კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ეკა ბესელია: ერთხელ მითხრა კიდეც ბიძინა ივანიშვილმა: როგორ, არაფერი გჭირდებაო?

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ეკა ბესელიამ, მრავალწლიანი იურიდიული თუ პოლიტიკური გამოცდილების შემდეგ, საკუთარი პოლიტიკური პარტია –„სამართლიანობისთვის“ – შექმნა და ახლა არჩევნებისთვის ემზადება. ის მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდებისა და მებრძოლი ხასიათის შესახებ თავად მოგვითხრობს.
  ეკა ბესელია: ძალიან კარგად ვსწავლობდი და გადავწყვიტე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამებარებინა იურიდიულ ფაკულტეტზე. აქედან იწყება ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. მე სულ ვამაყობ იმით, რომ სწორედ 17 წლის ასაკში შევძელი ის, რაც შეიძლება, წარმოუდგენლად ეჩვენოს ადამიანს – შევცვალე ქვეყანაში განათლების სისტემა ჩემს რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად. მისაღებ გამოცდებზე პირველად შევეჯახე კორუფციას, ჩაწყობის მექანიზმს განათლების სისტემაში. მაშინ ვერ მივხვდი, რა მასშტაბის სისტემას ვებრძოდი, მაგრამ ძალიან გულწრფელად დავიწყე ამ ყველაფრის გაპროტესტება. მე ერთი გამოცდით ვაბარებდი, რადგან მედალოსანი ვიყავი. პირველივე გამოცდაში თუ მივიღებდი უმაღლეს შეფასებას, მეტი გამოცდა აღარ იყო საჭირო, მაგრამ ვერ მივიღე, ქულა დამაკლდა. პირველივე გამოცდაზე თითქმის შეავსეს ადგილები და მაშინ დაიწყო საპროტესტო აქცია. ჩემი ინსპირაცია იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამას აპროტესტებდა უნივერსიტეტის კიბეებზე. მივედი და გვერდით მივუჯექი, მაგრამ ის პირველივე გამოცდის შემდეგ გამომეცალა, რადგან გადაიბირეს. მე გავაგრძელე და 60 აბიტურიენტი ავიყოლიე. სამი თვე ვისხედით უნივერსიტეტის კიბეებზე, იქ ვათენებდით და ვაღამებდით. ჩემ წინააღმდეგ ყველა მეთოდი გამოიყენეს კომუნისტური რეჟიმიდან: მშობლების დაბარებები ცეკაში, მე შავ მანქანას დავყავდი ცეკას მდივნის კაბინეტში მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე გავეჩერებინე, რადგან ლიდერი მე ვიყავი. ამ აქციებმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაც კი მოდიოდნენ. ეს იყო  აბიტურიენტების პირველი საპროტესტო აქცია. მაშინ ყველა ამაზე ლაპარაკობდა და სწორედ, ამან შეცვალა განათლების სისტემა. მე წლების შემდეგ გავაანალიზე, რაც ჩავიდინე. ბრძოლა სამი თვე გაგრძელდა. ვიდრე ყველა, ვინც მიიჩნევდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ, არ დაკმაყოფილდა, მე უნივერსიტეტში არ შევდიოდი. თუმცა იყო შემოთავაზებები –  პირველივე გამოცდაზე სამი ლიდერი მიგვიყვანეს და გვითხრეს, ოღონდ ეს აქცია დაშალეთ და სექტემბერში მოდით პირდაპირ, უგამოცდოდ ჩაგრიცხავთო. ორი გამომეცალა ხელიდან და მარტო დავრჩი. მაშინ გამოჩნდა პირველად ჩემი შეუპოვარი ხასიათი. დედაჩემი ჩემთან ერთად იყო იმ კიბეებზე. მამაჩემს რომ ეუბნებოდნენ, გააჩერე შენი ურჩი შვილიო, პასუხობდა, მე არ შემიძლია მასზე გავლენის მოხდენაო. მიუხედავად იმისა, რომ მას ნამდვილად შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ ჩათვალა, რომ სამართლიანად ვიბრძოდი და ხელი არ შემიშალა.
– ძალიან მალე კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო სწავლის პარალელურად შვილთან ერთად.
