კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ქალური ინტუიცია

ალან პარკერი 

  მოძღვრის ცოლი ტაძარში თავისი სამუშაოს შესასრულებლად შევიდა. ადრიანი დილა იყო.  ვიტრაჟებიდან შემოსული მზის სხივი საკურთხეველზე ათასფრად ირეკლებოდა და ბრწყინავდა. იატაკზე ფიგურა მაშინვე არ შეუნიშნავს. მოკრუნჩხული კაცი საკურთხევლის წინ იწვა. თითქმის არ სუნთქავდა. შეშფოთებულმა ქალმა მის წინ ჩაიმუხლა, მხარში მოჰკიდა ხელი და გადმოატრიალა. ორმოცდახუთი წლის იქნებოდა, გაქექილი, ძველი კოსტიუმი და ასეთივე  პალტო ეცვა. ცალი ხელი მკერდზე ჰქონდა მიჭერილი. მუჭიდან სისხლის ლაქებით აჭრელებული ჩვარი მოუჩანდა. პულსი  თითქმის არ იგრძნობოდა, მაგრამ  ცოცხალი იყო, რადგან  თვალები გაახილა და თქვა: „თავშესაფარი,  თავშესაფარი... წმინდა...“  მერე  თვალები ისევ დაეხუჭა და თითქოს უკანასკნელ ძალას იკრებსო, ტუჩები ააცმაცუნა. ქალი მიხვდა, რომ მომაკვდავს რაღაცის თქმა უნდოდა, მისკენ დაიხარა და გაიგონა – „ჯულიანი“.
 – ჯულიანი? – ჩაეკითხა მომაკვდავს, – თქვენ აქ ჩემი ქმრის, მოძღვარ ჯულიანის სანახავად მოხვედით? – მაგრამ, პასუხი ვეღარ მიიღო. დაჭრილმა უკანასკნელად ამოისუნთქა და სული უფალს მიაბარა.
პოლიციამ გვამი გულდასმით გასინჯა.
– შეიძლება, თვითმკვლელობაც იყოს. აქაური არ არის. თუ მოკლულია, მაშინ, ძალიან ახლო მანძილიდან არის ნასროლი. უცნაურია, თავის მოსაკლავად ჩვენს მხარეში რატომ უნდა ჩამოსულიყო?
– ჯიბეში ლონდონში დასაბრუნებელი ბილეთი უდევს.  ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სიკვდილს არ აპირებდა! – წამოიძახა მოძღვრის ცოლმა, – რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, ვერ მოასწრო.
– ჩვენ ამ საქმეს მივხედავთ, – თქვა ინსპექტორმა, – ბევრი დეტალი ბუნდოვანია. არც მოძღვარი იცნობდა, ხომ ასეა?
– არა, ჩემმა ქმარმა ის ვერ ამოიცნო. ალბათ,  რაღაც სხვა სიტყვა თქვა. მე კი „ჯულიანი“ გავიგონე. გარდაცვლილს პალტოს ჯიბეებში, გარდა მატარებლის ბილეთისა, პორტსიგარი, ინიციალებით „უ. ს.“ და ძველი საათი აღმოაჩნდა. ასევე, გაქუცული, ძველი საფულე – წვრილი ფულით. ორ საათში პოლიციის განყოფილებაში ვინმე მისტერ და მისის ეკლსებმა დარეკეს და განაცხადეს, რომ გარდაცვლილი იყო მისის ეკლსის ძმა, გვარად ენიბერნი. ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და სუიციდისკენ მიდრეკილებაც ჰქონდაო.
 – სერჟანტო, იმ კაცს თვითმკვლელის არაფერი ეტყობოდა. თუმცა, გამიხარდება, თუ ეს მკვლელობა არ აღმოჩნდება, – თქვა მოძღვრის ცოლმა.
 მისის და მისტერ ეკლსები მოძღვრის ცოლს თავიდანვე არ მოეწონა.  ქალს ცბიერი და ვერაგი გამოხედვა ჰქონდა, კაცი კი გაუთლელ ხეპრეს ჰგავდა.
