კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რატომ იქცა ნათლობა რიტუალად და ქრისტიანობა ჩვევად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ნიშნავს თუ არა ნათლობა ავტომატურად ცხონებას, რატომ გაიგივდა ქრისტიანობა რიტუალებთან და რატომ არის, წინასწარმეტყველებით, გადაუვალი რწმენის დამცრობა ქრისტეს მეორე მოსვლის წინ. ამ თემას დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) განგვიმარტავს.
– მიიჩნევა, რომ ძველი აღთქმის ღმერთი უფრო სასტიკია, ქრისტე კი მხოლოდ ლმობიერება და შემწყნარებლობაა და თითქოს უფრო შეარბილა მორწმუნეების ამოცანა. ასეა?
– დიახ. ძალიან ბევრი ქრისტიანი ხშირად ქრისტეს მცნებებს ადარებს ათ მცნებას, მაგრამ ათი მცნების შესრულება რომ შეგვძლებოდა, ქრისტე რატომ მოვიდოდა?! რჯული რომ არ ყოფილიყო, ცოდვა ცოდვა არ იქნებოდა და, თუ აკრძალვა არ არის, ვერც დაარღვევ და ვერც მოკვდები. მოსესთან რჯული სიყვარულით არ არის მოცემული. შინაგან რჯულს ებრაელები ელოდნენ მესიაში. იერემია წერს: მოვა დრო და მე მათ მივცემ ახალ რჯულს, ქვაზე დაწერილს კი არა, გულის ფიცარზე ამოტვიფრულს. მაგრამ, როდესაც გარედან მაქვს რჯული, ეს არაა თავისუფლება, იმიტომ რომ შიგნით არ მაქვს მისი შესრულების სურვილი და სიხარული და იძულებით ვასრულებ, თუ არადა დავისჯები. მართალია, ეს, ანუ სასჯელი, მიცავს, მაგრამ ვაი ასეთ დაცვას, მე არ ვარ ბედნიერი და თავისუფალი. აი, როდესაც შიგნიდან შემოდის რჯული, ეს უკვე სულ სხვა საქმეა. მაგრამ სახარებას რომ წაიკითხავ, უფრო შეშინდები, იმიტომ რომ ქრისტე უფრო ამკაცრებს რჯულის აღსრულებას. გეუბნება: გიყვარდეს მტერი შენი, 7-ჯერ კი არა, 7-ჯერ 70-ჯერ მიუტევე მოყვასს, ორი თუ გაქვს, ერთი ხელი ტანსაცმელი სხვას მიეცი, თვალი თუ გაგეპარა, არ იმრუშოო, კი არ ამბობს, არამედ – თვალი ამოითხარეო. წარმოიდგინეთ, რჯულის შესრულება არ შეეძლო ადამიანს და ახლა დაემატა ქრისტეს მცნებები, არათუ ცუდი არ გაუკეთო არავის, არც კი გძულდეს, ფიქრადაც არ გაივლოო. ამდენად, შეიძლება, ადამიანს კიდევ უფრო აუცრუვდეს გული, იმიტომ რომ კიდევ უფრო დამძიმდა ღმერთის მცნებების შესრულება. მაშინ რა ხდება? და აი, რა ხდება: თუ რჯული ითხოვს და პასუხს გთხოვს, იესო ჯერ გაძლევს და მერე ითხოვს. იესოს აქვს უფლება, მოგთხოვოს, იმიტომ რომ თავისი სული მოგცა. იესომ რჯული აღასრულა და იმ სიცოცხლის სულს, რომლითაც აღასრულა სჯული, აღდგომის შემდეგ გვაძლევს რწმენად, ამიტომ ქრისტეს რწმენა იმას კი არ ნიშნავს, რომ ზეპირად ვთქვა „მრწამსი“, რიტუალურად მოვინათლო ან ეკლესიაში ვიარო და ვთქვა, მწამს რომ ქრისტე აღდგა (ეშმაკებსაც სწამთ, რომ ქრისტე აღდგა, მაგრამ შიშით ძრწიან), არამედ ნიშნავს ქრისტეს სულით მიღებას გულში! დღეს, ამ მხრივ, ქრისტეს რწმენა აღრეულია ბევრ რწმენასთან, მაშინ, როდესაც ქრისტეს რწმენა ცოცხალი რწმენაა, ამიტომ ამბობს იესო, ბოლო ჟამს ვნახავ კი რწმენას დედამიწაზე?! რწმენა არის ქრისტეს შემოსვლა ჩემში და ჩემს გულში შემოსული ქრისტე აღასრულებს ჩემში რჯულს, ისევე, როგორც აბრაამმა მიიღო რწმენით ისააკი და როდის? ას წელს იყო მიტანებული – როდესაც მისი მამაკაცური შესაძლებლობები ამოწურული იყო, ხოლო სარას საშო – გამხმარი. აბრაამი, ადამიანურად, ვერ მიიღებდა ნაყოფს, მაგრამ მიიღო. ასევე, ვიღებთ ჩვენ რწმენას. ნახე, როგორ წერია ბიბლიაში?! მოგვცა ძალაუფლება ძედ ღვთისად ყოფნისა ჩვენ, რომლებიც არა სისხლისაგან, არა ხორცისაგან, არა მამაკაცური ნდომისგან, არამედ სულისგან ვიშვით!
