაქტიკულად, მე არ გავჩერებულვარ, თუ ჯანმრთელობის ან, მაგალითად, ამ პანდემიის მსგავსი გლობალური პრობლემა არ შემიშლის ხელს. მე ვმუშაობ თეატრთან ერთად, ბევრმა იცის სპექტაკლები „გაყრა“ და „შეყრა“, რომელიც მუსიკალურად ძალიან დატვირთულია. მათზე მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რასაც ნამდვილად ვერ მოვიკლებდი ჩემს დოისთან ერთად. ყველაფერი უფლის წყალობით ხდება. მე საერთოდ არ ვარ განსაკუთრებულად მონდომებული ადამიანი – შეიძლება, კვირაობით სახლში ვიყო და გარეთ არც გავიხედო. გამორიცხულია, ვინმეს ინიციატივებით მივმართო, მაგრამ ისე აეწყო, რომ ჩემსა და ჩემს მეგობრებს შორის კარგი თანხვედრაა. ამ ეტაპზე კონკრეტულად დათო დოიაშვილზე ვსაუბრობ. ის არ მაძლევს ხოლმე დაპაუზების საშუალებას თეატრთან მიმართებაში. თვითონ მომღერლებიც, ადამიანები, ვისაც ჩემთან თანამშრომლობის სურვილი აქვთ, არ მაძლევენ მოდუნების უფლებას, თორემ მე თვითონ არ ვარ აქტიური.
– რეკორდსმენი ხართ, 4 000 სიმღერა გეკუთვნით, შეიძლება, მეტიც. პრაქტიკულად როგორ ხდება ეს ყველაფერი?
– აღარ მინდა ამის დაკონკრეტება, იმიტომ, რომ ეს არანორმალური ციფრია. თავიდან, წერა რომ დავიწყე, ვერც ვაცნობიერებდი, რომ სადაც უნდა ვყოფილიყავი, იქნებოდა ეს სამზარეულო, აბაზანა, ეზო თუ ასე შემდეგ, ყველგან რაღაცას ვღიღინებდი, მერე გიჟივით შევვარდებოდი ოთახში და ვიწერდი. ძილშიც იმავე მდგომარეობაში ვიყავი, უცებ ვიღვიძებდი და ვწერდი. დღეში შეიძლება, სამი სიმღერა დამეწერა. ეს ნამდვილად არ არის ნორმალური. თუმცა, მერე ასე აღარ იყო. თუ დოისნაირი ნიჭიერი ადამიანი დამიკავშირდება, მაშინ „ვინთები“, მაგრამ შემოქმედებითად უინტერესო ადამიანი, ასე ვერ მოქმედებს ჩემზე. ხელოვანი უნდა „აენთო“ და ამისთვის თანამშრომლობის დროს შენნაირი შეგრძნებების ადამიანი გჭირდება. ხელოვანი ადამიანები მართლა არ არიან ჩვეულებრივები და სტანდარტულები. ძალიან ვცდილობ ხოლმე, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ, რომ ჩემი ემოციებიდან გამომდინარე, ადამიანებთან სტანდარტული ურთიერთობები არ მაქვს. შეიძლება, პატარა რაღაცაზე ისე ვიტირო, რომ თავი მოვიკლა და ასევე, პატარა რაღაცამ შეიძლება უზომოდ გამაბედნიეროს. ეს მკლავს და მანგრევს.
– მერიის მრჩეველი ხართ და როცა დიდ კულტურულ ღონისძიებებს ეხება საქმე, ბევრ რამეს სწორედ თქვენ განსაზღვრავთ. ამას ხშირად მოჰყვება უკმაყოფილება შემსრულებლების მხრიდან, საუბრები დაბლოკვებზე და ასე შემდეგ.
– მე ვარ ადამიანი, რომელიც სხვებს ეხმარება იმაში, რომ პოპულარულები და წარმატებულები გახდნენ და არა ხელისშემშლელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემ მიმართ პრეტენზიის გამოხატვა დიდი უსამართლობაა, იმიტომ, რომ სწორედ ის ადამიანები მოიქცნენ ასე, რომლებიც  სცენაზე  ზუსტად მე დავაყენე. თუმცა, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებზე ვსაუბრობ და ცხადია, არა ყველაზე. ამას პირველად ვამბობ, მათგან მადლობა არ მიმიღია, პირდაპირ გულისწყრომა გამოხატეს და დანარჩენი თავად განსაჯეთ. თუმცა, პასუხს ამაზე, რასაკვირველია, არავის გავცემ. ასე რომ მოვიქცე, ძალიან დაბალი განვითარების უნდა ვიყო. მე ყველაფერს უფალს მივანდობ. როგორი უსაფუძვლო ამბიციებიც უნდა ჰქონდეთ, მე ყველასთვის სიკეთე მსურს. იმიტომ, რომ მინდა, უფალთან მართალი ვიყო და ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ გარდაცვალების არ მეშინოდეს.  მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ კონკრეტულ ღონისძიებაზე რვა კაცის მეტი არ არის საჭირო და მეცხრე კაცი, რომელსაც თავის ამბიციები აქვს, აუცილებლად შეგვეკითხება, მე რატომ არ დამიძახეთ? ყველაფერს თავის მასშტაბი აქვს და რამდენი მომღერალიც უნდა დააკავო, აუცილებლად გამოჩნდება მეცხრე და მეათე. ამის მიზეზი ზოგჯერ ისაა, რომ ფიზიკურად არ არსებობს ამის საშუალება, ზოგჯერ კი ის ვიღაც, ვინც ამას კითხულობს, საკმარისად ნიჭიერი არ არის საიმისოდ, რომ ის გააკეთოს, რაც მუსიკალურ ხელმძღვანელს და რეჟისორს უნდა. ამას ყველას სათითაოდ ხომ ვერ აუხსნი?! მაგრამ შემიძლია, დავიფიცო, მერია მაქსიმალურად ცდილობს, ყველა ამღეროს, ვისაც დამოუკიდებლად კონცერტის გაკეთების საშუალება არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში სხვანაირად ვერ მოიქცევი, რადგან ადამიანებს უსახსრობის გამო არ შეუძლიათ, საკუთარი კაერიერა ისე განავითარონ, როგორც უნდათ. თორემ, მე რომ მკითხოთ, კონცერტზე ყველა არ უნდა ამღერო. სპექტაკლში ყველა მსახიობს ხომ ვერ დააკავებს რეჟისორი?! ასეთი რამ არ არსებობს. რიგ შემთხვევაში, მეც მგონებია, რომ უსამართლოდ მომექცნენ, მაგრამ ყველა მხარეს თავისი არგუმენტი აქვს.
