კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რა სფეროში საქმიანობით იღებს საქართველოში 500-მდე ადამიანი წლიურად მილიონიან შემოსავალს ხელფასის სახით

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 488 მილიონერია (ოფიციალურად, თუმცა არაოფოციალურად, მათი რიცხვი მეტი იქნება). შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ერთ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი სწორედ 488 პირმა მიიღო, ხოლო მათ მიერ ერთ წელში გამომუშავებულმა ჯამურმა ანაზღაურებამ მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტი შეადგინა. საინტერესოა, რომ 2018 წელთან შედარებით, მილიონიანი ანაზღაურების მიმღებთა რიცხვი 165-ითაა გაზრდილი. მაგალითად, 100 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავალი იმავე 2019-ში 14 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ მიიღო და მათი საერთო შემოსავალი ოთხ-ნახევარ მილიარდ ლარამდეა. თუმცა 100 ლარამდე შემოსავალი აქვს ათასობით მოქალაქეს. სიმდიდრე კარგია და სწორედ სიღარიბეა ცუდი, შესაბამისად, სასურველია, რომ, რაც შეიძლება, მეტი მილიონერი ვიყოთ ქვეყანაში, თუმცა მაინც იბადება კითხვა, რა საქმიანობიდანაა შესაძლებელი ამ ჩვენი განვითარებადის სტატუსის მქონე სახელმწიფოში წლიურად მილიონიანი ხელფასის მიღება. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან.
– მოხარული ვიქნები, თუ ყველანი მილიონერები გავხდებით, მაგრამ საინტერესოა, რა კეთდება ამ ქვეყანაში ისეთი, რომ ადამიანების გარკვეული კატეგორია წლიურ ხელფასად მილიონს იღებს?
– ზოგადად, ჩვენი ქვეყანა მიეკუთვნება იმ სახელმწიფოთა რიგს, რომლებშიც ქონებრივი, ეკონომიკური დიფერენცირება საკმაოდ მაღალია. როგორც წესი, ითვლება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც დეცილური კოეფიციენტი, ანუ უთანაბრობის მაჩვენებელი, თუ აღემატება ჯერადად ათს, ანუ, თუ მოსახლეობის ყველაზე მაღალშემოსავლიანი 10 პროცენტის შემოსავლები მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიანების 10 პროცენტს აღემატება 10-ჯერ, ესე იგი, ამ საზოგადოებას ყველაფერი რიგზე არ აქვს. ამ მხრივ, თითქმის 2-ჯერ გავუსწარით ამ ნორმატიულ მაჩვენებელს. თუ, მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში ეს მაჩვენებელი არის 8, ავსტრიაში – 7, ნორვეგიაში – 6. იაპონიაში, საერთოდაც, საბჭოთადროინდელი დიფერენცირების კოეფიციენტია – 4.5, საქართველოში, დაახლოებით, 19-ის ტოლია.
– ანუ ჩვენთან ყველაზე მდიდრები ყველაზე ღარიბებზე 19-ჯერ მეტ შემოსავალს იღებენ.
– დიახ. საშუალო შემოსავლების შეფარდებით ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ჯაჭვური ინდექსებით, მოსახლეობის ერთ სულზე მეტი მშპ გვაქვს საბჭოთა პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის – 1988 წლის დონესთან  შედარებით, მოსახლეობის 40 პროცენტს აქვს იმაზე ნაკლები შემოსავალი, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო. ამდენად, ამასაც უკავშირდება საბჭოთა სისტემის ნოსტალგია.
– იმიტომ რომ ქონებისა და შემოსავლების არათანაბარი გადანაწილებაა.
– დიახ, საბჭოთა პერიოდში სხვაობა იყო 4-5-ჯერადი, ახლა კი, რადგან 19-ჯერადია, ახლანდელი მდიდრები გაცილებით მდიდრები არიან, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყვნენ მდიდრები და ახლანდელი ღარიბები რომ მაშინდელ ღარიბებს შევუდაროთ, საშუალოდ, გამოდის 35-37 პროცენტის დონეზე, ესე იგი, მაშინდელი ღარიბები დღევანდელ ღარიბებზე 2.5-ჯერ მდიდრები იყვნენ. ახლანდელი მდიდრები საკმაოდ წინ არიან და არც კი შევადარებ.
ერთ-ერთი წამყვანია საბანკო სექტორი, იმიტომ რომ ფული ყველაზე სწრაფად მოძრაობს ამ სექტორში, მომსახურების თანამედროვე საშუალებებიც ამ სექტორშია, ყველაზე გამართულადაც მუშაობს და სარგებელიც მეტი აქვთ. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა ჰქონდეთ, ისინი იღებენ ისეთ შემოსავალს, რომელიც ადეკვატურია მათი ცოდნის, კვალიფიკაციისა და საერთაშორისო სტანდარტების. ყველა სექტორში ეს არაა მიღწეული, საბანკო სექტორმა ეს შეძლო, ინარჩუნებს ამას და დანარჩენ სექტორებში არსებული შემოსავლების ფონზე საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.
