კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ გახდა ოპერის მომღერალი მარიამ ბალარჯიშვილი ავტობუსის მძღოლი და ვისთვის არის ის ცხოვრების სტიმული

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  52 წლის მარიამ ბალარჯიშვილი უკვე ორი წელია, ავტობუსის მძღოლია. მართალია, მას ოპერის სცენაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ცხოვრება მისთვის არც ისეთი მარტივად გასავლელი აღმოჩნდა, როგორსაც წარმოიდგენდა. ქალბატონმა მარიამმა არც ცნობილი მამის გავლენები გამოიყენა, თავად ეცადა გზის გაკვლევას, მაგრამ არ გაუმართლა და დღეს, მართალია, სტაბილური შემოსავალი აქვს, თუმცა, შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში უწევს ცხოვრება.
  მარიამ ბალარჯიშვილი: მამა, გურამ ბალარჯიშვილი, ესტრადის დამსახურებული არტისტი გახლდათ, ტრიო „შაშვების“ მომღერალი იყო. დედა  კი, ნადეჟდა დიმბოვსკაია – დიასახლისი. დედასაც საკმაოდ კარგი ხმა და სმენა ჰქონდა. მყავდა დედმამიშვილები, მაგრამ სამწუხაროდ, გარდამეცვალნენ. პატარაობიდანვე კარგად ვმღეროდი და ეს არავის უკვირდა.  ჩავაბარე კონსერვატორიაში. მოვხვდი დიდი ბრძოლით, რადგან იმ პერიოდში ფული უფრო ჭრიდა, ვიდრე ნიჭი. არადა, საკმაოდ ძლიერი ხმა მქონდა და კონკურსებზე ხშირად ვიმარჯვებდი. დედას ოცნება იყო, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი, რადგან კარგი სმენა და ხმა მქონდა. კონსერვატორიაში 19 წლის ასაკში ჩავაბარე და მგონი, მაშინ ერთადერთი სტუდენტი გოგონა ვიყავი მართვის მოწმობით. შემდეგ ოპერის სცენაზეც დავდექი, შვილიც გავაჩინე და ეს უბედნიერესი წლები იყო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ოპერიდან წამოსვლა მომიწია. შემდეგ ქალაქ მერსინის ოპერაში ვმღეროდი და ძალიან დიდ პატივს მცემდნენ. საბერძნეთში რომანსების კონკურსში გავიმარჯვე და იქიდანაც მქონდა შემოთავაზება. ესტონეთში, იტალიაშიც ვმღეროდი კონტრაქტით. უცხოეთში საკმაოდ კარგი პერსპექტივა მქონდა, წარმატებული მომღერალი ვყოფილიყავი. თუმცა, საქართველოში მომიწია დაბრუნება. დედა-მამა გარდამეცვალა, დეიდები, ბიძები, დეიდაშვილები... ფაქტობრივად, არც ერთი ნათესავი აღარ დამრჩა ცოცხალი.
– მამა საკმაოდ ცნობილი მომღერალი იყო. მისი გავლენები არასოდეს გამოგიყენებიათ?
– არასოდეს გამომიყენებია გავლენიანი მამის სახელი. ყველგან ჩემი ნიჭით მინდოდა ცხოვრების „გაქაჩვა“. თუმცა, არც ასეთი მარტივი გამოდგა ეს მცდელობა. დავიღალე ბრძოლით, ბევრი ტკივილიც ვიგემე და იმედგაცრუებაც. თუმცა, მაინც ოპტიმისტი ვარ და ჩემს შვილს, სალომეს რომ ვუყურებ – ბედნიერი ადამიანი. გარდა ჩემი პროფესიისა, სხვადასხვა ქვეყანაშიც მომიწია მუშაობა. ბოლოს პოლონეთში გახლდით და რადგან დედა პოლონელი მყავს, მოქალაქეობას მპირდებოდნენ, მაგრამ მე ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლა ვამჯობინე. სხვათა შორის, ბევრი უცხო ენა ვიცი, კონსერვატორიის გარდა, ჟურნალისტიკური დავამთავრე, მეორადი განხრით – ფერწერა და ამასთან, არაჩვეულებრივი მზარეულიც ვარ, შეფ-მზარეულადაც მიმუშავია უცხოეთში. დედა და დეიდები უნიკალური მზარეულები იყვნენ და ეს ნიჭი მათგან დამყვა.
- ვინ გასწავლათ მანქანის მართვა და რა ასაკში მიუჯექით საჭეს?
– მიყვარდა მანქანები და ბიძამ მასწავლა ტარება. 12 წლის ვიყავი, მანქანას დამოუკიდებლად რომ ვმართავდი. რომ წამოვიზარდე, 17 წლის ასაკში, რალით ვიყავი გატაცებული, თუმცა, დედას შიში ჰქონდა, რამე არ მომსვლოდა და მას გავუწიე ანგარიში. იმ წლებში ქალი საჭესთან იშვიათობა იყო და პოლიცია ხშირად მაჩერებდა, იმის გამო კი არა, რომ ვარღვევდი, არამედ გოგოს რომ ხედავდნენ საჭესთან.  ჩუმად ავდიოდით ფუნიკულიორისკენ და ბიჭებს რალში ვეჯიბრებოდი. სანაძლეო რესტორანი იყო და სულ ვიგებდი (იცინის). არადა, სანამ მართვის მოწმობა ავიღე, მანამდე მანქანის ტექნიკური მხარე კარგად შევისწავლე და „მოტორის“ დაშლაც კი ვიცოდი (იცინის).
