კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№41 რა საჩუქარი გაუკეთა ვარლამ წიკლაურს სიდედრმა ჯვრისწერაზე და რა ტრაგედიის გამკლავებაში ეხმარებოდა ის მეუღლეს

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

„ქრონიკის“ წამყვანი – ვარლამ წიკლაური ეპიდემიის დროს დაქორწინდა. ამიტომ მისი და ხატია კობერიძის ქორწილი ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც წყვილი გეგმავდა, თუმცა ამას მათი ბედნიერებისთვის ხელი არ შეუშლია.
ვარლამ წიკლაური: სულ სხვანაირი წარმოგვედგინა ჩვენი ქორწილი. მაგრამ რადგან ხალხის შეკრება აკრძალული იყო, პეტრეპავლობას ჯვარი დავიწერეთ და მეჯვარეებთან ერთად ბათუმში წავედით. ძალიან კარგი დრო გავატარეთ სამი დღე და მეოთხე დღეს უკვე სამსახურში ვიყავი. სამდღიანი თაფლობის თვე გამოგვივიდა (იცინის). შვებულებები რომ დაგვეწყო, ხატია ჩემს მხარეში, სამცხე-ჯავახეთში წავიყვანე და ყველა ღირსშესანიშნაობა ვაჩვენე. ოცი წელი არ ცხოვრობდა საქართველოში და ბევრი რამ არ აქვს ნანახი. ძალიან მოეწონა. ჩემი ბავშვობის მეგობრები გავაცანი და მათგან ისეთი ისტორიები მოისმინა ჩემზე, მარტოები რომ ვრჩებოდით, მეკითხებოდა: მართლა ასე მოხდაო? (იცინის).
– რადგან წლების განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა, ალბათ, ქორწილს ბევრი მისი ახლობელი ვერ დაესწრო.
– მისი მშობლები ვერ ჩამოვიდნენ, რადგან ბელგიის მოქალაქეები არიან. ტელეფონში გვქონდა თვალი და ჯვრისწერის ცერემონიას იქიდან უყურებდნენ. ჯვრისწერის წინა დღეს მანქანა დამეჯახა და ჩემი დამიმტვრია. ძალიან ვინერვიულე. ხატიასთან რომ მივედი სახლში და გაპრანჭულ-გალამაზებული დამხვდა, დაბლა ჩამოვედით და მხვდება „როლს როისი“ – ეს სიდედრის საჩუქარია, დღეს ეს მანქანა მოგემსახურებათო (იცინის).  
– ოჯახურ ცხოვრებას როგორ აუღეთ ალღო?
– ხატიამ „იმედში“ დაიწყო მუშაობა გრიმიორად. ერთი დღე ვემთხვევით და გრიმს მიკეთებს. იქ ძალიან ოფიციალურები ვართ. გრიმს რომ გამიკეთებს, მადლობას ვუხდი და მოვდივარ (იცინის). დრო თუ გვაქვს, ხუთი წუთით ვხვდებით. ხანდახან ყავას ვაწვდი და უხარია ყურადღება, თუ ვინმესთან ერთადაა – ხომ საერთოდ (იცინის). სახლში კარგად დავლაგდით. საქმეები გადანაწილებული გვაქვს. სახლსაც ერთად ვალაგებთ, საჭმელს რომ ვამზადებთ, ხახვს თუ მე ვჭრი, მწვანილს ხატია იღებს თავის თავზე. ორივეს გამოგვდის კერძების მომზადება. ხატიას განსაკუთრებით კარგად პასტა გამოსდის. პირველი კერძიც ეს მოამზადა. სულ პირში მიყურებდა, მომეწონებოდა თუ არა (იცინის). არაჩვეულებრივ შქმერულს აკეთებს. ნამცხვრებიც გემრიელი