კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ჰაკერი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #37-38(1029)

***
მას მერე, რაც გაბისონიამ ჯილდა კოკინაშვილი დაჰკითხა და მისგან წამოვიდა, ოფისში მივიდა და მახარაძეს ჰკითხა:
– რას შვები, თოკა, გააკეთე რამე?
– რა ხდება, ბატონო ბესო და ის, რომ ხახვიაშვილი, ოლანიძე და კულაშვილი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და სამივე ვინმე გასტონ პაპაშვილთან დაახლოებული პირები ყოფილან. პაპაშვილი კი ფირმა „გაპას“ მეპატრონე და მილიონერია, – თქვა მახარაძემ.
გაბისონიამ თავი გააქნია, ჩაეცინა და მახარაძეს უთხრა:
– ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდა?
– ჩემმა მეზობელმა, კოტე ჯავახიამ. ჩემი მანქანით რომ გამოვდიოდი ეზოდან, ჩავისვი და როდესაც ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, მიპასუხა – „გაპაშიო“.
– რამდენი წლისაა ეგ შენი მეზობელი?
– ოცდაოთხის.
– როგორი ტიპია?
– სოფლელია, ბატონო ბესო. დეიდა ჰყავს შინაბერა და მასთან ცხოვრობს, – თქვა თორნიკემ და დაამატა, – ჟილკიანია, როგორც მისნაირთა უმეტესობა და დიდი თანამდებობისა და ფულის შოვნა უნდა. ცუდი ბიჭი არაა, უბრალოდ, გაუთლელია და მიზნის მისაღწევად, შეიძლება, კანონიც კი დაარღვიოს.
– ეგ ბიჭი შეიძლება, გამოგვადგეს, – თქვა გაბისონიამ და დაამატა, – თუ იცი, ვინაა გასტონ პაპაშვილი?
– რაც კოტესგან შევიტყვე, იმის მეტი არაფერი, – თქვა მახარაძემ.
– გასტონ პაპაშვილი „გაპას“ ფირმის მფლობელია. ეს აბრევიატურაა – თავის ფირმას მან საკუთარი ინიციალები უწოდა. უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკია, შავბნელი პიროვნება. მასზე ხმები დადის, რომ დიდ შავ-შავ საქმეებს ატრიალებს, მაგრამ პოლიცია ერთხელაც არ დაინტერესებულა მისი საქმიანობით. არც პრესაში და არც ტელევიზიაში მისი სახელი არ ამოტივტივებულა და ვფიქრობ, ვიღაც ბობოლა მფარველობს. ამიტომ ასმაგად ფრთხილები უნდა ვიყოთ. ასი თვალი და ასი ყური გამოვიბათ, რომ მის ქსელში არ გავებათ, – თქვა გაბისონიამ. მახარაძემ კი ჰკითხა:
– თქვენ რა გაარკვიეთ, ბატონო ბესო, რა გითხრათ კოკინაშვილმა?
– რა მითხრა და არაფერი ვიცი. ულიმიტო ტელეფონი მაქვს და ჯონდო ხშირად რეკავდა ვიღაცებთანო, – მიუგო მახარაძეს გაბისონიამ.
 – ბატონო ბესო, რა გეგმა გაქვთ შემუშავებული, როგორ ვიმოქმედოთ?
– პირველ რიგში, გასტონ პაპაშვილზე გასასვლელი გზა უნდა მოვძებნოთ, რომ გავიგოთ, რას საქმიანობდა მასთან გიგაური და რატომ მოკლეს ის, – თქვა გაბისონიამ და დააყოლა, – თუმცა, დიდი ალბათობით, გიგაური პაპაშვილთან, ალბათ, კომპიუტერული კუთხით მუშაობდა. ჩემი აზრით, რაღაც უკანონობას სჩადიოდა. მერე კი ან რაიმეში შეეწინააღმდეგა პაპაშვილს, ან ისეთი ინფორმაცია გაიგო, რაც გასტონისთვის სახიფათო იყო და მოაკვლევინა. ან, რაღაც დოზით ერთიც და მეორეც, – მხრები აიჩეჩა და დაამატა, – ძნელი სათქმელია, სანამ უფრო ახლოს არ მივალთ ამ საქმესთან. მოკლედ, ხელახლა უნდა დავკითხო ნატო, იქნებ რაიმე გამოეპარა და გაახსენდეს. თანაც იმ ბიჭის დასა და დედას უნდა დაველაპარაკოთ და იქნებ მათ მოგვაწოდონ რაიმე ინფორმაცია.
