კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ზურა გორგაძე: უცხო ადამიანებს კი არა, ოჯახის წევრებს არ უნახავთ ჩემი თავი უნიღბოდ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  „დილა მშვიდობისას“ წამყვანი და მსახიობი ზურა გორგაძე, უკვე ორი წელია, აქტიურად გამოუძინებელია. როგორც თავად ამბობს, ვერაფრით შეეგუა ალიონზე ადგომას. ცდილობს, ეს ტელეეკრანზე არ შეიმჩნიოს, თუმცა, გადაცემის დამთავრების შემდეგ მისი ორგანიზმი „გამორთვას“ იწყებს. ახლახან ზურა ახალი იმიჯით წარსდგა ტელემაყურებლის წინაშე და როგორც თავად ამბობს, ეს მისი თმის პრობლემის გადაჭრას უკავშირდება.
  ზურა გორგაძე: უკვე ორი სატელევიზიო სეზონია, დილის ხუთ საათზე ადგომა მიწევს და ძალიან მიჭირს. წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად, ორი წელია, წესიერად არ გამომიძინია. გამორიცხულია, ვინმე ასე ადრე ადგომას შეეეგუოს. წლების წინ კი მიწევდა სხვა ტელევიზიაში ადრე ადგომა, მაგრამ ახლა სხვა პასუხისმგებლობაა – „რუსთავი  2-ზე“ მუშაობა. თან, ძილის რეჟიმი ვერაფრით დავალაგე: ვიძინებ ძალიან გვიან, მაგალითად, 3 საათზე, ყველაზე ადრე – 2 საათზე და  დილით ხუთ საათზე უნდა ავდგე. ყოფილა შემთხვევა, ოთხ საათზე დამიძინია, ხუთზე გამიღვიძია და ასე ერთ-საათგამოძინებული წავსულვარ სამსახურში. უბრალოდ, ვერ ავეწყვე, რადგან მთელი ცხოვრება გვიან დაძინებას ვარ შეჩვეული. ყოველთვის ღამის ცხოვრება მხიბლავდა, მეგობრებთან ერთად გართობა, „ბუ“ ვიყავი და ახლა „ტოროლა“ გავხდი (იცინის). რეალურად, დღესაც ასეა, დღე ვმუშაობ და ღამე საკუთარი თავისთვის ვიცლი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მხოლოდ ერთი საათი მეძინოს, ანუ თვალი მოვატყუო, დილის ეთერში არ მემჩნევა. ორგანიზმი მომართულია, რომ იყოს გაღვიძებული და მომზადებული იმისთვის, რომ მაყურებელს შეხვდეს. ეს, ალბათ, ფსიქოლოგიური მომენტია. როოგორც კი მორჩება გადაცემა, თითქოს გამომრთეს და მორჩა (იცინის). თუ არ წავუძინე, აბსოლუტურად არაპროდუქტიული ვარ. მართალია, სტუდიაში არ მიძინია, მაგრამ ერთი სული მაქვს, სახლში გავიქცე და დავწვე. თუმცა, მეორე სამსახურიც მაქვს – „რუსთავი 2“-ზე, არხის ხმა ვარ, მიწევს სერიალების გახმოვანება და ხშირად ვერ ვახერხებ, დილის ეთერის მერე გამოძინებას. ამ დროს, უკვე „გამორთული“, თავს ვაიძულებ, ვატყუებ, ძალით ვიფხიზლებ  გონებას, რომ მუშაობა შევძლო.
– სეზონი რომ დაასრულეთ და შვებულების პერიოდი დაგეწყო, ხომ იყავი დასასვენებული ბათუმში?
– კი წავედი დასასვენებლად, მაგრამ იმის მაგივრად, დამესვენა, სერიალების გახმოვანება მიწევდა და შივას და განეშას მადიდებელი გავხდი (იცინის). თან, დამატებული იყო სერიები და დილაადრიან „ქორთიარდ მერიოტის“ მეოცე სართულზე, თოლიების სასიამოვნო ხმაურის ფონზე, სასტუმროს ნომრის ვერანდიდან, თან ქათქათა ბათუმის ლივლივა ზღვას გადავყურებდი და თან ინდურ სერიალებს ვახმოვანებდი (იცინის). ჩვეულებრივად დამაპატიმრეს. თუმცა, მადლობა ჩემს ხელმძღვანელობას, რომ მომცა საშუალება, წამეღო აპარატურა და სუფთა ჰაერიდან გამეხმოვანებინა სერიალები. ხმის რეჟისურა უცხოეთში გავიარე და აპარატურასთან მუშაობაც ვისწავლე. მოკლედ, აპარატმოკიდებული მიწევს ყველგან წასვლა. ასე რომ, ინდური ქალღმერთების გვერდით, შივასა და განეშასთან ერთად, მეოცე სართულზე დაპატიმრებულმა გავატარე შევებულება (იცინის).
– დასრულდა  ერთთვიანი, დაპატიმრებული საქმიანი შვებულება და დაიწყო ახალი სატელევიზიო ეთერი. თუ აკრიფე შავი ზღვის ენერგეტიკა, რომ მთელი წელი გეყოს?