– ეს იყო მეორე რთული ეტაპი. 19 წლის ვიყავი, მეორე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც რატი გამიჩნდა. ორივე ოჯახისთვის პირველი შვილიშვილი იყო და როგორც ხდება ხოლმე, თავისუფლად შეიძლებოდა, ბებიებს გაეზარდათ, მაგრამ სამი თვის ერთი ბეწო ბავშვი წამოვიყვანე სტუდქალაქში, მერე მიქირავეს მშობლებმა ბინა და სტუდენტურად გავზარდე შვილი. მშობლები ძალიან ბრაზობდნენ, არც ვიცოდი ბავშვის გაზრდა, ვსწავლობდი. თან, ესაა 1991-1992 წლები, საშინელი პერიოდი. ვცხოვრობდი რუსთაველზე, ნაქირავებში, სადაც მაშინ საშინელი ამბები ხდებოდა. დილით ადრე გამოვდიოდი ექვს საათზე, რატის თბილად ჩავაცმევდი, რძის რიგში ვდგებოდი, მერე ბავშვს ვუტოვებდი ჩემს მულს და უნივერსიტეტში გავრბოდი. იქიდან ისევ ბავშვთან მოვრბოდი და ძალიან ვწვალობდი, მაგრამ არც დამიშვია, რომ ჩემი შვილი სხვას უნდა გაეზარდა, თუნდაც ბებიას. მეორე შვილი – ლიზა ნახევრად დედაჩემის გაზრდილია, მაგრამ მაშინ დედაც ჩემს სახლში იყო და ეს კიდევ სხვა საქმეა.  
– ძალიან წარმატებული კარიერა გქონდათ, როგორც ადვოკატს. არ გიფიქრიათ, რა მინდოდა პოლიტიკაშიო?
– ფანტასტიკური, მაგრამ უსამართლობის საშინელმა განცდამ, რომელიც სასამართლოში იგრძნობოდა, გამომიყვანა ამ სივრციდან და დავდექი ქუჩაში საპროტესტო აქციებზე და უკვე იმ პერიოდიდან ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში. აქედან იწყება ჩემი ცხოვრების ახალი, ძალიან მძიმე და დრამატული ეტაპი. მიფიქრია, რა მინდოდა-მეთქი. ყველაფერი მქონდა: დამოუკიდებლობა, საყვარელი პროფესია და საკუთარი შრომის შედეგად  ფინანსურადაც უზრუნველყოფილი ვიყავი. როცა დავსვი კითხვა – რატომ გადავიტანე ამდენი მძიმე ისტორია, როგორც ქალმა და როგორც დედამ? – მივხვდი, რომ ამის მიზეზი ჩემს ხასიათშია, მე არ შემიძლია სხვანაირად. საშინელი განცდა მაქვს, როცა უსამართლობას ვხედავ. ბუნებით იდეალისტი ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება სამართლიანობის იდეას მივყვები.
– წინააღმდეგობები...
– ჩემი ცხოვრება მრავალსერიანი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმივითაა. პოლიტიკური ცხოვრება იწყება 2007 წლიდან. დიდი პოლიტიკური პროცესების ცენტრში მოვხვდი. როდესაც ოქრუაშვილი დაიჭირეს, მან მე მთხოვა დაცვა. შემდეგ იწყება მასობრივი ზეწოლა, ადამიანების დაპატიმრება, ამას მოყვა აქციები. შემდეგ ავაწყვე პარტია „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, შეიქმნა საერთო ოპოზიციური ერთობა.  მაშინ დაიწყო ჩემი ოჯახის აწიოკება, აქციების დროს დაიჭირეს ჩემი შვილი და აკვირდებოდნენ, ეს გამაჩერებდა თუ არა. შემდეგ ჩემი ძმა და შვილი ერთად აიყვანეს. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ამბები მაშინ ხდებოდა. ამ პერიოდში გავხდი დეპუტატი ერთიანი ოპოზიციიდან – ეს იყო 2009 წელს. მაგრამ თორმეტმა დეპუტატმა უარი ვთქვით პროტესტის ნიშნად, მანდატები დავჭერით და დავტოვე პარლამენტი. მერე დააპატიმრეს ჩემი შვილი და ძმა, მეორე წრეზე წავიდნენ. მოსამართლე, ვინც პირველად ჩემს ძმასა და ჩემს შვილს აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა შეუფარდა, ახლახან გარდაიცვალა და მე მივედი მის პანაშვიდზე. ძალიან ემოციური იყო ჩემთვისაც და ოჯახისთვისაც, მე ამითაც ჩემი მიმტევებელი ბუნება გამოვხატე. ახლა რომ მეკითხებიან, რატომ უნდა გენდოს ხალხიო? ვპასუხობ: უბრალოდ, ჩემს ისტორიას გადახედონ და თავად გადაწყვიტონ. ჩემი შვილი რომ აიყვანეს, სკოლის მოსწავლე იყო და არასრულწლოვანს ამ ბრალდებით პირველად მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ორი წელი გვაწამეს. საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ აღიარებას გვთხოვდნენ, მათ რაც არ ჩაუდენიათ იმის აღიარებაზე უარი თქვეს და ორივეს მიუსაჯეს. ჩემი შვილი გავაპარეთ და ვმალავდით. მერე საფრანგეთის მთავრობა დამეხმარა ამერიკის საელჩოსთან ერთად და უკვე პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მიეცათ, როცა სააკაშვილს უთხრეს ამის შესახებ და გამოსცა განკარგულება ორივეს გათავისუფლების შესახებ. მერე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. პირველი პოლიტიკოსი ვიყავი, ვისაც შეხვდა და მითხრა: ამ ისტორიის შემხედვარე მივხვდი, რომ ზუსტად ამ გამძლეობის ადამიანი მინდა, იყოს ჩემ გვერდით. ვაპირებ, პარტია შევქმნა, სააკაშვილის რეჟიმი დავასრულო და შენნაირი ადამიანი მჭირდებაო. მე სამართლიანობის იდეისთვის ვიბრძვი-მეთქი და კარგიო. იმ დღიდან მის გვერდით ვიდექი 2019 წლის 22 თებერვლამდე. 7 წლის შემდეგ წამოვედი, რადგან მან ამ იდეას გადააბიჯა და მეც არჩევნის წინაშე დამაყენა – აი, შენი სამართლიანობის იდეა და აქეთ შენი კეთილდღეობა და პირადი კომფორტი. ეს გააკეთა ზუსტად მოსამართლეების სიით. ვინც ეს იცის, აღარ უნდა გაუკვირდეს, რატომ გადავდექი თანამდებობიდან და დავუპირისპირდი საკუთარ პარტიას, რომელიც მე თვითონ ავაწყვე.
– ბევრი კითხვის ნიშანი იყო თქვენს გამოსვლასთან დაკავშირებით, რა გახდა განხეთქილების მიზეზი, რაზე ვერ შეთანხმდნენო.  ვიღაცებს შეიძლება, არ სჯერათ თქვენი სიმართლის, რადგან შვილთან და ძმასთან დაკავშირებული ისტორია ნამდვილი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ თქვენ ივანიშვილისგან მეტი გინდოდათ.
– თუ ნამდვილი დამნაშავეები იყვნენ, ხომ გავჩერდებოდი, რატომ არ შევწყვიტე ბრძოლა? ხომ გააჩერეს ბევრი ადამიანი, ცოტამ შეიცვალა პოზიცია? დავჯდებოდი სახლში და ხომ შეწყდებოდა დევნაც? თუ იდეის ერთგული არ ვიყავი, რამ გამაძლებინა? ამ ქვეყანაში ივანიშვილზე მდიდარი ვინ არის? თუ ვინმე შეიძლებოდა, რამეს დამპირებოდა, ეს ადამიანი იყო, ვის გვერდითაც ვიყავი. სხვებისგან განსხვავებით, შუამავლების მეშვეობით კი არ ველაპარაკებოდი. როცა მინდოდა, მაშინ ვესაუბრებოდი და იმას ვეუბნებოდი, რასაც სხვა ვერ ბედავდა. თვითონ ყვებოდა, ყველაზე მეტად ეკა მეჩხუბება, ამის მეშინია მარტოო. მართლა კი არ ეშინოდა, მაგრამ შემეძლო ღიად მეთქვა, რასაც ვფიქრობდი, რადგან სხვებისგან განსხვავებით, არაფრით ვიყავი მასზე დამოკიდებული. ერთხელ მითხრა კიდეც: როგორ, არაფერი არ გჭირდებაო? მე რაც მჭირდება, იმას ჩემი შრომით მოვიპოვებ. ამიტომაც შევძელი ამ კონფლიქტში შესვლა. ხომ გახსოვთ, რაც მოჰყვა იმ ომს?!
