კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როდის დასრულდება სამყაროს ისტორია და როგორ უნდა იქცეს გამოუმცხვარი ადამიანი გამომწვარ კაცად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ადამიანები, როდესაც ღმერთს შველას შევთხოვთ ან სურვილის ასრულებას, ყოველთვის, ჩვეულებისამებრ, ცას შევცქერით და იქიდან მოველით პასუხებს. არადა, სწორედ ცათა სასუფეველში დასამკვიდრებლად იღვწიან მორწმუნეები ეკლესიური ცხოვრებით. სად არის ცათა სასუფეველი და რას ნიშნავს ცათა სასუფეველში დამკვიდრება? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) დაგვეხმარება.
– რა არის ცათა სასუფეველი და, რაც მთავარია, სად არის ის, მართლაც, იქ, ჩვენ ზემოთ, ცაზეა თუ ჩვენ შიგნითაა და, საერთოდაც, როგორ უნდა დაიმკვიდრო, ანუ მოხვდე იქ?
– ადამიანისთვის, როდესაც ხორციელი შეგრძნებებით აღიქვამს სამყაროს, ცა ასოცირდება იმ ცასთან, რომელსაც ხედავს, როდესაც მაღლა აიხედავს. ამ დროს ეს მატერიალური ცა ჩვენ ზემოთ საერთოდ არაფერია, მტვრის ნაწილაკიც კი არ არის, ასეთი მილიარდობითაა სამყაროში... ცათა სასუფეველი არ გულისხმობს ფიზიკურ ცას, ეს არის ზეცა, სულიერი სამყარო და აქვს თავისი იერარქია. ხშირად გვითქვამს, სიხარულით მეცხრე ცას ვეწიეო, ასევე, ვახსენებთ მეშვიდე ცას. ცანი ცათანი და რუსთაველიც ახსენებს „ვეფხისტყაოსანში“ ცათა იერარქიას, არსებობს ყოველგვარი აზრისა და ფიზიკური არსებობის მიღმა და არის ცა, რომლის ხატებაც, რომლის მარცვალიც ჩვენშია – ციური გონი და ჩვენ მისკენ ვიწყებთ სვლას ცების, ანუ ცათა, იერარქიის გადალახვით. ცათა იერარქია დამტევებლობის ხარისხს ნიშნავს. რა ხარისხითაც ავითვისებთ, რა დონეზეც ვართ იმ უსახელო, ყოვლისმომცველი ცის ათვისების გზაზე, სწორედ, იმ სახელს ვარქმევთ მას. ასე რომ, ცათა სასუფეველი, როგორც ქრისტე ამბობს, არის არა ადგილი, არა რაღაც გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ სულის მდგომარეობა და როდესაც ქრისტეს მეორე მოსვლაზე ეკითხებიან, როდის მოხვალ და ამას როგორ უნდა მივხვდეთო, უფალი მათ ეუბნება, რომ ეს კითხვა მცდარია, ცათა სასუფეველი არ მოვა „ზმით“, ანუ ხილვით, ხედვით, არამედ მოვა ქმედებით, ანუ თქვენ შორისაა ცათა სასუფეველიო.
– მარტივად რომ ვთქვა, მე დავინახავ, ვიგრძნობ ცათა სასუფეველს, როდესაც მზად ვიქნები მის დასანახავად?
– დიახ, ჩვენ გვაქვს ცათა სასუფევლის პოტენციალი, ისევე, როგორც კალმახს აქვს პოტენციალი და ხსოვნა, რომ მდინარის საპირისპიროდ უნდა იცუროს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მდინარის სათავისკენ ხომ არ წავიდოდა?! ჩვენშიც ასევეა ღმერთის ხსოვნა და მისკენ სწრაფვის პოტენციალი. ეს უნდა გამოიშალოს ნელ-ნელა და ასე, ნელ-ნელა მივაღწევთ ცათა სასუფეველს. მიწაზე რატომ აღმოჩნდა სული? სული და მიწა, ხომ, ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო სტიქიაა?! ვერც სული გაძლებდა, მიწას თუ არ შეერწყმებოდა და ვერც მიწა ამაღლდებოდა ღმერთამდე სულის გარეშე, მიწად დარჩებოდა. მიწას აუცილებლად სჭირდება სული და სულს კი – მიწა.
– მიწაში ვგულისხმობთ სხეულს?
