კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№39 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  მოსე ატაბეკოვი – თამბაქოს ყიდდა შუა ბაზარში, თუმცა 1861 წელს ჯერ ბოზარჯიანცმა გადაიბარა კურქჩიბაშიანცის თამბაქოს ფაბრიკა და უფრო ფართედ მისდია ამ საქმეს. მერე მალევე კონსტანტინოპოლიდან ჩამოსულმა კარაპეტ ენფიანჯიანცმა გახსნა თამბაქოს ფაბრიკა და მთელი მუშტარი წაართვეს. რა თამბაქოს არ ყიდდნენ ორივე, ფერშუნჯანი, ბურუნჯანი, გეობეკის თამბაქო, სამსუნი, ტრაპიზონი, პაფრი, მელისა... აბა, ატაბეკოვი ვიღას გაახსენდებოდა. თან იმათთან იაფად იყო, ბლომად ჩამოჰქონდათ, ფუთობით. მისი ყაფაზში ჩაყრილი თამბაქო აღარ იყიდებოდა. ზემო ქალაქის ხალხი კი მასთან ისედაც არ დადიოდა, იმათ თავისი ალაგი ჰქონდათ – ფრანგული მაღაზიები. ეს იყო სიგარის ხალხი, ნაირგვარი „მონტე-კრისტოს“ და „კაბანოს ტრაბუსილოს“ გამბოლებელი, ბურნუთსაც ფრანგულს იყნოსავდნენ, რომელიმე „რაპეს“, ანაც და „დიუნკერკს“, გერმანული კოლონიებიდან მოზიდულს. უნციებად ყიდდნენ. ატაბეკოვს საწონი ქვებიც კი არ ჰქონდა ასეთი, არათუ თამბაქო. და დაკეტა დარაბები. თავისი დაკეტა და სხვისი გაღება ისწავლა. სემინარიის პირდაპირ ათანასე კუკუჯანოვის სარდაფი გატეხა, საიდანაც ბაღდადები და აბრეშუმი მოიპარა, ფულიც – რაც დახვდა. მერე ბულვარზე – მორიცის მაღაზია და იქიდან იტალიური ჩალის ქუდებიც გამოაყოლა. ამას მოდისტკა ფანის ფრანგული მაღაზია მიაყოლა. ამაზე დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. რომ გამოვიდა, ახლა გაღმა გავიდა, ჯერ გერმანელთა კოლონიის კიდეზე, მეკარეტე მეფერტი გაქურდა, მერე კოლონიის იქით, ადრე სპარსელი მუშტეიდის საკუთრება რომ იყო და ახლა სახაზინო ბაღი, იმის მოიჯარადრე ფერზინგის ბუფეტი და ამაზე დაიჭირეს. ბოლოს 1868 წელს ბაგრატიონის ქუჩაზე მონაზონს მოჰპარა ხალიჩა, ამაზე ღამის პატრულმა დააკავა და ისევ ჩასვეს ციხეში. იქ დასნეულდა და მოკვდა.
