კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 სალომე ჭაჭუა: პროფესიის მიღმა რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება მომწონს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ცოტა ხნის წინ, სალომე ჭაჭუას ულამაზესი ცეკვის ვიდეომ სოციალური სივრცე მოიცვა და მისით აღფრთოვანებას ვერავინ მალავდა.
სალომე ჭაჭუა: რამდენიმე დღით რაჭაში ვიყავი დასასვენებლად წასული და წვიმა დაემთხვა. მთელი დღე წიგნს ვკითხულობდი, სპექტაკლებს ვუყურებდი, მოკლედ, შემოქმედებითი წვა მქონდა. სადაც უნდა წავიდე, აუცილებლად მიმაქვს საცეკვაო ფეხსაცმელი, სავარჯიშო ფორმა და ყველგან ვვარჯიშობ. ეს ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ასე გავრცელდა, ერთ-ერთი მონაკვეთი იყო ვარჯიშიდან, რომელიც მეგობარმა გადამიღო სპონტანურად და როგორც ჩანს, გარემომ, ულამაზესმა ხედმა, წვიმამ, ცეკვამ, მუსიკამ და ყველაფერმა ერთად ადამიანებში ასეთი დადებითი ემოციები გამოიწვია. ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. ამ ვიდეოს რვა მილიონი ნახვა აქვს და მართლა საოცარი კომენტარები, ცხოვრებისეული. ძალიან მსიამოვნებს, თუ ჩემი შემოქმედება ასე მოსწონთ. ვთვლი, რომ არტისტისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. ზოგადად, ვერ გამოვხატავ ხოლმე ხმამაღლა ჩემს ემოციებს, მაგრამ ძალიან მაგარი შეგრძნება მაქვს. ბევრი უცხოელი გამომწერი დამემატა და მათ შეტყობინებებს რომ ვკითხულობ, ცრემლები მადგება. ვიღაცებისთვის ეს ვიდეო ინსპირაცია გახდა, ლექსებს წერენ. ამ პატარა ვიდეომ უცებ საოცარი ამბავი დაატრიალა.
– მაყურებელში ძალიან შრომისმოყვარე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ...
– ეს მხოლოდ შთაბეჭდილება არაა. ყველაზე მეტად, რაც ჩემს თავში მომწონს, შრომისმოყვარეობაა. ბავშვობიდან ასეთი ვარ და შეიძლება, რაც ვარ, იმის ნახევარიც არ გავუზიარო სოციალურ ქსელში ადამიანებს. ხანდახან ვფიქრობ, რომ სხვები ჩემით არ უნდა დავტვირთო, ჩემი შინაგანი წიკები მაქვს. თუმცა, რაც კი აქამდე გამიკეთებია, თუ მას წარმატებულ საფეხურებს დავარქმევთ, ყველაფერი ჩემი შრომიდან გამომდინარეობს. შრომასთან ერთად მოთმინების უნარიც გამოვიმუშავე. კარგად მესმის, როგორც წაგების ისე, მოგების მნიშვნელობა. როდესაც ფეხს წამოვკრავ და დაბლა დავენარცხები, ადგომა და გზის გაგრძელება შემიძლია. უკან არასდროს ვიხევ. სალომე ჭაჭუა ბევრი შრომის დამსახურებით არსებობს. მეგობრები მეუბნებიან, ცოტა გიჟი ხარო, მაგრამ მათთვისაც და ბევრი სხვისთვისაც შრომისმოყვარეობის კარგი მაგალითი ვარ. ჯანსაღ ცხოვრებასთან ვასოცირდები და სულ ვცდილობ, სხვებიც ამ გზით წავიყვანო. ჩემი მაგალითით ჩანს, როგორ შეიძლება, განავითაროს ადამიანმა საკუთარი თავი შრომის შედეგად. ყოველთვის ვცდილობ, წარსულის რთულ პერიოდებზე არ ჩავიციკლო. წარსულით არ ვცხოვრობ. მაგრამ როდესაც მწვერვალამდე ადიხარ და გინდა, რაღაცას მიაღწიო, მაგრამ უცებ ყველაფერი გეშლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამთავრდა და აღარაფერი გამოგივა. მე თავიდან ვიწყებ საფეხურების გავლას.
