კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 გაქცეული ქურდი

ლოურენს ბლოკი

ჯო ოულენდი თავისი ბიძის ერთადერთი მემკვიდრე იყო.   მემკვიდრეობის დაკარგვის შიშით, ახალგაზრდა კაცი კარგა ხანს მშვიდად იტანდა მოხუცის აბეზარ ხასიათს, მაგრამ შობის წინა საღამოს კლუბში მეგობრებთან ცოტა მეტი დალია და მეორე დღეს სამსახურში წასვლა დაეზარა. ეს საკმარისი აღმოჩნდა სერ ოულენდისთვის, რომ ძმისშვილი კარგად გამოეთათხა. ჯო ნაბახუსევი გახლდათ, ამიტომ ბევრი არ უფიქრია, გაცეცხლებულმა თავისი ნივთები მოხვეტა, პროვინციაში ოულენდების საგვარეულო მამულის გასაღები აიღო და სახლიდან წავიდა... მოხუცი არც კი ამდგარა თავისი საყვარელი სავარძლიდან, თავისთვის  ჩაიბურტყუნა – არა უშავს, გამოგელევა ფული და მომადგებიო.
სახლიდან გაქცეული ჯო რკინიგზის სადგურამდე ღიღინ-ღიღინით მივიდა. ვაგზალი თითქმის ცარიელი იყო. თავს ფუფუნების უფლება მისცა და პირველი კლასის კუპეს ბილეთი იყიდა. ხავერდის ბალიშებზე ნებივრად მოკალათდა და ფანჯარა ჩამოსწია... დაიძრა თუ არა მატარებელი, გამაოგნებელი რაღაც მოხდა: კუპეში ქარიშხალივით შეიჭრა ქალიშვილი, მისი სავარძლის ქვეშ უცერემონიოდ შეძვრა და ტუჩებზე თითი მიიფარა. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, მაგრამ ჯომ მოასწრო მისი გარეგნობის შეფასება – ქალიშვილი  წარმოუდგენლად ლამაზი იყო. დაიმალა თუ არა, კუპეში შუა ხანს მიტანებული მამაკაცი შევარდა ქოშინით.
 – სად არის? – იკითხა აგრესიული ხმით.
 – ბატონო ჩემო, როგორ იქცევით? უცერემონიოდ რომ  მივარდებით ჩემს კუპეში! არანაირი უფლება არ გაქვთ, შემომეჭრათ და მყუდროება დამირღვიოთ. ახლავე გამცილებელს დავუძახებ!
 – ქალიშვილი... ის ხომ აქ შემოვიდა! თქვენთვისვე აჯობებს, თქვათ! – კაცი უკან დახევას არ აპირებდა.
– ახლავე მიბრძანდით აქედან! მე სერ ჯო ოულენდი ვარ. და მწარედ განანებთ ამ თავხედობას!  – კაცმა ხმადაბალი გინებით დატოვა კუპე. ჯომ ფანჯრიდან დაინახა, როგორ ჩახტა მატარებლიდან და ერთხანს როგორ მისდევდა ბაქანზე. მერე გაუჩინარდა.
– შეგიძლიათ, გამოხვიდეთ, თქვენ ის ვეღარ შეგაწუხებთ.
ქალიშვილი სავარძლის ქვემოდან გამოძვრა.
– რომ იცოდეთ, როგორი მადლობელი ვარ თქვენი...  ძალიან დამეხმარეთ.
– როგორ გეკადრებათ, განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია, მხოლოდ ჩემი ჯენტლმენური ვალი მოვიხადე, –  ჯო  თვალებს არ უჯერებდა. ასეთი სილამაზე არასოდეს ენახა. ქალიშვილი ზეციურ არსებას ჰგავდა ოქროსფერი თმითა და ნაცრისფერი თვალებით. გაიფიქრა, რომ ასეთი ქალისთვის ეშაფოტზეც კი თვალის დაუხამხამებლად ავიდოდა.
 – ალბათ, მიზეზი გაინტერესებთ, ხომ ასეა?
– არა, არაფერი არ მაინტერესებს, აბსოლუტურად არაფერი, – თავი გააქნია ჯომ.
– ის კაცი ბიძაჩემია, მე კი ერთი პატარა ქვეყნის პრინცესა ვარ. ბიძაჩემს უნდა,  მდიდარ ნავთობმაგნატზე გამათხოვოს. ამით ჩვენი ქვეყანა საგარეო ვალებს დაფარავდა. ვიცი, რომ ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ, არ მინდა, მთელი დარჩენილი სიცოცხლე ფულის ტომარასთან გავატარო. მე სიყვარული მინდა.
ჯოს შეაჟრჟოლა. საიდანღაც მოვარდნილმა გრძნობამ ფეხის თითებიც კი გაუთბო.
 – საგვარეულო მამულსა და ახალგაზრდა ვიკონტზე რას იტყვით? – ჰკითხა ათრთოლებული ხმით. ქალიშვილმა გადაიკისკისა.
– ელეონორა-ვიქტორია მქვია. სად არის თქვენი საგვარეულო მამული?
 – ოულენდში. წამოხვალთ ჩემთან ერთად? ახლა, სწორედ, იქ მივდივარ. ქალიშვილმა ისევ გადაიკისკისა. ჯოს გული საბოლოოდ იყო განგმირული და მონადირებული.