– კი, ნამდვილად ავკრიფე ენერგეტიკა, საწუწუნო არ მაქვს, რადგან მსახიობებს, რომლებიც ახმოვანებენ, ფაქტობრივად, თბილისში მოუწიათ ყოფნა. სხვათა შორის, არ იყო მაშინ ასეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ბათუმში და გამოვასწარი, მაგრამ „რუსთავი 2-ში“ დამეწია და სამჯერ მომიწია ტესტის ჩატარება. თეონა ცხომელიძის ახლო კონტაქტი ვიყავი და ჩვენი შეხვედრა კოცნით, გადახვევით იწყებოდა და საუბრით გრძელდებოდა. მერე, კი ვინანეთ ეს ყველაფერი (იცინის), მაგრამ ყველაფერი კარგადაა, განმეორებითმა ტესტმაც უარყოფითი აჩვება და თეონაც მალე დაგვიბრუნდება გამოჯანმრთელებული. პანდემიის დროს სულ ეთერში ვიყავით და ვცდილობდით, მაყურებელი ეკრანიდან დაგვეიმედებინა. არ დამავიწყდება, ტელევიზიიდან გამოვედი და ფაქტობრივად, მარტო აღმოვჩნდი ქალაქში. ეს ყველაფერი აპოკალიფსური ფილმის სცენარს ჰგავდა.
– ყურებამდე გადაჭიმულ ღიმილზე გამახსენდა, შენი თანაწამყვანი გოგონები ხშირად ჩივიან – ზურა გვაცინებს პირდაპირ ეთერში და არ გვაცლის მუშაობასო. ამაზე რას მეტყვი?
– წამყვანი ხანდახან ისეთ ინფორმაციას კითხულობს, რომ რთულია, არ გაგეცინოს. თან, მე არ ვუჩივი იუმორს და მხოლოდ ცოტა ხანი შემიძლია სერიოზულად ჯდომა, თავს ვერ ვიკავებ (იცინის). სხვათა შორის, ზესტაფონში დავიბადე, გავიზარდე, იქ დავამთავრე სკოლა, ასე რომ, „კარენოი“ იმერელი ვარ და დედის მხრიდან კი – სვანი. მოგეხსენებათ, ამ ორი კუთხის ხალხს როგორი იუმორი აქვთ და ალბათ, მეც ორივე შტოდან გენეტიკურად მერგო.  ზოგადად, დიდი დოზით სერიოზულობით ვითრგუნები. ყოველთვის ვსვანდები მაშინ, როცა ჩემი არ ესმით. ყველასთვის მისაღები არ იქნება ჩემი აზრი, მაგრამ გასაგები უნდა იყოს და უნდა მომისმინონ. თუ რაღაცაში დარწმუნებული ვარ, რქებიც ალესილი მაქვს (იცინის). ყველა ადამიანი სვანდება, როცა ატყუებენ და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ მე გენეტიკაც მიწყობს ხელს (იცინის). თან, ზოდიაქოთი „მორიელი“ ვარ და უსამართლობისა და სიყალბის დროს კბენაც ვიცი.
– ყველაფერზე ვისაუბრეთ და პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– სად მცალია პირადი ცხოვრებისთვის (იცინის). ასე აეწყო, სერიოზული ცვლილება არ არის. 31 წლის კი ვარ, ვბერდები, მაგრამ ჯერ სიყვარულში ღრმად არ გადამიტოპია (იცინის). თუმცა, აუცილებელია, ყველას გვჭირდება სასიყვარულო გატაცებები და ამისთვის მაინც ვიცლი.
– ახლახან თმა გადაიპარსე. ეს თმის ცვენის პრობლემას უკავშირდება თუ იმიჯი გინდოდა შეგეცვალა?
– ყოველთვის მქონდა თმის ცვენის პრობლემა. დამეწყო 18-19 წლიდან. ბოლოს კარგად დაცვენილი მქონდა და რომ გადავიპარსე და გადავინერგე, ყველას გაუკვრიდა: შენ რაში გჭირდებოდაო. უცხო ადამიანებს კი არა, ოჯახის წევრებსაც კი არ უნახავთ ჩემი თავი უნიღბოდ – გაცვენილ ადგილებში კანს ვიღებავდი, თმის მოცულობის ეფექტის მქონე საშუალებებს ვიყენებდი. ამიტომ, ვერავინ იფიქრებდა, რომ თმის ცვენის პრობლემა მქონდა. პირდაპირ ეთერში „ჰეალაინმა“ დამასაჩუქრა, თმის გადანერგვის პროცედურით. სასწრაფოდ გადავიპარსე და წამოვიდა ახალი თმა. „შლიაპიანის“ იმიჯიც ამიტომ მოვირგე. თუმცა, ჩემი არ არის და მოვიხადე. სტრესი არ მქონდა, რადგან ჩემი თავი ისეთი მივიღე, როგორიც ვარ, თუმცა, სარკეში ჩახედვისას, მაინც არ მომწონდა და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი.
P.S. ჟურნალში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის დავით ბანცაძეს.

скачать dle 11.3