– მე რას დამავალებთ, ბატონო ბესო? – იკითხა მახარაძემ. გაბისონიამ კი მიუგო:
– ჯერჯერობით ინდივიდუალურ დავალებას არ მოგცემ, ერთად ვიმოძრაოთ, ერთად ჩავატაროთ სამივე გამოკითხვა.
– დღესვე, ბატონო ბესო?
– არა. დღეს გვეყოფა, წადი და დაისვენე. ხვალ დილიდან კი აქ მოდი და საქმეს შევუდგეთ.
მახარაძე რომ წავიდა, გაბისონია სავარძელში ჩაჯდა და ჩაფიქრდა.
***
  გაბისონიას კერძო დეტექტიური სააგენტო დიდუბეში მდებარეობდა. ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსის მეორე სართულზე. ოფისს ყველა ფანჯარაზე ლამაზად ჩამოსხმული, დაჯავშნილი ბადეები ეკეთა და თავად ფანჯრებიც ტყვიაგაუმტარი იყო. ცენტრალური კარიც ორმაგი ჯავშნისგან იყო დამზადებული. იმავდროულად, შენობის მთელ პერიმეტრზე უმაღლესი ხარისხის ვიდეოკამერები იყო განლაგებული და ოცდაოთხსაათიანი კონტროლი ხორციელდებოდა. შენობაში მუდმივად მორიგეობდა ორი თანამშრომელი და მართალია, ოფისში შესვლას საშვი არ სჭირდებოდა, მაგრამ მორიგეების მახვილ თვალს არაფერი ეპარებოდათ, თანაც ისინი ყოველ წუთს მზად იყვნენ ექსტრემალური სიტუაციისთვის, რაც შესაძლოა, იქ შექმნილიყო. უსაფრთხოების დაცვის სისტემაში შედიოდა სპეციალური მიკროელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც შიდა და გარე პერიმეტრებზე იყო ფარულად დამონტაჟებული. ისინი მოსასმენი აპარატურის აღმომჩენები იყვნენ და ვერც ოფისში შეიტანდა ასეთ რამეს ვინმე და ვერც გარე პერიმეტრზე დაამონტაჟებდა ფარულად – ეს მოწყობილობები უმალვე აღმოაჩენდნენ „ჟუკებს“ და სპეციალურ პულტზე სიგნალს გაგზავნიდნენ. მეტიც, ოფისში შესულ ნებისმიერ არსებას „ჟუკები“ ჯიბეშიც რომ ჰქონოდა ან სხეულზე, თუნდაც, სხეულში დამალული, მოწყობილობები მათ იქვე აღმოაჩენდნენ.
თორნიკე მახარაძე ერთი საათის წასული იყო ოფისიდან და სავარძელში მოკალათებული გაბისონია ისევ ფიქრებში იყო გართული. შენობაში გაბისონიას გარდა კიდევ ორი მორიგე იყო. ერთ-ერთი მათგანი დაუკაკუნებლად შევიდა გაბისონიას კაბინეტში და უთხრა:
– ბატონო ბესო, ახლახან ოფისის ერთ-ერთ ფანჯარაზე ვიღაცამ შორიდან „ჟუკი“ მიაწება. მე დასახშობი სისტემა ჩავრთე და ვერ მოგვისმენენ. რა ვქნა, რას მიბრძანებთ?