იცის. ერთხელ ქათმის ხორცი მოამზადა, ძალიან მწარე იყო. ახალი დაწყებული გვქონდა ერთად ცხოვრება. მწარე არ მიყვარს, მაგრამ ბევრი წიწაკა მოუვიდა და რაღას ვიზამდით, არც შემიმჩნევია. ვჭამდი და ყველა ლუკმას წყალს ვაყოლებდი (იცინის). დილით ეთერი რომ მაქვს, ექვს საათზე უნდა ავდგე, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. არაფერი მაღვიძებს. სანამ ხატია არ შემარყევს და მომაძახებს, დაიძინე და დაგაგვიანდეს სამსახურში, რაც გინდა, ის გიქნიაო, მანამდე გაგუდულს მძინავს. ისიც ჩემთან ერთად დგება ექვს საათზე და მაცილებს. მარტივად შევეწყვეთ ერთმანეთს. ჩემთან რომ გადმოვიდა, სამზარეულოში თავისებურად გადაალაგ-გადმოალაგა (იცინის). მეც არ მქონია პრობლემა, პირიქით, შენს გემოზე მოაწყვე ყველაფერი-მეთქი, ვიდექი და შორიდან ვუყურებდი (იცინის). ტანსაცმელების კარადაც გავიყავით. დედისერთა ვარ და ვერ წარმომედგინა, თუ კარადას ვინმეს გავუყოფდი (იცინის). თუმცა, არ ეყო და ერთი კარადა დამატებით მოვიტანეთ (იცინის). რომ ვიყიდეთ, მაღაზიაში გვითხრეს, თქვენვე შეძლებთ აწყობასო. მსგავს საქმეებში მე ძალიან მოუხერხებელი ვარ, მაგრამ არ ვთქვი, ხატიამაც – მოდი, წავიღოთ და ჩვენ ავაწყოთო. დავიწყეთ და ძლივს ვაწყობ. აღმოჩნდა, რომ მას უკეთ გამოსდიოდა, მაგრამ არც მე გამიტეხავს იხტიბარი (იცინის). ძალიან მთხოვს ძაღლს. ვეუბნები – გრაფიკიდან გამომდინარე, მოვლა გაგვიჭირდება-მეთქი, მაგრამ ელოდება იმ დღეს, როცა მოვუყვან (იცინის).
– დედამთილთან როგორი ურთიერთობა აქვს?
– თან დედაჩემს ერთი შვილი ჰყავს (იცინის). დედას ადრე აქვს ნათქვამი, ვინც შენ გვერდით იქნება, მეც ისე მეყვარება, როგორც შენო. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ერთადაც აცხობენ რაღაცებს. დედამთილსაც აჭამა ის მწარე კერძი (იცინის). ერთად ვცხოვრობთ. დედას მეორე ოჯახი აქვს, მაგრამ სამ-ოთხ დღეს მაინც ჩვენთან ერთად ატარებს. თამუნა ჰქვია და ხატია  თამოს ეძახის. თამო 44 წლისაა და კარგად უგებენ ერთმანეთს.
– ახალი რა აღმოაჩინეთ ერთმანეთში?
– ხატია ძალიან მეოჯახე ყოფილა. ასაკით დიდები არ ვართ, რომ მაინცდამაინც სახლის ნივთებზე ვიზრუნოთ, მაგრამ ხატია სულ ცდილობს, სახლისთვის რაღაცები იყიდოს. ხელფასს რომ იღებს, მიდის და მოაქვს. ვერც წარმომედგინა, თუ ასეთი იქნებოდა.
– საქართველოში ცხოვრება როგორ მოსწონს?
– ძალიან, საერთოდ არ უნდა ევროპისკენ გახედვა. ყველა კუთხე უყვარს და სულ მთხოვს, რომ სადმე წავიდეთ, დავათვალიეროთ. არც ახსენებს ევროპას, მგონი, იქ გატარებული ოცი წელი საერთოდ წაშალა თავისი მეხსიერებიდან (იცინის).
– რომელი უფრო ბუტიაა?