  ქურდ-ოღლი ახვერდოვი – მირზა აბადიდან იყო, ავლაბრის კიდესა და ნავთლუღს შუა გაჩხერილი ძაღლის სოფლიდან. იყო მუშა მაკარონის ქარხანაში, 1845 წელს ოსმალეთიდან ჩამოსულმა პოღოს ტატასოვმა რომ გახსნა, მაგრამ მაკარონის მჭამელი არავინ იყო, დაიკეტა ის და იწყო ხეტიალი. მაშინ ერევანსკის მოედანზე დიდი ბაზრობა იმართებოდა, აქ ნახავდი ყოველივეს, კვასი და მჟავე კომბოსტო, რევოლვერები, ნავთის ლამპები, ფლავის სახარში ქვაბები, რა აღარ. ნივთები სხვადასხვა, ნახმარიც და უხმარიც, ხარისხიანიც და უხარისხოც. აბელაც აქ დადიოდა ოჩოფეხებით, როგორც რამ ატრაქციონი. თოკსაც აქ ჭიმავდნენ და ზედ გადიოდა ჯამბაზი, იმის ქვეშ კი იდგა დამხმარე მასხარა და რასაც ჯამბაზი ზევით აკეთებდა, ის გამობაძავდა და ვითომ თოკზე დადიოდა. ახვერდოვის ატრაქციონი კი იყო სხვის ჯიბეში ჩაძვრომა და ამას ფართედ მისდევდა. თამამშევის ქარვასლასა და ოპერას 1847 წელს საფუძველი რომ ჩაეყარა, მთელი ეს ხმაურობა აქ მოიშალა და ქვევით გაიშალა იარმუკაში, მაშინ – გარეთ უბანში. ერევანსკის მოედნის ყავახანებიც ნელი ნელ მოისპო, უფრო კი ატამანის ქუჩისკენ გადავიდა, სემინარიის იქით გაყოლებაზე, მერე ლორის მელიქოვის ქუჩა რომ დაერქვა. ერთ მხარეს ღმერთს ასწავლიდნენ, მეორე მხარეს – ეშმაკს. ეს ატამანის ქუჩა მაშინ მთავარი ადგილი იყო ზემო ქალაქში, საცა ქაღალდი ითამაშებოდა და სასმელი ისმებოდა. მარტო სამიკიტნო დუქანი შვიდი იყო, ამას გარდა ლუდხანა და დასათრობი ადგილი – კიდევ ათი და ექვსიც საბილიარდო. ეს იყო ჩხუბისა და აყალმაყალის ადგილი, ქურდ-ოღლი აქ დაძვრებოდა გაუთავებლად. ოთხჯერ დაეჭირათ. უშვებდნენ და ისევ ძველ საქმეს უბრუნდებოდა. ბოლოს დუქნის ჩხუბში მოყვა, თითი მოაჭამა ტიგრან ტიგრანიანცს და იმან კი მოკლა. ის თითი ეგრემც ვერ გამოუღეს პირიდან და ეგრე დაასაფლავეს თითიანად ხოჯივანქზე.
  გლახუა ჭებაშვილი – ტფილისში 1880 წელს გამოჩნდა, რამდენიმე სახლი გაქურდა ურდულების მტვრევით. როცა დაიჭირეს და გამომძიებელთან დაკითხვისას 7 პოლიციელი ყარაულობდა, დაუსხლტა მათ და ფანჯრიდან გადახტა. რვა თვე იხეტიალა კავკასიის სხვადასხვა მხარეში და ისევ ტფილისში გამოჩნდა. აქ მალე დაიჭირეს და მე-5 განყოფილებაში გამოკეტეს, აქედან გაიქცა. მერე ისევ დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, აქ იჯდა 1885 წლის 11 თებერვლამდე და როცა სამუშაოდ ქალაქში გამოიყვანეს, გაიქცა. ისევ კავკასიაში ხეტიალი იწყება. ტფილისში მობრუნებისას კი დუქნებსა და ბაღებში ქეიფს მიჰყო ხელი იქიდან ჩამოტანილი ნაძარცვი ფულით. მისი დაჭერით დაკავდა სვიმონოვი  და ერთ დღესაც ფურნეში დაიჭირა, ჯვართან. სახელი გაუვარდა, როგორც მოუხელთებელს, საცა დაიჭერდნენ, გარბოდა.