– ელეონორა... ვიქტორია... რა შესანიშნავია! ესე იგი, პრინცესა ხართ?
 – დიახ და ეს ჩემი ჯვარია, – ამოიოხრა ქალიშვილმა, – შეგიძლიათ, კიდევ ერთი სამსახური გამიწიოთ?
– ო, ჩემო ძვირფასო, თუნდაც ათი იყოს... ასი... ათასი...
– არა, არა, ისედაც ძალიან შეგაწუხეთ. მხოლოდ ერთი და, პირობას გაძლევთ, ხმას აღარ ამოვიღებ.  ვაგონ-რესტორანში მინდა გასვლა და მეშინია, ბიძაჩემს ჩასაფრება არ ჰქონდეს მოწყობილი. გამომყვებით?
– დიახ, რა თქმა უნდა... დიახ... – ჯო მეცხრე ცაზე იყო სიხარულით. მან თავისთვის უკვე გადაწყვიტა, რომ უფლის ამ საჩუქარს ხელიდან არ გაუშვებდა.  თან წაიყვანდა ოულენდში... ბიძა, ალბათ, გადაირეოდა სიხარულით, მემკვიდრეობასაც დაუტოვებდა და ძვირფას საჩუქარსაც მიართმევდა პრინცესას... ელეონორა ვაგონ-რესტორანში შევიდა. ჯომ აქაც ჯენტლმენობა გამოიჩინა და მისთვის მსუბუქი ლანჩი შეუკვეთა, ყავასთან ერთად. ელეონორა ხელების დასაბანად გავიდა... ჯო სკამზე ცქმუტავდა. მან უკვე ისიც წარმოიდგინა, როგორ გაემგზავრებოდა იმ პატარა სახელმწიფოში თავის პრინცესასთან ერთად. ესეც რომ არ ყოფილიყო, მარტო იმის გაცნობიერებას, რომ ეს შესანიშნავი არსება მის გვერდით დაიძინებდა და გაიღვიძებდა, ნეტარების მწვერვალზე აჰყავდა. ტკბილი ოცნებების ბურანში გახვეულმა ვერ გაიგო, დრო როგორ გავიდა. უცებ მატარებელში ჩოჩქოლი ატყდა. გამცილებლები, ვიღაც შავებში ჩაცმული მამაკაცები, გარბოდნენ და გამორბოდნენ.
 – კი მაგრამ, რა ხდება? – იკითხა ჯომ ისე, რომ საეჭვო არაფერი უგრძნია.
 – პრინცესა ელეონორა-ვიქტორია გაქურდეს.  მისი ძვირფასი მარგალიტები მოიპარეს. ჯო შეშლილივით წამოხტა. იმ წუთში ვერც კი გაიაზრა, რატომ იცოდა თითქმის მთელმა მატარებელმა პრინცესის იქ ყოფნის შესახებ.
– პრინცესა გაქურდეს? – სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ორი კუნთმაგარი ჯეელი აქეთ-იქიდან ამოუდგა. სიტყვაც არ ათქმევინეს, ისე მიაბრძანეს საკუთარ კუპეში. იქაურობა უკვე გადაექოთებინათ და ერთმა ტანდაბალმა მამაკაცმა, რომელშიც ჯომ დილანდელი დაუპატიჟებელი სტუმარი იცნო, შავი ხავერდის კოლოფი ცხვირწინ დაუტრიალა.
– ასეც ვიცოდი, თანამზრახველები ხართ! ბეტი ჩეინს ძალიან ეადვილება შენისთანა ყმაწვილი კაცების გაბრიყვება. აბა, სად არის მარგალიტები?
– რომელი მარგალიტები? რა სისულელეს მელაპარაკებით! არანაირ ბეტი ჩეინს მე არ ვიცნობ. ვიცი მხოლოდ პრინცესა ელეონორა-ვიქტორია, რომელიც თქვენგან დავიცავი და რომელიც ჩემი მეუღლე გახდება. ჩემთან ერთად იცხოვრებს ოულენდის მამულში.
– სულელი ნუ ხართ! აღიარეთ, რომ გაგაცურეს. ნამდვილი პრინცესა სამოცდათექვსმეტი წლისაა და წარმოდგენა არ აქვს ოულენდის მამულზე. ან იტყვით, სად წაიღეთ ის, რაც ამ ფუტლარში იდო, ან ახლავე დაგაპატიმრებთ!
 ჯოს სუნთქვა შეეკრა. არაფრით უნდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ზეციური არსება ქურდი და თაღლითი იყო... ტანდაბალმა კაცმა ამოიოხრა.
 – ისევ დაგვისხლტა ხელიდან. მე კი თითქმის დავიჯერე, რომ შემეშალა და საქმე კეთილშობილ ბატონთან მქონდა... სხვა გზა არ მრჩება, უნდა დაგაპატიმროთ...
მხოლოდ ბიძის კავშირებმა და ავტორიტეტმა გადაარჩინა ჯო  სამარცხვინო პატიმრობას. კიდევ იმან, რომ ნამდვილი პრონცესა მოხუც ვიკონტს შესანიშნავად იცნობდა. ვინ იცის, იქნებ  ახალგაზრდობაში რომანიც კი ჰქონდათ... ჯომ ამის შესახებ ვერაფერი შეიტყო. ისევე, როგორც სად გაქრა მისი მშვენიერი „პრინცესა“.
          თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3