– შენი ცხოვრების სტილი თავისთავად აისახება გარეგნობაზე და მონაცემებიც ხელს გიწყობს, მაგრამ როგორც გოგონების უმეტესობა, ალბათ, განსაკუთრებულად ზრუნავ თავის მოვლაზე.
– ნამდვილად, ბუნებრივი მონაცემები უნდა შეინარჩუნო და განავითარო. სხვათა შორის, ვიზუალს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა ქალმა და მამაკაცმაც, უნდა იზრუნონ ამაზე. მეც დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩემს ვიზუალს. განსაკუთრებული პროცედურები არ მაქვს, ყველაფერი მაინც კვებას უკავშირდება. თუ ზედმეტი ცხიმი და ცელულიტი არ გექნება, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ვცდილობ, კანიც კარგად დავიტენიანო.
– ცეცხლოვანი ფოტოებით ანებივრებ ხოლმე გამომწერებს.
– ამაზე მეკითხებიან ხოლმე და მეც ვპასუხობ, აუზზე საცურაო კუსტიუმით ვიქნები, ჩაცმულ-დახურული ხომ არა?! (იცინის) თუ ფოტო ჩემთვის ესთეტიკურია და მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიკის ყველას ჩვენებური აღქმა გვაქვს, მაინც მგონია, რომ განსხვავებულად არ აღვიქვამ და ფოტოებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ, ლამაზია და ვულგარულად არ ითვლება. ვულგარულობა თვითონაც არ მიყვარს.
– თაყვანისმცემლებზე გადავიდეთ, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში აქტიურობენ ხოლმე.
– სხვადასხვა კატოგორიის არიან. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ლამაზ კომპლიმენტებს წერენ, რაც სასიამოვნოა და არიან ისეთებიც, ცოტა უწმაწურად რომ გწერენ კომპლიმენტებს. ბედნიერი ვარ, რომ უარყოფითი კომენტარები თითქმის არ მხვდება. ალბათ, ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ ვიღაც გავაღიზიანო. არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მწერენ ლექსებს. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ თან, ცოტა მეღიმება ხოლმე, ყოველ დილით რომ ლექსებს მახვედრებენ. სხვათა შორის, ბევრი ჩემი კოლეგა მეუბნება, რომ მათთვის მუზა ვარ. რომ მოსწონთ ჩემი ენერგეტიკა და სიამოვნებთ ჩემთან ურთიერთობა. ძალიან სასიამოვნოა, თუ ვინმესთვის მუზა ან ინსპირაცია ვარ, ეს ორმაგ სტიმულს მაძლევს. ასეთ მომენტებში შიგნიდან მივლის ჟრუანტელი, მაგრამ გარეგნულად მიჭირს ემოციების გამოხატვა.
– თაყვანისმცემელს სასიამოვნოდ თუ გაუოცებიხარ?
– ხატვა მიყვარს, ძალიან მინდოდა მოლბერტი, მაგრამ შეძენა სულ მავიწყდებოდა და სადღაც მოვყევი ამის შესახებ. ცოტა ხანში მოლბერტი მაჩუქეს, ეს ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო საჩუქარი იყო. მართლა ძალიან მინდოდა და რომ არ ველოდი, საოცრად გამიხარდა. ასეთ დროს ხვდები, რომ ადამიანს შენზე აქვს ნაფიქრი და უბრალოდ საჩუქრის ჩუქება არ უნდოდა. თან, მე არ ვიცი ხოლმე ჩემი სურვილების ასე გაჟღერება. ეტყობა, სადღაც მოჰკრა ყური, მოუნდა, კარგი განწყობა შეექმნა ჩემთვის და გამოუვიდა კიდეც.
– ახლა რა ხდება სალომესთან?