  ვასო ჭიღლაძე – იყო იმ ბანდის თავი, 80-იან წლებში ტფილისსა და ავჭალას შორის მიმავალ მატარებელს რომ ხვდებოდა. ამ ბანდაში იყვნენ, ასევე, ვასო ტატუნაშვილი და დავით თამაზოვი, მეტსახელად „ჩეთვერი“, კიდევ სამი სხვა დამქაში. ისინი ელოდნენ ადგილს, საცა მატარებელი სვლას ანელებს, იქ ახტებოდნენ, შემდეგ კარს ამტვრევდნენ და შიგ შედიოდნენ. ვაგონში ფუთებს ხსნიდნენ და იქიდან ხალიჩებსა და რაც რამ ძვირფასი ეგულებოდათ, იპარავდნენ. შემდეგ ავჭალის ხიდამდე ასწრებდნენ ჩამოხტომას, ვიდრე მატარებელი მტკვარს გადავიდოდა. ნაპარს მეისრის სათავსოში ინახავდნენ, შემდეგ ღამით ტივით გაჰქონდათ და ვერის ბაღებში მალავდნენ.
  ხან მამედ-ოღლი – მძარცველი, შაითან ბაზარში ნახა ყანდარი, საზამთროს სანაძლეოზე გაჭრა. წითელი იყო თუ არა. ასეთი ყომარი იყო. ამაზე ფულს ჩამოდიოდნენ. ამის მეტი რა იცოდა. საზამთროს მეტი რა ენახა. მამამისს ეხმარებოდა საზამთროს გაყიდვაში. სულ იგებდა, იცნობდა. მისი ბედი შაქზე დაჯდა, თუმცა ეს არ დაანებეს, არ შეარჩინეს. თავზედაც დაახეთქეს ის საზამთრო და მან ბებუთი ამოიღო და გამოათალა მუცელი იაკობ პოღოსოვს. მერე მეტეხის ციხეში მოხვდა. იქიდან უკვე სხვა გამოვიდა. რაღაც ხმა რომ ეტყოდა, არაო, ის ხმა სადღაც გამქრალიყო. ციხიდან გაიჩინა დამქაშებიც და ერთად შეკრეს ბრბო და დაიწყეს ტფილისში ქურდობა. იმათი სახელებიც შემოინახა საპოლიციო დავთრებმა. აღა-ალი ასკარ-ოღლი და აბდულ-რეგიმ ისმაილ-ოღლი. სამნი იყვნენ. 1859 წელს მათ ბანდა რომ შეკრეს, ტფილისს „სამი მუშკეტერის“ დამწერი, ალექსანდრე დიუმა სტუმრობდა. ქუჩებში დადიოდა, შუა ბაზრის დახლები და რიგები აოცებდა. ხან მამედ მამედ-ოღლი კი თავის დამქაშებთან ერთად 1862 წელს დაიჭირეს, ბაღდასაროვის დუქნიდან 306 მანეთის ტანსაცმლის მოპარვის გამო. იქიდან რომ გამოვიდა, ბორჩალოს მაზრაში გადავიდა, შეკრა ათკაციანი ბანდა და იქ ავაზაკობდა. მათვე გაეჩაღებიათ ბიჭებით ვაჭრობა. მთელი ბანდა 1870 წელს დაიჭირეს და კატორღა მიუსაჯეს.
  სარქის ხოჯაევი – იყო ავლაბრული ბანდის მოთავე, რომელიც 1873 წელს ტფილისელებს ღამით სახლებში უვარდებოდნენ. ამ ბანდაში მის გარდა შედიოდნენ: მედუქნე არტემ კოვალიოვი („ბედრანკ“), არტემ ბუდაგოვი („დანგეზი ტგა“), პავლე აბაზოვი, ზალიკო კოტინოვი, ქიტესა ვაშაკიძე. დუქანში, საცა ესენი დაიჭირეს, იპოვეს სისხლიანი ხანჯლები, რვატყვიიანი რევოლვერი, შხამიანი პურის ბურთულები, ძაღლების მოსაწამლად. ესენი კაი ხანს აყაჩაღებდნენ ღამის ქალაქს, ვიდრე ავლაბრელი შახნაზაროვი არ იცნობდა ამათ თავ ხოჯაევს და პოლიციაში დაასმენდა. ღამით გარეთ გასვლა და სიარული კი კიდევ კაი ხანს რჩებოდა მეტად სახიფათო რამ ქალაქში.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)


скачать dle 11.3