– ანუ ის 488-ვე ბანკირია?
– არა მარტო ბანკირი, ჩვენ გვყავს სხვადასხვა სფეროში მაღალი ანაზღაურების მქონე პირები, მაგალითად, მარეგულირებელ კომისიებში, ბიზნესმენები, ვიპ-მენეჯერები... მათი შემოსავლები ქმნის ასეთ ამინდს. მეორე მხრივ, გვყავს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელთა ხელფასი თვეში 250-ლარზე ნაკლებია და ესეც რეალობაა. გადავავლე თვალი და საკმაოდ საინტერესო სტატისტიკაა მსოფლიოში მილიონერებთან და მილიარდერებთან დაკავშირებით.
– ანუ მხოლოდ ჩვენი სენი არ არის ასეთი განსვლა?
– ვთქვი, რომ ჩვენთან 19-ჯერადიანი განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მაგრამ ჩვენზე მეტი სხვაობაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის ლათინური ამერიკისა და აფრიკულ ქვეყნებში. მაგალითად, კოსტა-რიკაში –  23-ჯერ, სალვადორში – 38-ჯერ. ჰონდურასში – 59 – ჯერ, კონგოში – 60-ჯერ. ანუ ჩვენზე უარესადაც არიან და ჩვენ სადღაც შუაში ვიმყოფებით. ასევე, საინტერესოა მილიონერთა და მილიარდერთა შეფარდება.
– როგორც მახსოვს, იაპონიას ჰყავს ყველაზე მეტი მილიონერი მოსახლეობის ერთ სულზე.
– იაპონიაში შედარებით ნაკლები მილიარდერია, მაგრამ სხვებთან შედარებით გაცილებით მეტი მილიონერი ჰყავთ. შევადაროთ იაპონია და ინდოეთი: იაპონიას ინდოეთთან შედარებით 8.4-ჯერ მეტი მილიონერი ჰყავს – სულ 2 მილიონ 105 ათასი, მაგრამ  ინდოეთი მილიარდერთა რაოდენობით 2.5-ჯერ უსწრებს იაპონიას. ინდოეთს სულ ჰყავს 102 მილიარდერი, იაპონიას კი – მხოლოდ 26. სამაგიეროდ, საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენცირება საკმაოდ დაბალია იაპონიაში, იქ არიან მდიდრები და კიდევ უფრო მდიდრები. ინდოეთში კი ქონებრივი და კასტობრივი განსხვავება საკმაოდ მაღალია. კიდევ იმის თქმა შემიძლია, რომ მსოფლიოში, დაახლოებით, 3 მილიონ 320 ათას ადამიანზე მოდის ერთი მილიარდერი. დაახლოებით, საქართველოს მოსახლეობის ტოლია ეს მაჩვენებელი და ის, რომ ერთი ოფიციალური მილიარდერი გვყავს,  ჯდება ამ სტატისტიკაში. ამბობენ, შეიძლება, არაოფიციალურად მეტიც იყოს, მაგრამ, რაკი „ფორბსის“ სიაში მხოლოდ ერთია, შედარება რომ კორექტული გამოვიდეს, ისევ „ფორბსს“ დავეყრდნოთ. თუმცა „მაგთის“ მფლობელზეც ამბობენ, რომ დაუკაკუნა მილიარდერთა კარს. მოსახლეობის რაოდენობით, თითო მილიარდერზე, საქართველო არის იაპონიასა და ყაზახეთს შორის.
– მთლად ცუდად არ გვქონია საქმე. ბიძინა ივანიშვილს ეს მონაცემი გაუუმჯობესებია ჩვენთვის.
– იაპონელების დონეზე გავდივართ მილიარდერთა რაოდენობით. სხვათა შორის, აშშ-ის ყველა შტატს არ ჰყავს მილიარდერი. 11 შტატი იყო, 2018 წლის მონაცემებით, უფრო გვიანდელი არ გამოქვეყნებულა, სადაც არც ერთი მილიარდერი არ ჰყოლიათ. კიდევ 9 თუ 10 შტატია, სადაც თითო-თითო მილიარდერი ჰყავთ. სამაგიეროდ, იქ არის შტატები კი არადა, ქალაქები, სადაც ათეულობით მილიარდერი ცხოვრობს. მაგალითად, სან-ფრანცისკოში 37 მილიარდერი ცხოვრობს, ნიუ-იორკში ასამდე იყო და ახლა 92-ია, რაც მაინც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მილიარდერებზე კიდევ ერთ ინფორმაციას გაგიზიარებთ, ოღონდ არ მინდა, რომ ეს გაიგოთ, როგორ სწავლის ანტიპროპაგანდა.