– ავტობუსის მძღოლად მუშაობა როდის გადაწყვიტეთ და როდესაც მგზავრები საჭესთან ქალს გხედავენ, რა რეაქციები აქვთ?
– რომ მივხვდი, საარსებოდ სტაბილური შემოსავალი აუცილებლად მჭირდებოდა, გადავწყვიტე, მძღოლად დამეწყო მუშაობა. მართვის მოწმობა კი მქონდა, მაგრამ დამჭირდა გამოცდების ჩაბარება, რომ გარკვეული კატეგორია ამეღო, რაც ავტობუსის მძღოლს სჭირდება. ჩავაბარე და მივუჯექი საჭეს. შიში არ მქონია, უბრალოდ, პასუხისმგებლობა გამიასმაგდა. მგზავრები სანამ გამიცნობდნენ, ამოდიოდნენ, დამინახავდნენ ქალს საჭესთან და უკან ჩადიოდნენ (იცინის). სარკიდან ვუყურებდი, სკამების სახელურებს როგორ ებღაუჭებოდნენ შიშით. ახლა, ყველა მცნობს და იციან, როგორი უსაფრთხოა ჩემი ავტობუსით მგზავრობა მათთვის. სამჯერ დამეჯახა მსუბუქი ავტომანქანა, მათ შორის ქალი მძღოლი და არცერთხელ ჩემი ბრალი არ ყოფილა. მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა. სხვათა შორის, ჩემს გოგოს არ უნდოდა ჩემი ავტობუსის მძღოლობა, შიში ჰქონდა, მაგრამ ახლა მშვიდადაა, როცა ხედავს, საჭეს ერთი ხელით ვმართავ.
– კომპლიმენტებს თუ გეუბნებიან მგზავრები და საჭესთან თუ ღიღინებთ ოპერის არიებს?
– კომპლიმენტებს ადრე მეუბნებოდნენ, ახლა კი ყველა ჩემი მგზავრი, ჩემი მეგობარია. კონტაქტური ადამიანი ვარ და საჭესთან ხან ვლაპარაკობ და ხან ვმღერი. არადა, იმხელა ხმა აქვს ავტობუსის მოტორს, სიმღერის დროს უნებურად ხმას ვუწევ და უცებ, სარკეში რომ გავიხედავ, მგზავრების გაღიმებულ სახეებს ვხედავ. მეუბნებიან: გემრიელად გისმენთ, იმღერეთ, ნუ გრცხვენიათო. ერთხელ, ხაჭაპური მომიტანა ერთმა: ამდენი ხანი საჭესთან ზიხარ და მოგშივდებოდაო. ხან ხილი მოაქვთ, ხან შოკოლადები, ხან ყვავილები. ერთმა ძვირფასი სუნამოც კი მაჩუქა. დღესასწაულის დღეებში პატარა ავტობუსში მაგიდას ვდგამ ხოლმე და ტკბილეულს ვალაგებ. ახალ წელს ულამაზესად მქონდა მორთული ჩემი ყვითელი ავტობუსი, ნაძვის ხეც მედგა, მგზავრებისთვის პატარა სუფრაც მქონდა გაშლილი, თავისი საჩუქრებით. სხვათა შორის, ერთადერთი მძღოლი ვარ, რომლის ავტობუსსაც, უკან სტიკერი აკრია, რომელზეც ქალის ქუსლიანი ფეხსაცმელია გამოსახული.
–  92 ნომერი ყვითელი ავტობუსი უკვე მოძველებულია და თქვენი მართვის დროს თუ გამოსულა მწყობრიდან?
– კი. გამოსულა მწყობრიდან ავტობუსი და თუ ელემენტარული პრობლემაა, ჩავაყენებ ხელმძღვანელობას ყურადღების ცენტრში, თუმცა, ჩემი ხელითაც გამიკეთებია. სხვათა შორის, „მტირალას“ მეძახიან თანამშრომლები (იცინის). ავტობუსს თუ რამე გაუფუჭდება, მეცოდება და ტირილს ვიწყებ. მეწყვილეც არ მყავს, მარტო ვმუშაობ. 18 საათი მიწევს საჭესთან ჯდომა და ჩემი ავტობუსი ტექდათვალიერებაზე რომ გავიდა, ხელები ასწიეს, ისეთი მოვლილი იყო.
– როგორც ვიცი, საკუთარი სახლი არ გაგაჩნიათ. სად ცხოვრობთ დღეს?
– სამწუხაროდ, ძალიან გამიჭირდა უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულს. სტაბილური ხელფასი არ მქონდა, ბავშვის ჯანმრთელობის გამო ბინის გაყიდვა მომიხდა და დღეს ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. ერთადერთი ოცნება მაქვს, მქონდეს ჩემი საკუთარი სახლი. მინდა, ვთხოვო მერიას დაგვეხმარონ, ერთი კორპუსი ააშენონ და შეასახლონ უბინაო მძღოლები.

скачать dle 11.3