– ისეთი მადლობელი ვარ თქვენი... – თქვა მისის ეკლსმა, – საწყალი ჩემი ძმა... სულ ველოდებოდი, რომ რაღაც საშინელებას ჩაიდენდა. თუმცა, ასეთ დასასრულზე მაინც არ ვფიქრობდით. თუ არ შეგაწუხებთ, მისი ნივთების წაღება მინდა, სამახსოვროდ რომ დამრჩეს.
 – ნივთები პოლიციამ წაიღო.
 – დიახ, დიახ, ისინი უკვე მოგვცეს, – ქალი აწრიალდა, – თქვენ ხომ სიკვდილის წუთებში მასთან იყავით. ხომ არაფერი უთქვამს ან ბარათი მაინც ხომ არ დაუტოვებია? ხომ ხვდებით, ახლა ჩემთვის ყველაფერი ძვირფასია, მისი ხელით დაწერილი ქაღალდის ნაგლეჯიც კი.
მოძღვრის მეუღლე შეიჭმუხნა.
– არა, არაფერი მახსენდება, ის უკვე უგონოდ იყო.
 – პალტო უკვე მკვდარს გახადეს, რომ ნატყვიარი დაეთვალიერებინათ. სადღაც აქ უნდა იყოს, მოვძებნი და მოგიტანთ.
მეორე დილით, გათენდა თუ არა, მოძღვრის ცოლმა თავის მოვალეობებს უღალატა და პოლიციის განყოფილებაში მივიდა. სერჟანტი გააოცა მისმა ვიზიტმა.
– რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ. ეს მკვლელობაა. მე ის ორი თავიდანვე არ მომეწონა. მეეჭვება, რომ იმ უბედურის ნათესავები იყვნენ. ისიც კი არ იცოდნენ, რა ერქვა გარდაცვლილს.  ნახეთ, რა ეწერა მის პორტსიგარს შიგნითა მხრიდან? – „უოლტერს – მამისგან“. ისინი კი გაიძახოდნენ – უილიამიო. კიდევ არის რამდენიმე საეჭვო დეტალი. მე ჩემს ქმარს ველაპარაკე. ის ეკლესიაში თავშესაფრის საპოვნელად მოვიდა. სულ ვფიქრობ, რა სიტყვა მითხრა უკანასკნელად და ვერაფერს ვუკავშირებ. ახლა, რაც შეეხება მოკლულის პალტოს. ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა, ძველისძველ პალტოს ასეთი თავგამოდებით რომ ითხოვდნენ. სანამ დავუბრუნებდი, კარგად დავათვალიერე და ერთ ადგილას სარჩული სახელდახელოდ იყო ამოკერილი სხვა ფერის ძაფით. გავარღვიე და ეს ვიპოვე, – ქალმა ფურცლის პატარა ნაგლეჯი გაუწოდა. სერჟანტს სახე გაუბრწყინდა:
 – თქვენ ძალიან, ძალიან ჭკვიანი ქალი ბრძანდებით და ამ მზეზე, თქვენი ღილებიც ძვირფასი ქვებივით ბრჭყვიალებს.
 – ძვირფასეულობა! – წამოიძახა ქალმა და წამოხტა, – გმადლობთ, რომ სწორ გზაზე დამაყენეთ! მან თქვა – „ძვირფასეულობა“...
– ეს ხომ შემნახველი საკნის ქვითარია! – აღმოხდა სერჟანტს, – არაჩვეულებრივია, შესანიშნავი!
– მგონი, ჩემი დახმარება კიდევ გჭირდებათ. მეეჭვება, თქვენ შეუმჩნევლად მოახერხოთ შემნახველ საკნამდე მისვლა.  შეიძლება, თქვენც გითვალთვალებდნენ. საშიში ხალხია.
სერჟანტი შეყოყმანდა:
– იცით, ჩვენც დავეჭვდით, რომ მოკლულს არანაირი და არ ჰყოლია და ინფორმაციები მოვაგროვეთ.
ქალს თვალები აუციმციმდა:
– მომყევით... რაც შეეხება თვალთვალს, ამის არ მეშინია, – იქვე იქნებით. დამნაშავეებს პირდაპირ ფაქტზე დაიჭერთ. აბა, მომყევით!
სერჟანტს ქალის საქმიან იერზე გაეღიმა.