– რომ უმეტესობა უსწავლელია?
– 50-მდე მილიარდერია, რომლებსაც საშუალო განათლებაც არ აქვთ მიღებული.
– ჩემი დაკვირვებით, ფულის კეთებას კავშირი არ აქვს ინტელექტთან და ცოდნასთან, ეს თანდაყოლილი ალღო და უნარია.
– და, აი, 50 მილიარდერს ატესტატიც კი არ აქვს. თუ ავიღებთ ყველაზე მდიდარ 10 მილიარდერს, რომლებსაც საშუალო განათლება არ მიუღიათ და მათ საშუალო ქონებას, აქტივების ღირებულებას, აღმოჩნდება, რომ თითოეულზე მოდის 7.2 მილიარდი დოლარი. მაგრამ თუ ყველა, 2 100-ვე მილიარდერსა და მათ საშუალო აქტივების ღირებულებას ავიღებთ, გამოდის 3.8 მილიარდი. ესე იგი, უსწავლელ მილიარდერებს უფრო მეტი ფული აქვთ, ვიდრე საშუალოდ ყველა მილიარდერს. საერთოდ, მსოფლიოში მილიარდერების წილად მოდის გლობალური მშპ-ს 6 პროცენტზე უფრო მეტი. რაც შეეხება მილიონერებს, მათი აქტივების რაოდენობა, ღირებულების სახით, არის მსოფლიო მშპ-ის 184 პროცენტი და რომ შევადაროთ მილიონერი და მილიარდერი, აღმოჩნდება, რომ, საშუალოდ, ერთი პირობით მილიარდერი ერთ პირობით მილიონერზე 728-ჯერ უფრო მდიდარია. ამ ციფრის გაგონებაზე მილიონერები გაბრაზდებიან ან დაახლოებით ასეთი განწყობა გაუჩნდებათ: „მდიდრებიც ტირიან“.
– როგორც მახსოვს, აშშ-შია ყველაზე ბევრი მილიარდერი, რა ახდენს გავლენას მილიარდების დაგროვებაზე? ქვეყნის მასშტაბი, ეკონომიკის დონე, მმართველობის ფორმა?
– მილიარდერთა რაოდენობა დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის სიდიდესა და განაწილების უთანაბრობაზე, აშშ-ში მილიარდერთა რაოდენობა ყველაზე მეტია მსოფლიოში, 614 მილიარდერი ჰყავს აშშ-ს, რუსეთს მხოლოდ – 79.
– მაინც შევახსენებ მკითხველს, აშშ-ის მოსახლეობაა 330 000, ხოლო რუსეთის 145 000-მდე.
– ჩინეთში, დაახლოებით, 400-მდე მილიარდერია, გერმანიაში - 107, ინდოეთში, უკვე გითხარით – 102. აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, რადგან ჩინეთს აქვს პრეტენზია, რომ ის არის მთელი ჩინური სივრცის გამგებელი, უნდა მივამატოთ  ჰონ-კონგის 66 მილიარდერი და ტაივანის 36 მილიარდერიც.
– თუმცა ჩინეთის მილიარდ-ნახევრიანი მოსახლეობის გათვალისწინებით, მაინც ცოტაა.
– დიახ, აშშ-ის დონეზე ჯერჯერობით ვერავინ გადის. რაც შეეხება ქალაქებს: ყველაზე მეტი მილიარდერი ჰყავს ნიუ-იორკს, შემდეგ მოდის – ჰონ-კონგი, მოსკოვში 70-ია, იმ 79-დან. პეკინი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება – 67. შანჰაი – 46. საინტერესოა, რომ ლონდონში 56 მილიარდერია, მაგრამ, თუ მოსკოვში, დელისა თუ  სტამბულში მილიარდერები იმ ქვეყნების მოქალაქეები არიან, ლონდონელი მილიარდერებიდან ამ ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ 43 პროცენტია, დანარჩენები არიან ჩასულები.
  კიდევ ერთი – რაც მეტად განვითარებულია ქვეყანა, მით მეტი შესაძლებლობაა, თუ ზრდასრულ მოსახლეობას ავიღებთ, პროცენტულად ყველაზე მეტი მილიონერი ჰყავს შვეიცარიას: ყოველი ასიდან 12 მილიონერია. ჰონ-კონგში – 8, აშშ-ში – 7, გაერთიანებულ სამეფოში – 5, იაპონიაში – 3, ჩინეთში – 0.4. საქართველოზე მოკრძალებული ციფრია, ის ციფრი, რაც თქვენ დაასახელეთ ლარებშია და რეალურად რამდენია აქტივების მფლობელი, მათ შორის, ოფშორებში აქტივების მქონენი, არ ვიცით, მაგრამ შეფასებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მათი რიცხვი, დაახლოებით, 500-600-ის ფარგლებშია.

скачать dle 11.3