– დიახ, მიწიერ ცხოვრებას, ჩვენს მიწიერ ბუნებას, იმიტომ რომ სულს არ აქვს საკუთარი თვითმყოფადობა. ის არის, როგორც შესაძლებლობა. ის უბიწოა, სუფთაა, ისევე, როგორც ანგელოზი. რატომაა ადამიანი ანგელოზზე აღმატებული? იმიტომ რომ მას არ აქვს ანგელოზებრივი მდგომარეობა „ანგელოზი შთანთქმულია ღმერთის მიერ, ის არის შემსრულებელი ძალა, რომელსაც აქვს, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, გარკვეული მიმართულება. არიან ანგელოზები, რომლებიც ქარებს იცავენ, არიან წყლის ანგელოზები, მიწის ანგელოზები და სხვა, ადამიანი კი მიწიერ თავისუფლებაში აღწევს ღმერთივით თავისუფლებას და ეს ბევრად აღემატება ანგელოზობას. ამიტომაა ადამიანად ყოფნა ანგელოზობაზე ბევრად მაღალი მდგომარეობა. ამდენად, ჩვენ ეს შინაგანი შესაძლებლობა, განღმრთობის პოტენციალი უნდა ავიყვანოთ აღსრულებამდე. ამისთვის დასჭირდა სულს მიწა – ღმერთისგან გამოსაყოფად. თუ ერთნი იქნებოდნენ, მაშინ ჩვენ შთანგვთქამდა ღმერთის ნება და ვიქნებოდით „იძულებით“, „ძალდატანებით“ ნათელი, კეთილი, მაგრამ საკუთარი ნებით ვიყო ასეთი და ჩემი დამსახურება იყოს ჩემი სისრულე, ასპარეზი უნდა მომეცეს, რომ ჩემი მონდომებით გავხდე ღმერთი, ჩემი მონდომებით გავხდე სრულყოფილი და ეს სრულყოფილება გარედან არ უნდა მქონდეს მოცემული! ხოლო ადამიანი ღმერთი ხდება თავისი მოსურნებით. ის თავისუფალია: თავისი არჩევნით შეუძლია, ავიდეს აქამდე. ამიტომაც, ცათა სასუფევლისკენ გზა არის გზა განღმრთობისკენ. ჩვენ მიწაზე, ამ სხეულში, ვართ სულიერი არსებები, შემდეგ მიწა და სული მთლიანდება. მიწიერი გადაფარვა ადამიანს სჭირდება თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენისთვის. სხვათა შორის, წუთისოფელს ებრაულად ჰქვია „გადაფარვა“, ბოროტებას – „ნაჭუჭი“. ნაჭუჭი აუცილებელია, რომ განვითარდე და როგორც კი მიაღწევ სისრულეს, ნაჭუჭი ჩამოიშლება და ფარდა  გადაიწევა. „აპოკალიფსიც“ ამასვე ნიშნავს - ფარდის გახსნას, გადაწევას. წუთისოფელი საინკუბაციო ადგილია, სადაც ადამიანი უნდა შედგეს, როგორც ზეკაცი, ძეღვთისა. ადამიანი ჯერ კაცი არ არის, „კა“ – ეგვიპტურად პირველსაწყისს ნიშნავს, ანუ ციური პირველსაწყისია. ეს „კა“ მოვიდა წუთოსოფელში, მიწას შეერია და კაცად იქცა. გახსოვთ, რა თქვა პილატემ იესოზე?! აი, კაცი! ჩვენ, ყველანი მივდივართ კაცობისკენ. კაცი არის გამომცხვარი ადამიანი. დააკვირდით: კაცი არის მკაცრის ფუძე. მკაცრი, ანუ უკვე გამომწვარი, მტკიცე. გამოუმწვარი ადამიანი ნახევრად გამომცხვარია, ვნებებს ემონება, ბუნებრივი მიდრეკილებებით ცხოვრობს, ეს ცხოველური დონეა, მაგრამ, თუ გინდა, იყო კაცი, ცეცხლოვანი გამოცდა უნდა გაიარო. რას აკეთებს ცეცხლი? რაც წყალია ცომში, იმას აშრობს და ამკაცრებს, ანუ ამტკიცებს. სხვათა შორის, სვანურად „მტკიცე“ მიშნავს გაწმენდილს. წუთისოფელში რაც ხდება, იმისთვისაა, რომ კაცად იქცე, კაცად, რომელშიც ღვთიური და მიწიერი ერთია. ქრისტეში უკვე შედგა კაცი, სინჯი მივიღეთ ლაბორატორიაში, ახლა იწყება ინჟინერია, რომ ლაბორატორიული სინჯი წარმოებაში ჩაეშვას და მივიღოთ პროდუქტი. ჩვენშიც უნდა მოხდეს ის, რაც ქრისტეში მოხდა, ადამიანი უნდა შედგეს კაცად ჟამის აღსასრულს, ანუ მეორედ მოსვლისთვის. როგორც მარიამ ღვთისმშობელმა მიიღო თავის წიაღში სულიწმიდა, ასევე, ვიღებთ ჩვენ ქრისტეს. ხორცი მივეცით სამყაროს, რომ ჩვენით განკაცდეს და ამით დამთავრდება სამყაროს ისტორია. აი, ეს უკვე არის ცათა სასუფევლის დამყარება მიწაზე და ქრისტე ამას ამბობს წარსულ დროში. ანუ ჩვენ უკვე გადაგვიყვანა უფალმა ციურ სასუფეველში, ცათა სასუფეველი ქრისტეს პირველი მოსვლით შემოვიდა ჩვენში, ანუ დე-იურედ დამყარდა და დე-ფაქტოდ შედგება ქრისტეს მეორედ მოსვლით, ანუ ჩვენი გონს მოსვლით და ეს უკვე იქნება ადამის გამეფება დედამიწაზე, ის აღიდგენს იმ თავის სამოთხეს, რომელიც მას მიეცა, მაგრამ დაკარგა.


скачать dle 11.3