გაბისონიას ჩაეცინა, თავი გააქნია და მორიგეს უთხრა:
– სანამ დასახშობ სისტემას გამორთავდე, შენი მეწყვილე გააფრთხილე, რომ ზედმეტი არაფერი თქვას და მაინცდამაინც ბევრს ნუ ილაპარაკებთ. სისტემას რომ გამორთავ, ჩემთან მოდი და ყავა შემომთავაზე. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ სისტემა გამორთულია და გვისმენენ.
– გასაგებია, – თქვა მორიგემ და წავიდა.
ხმის დამხშობი სისტემა რომ ჩაირთვებოდა, ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ მსმენელს სპეციალური პროგრამით ჩაწერილი საუბარი ესმოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ აბითურებდნენ.
გაბისონიას თავში ერთი აზრი მოუვიდა. მორიგე მიაბრუნა და უთხრა:
– სისტემა არ გამორთო. მიდით, საძებნი სისტემა გაააქტიურეთ და მსმენელის კოორდინატების დადგენა სცადეთ. თუკი დააფიქსირებთ, მაშინვე შემატყობინეთ.
მორიგემ თავი დაუქნია გაბისონიას და წავიდა. თუმცა ოთხიოდე წუთის მერე ისევ მობრუნდა და გაბისონიას უთხრა:.
– ბატონო ბესო, მსმენელი აქვეა, ასიოდე მეტრში. კოორდინატების მიხედვით, „დინამოს“ სტადიონზე უნდა იყოს. ალბათ, მანქანითაა და იქიდან გვისმენს. თავდაპირველად მოძრაობდა, მაგრამ გაჩერდა.
– გასაგებია. ძალიან კარგი. მოდი, ახლა ასე ვქნათ, ერთ-ერთმა თქვენგანმა საძებნი ელექტრომოწყობილობა აიღოს და მსმენელის კოორდინატებს გაჰყვეს. რომ მიუახლოვდებით, ეცადეთ, მანქანასა და შიგ მსხდომებს მკაფიო სურათი გადაუღოთ. თუკი უმანქანოდ იქნებიან, მაშინ, ვინც მსმენელი აღმოჩნდება, ფოტოები იმას გადაუღეთ. კონტაქტში არ შეხვიდეთ. ძალიან ფრთხილად იყავით, რომ არ გაიშიფროთ. გასაგებია?
– დიახ. გასაგებია, ბატონო ბესო, – თქვა მორიგემ და სანამ ოთახიდან გავიდოდა,  გაბისონიამ ჰკითხა:
– რომელი წახვალთ?
– მე წავალ, ბატონო ბესო.
– ოღონდ ძალიან ფრთხილად იმოქმედე და არ დააფრთხო. სისტემა კი ჩართული დატოვე, – უთხრა ბესომ მორიგეს და გაისტუმრა. თავად კი მახარაძეს დაურეკა და უთხრა:
– სახლში ხარ, თოკა?
– დიახ, ბატონო ბესო.
– როგორ იმგზავრე. გზაში რაიმე საეჭვო ხომ არ შეგიმჩნევია?
– არა, ბატონო ბესო. არაფერი საეჭვო. ყურადღებით ვიყავი და არ გამომეპარებოდა, – თქვა მახარაძემ.
– კარგი, თოკა, დაისვენე.
ოციოდე წუთის შემდეგ კი ოფისში მორიგე დაბრუნდა. ის აღელვებელი ჩანდა და გაბისონიას უთხრა:
– როგორც ვვარაუდობდი, ბატონო ბესო, მსმენელი „დინამოს“ სტადიონთან იყო, ბუჩქებში მაგათი მანქანა იდგა – შავი ფერის „ოპელ-ვექტრა“, მაგრამ ნომრები ტალახით აქვს მოსვრილი და ვერ გავარჩიე. ბნელოდა. წინიდან მივადექი და როგორც კი ფოტოგრაფირება დავიწყე, მანქანა ადგილს მოსწყდა, გვერდით ჩამიქროლა და კინაღამ გამიტანა.
