კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ ექცეოდნენ მონღოლები თავიდან ქრისტიან სასულიერი პირებს და რამ შეცვალა ისინი შემდეგში

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  გასომხებულ ორბელთა წარმომადგენელი, სომეხთა მიტროპოლიტი, სტეფანოს ორბელიანი აღწერს მონღოლებს, მათ ხასიათს, როდესაც ისინი იყვნენ წარმართი ურჯულონი, მაგრამ სამართლიანნი, ბილწობის, მომწამვლელობისა და არაკაცობის მოძულენი: „განაღვიძა უფალმან აღმოსავლეთით გუარნი მშვილდოსანნი, რომელთ მუღალნი ეწოდებათ, და მდაბიურად თათარნი, რომელნი არიან ჩინელნი და მაჩინელნი, იმყოფებიან ესენი უშორეს ხათაისტანისა, უღმრთონი და უსჯულონი, გარნა ბუნებითითა სჯულითა შემკულნი, მოძულენი ბიწთა, არა წმიდებათა და ყოველთა მავნებელთა საქმეთა, მართალ-გონიერნი, ურთიერთისა თანა ერთგულნი და მორჩილნი წინამძღუართა თვისთა, ჭეშმარიტ მქცეველნი და მართლმსაჯულნი“.
  თავიდან, როცა მონღოლები შემოიჭრნენ ჩვენს რეგიონში, მიუხედავად მკაცრი დამპყრობლური პოლიტიკისა, საკმაოდ ტოლერანტული დამოკიდებულება ჰქონდათ ქრისტიანი სამღვდელოების მიმართ, გადასახადებიდანაც კი გაათავისუფლეს ეკლესია, ასევე, სხვა სარწმუნოების სასულიეროები.
მონღოლები აკვირდებოდნენ დაპყრობილ ხალხებს, შეისწავლიდნენ. ჩვენი ჟამთააღმწერლის ცნობით, როცა მონღოლებმა დაიმორჩილეს კავკასიის, წინა აზიისა და მცირე აზიის ხალხები, მათმა სარდლებმა ყარაყორუმში, მანგუ ყაენთან გაგზავნეს მაცნე და აუწყეს სპარსეთის, საქართველოს, რუმის სასულთნოსა და სხვა სამთავროების დაპყრობის შესახებ. ყოველი დამორჩილებული ხალხისა და ეროვნების ქუდი, ტანსაცმელი და აბჯარი გაუგზავნეს მანგუ ყაენს. მისწერეს ყოველი ხალხის დახასიათება, რაც შეამჩნიეს მონღოლებმა ბრძოლებში და ურთიერთობაში დაკვირვების შედეგად.
  მაცნეებმა გაიარეს დარუბანდის გზა და გადავიდნენ ვოლგისპირეთში, სადაც იმ დროს დაბანაკებული იყო ჩინგიზიდთა საგვარეულოს უხუცესი, დასავლეთის მიმართულების ბრძოლების სარდალი, ჩინგიზ ყაენის უფროსი ვაჟის ძე – ბათო ყაენი. ჯერ მისთვის უნდა შეეტყობინებინათ ყველაფერი, რადგან ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.
  ბათოსა და დიდ ყაენს ქართველების შესახებ მონღოლი ნოინები სწერდნენ: „ქართველები ყველანი დაგვემორჩილნენ, მეფეც და მთავრებიც. მათ აქვთ კეთილი სარწმუნოება, ტყუილს არ ამბობენ. საწამლავით მწამვლელი მათ შორის პატივით ვერ ისარგებლებს“.
სპარსელების შესახებ ეწერა: „სპარსები არიან ცრუ, მოღალატე, ფიცს არ ინახავენ. მათ შორის მრავალია მწამვლელი და უსირცხვილო მამათმავალი“. სპარსელებზე ეს გადმოცემა მთლად ზუსტი არ უნდა იყოს, თუმცა, წყაროს მიხედვით, ასეთი დამოკიდებულება ჩანს.
სტეფანოს ორბელიანი, წარმართი მონღოლების შესახებ წერდა: „ხოლო არიან ესენი ქცევით გლახაკნი და უქონელნი, მაჭირვებელნი და გამძარცველნი კაცთა, სახითა ფრიად შვენიერნი, უბალნონი, ვითარცა დედათ სახენი, და მცნობნი სარწმუნოებისა და ფრიად მოყუარულ ქრისტიანეთა, მშვლდოსნობასა შინა მხნენი და ყოველსა ბრძოლასა შინა მრავალთა მანქანებათა მქონებელნი“.
  მონღოლების იმპერია სულ მალე გაიყო რამდენიმე ნაწილად, რომლებიც შემდეგში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სტეფანოს ორბელიანი ამის შესახებაც გვიამბობს: „განიყვნეს ესენი სამად: წარვიდა წილობა ერთი ქვეყანასა ხაზარელთა, სუდაღელთა, რუსთა, ჩერქეზთა და ბულღართა, დაიპყრეს სამზღვარი მათი ალმანელთა და გერმანელთამდე, რომელი არს ნემსა, და ჰუნგართა, რომელი არს მაჭარისტანი, რომელი ენითა ჩვენითა ითქმის პანონია, რომელნი არიან ფრანგნი, რომელთა მთავარსა ეწოდება ბათოღან“. აქ აღწერილია ბათო ყაენის სამბრძანებლო, ოქროს ურდო.