– ხატიაა ცოტა ბუტია, შერიგებისკენ მე ვდგამ პირველ ნაბიჯს. არ შემიძლია დაძაბულობა, ჩემთან სახლში არავინ უნდა გაიბუტოს. ჩხუბით ერთხელაც არ გვიჩხუბია, მაგრამ თუ რამეზე შევეწინააღმდეგე, იბუტება ხოლმე. სახლში რომ მოვიდა, წითელი ჩაიდანი შეიძინა, რომელიც ძალიან ლამაზია. მის გვერდით გვედო ელექტრომადუღარა, რომელიც ძალიან სწრაფია და როცა სადმე მეჩქარება, მას ვიყენებ. დადო ეს წითელი ჩაიდანი და მადუღარა აიღო. ერთხელაც რომ დამჭირდა და მოვიკითხე, აივანზე გავიტანე, რად გვინდა ამდენი, ჩაიდნით აადუღეო. სანამ ჩაიდანმა სტვენა დაიწყო, დიდი დრო გავიდა და რადგან სულ მეჩქარება, ვუთხარი, ისევ დავდოთ ის ელექტრომადუღარა-მეთქი. ეწყინა და გამებუტა. ვიყენებ ახლა ამ ჩაიდანს და ყოველ ჯერზე ვახსენებ, რომ მისი სწრაფი ალტერნატივა აივანზე გვიდევს, მაგრამ ცოცხალი თავით არ შემოაქვს (იცინის).
– მისი მშობლები ჯერ კიდევ ვერ ჩამოვიდნენ?
– ცუდი ამბავი დაგვემართა. მამა გარდაეცვალა და ორი კვირის წინ დავკრძალეთ. ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ. ცუდად იყო, ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ოპერაციამდე გარდაიცვალა. კოვიდის ფონზე ძალიან რთული იყო ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ ერთი ბილეთი ვიშოვეთ – ხატია უნდა წასულიყო. აეროპორტში ვიყავით ბარგით, როცა დეიდამისმა მომწერა, რომ გარდაიცვალა. ისე გაფრინდა, ვერ ვუთხარი, მხოლოდ იმას ვუმეორებდი, ყველაფრისთვის მზად იყავი-მეთქი. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი მისთვისაც და ჩემთვისაც. მე 11 წლის არც ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და ზუსტად ვიცოდი, რას განიცდიდა ხატია. ამიტომ, ვცდილობდი, ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა. რას ვიზამთ, მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება გრძელდება. საქართველოში გადმოასვენეს და აქ დავკრძალეთ. დედაც იყო ჩამოსული, ისევ დაბრუნდა, თუმცა სამომავლოდ ჩამოვა.  სხვათა შორის, ძალიან კარგი სიდედრი მყავს. თუმცა სიდედრს არ ვუწოდებ, არც ცოლისძმა, არც სიმამრი და არც ცოლი არაა ჯერ ჩემი ლექსიკონის ნაწილი. „ჩემი ხატია“ ასე ვუწოდებ, ისიც – „ჩემი ვაკოო“. ჯერ ძალიან უცხოა „ცოლი“, „ქმარი“, დრო რომ გავა, ალბათ, მივეჩვევით.
– მამაშენი რით გარდაიცვალა?
– მამა ძალიან ახალგაზრდა – 31 წლის დაიღუპა გულით. ძალიან რთულად გადავიტანეთ. ძალიან კარგი კაცი იყო. სამცხეში ვცხოვრობდით და იქ ყველას ძალიან უყვარდა. მის სახელს დღემდე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ახსენებენ. მისი კარგი ადამიანობის შესახებ დღემდე ყვებიან. ახალციხეში რომ ჩავდივარ, პირველ რიგში, მის საფლავზე მივდივარ. მე და დედა ერთად გავიზარდეთ – ჩემი მშობლები 16 და 17 წლისები დაქორწინდნენ. ძალიან მიყვარს დედა, ჩემთვის ყველაფერია. უძლიერესი ქალია, ჩემთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ცოლი მყავს, შეუძლია, დღეში ცხრაჯერ მომიკითხოს, რას შვრები, როგორ ხარო?! (იცინის).

скачать dle 11.3