– პირადი ცხოვრება რამდენიმე წელია, ტაბუდადებული მაქვს. მაგრამ ახლა განსაკუთრებული მართლა არაფერი ხდება.
– რა გჭირდება საყვარელი ადამიანისგან?
– ჩემთვის ყველაზე მთავარი ადამიანობაა. ვინმესთან მეგობრობას რომ ვიწყებ და აზრებს ვცვლით, გავაგრძელებთ თუ არა ურთიერთობას იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ვიგრძნობთ ერთმანეთს, ჩვენი ენერგიები დაემთხვევა თუ არა და ასეა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაშიც. მთავარია, ნამდვილი ქიმია იგრძნო, რაც საკმაოდ რთულია. თან, ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. შეიძლება, თავში რაღაც ტიპაჟი გქონდეს ჩამოყალიბებული და უცებ სრულიად სხვანაირმა ადამიანმა გაგიღვიძოს ის გრძნობა, რომელსაც შენ სიყვარულს დაარქმევ.
– ეჭვიანობაზე როგორ რეაგირებ, ისეთი პროფესია და გარეგნობა გაქვს, ყოველთვის იქნები ყურადღების ცენტრში.
– ეს, ალბათ, ადამიანის კომპლექსების ბრალია. პირადად მე არ ვარ ეჭვიანი. რომ ვიყო, ვიფიქრებდი, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი მაქვს. გვერდზე რომ მყავდეს მამაკაცი, რომელიც ძალიან სიმპათიურია და ქალების მხრიდან ყურადღების ცენტრშია, ჩემთვის პირიქით, ძალიან სასიამოვნო იქნება. მთავარია, ჩვენ გვქონდეს ერთმანეთის ნდობა და ჩვენ შორის არ მოხდეს რამე ისეთი, რაც ჩვენს ურთიერთობას კრახამდე მიიყვანს.
– ოჯახი თუ თავისუფალი ურთიერთობა?
– პერიოდს გააჩნია. იდეაში, ბოლოს ყველა იქამდე მიდის, რომ უნდა, თავისი კერა და ოჯახი ჰქონდეს. არ მიფიქრია, აუცილებლად თავისუფალი ურთიერთობა მქონდეს ან უეჭველი ოჯახი უნდა შევქმნა-მეთქი. მე უფრო ოჯახის მომხრე ვარ, მაგრამ ჯერ იქამდე უნდა მივიდეს ურთიერთობა, რომ ვიგრძნო, ამ ადამიანთან ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა შეიძლება.
– პროფესიას ძალიან დიდ დროს უთმობ. ამ ფონზე მეოჯახე გოგო ხარ?
– თუ ადამიანი მოინდომებს, აუცილებლად ეყოფა დრო ორივესთვის. დათმობით არცერთს არ დავთმობ. მაგრამ, როცა თავისუფალი აღარ ხარ, შეიძლება, პროფესიას ცოტა დრო მოაკლო. ძალიან მიყვარს ოჯახში ფუსფუსი. დიდი ოჯახი მაქვს, საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ ერთად პანდემიის დროს, რაც ძალიან გვენატრებოდა. თავისუფალი დრო თუ მაქვს, მირჩევნია, სახლში ვიყო და ჩემი მეგობრებიც ამოვიდნენ, ვიდრე კლუბში წავიდე გასართობად. კლუბი დიდად არ მიყვარს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ისედაც მთელი დღე მუსიკას ვუსმენ და ვცეკვავ. ამიტომ პროფესიის მიღმა რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება მომწონს: სიმშვიდე, სახლი და მეგობრები.
– ეკრანზე მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.
– ვინც მიცნობს, ყველა მეუბნება, აბსოლუტურად სხვანაირი ყოფილხარო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყველას ცივი ვგონივარ. ალბათ, იმიტომ, რომ ბევრი საუბარი არ მიყვარს. მაგრამ ვინც ახლოს მიცნობს ხვდება, რომ ცივი არ ვარ.

скачать dle 11.3