– ესე იგი, მიხვდნენ, რომ მათ დასათვალიერებლად მიხვედი, ხომ? – ჰკითხა გაბისონიამ. მორიგემ კი მიუგო:
– კი. მასე იყო, ბატონო ბესო, მაგრამ საიდან უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათ დასათვალიერებლად მივდიოდი? იქ სხვა ადამიანებიც დადიოდნენ და რაღა ჩემს გამოჩენაზე გაიქცნენ?
– თავი ხომ არაფრით გაგიმჟღავნებია? – იკითხა გაბისონიამ.
– არა, ბატონო ბესო, ჩვეულებრივად მივდიოდი, – თქვა მორიგემ.
– მაშინ, ასე გამოდის, რომ ვიღაცამ გიცნო, – თქვა გაბისონიამ.
– მიცნო? – გაიმეორა მორიგემ.
– კარგი, კარგი. დამშვიდდი. ახლა ამას არაფერი ეშველება. აბა, ერთი ნახე კიდევ ვისმინებით? – იკითხა გაბისონიამ, რაზეც მას მეორე მორიგემ მიუგო:
– არა, ბატონო ბესო. ათი წუთის წინ შეწყდა მოსმენა.
– კარგი, ბიჭებო. თუკი რაიმე ახალი გამოჩნდება, მაშინვე მაცნობეთ. ამაღამ აქ ვრჩები. ფხიზლად იყავით, – უთხრა გაბისონიამ მორიგეებს და კაბინეტში დაბრუნდა.
***
„ოპელი“ სასწრაფოდ შესრიალდა ეზოში და ელექტრონული კარი დაიხურა. მძღოლმა მანქანა ავტოფარეხში დააყენა და ორ მამაკაცთან ერთად პირდაპირ ავტოფარეხიდან ავიდა ფეშენებელური სახლის მეორე სართულზე. ეს კერძო სახლი ლოტკინის მთაზე მდებარეობდა და ფირმა „გაპას“ ბალანსზე ირიცხებოდა, როგორც მთავარი ოფისის ფილიალი. სინამდვილეში კი იქ გასტონ პაპაშვილის „გორილების“ შტაბი იყო, რომელსაც ჯვებე კორიანი მეთაურობდა და მისი „ბიჭებიც“ იქ იკრიბებოდნენ, იქ იღებდნენ დავალებებს და იქიდან მიემართებოდნენ ხოლმე შავბნელ საქმეებზე. ეს შტაბი ციხესიმაგრესავით იყო გამაგრებული და იქ უამრავი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა საბრძოლო მასალები იყო თავმოყრილი. სახლის ქვეშ ორი დიდი ბუნკერი იყო მოწყობილი, სადაც გატაცებულ ადამიანებს მალავდნენ და აწამებდნენ. ბუნკერებიდან გვირაბი იყო გათხრილი, რომელიც ძველისძველ საკანალიზაციო გვირაბს უერთდებოდა და მტკვართან ჩადიოდა. ეს კი იმისთვის იყო გაკეთებული, რომ საჭიროების შემთხვევაში სახლში მყოფები იქიდან გაქცეულიყვნენ. სახლის მთელ გარე პერიმეტრზე კი ბოლო მოდელის ვიდეოკამარები იყო დამონტაჟებული, რომლებსაც არაფერი გამოეპარებოდათ და უკონტროლოდ იმ ტერიტორიაზე კოღოც კი ვერ შეფრინდებოდა.
ახალმოსულები უზარმაზარ სასტუმრო ოთახში შევიდნენ, სადაც ჯვებე კორიანი სავარძელში იყო მოკალათებული და ტელევიზორს უყურებდა.
– რა მოხდა, ბონდო. რატომ ხარ აღელვებული? – ჰკითხა კორიანმა „ოპელის“ მძღოლს.
