კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№38 როგორ შეარიგა ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი პერინიმ

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  ორივე ცეკვისთვის დაიბადა, თუმცა ერთმანეთს ჯერ არ იცნობდნენ, მათი გზა ჯერ არ იყო გადაკვეთილი. ილიკო სუხიშვილი 1907 წელს სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა. დედას უჭირდა მარტოს ოჯახის გაძღოლა, სოფლად ხომ მუდამ აუარებელი საქმეა, ამიტომ საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. ილიკო 9 წლის იყო, მუშაობა რომ დაიწყო. ცდილობდა, დედას დიდი კაცივით გვერდში დადგომოდა. ხან მოხარშულ წაბლს ყიდდა, ხან – გაზეთებს. ერთი ჩვევა დასჩემდა – სულ ფეხის წვერებზე დადიოდა. 10 წლის იყო, ცეკვით რომ დაიწყო ოჯახის რჩენა: გორკის ბაღში, რესტორანში ასრულებდა ქართული ცეკვის ილეთებს. ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა პატარა ბიჭს და დიდხანს, დიდხანს არ უშვებდა „სცენიდან“. მალე მიხვდა, რა გზასაც უნდა დასდგომოდა. 1924 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის საცეკვაო სტუდია და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართული ცეკვის სოლისტად მიიღეს.
   ნინო რამიშვილი 1910 წელს ბაქოში დაიბადა. მისი ოჯახი რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. ცეკვაზე უსაზღვროდ შეყვარებული გოგონა მშობლებმა იტალიელი მარია პერინის საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს. სწორედ იმ წელს, როცა 17 წლის ილიკომ მუშაობა დაიწყო, პერინის სტუდიის გოგონები ოპერისა და ბალეტის დიდ სცენაზე გამოვიდნენ. წარმოდგენას ილიკოც ესწრებოდა. ყველაზე მეტად ნინო მოეწონა. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა, უდავოდ, ბედნიერი, რადგან მოგვიანებით ამ წყვილმა ჯერ ოჯახი, მერე შესანიშნავი ანსამბლი და ბოლოს ეპოქა შექმნა. ილიკო ცეკვის დროს ანთებდა
ცეცხლს, თორემ ურთიერთობაში საკმაოდ მორიდებული ყმაწვილი გახლდათ. გოგონას ვერაფერს ეუბნებოდა, არადა, უკან დასდევდა. ნინომ მაშინვე შეამჩნია, რომ ბიჭს მასთან მიახლოვების ეშინოდა და ეღიმებოდა, მან უკვე იცოდა, რომ ეს მორიდებული ყმაწვილი მოცეკვავე იყო, თანაც ძალიან ნიჭიერი, რომელიც სხვებს ასწავლიდა ცეკვას. აინტერესებდა
მასთან გასაუბრება, მაგრამ გასაცნობად პირველ ნაბიჯს ჯიუტად არ დგამდა - ის ხომ ქალი იყო და ინიციატივაც კაცს ეკუთვნოდა! რამდენიმე კვირის ჩუმი დევნის შემდეგ, მათ შორის მანძილი შემცირდა... და პირველი საუბარიც შედგა. თემა, რაღა თქმა უნდა, ისევ ცეკვა იყო. მალე პერინის სტუდიაში ილიკოც მიიღეს. როცა ქართულ ცეკვაზე მიდგა საქმე, ილიკომ ნინოსთან ერთად „ქართულის“ შესრულებაზე უარი თქვა. მას ეგონა, რომ ბალერინა ნინო ვერ შეძლებდა „ქართულს“. ნინო განაწყენდა – ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი როგორ შეიტანეო და გაიბუტნენ! ისინი ისევ პერინიმ შეარიგა, ერთად აცეკვა „ქართული“ და მას შემდეგ მათი სახელები ცალ-ცალკე აღარავის უხსენებია. ოპერის გარდა, ესტრადაზეც ცეკვავდნენ და კინოთეატრებშიც – სეანსების წინ. ილიკო ყოველ ცეკვაზე ახალ-ახალ ილეთებს ქმნიდა და მოცეკვავეები მის შესრულებულ საცეკვაო ბევრ ილეთს „ილოურს“ ეძახდნენ. დღემდეა შემორჩენილი მათ მიერ შესრულებული დუეტის კინოფირი – ორივეს ჩოხა აცვია, ილიკოს შავი, ნინოს კი – თეთრი, ცეკვავენ დიდი გატაცებით, თავდავიწყებით. შავჩოხიანს ტოლს არ უდებს თეთრჩოხიანი. თავიდან მაყურებელმა არც კი იცოდა, რომ თეთრჩოხიანი ქალი იყო. ცეკვის ბოლოს, როცა ნინო ბოხოხს გადაიძრობდა და თმა ტალღებად გადმოეშლებოდა, დარბაზი აღატაცებისგან ტაშით ინგრეოდა. ილიკოსა და ნინოს ცეკვის თავისებური სტილი იმ დროს ერთგვარი მოდერნი იყო.