– თქვენი და ლელა წურწუმიას მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა არაერთ წარმატებულ წელს ითვლის. როდის დაიწყო ეს ისტორია?
– სულ ვფიქრობ, რომ როცა ასე ხდება, ესე იგი, ეს უფლის ნება იყო. მერე, უბრალოდ, ადამიანმა ხელი უნდა შეუწყო, რომ ყველაფერი ლამაზად განვითარდეს. ალბათ, საჭირო იყო, რომ მე და ლელას ბავშვობაში ერთმანეთი გაგვეცნო და მისი სასიმღერო კარიერა მთლიანად ჩემ მიერ დაწერილ სიმღერებზე დაფუძნებულიყო. უკვე 25 წელია, ჩვენი აქტიური შემოქმედებითი ურთიერთობა გრძელდება. სხვათა შორის, აქამდე სულ მეზარებოდა სიმღერა. ჩემთვის კომფორტული იყო მხოლოდ ავტორი ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვა პერიოდი დადგა. მინდა, ჩემი სიმღერები მე ვიმღერო და ზუსტად ისე გავაჟღერო, როგორც მე მაქვს დაწერილი. ვფიქრობ, ისე მოხდა, რომ მე დღემდე ვერ ვთქვი ისე, როგორც მინდოდა და მინდა, რომ ვთქვა.
– ინტრიგების ეპიცენტრში არ აღმოჩენილხართ?
– როგორ არა. მყავს არაკეთილისმსურველები, ხელის შემშლელები, ვიცი ყველაფერი მათი „მოღვაწეობის“ შესახებ, მაგრამ მე ძალიან შორს ვარ ამ ადამიანებისგან. არ მინდა, მათ საქციელთან გადავიკვეთო. პასუხები რომ მოვითხოვო და იმ ყველაფერს, რაც ვიცი, „შუბლით შევასკდე“, გავნერვიულდები და ეს გამაჭუჭყიანებს, ამიტომ მირჩევნია, შორს ვიყო. ღმერთმა აპატიოს ყველას. მივხვდი, რომ ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდე.
– მიუხედავად იმისა, რომ პირადზე საუბარი არ გიყვართ, ვიცით, რომ ძალიან ლამაზი ისტორია გაქვთ: სიურპრიზები, დახურული დარბაზები და მხოლოდ მეორე ნახევრისთვის შესრულებული სიმღერები, საჩუქრები და ასე შემდეგ. შემოქმედი ადამიანისთვის, ალბათ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.
– ამაზე საუბარი ძალიან მიყვარს, მაგრამ მხოლოდ ჩემს სამეგობროში. რა თქმა უნდა, მთელი ჩემი აღტაცება ამ სიყვარულს უკავშირდება და ესეც იყო ერთგვარი მიზეზი, რატომაც ვწერდი ამდენს. თუმცა ჩემს ცხოვრებაში მარტო ფეიერვერკები არ ყოფილა. ძალიან რთული გზა გაიარა ჩემმა სიყვარულმა. ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩვენი სიყვარული ბოლომდე გაგრძელებულიყო და ასეც არის. ამის დასტურია ჩვენი დღევანდელი ოჯახი. ღვთის წყალობით, გვყავს 22 წლის გეგი და მშვიდად და წყნარად ვცხოვრობთ. ამ ასაკში მთავარი ბედნიერება სიმშვიდეა, რადგან არამშვიდი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, დიდი სიყვარული, რომელსაც დიდი შფოთვები ახლდა თან (იცინის). თუმცა ჩვენ დიდი მეგობრები ვართ და ეს ურთიერთობა ორივესთვის ძალიან ძვირფასია. როცა ადამიანები ამდენი წელი მხარდამხარ არიან, სირთულეები წარსულს ბარდება, ქრონიკულდება, ასაკს ბრალდება და ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადადის, უფრო მყარი ხდება. ჩემთვის ოჯახი ყოველთვის მთავარი იყო.
– იმდენად პროდუქტიული ხართ, ბევრმა შეიძლება, პირიქით იფიქროს.
– დამიჯერეთ, ეს პროდუქტიულობა, სულ „ფანჯრების“ დამსახურებაა. ფანჯრების, რომელსაც ოჯახურ საქმიანობებს შორის ვიღებდი. მე რომ თავი მთლიანად ჩემი პროფესიისთვის მიმეძღვნა, გაცილებით მეტს გავაკეთებდი.
скачать dle 11.3