– ოპერაციის შეწყვეტა მოგვიწია, ბატონო ჯვებე, – მიუგო კორიანს მძღოლმა.
– რატომ?
– იმიტომ, ბატონო ჯვებე, რომ ჩემი თანასოფლელი, კობა სინაურიძე ლამის პირისპირ შემეჩეხა და გამოვიქეცით, – თქვა მძღოლმა.
– მერე რა, რა პრობლემაა? – მხრები აიჩეჩა კორიანმა.
– ჯერ ერთი, ის, ბატონო ბონდო, რომ სოფელში იციან, საზღვარგარეთ ვარ სამუშაოდ წასული და არ მინდოდა, რომელიმე ნაცნობს აქ დავენახე, თანაც ეს კობა რაღაც ოფისის დაცვაში მუშაობს და უცებ თავში დამარტყა, ხომ არ გავიშიფრეთ და ჩვენს სანახავად და დასაფიქსირებლად ხომ არ მოდის-მეთქი, – თქვა მძღოლმა.
– და ამ სულელური ეჭვისა და შიშის გამო ჩაშალე ოპერაცია და გამოიქეცით?!
– კრეტინებო, თუ მართლა გაშიფვრის საშიშროების წინაშე იყავით, მაშინ აქ კი არ უნდა გამოქცეულიყავით, არამედ მანევრები გაგეკეთებინათ ქალაქში და კუდს დაკვირვებოდით. გაეთრიეთ აქედან!
კორიანმა თავისი მარჯვენა ხელი, გიზო გენძეხაძე იხმო და უთხრა:
– მალაციძემ ოპერაცია ჩააგდო, ამიტომ მეორე ვარიანტით უნდა ვიმოქმედოთ. თუ გაგვიმართლებს და ორივეს ჩავავლებთ, ხომ კარგი. თუ არა და ერთ-ერთი მაინც უნდა მოვიხელთოთ და ავალაპარაკოთ. სასურველია, რომ ის ბესო გაბისონია იყოს.
– გასაგებია. ორ ჯგუფს გავგზავნი საქმეზე, ერთს – მახარაძის სახლთან, მეორეს – გაბისონიას სახლთან, – თქვა გენძეხაძემ. კორიანმა კი დაამატა:
– ერთი ჯგუფი მაგათ ოფისთან გაგზავნე. გაბისონია შესაძლოა, ღამით იქ დარჩა. ყოველ შემთხვევაში, სანამ მალაციძე გამოიქცეოდა, ის ბოზი იქ იყო.
– კარგი, –  თქვა გენძეხაძემ და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ კორიანმა ჰკითხა:
– გიზო, კირვალიძეზე ხომ არაფერია ახალი?
– ჯერჯერობით არაფერი, – თავი გააქნია გენძეხაძემ და დაამატა, – ხომ იცი, როგორ ვეძებთ? ბიჭებმა მთელი საქართველო გადაჩხრიკეს, მაგრამ არსად ჩანს და სად მიწაში ჩაძვრა, არ ვიცით. ერთი ჯგუფი ამ ორი საათის წინ სამეგრელოში გაემგზავრა. ინფორმაცია ამოვარდა, რომ ეგ და ზეზვა ხშირად დადიოდნენ იქ, მაგრამ ვისთან, ზუსტად არ ვიცით და ამასაც გაარკვევენ.
– ჰოო, – თავი გააქნია კორიანმა, – კირვალიძეს თუ არ ჩავავლეთ და ქვეყნიდან გაგვექცა, მთელ ჩვენს კანტორას გაანადგურებენ და გასტონს ბობოლებიც კი ვერ უშველიან.
– თუ მეტი არაფერი გინდა, მე წავალ, – თქვა გენძეხაძემ. კორიანმა კი ანიშნა, – წადიო. თავად ისევ სავარძელში მოკალათდა და ტელევიზორის ყურება განაგრძო.
დასასრული შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3