  ამბობენ, რომ „ნინოს მშობლებს არ უნდოდათ ღარიბი გორელი სიძედ, ამიტომაც ქალიშვილს არჩევანს უწუნებდნენ, უშლიდნენ მასთან ურთიერთობას, მაგრამ ნინო მათ წინააღმდეგ წავიდა. ექვსწლიანი რომანის მერე ისინი დაქორწინდნენ”. შემდეგ დაიწყო გასტროლები და ანსამბლის ტრიუმფი. ისინი
მოსკოვში, დიდ თეატრსა და კრემლშიც ხშირად გამოდიოდნენ. ცნობილია, რომ სტალინს ძალიან უყვარდა ილიკო. ჯერ ერთი, სუხიშვილიც გორის რაიონიდან იყო, მეორე და უმთავრესი კი ის გახლდათ, რომ ბელადი დიდად აფასებდა მის ნიჭს. არაერთხელ უთქვამს მას ილიკოზე: „ეს ღმერთძაღლი რა განათლებულია ფეხებშიო“. ერთხელ, როცა კრემლის სააქტო დარბაზში პირველად ჩატარდა საქართველოს დეკადის დღეები, ილიკოც და ნინოც მონაწილეობდნენ. დასასრულს სტალინს ხელოვანი ქართველების ახლოს გაცნობა მოუსურვებია. ისინი მწკრივში დაეწყვნენ. სტალინმა ყველას ჩამოართვა ხელი. როცა ნინოს მიუახლოვდა, უთხრა: რამიშვილები მენშევიკები იყვნენ, ყველანი დასახვრეტები არიან! ნინოს ფერი წასვლია, მაგრამ იგი ისევ „ღმერთძაღლმა“ ილიკომ იხსნა: რა გაჩუქოო, უკითხავს მისთვის სტალინს. არც კი დაფიქრდა, ისე უპასუხა ილიკომ: თქვენი ფოტოსურათი მისახსოვრეთ ავტოგრაფითო. მართლაც, მეორე დილით ცოლ-ქმრისთვის სასტუმროში მიუტანიათ ფოტო, რომელიც რეპრესიების დროს ერთგვარ თილისმად ჰქონდათ ილიკოსა და ნინოს.
 მრავალი წლის განმავლობაში ილიკო ანსამბლის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, იგივე იმპრესარიო, გახლდათ. ნინო კი მოცეკვავეებთან დღესა და ღამეს ასწორებდა – ამ მინიატურულ ქალს ულევი ენერგია ჰქონდა, მისი ეშინოდათ, მაგრამ უყვარდათ კიდეც. სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა, გოგო-ბიჭები ერთობოდნენ, ერთმანეთში ლაზღანდარობდნენ ხოლმე, მაგრამ საკმარისი იყო, დარბაზში ქალბატონ ნინოს შეედგა ფეხი, უმალ ყველა გაისუსებოდა. ტანად პატარას ყველა „დიდ ნინოს“ ეძახდა. მართლაც ცეკვის დედოფალი გახლდათ. ასაკი არც ეტყობოდა, ძალიან დიდხანს ცეკვავდა მის მიერ დადგმულ „ჯეირანს“. უამრავი ეპიზოდის გახსენება შეიძლება ამ შეუდარებელ წყვილზე. ახალი თითქმის არაფერია სათქმელი, რადგან ბევრჯერ ითქვა მათ ურთიერთობაზე, მაგრამ რადგან ნინოს „ჯეირანი“ ვახსენეთ, ერთი კურიოზიც უნდა გიამბოთ (ალბათ, ესეც ბევრს მოუსმენია ანსამბლის წევრებისგან): ილიკოს ბოლო წლებში გული აწუხებდა. ინფარქტიც ორჯერ ჰქონდა გადატანილი. ექიმებმა ჭამა აუკრძალეს, არადა, უყვარდა, თურმე, გურმანი იყო ცხონებული. ნინო ძალიან უფრთხილდებოდა ქმარს, სულ აკონტროლებდა, დალია თუ არა წამალი ან ზედმეტად ხომ არ დაიტვირთა. უშლიდა ჭამასაც, მით უფრო საღამო ხანს.
  სიკვდილის წინ ილიკომ თავის ერთადერთ შვილს, თენგიზს დაუბარა: ყველაფერი გააკეთე, რომ ჩვენი აფიშა კედლიდან არ გაქრესო.


скачать dle 11.3