  „ხოლო ერთი წილობა წარვიდა ინდოეთს, და დაიპყრეს უდიდესი ნაწილი ინდოეთისა, და დაიმორჩილეს უღორნი, უღუზნი, ხორაზმიკნი, დელემეკნი, ალამალეხი, ბეშპალეხი და ყოველნი კერძონი მათნი, რომელთა მთავარს ეწოდებოდა ჰოგათაღან“. აქ, ალბათ, ლაპარაკია ჩაღათა ყაენის („ჰოგათა ხან“) სამბრძანებლოზე. ის მისდევდა ჯალალედინს ინდოეთში. თუმცა, იყო კიდევ დიდი საყაენო, ჩინეთის დამპყრობელიც. ჩინგიზ ყაენის მეორე ვაჟი, ჩაღათა მაჰმადიანებს ძალიან ცუდად ეპყრობოდა. მარკო პოლოს გადმოცემით, ქრისტიანულადაც მონათლულა (არ დასტურდება სხვა წყაროებით).
მონღოლთა ერთი ნაწილი კი მოვიდა ჩვენს რეგიონში. „ხოლო ერთი წილობა წამოვიდა ქუეყანასა ამას, გამოვლეს დიდსა მდინარესა მას ჯაპანსა, რომელსა ეწოდება ოვქსიოს, ანუ არანკა, გინა ბაკრატოს ადგილთა გამო და წყალსა მას, რომელსა ამუმორან (ამური) ეწოდების.
  მოვიდნენ ქუეყანასა ჩუენსა და დაიპყრეს და დაიმორჩილეს ყოველი ქუეყანა და სამეფო ესე სრულიად დათრგუნეს, შემუსრეს და ააოხრეს დედაქალაქნი მათნი ბალხი, ჰრე, მავრი, ნიშაბური, დამღანი, ხუჟასტანი, შუშტარი, ლორასტანი, სპარსეთი, ქურთისტანი, რომელსა სომხურად ეწოდების მეტელთ ქუეყანა, არაბისტანი, დიარბექირი, რომელსა ენითა ჩვენითა ეწოდების ამითი ან ტიგრანაკერტი, ასურეთი, ქირმანი, ბაღდადი, ბასრა, ვიდრე ხორმუზ ქალაქადმდე და ვიდრე ზღვისა მის ინდოეთისადმდე.
  ამათვე დაიპყრეს ადრიბეჟანი, ერანი, საქართველო, სასომხითი, საბერძნეთი, ვიდრე ანკვირიადმდე, განგური ზმიურნია, რომელი არს იზმირი, კილიკია, ვიდრე ზღვისა მის პონტოსა და ოვკიანისადმდე, რომელი არს შავი ზღვა და ტრაპიზონის ქალაქი, აიღეს დამასკოსიცა, რომელ არს შამი, ურჰა, ხარანი, ვიდრე ჰამსი და ჰამადმდე“.
  ჩვენს რეგიონში გაბატონდა ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი, ჰულაგუ ილხანი (იგივე ხანი, ყაენი), რომლის შთამომავლებსაც ჰულაგუიანთა დინასტია ეწოდა, სახელმწიფოს კი – საილხანო. ჩვენი სახელმწიფო გახდა საილხანოს ვასალი.
  საილხანოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე ცხოვრობდნენ მაჰმადიანები. პოლიტიკური ცენტრი იყო ირანში. ირანელი არისტოკრატია ჩადგა მონღოლთა სამსახურში. ირანელებს ყოველთვის განათლებული არისტოკრატია ჰყავდათ, რომელიც ადვილად ახერხებდა დამპყობლების სამსახურში დაწინაურებას და მერე ნელ-ნელა ისინი გადაჰყავდა თავის ჭკუაზე. ასე მოახერხეს მათ სელჩუკების სასულთნოში, რომლებსაც ფაქტობრივად, სპარსელებმა შეუქმნეს სახელმწიფო, იმდროინდელი გაგებით. მერე კი მონღოლების სამსახურში ჩადგნენ, დაწინაურდნენ და შემდეგ მონღოლების ზედაფენა გაამაჰმადიანეს.
ამის შესახებაც გვიამბობს სტეფანოს ორბელიანი: „ხოლო შემდგომად დაუტევეს ბუნებითი ყოფა-ქცევანი თვისნი. განვიდენ მამულისა სამზღვრისაგან, რომელი აქუნდათ და მიიღეს სჯული მაჰმადიანთა და ისწავეს ყოველი ბილწებანი და ურიგოებანი და ცხოვრებდენ განუძღომელისა ცხოვრებითა“.
საილხანოსა და ოქროს ურდოს ყაენთა გამაჰმადიანების შემდეგ უფრო დიდი საფრთხე დაემუქრა ჩვენს სამშობლოს, აღზევებულ მაჰმადიან სპარსელ დიდებულებს ხელს არ აძლევდათ მონღოლების მიერ გატარებული სარწმუნოებრივი ტოლერანტობის პოლიტიკა და ცდილობდნენ, თავიანთი სარწმუნოება განემტკიცებნათ საილხანოსა და მისი ვასალების ტერიტორიაზე. მათი შეგონებით, გამაჰმადიანებულმა ოლჯაითუ („ხარბანდა“) ყაენმა გასცა ბრძანება, დაენგრიათ ეკლესიები, ისლამი გაევრცელებინათ საილხანოში, მათ შორის საქართველოში.
მხოლოდ წმიდა ვახტანგ მესამემ და მისმა გმირმა მებრძოლებმა გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა ახალ ხიფათს. თავგანწირულნი ეახლნენ ყაენს და დაარწმუნეს, გადაეფიქრებინა.

скачать dle 11.3