– დედამთილისა და სიდედრის ამპლუაში როგორ წარმოგიდგენიათ თავი?
– დედამთილი მალე ვიქნები. ჩემი შვილი მალე დაქორწინდება. მისი რჩეული თითქმის უკვე ჩვენი ოჯახის წევრია და ზუსტად ისე მიყვარს, როგორც ჩემი შვილი. არაჩვეულებრივი გოგოა. კარგი დედამთილი ვიქნები, იმიტომ, რომ ბუნებით დემოკრატი ვარ.
– ისეთი იმიჯი გაქვთ, მგონია, რომ შორიდან ცოტა შეეშინდებოდა.
– კი (იცინის). თავიდან ეგრე იყო, მაგრამ ახლოს ვინც მოდის, ხვდება, რომ ასე არაა. ჩემი თავისუფლებისთვის ბევრი ვიბრძოლე და სხვისი თავისუფლების ფასიც კარგად ვიცი. არც შვილების ცხოვრებაში ვერევი. გოგოც ძალიან ავტონომიურია. არავითარი ზედმეტი დიდაქტიკური მოძღვრებები, მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევ. მე ძალიან კონსერვატორი მამა მყავდა, ბევრი აკრძალვის ფონზე გავიზარდე, რაც ძალიან არ მომწონდა, ამიტომ ჩემს შვილს ასე არ ვზრდი. უბრალოდ, იციან, რა არის კარგი და რა ცუდი.
– თქვენი სიყვარულის რომანტიკული ამბავი როგორია?
– რატის მამა იყო ჩემი პირველი რომანტიკული ისტორია, მეორე – ლიზის მამა. პირველი, სიყვარულზე უფრო, ბავშვური გატაცება იყო. ბუნებით რომ მაქსიმალისტი ხარ, როცა ძალიან ბევრის გაღება შეგიძლია, მეორე ადამიანისგანაც იგივეს ითხოვ და ყველას ამდენი არ შეუძლია. ამიტომ ჩემთვის სიყვარული რთული ამბავია. თუმცა, განუზომლად დიდი სიყვარული შემიძლია.
– თქვენი მაქსიმალიზმის ფონზე, ალბათ, მამაკაცისთვის რთული იქნებოდა თქვენთან ურთიერთობა.
– ალბათ, ამიტომაც ვარ ახლა მარტო. მე არ შემიძლია საშუალო მივიღო. თუ ნაბიჯს გადავდგამ, ის სრულფასოვანი უნდა იყოს.
– ჩაცმის სტილი და „ბესელკები“.
– აკადემიური სტილი მაქვს. ჩემს სამოსზე დიდი ხანი ჩემი და ზრუნავდა და ჩემი გარდერობის ერთი ნაწილი მისი შერჩეულია. მეორე ნაწილი – უცხოეთში მივლინებების დროს შეძენილი. ერთსა და იმავე მაღაზიაში, მაგალითად, საფრანგეთში არც თუ ისე ძვირად. „ბესელკებზე“ ძალიან ბევრი ვიცინე. ალილოზე სპეციალურად ჩავიცვი ბავშვებთან შესახვედრად. გერმანიაში ვიყიდე ეს ჩექმები და სხვათა შორის, ძალიან კარგია, არაფერი აქვს სასაცილო (იცინის). ამას წინათ ნიკა მელიამ მითხრა, ეგ „ბესელკები“ პირველად მე დავწერე და მერე აიტაცესო. პოლიტიკური შურისძიება თუ იყო, არ ვიცოდი (იცინის). ბევრი ვიხალისე ამაზე. იმ დღეს ხომ სპეციალურდ ჩავიცვი ასე. სხვათა შორის, ჩემმა დამ, ალბათ, იგრძნო და რომ გავდიოდი, მითხრა: ეგ არ ჩაიცვა, არ გადამრიოო და რას ამბობ, ალილოზე მივდივარ ბავშვებთან-მეთქი. პოლიტიკური, მაგრამ სახალისო ისტორია გამოვიდა (იცინის).
P.S. ყდაზე გამოყენებულია „ენდიაის“ ფოტო, სტატიაში – ირაკლი მიქაძის.

скачать dle 11.3