– ყოველთვის მაინტერესებდა, აბრაამისა და მისი ძის ამბავი პირდაპირ უნდა გავიგოთ თუ გადატანითი მნიშვნელობით?
– პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. სულიერი შობა იმდენად რეალური და ხელშესახებია, რომ მისი შემოწმებაცაა შესაძლებელი; თვალით დაინახავ, ყურით მოისმენ, ხელით შეეხები; ეს ისეთივე აქტია, როგორც ფიზიკურად ადამიანის დაბადება. როდესაც დღეს ნათლობა გადაქცეულია საიდუმლოდ, როდესაც ის ტარდება რიტუალურად და არა არსობრივად, აი, ეს არის მართლმადიდებლობის კრიზისი. ისევე, რაც ხდება ნათლობის შემდეგ: იქნება ეს მირონცხება, მღვდლად კურთხევა, ჯვრისწერა, ზეთის ცხება... ყველაფერი რჩება „საიდუმლოდ“, იმ გაგებით, რომ სახელები ჰქვია, მაგრამ რეალურად არ ხორციელდება. წმიდა მამები ერთმნიშვნელოვნად ამბობენ, ეს საიდუმლო იმიტომ კი არ არის, რომ არ ჩანს და არ გაიგება, არამედ იმიტომ, რომ არის ღვთისგან და არა ადამიანის გონებისგან, მაგრამ გამოვლინება ჩანს. ნათურას რომ ავანთებთ, შეიძლება, ის არ ჩანდეს?! ზუსტად ასევეა ნათელღებული ადამიანი. ვამბობთ, ნათელს იღებს მონა ღვთისა და რა – სიმბოლურად იღებს ნათელს?! დაფარულად იღებს ნათელს?! როგორ შეიძლება, ადამიანმა ქრისტე მიიღოს თავის წიაღში არსობრივად, ისევე, როგორც მარიამმა მიიღო ქრისტე და არ გაიხაროს, როგორც მარიამმა გაიხარა?! იოანე ნათლისმცემელი მუცელში შეკრთა, როდესაც მარიამს მეისალმა, ანუ ნათელღებული ადამიანის დანახვისას როგორ შეიძლება, არ შეკრთეს მეორე ადამიანში მყოფი სიცოცხლის წყურვილი და ვერ იცნოს, ვინ უახლოვდება მას?! ეს რეალურად აღსაქმელი ფაქტებია, ოღონდ მხოლოდ მისთვის, ვისაც ამის დანახვის უნარი აქვს, თუმცა ნათელღებული ადამიანის ცვლილებები აისახება მის ფიზიკურ ცხოვრებაშიც. მისი არათუ ქცევა, მიმიკაც კი იცვლება. მონათვლა, ნათლისღება – ეს ნამდვილად ხელახლა შობაა. დღეს კი ეს ჩანაცვლებულია რიტუალით, ჩვევად დაგვრჩა, რომ აუცილებლად უნდა მოვინათლოთ, მაგრამ არსობრივად ქრისტეს ხომ რწმენით ვიღებთ?! ბავშვს კი არ აქვს რწმენა, არც ნათლიებს აქვთ რწმენა. ეს არის სტიქიური რწმენა და შედეგად ვიღებთ საზოგადოებას, რომელსაც ჰქვია მართლმადიდებლური და არაფრით გამოვირჩევით, არც ნათელი ვართ ვინმესთვის, არც გამორჩეული, ვართ ჩვეულებრივი რელიგიური ადამიანები და იმ რელიგიურობაშიც სხვები გვჯობიან.
– მაგრამ ადამიანმა შეიძლება, ისე გალიოს ცხოვრება, არც არასდროს იყოს მზად ქრისტეს მისაღებად თავის გულში და არ ჯობია, მოინათლოს მაინც?
– დიახ, წყვეტა არ უნდა მოხდეს და ეკლესია ვერ შეწყვეტს ნათლობას, მაგრამ თანდათან მინელდება ქრისტეს სიყვარული, ქრისტეს რწმენა, ასეცაა ნაწინასწარმეტყველები და ასეც უნდა იყოს, ვიდრე ახალი აენთება, ქრისტეს მეორედ მოსვლის ნათლის გაცხადებამდე პირველი მოსვლის კრიზისი გარდაუვალია. ჩვენც ასე უნდა შევხედოთ, რაც ხდება და მაშინ ლოგიკურია, უბრალოდ, ახლა ვმსჯელობთ, თუ რა არის რწმენა. მაგრამ ნათლობა გარანტია არაა, ტყუილია, რომ გადარჩება ყველა, ვინც მართლმადიდებლად მოინათლა. ეს გეძლევა გასავითარებლად, მაგრამ, თუ არ იშრომებ, ჭირნახულს ვერ მოიწევ.



скачать dle 11.3