– თქვენ მაინც ვერაფერს გამოგაპარებთ... – მოძღვრის ცოლმა საკნიდან გაქუცული ჩემოდანი გამოიღო. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ძლივს მოასწრო, რომ ზორბა მამაკაცი ეცა და წართმევა დაუპირა. ქალმა კივილი ატეხა. ერთი პოლიციელი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე მამაკაცი მძარცველს მივარდნენ და გაქცევის საშუალება არ მისცეს. ის მისტერ ეკლსი აღმოჩნდა. ჩემოდანი პოლიციის განყოფილებაში გახსნეს. მასში აღმოსავლური ცეკვისთვის შესაფერისი კოსტიუმი აღმოჩნდა, თვალისმომჭრელი ქვებით მორთული ლიფით. იქვე იყო კონვერტი ქორწინებისა და დაბადების მოწმობებით.
 – ძვირფასო მისის, ისე დაგვეხმარეთ, რომ, სრული უფლება გაქვთ, ყველაფერი იცოდეთ. მისტერ და მისის ეკლსები სულაც არ არიან ცოლ-ქმარი. კაცი ერთ-ერთ ღამის ბარში დარაჯად მუშაობდა, ქალი კი იმავე ბარში მოცეკვავე, საკმაოდ შთამბეჭდავი გარეგნობის მსახიობის კოსტიუმერი იყო. ამბობენ, რომ ამ მსახიობმა ლონდონში გასართობად ჩამოსულ ერთ მდიდარ რაჯას თავი დააკარგვინა და ერთად რამდენიმე ვნებიანი ღამე გაატარეს. მადლობის ნიშნად, რაჯამ ქალს უძვირფასესი ყელსაბამი აჩუქა. ერთ დღეს კი ეს ყელსაბამი გაქრა და მის კვალს ვერსად მიაგნეს. ახლა, რაც შეეხება მოკლულს: ის უოლტერ სენტ-ჯონია. ციხეში ყალბი ძვირფასეულობით ვაჭრობისთვის აღმოჩნდა და ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს. ის მისის ეკლსს ესტუმრა და ის ჩემოდანი წამოიღო, რომელიც მას დაპატიმრებამდე მიაბარა. რად უნდოდა მამაკაცს მოცეკვავე ქალის სასცენო კოსტიუმი?  ქორწინების მოწმობა ნახეთ და მიხვდებით: იგი იმ მსახიობი ქალის ქმარი იყო და ქალიშვილიც ჰყავდათ, რომლის დაბადების მოწმობაც აქვეა. ჯეულ სენტ-ჯონ მოსი. ის ახლა ხუთი წლის უნდა იყოს.
 – ღმერთო, ჯეული... პატარა ჯეული!.. ის ჩემს მეზობლად იზრდება ძიძასთან თუ მეურვესთან. შესანიშნავი ბავშვია, საცოდავი. აი, თურმე, რატომ ჩამოვიდა ჩვენს მხარეში – თავისი შვილის წაყვანა უნდოდა. ის არამზადები კი, თურმე, ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ... – აღმოხდა ქალს.
სერჟანტმა თავი დაუქნია:
– ასეა. ცოლ-ქმარ სენტ-ჯონსებს, ალბათ, ეშინოდათ, რომ ყელსაბამს ვინმე აუცილებლად მოიპარავდა. ამიტომ, ის დაშალეს და თვლები ქალის საცეკვაო კოსტიუმს დააკერეს, ყელსაბამში კი ყალბი თვლები ჩასვეს. ლიფზე დაკერებულ ქვებში ვერავინ ამოიცნობდა რაჯას ნაჩუქარ ყელსაბამს, რომელიც ძალიან მალე მართლაც დაიკარგა. ვინ იყო ქურდი, ალბათ, უკვე მიხვდით, თუმცა,  მას მალევე გაუცრუვდა იმედი, რადგან ყელსაბამი ყალბი აღმოჩნდა. მერე მოცეკვავე მოკვდა, მისი ქმარი კი ციხეში აღმოჩნდა. როცა ციხიდან გამოსულმა უოლტერმა ჩემოდნის წამოსაღებად კოსტიუმერს მიაკითხა, სავარაუდოდ,  მაშინ მიხვდა, რომ ნამდვილი განძი ამდენ ხანს სახლში ჰქონდა. საწყალი სენტ-ჯონი ამ ბრჭყვიალა ქვებს ემსხვერპლა, რომლებიც, ალბათ, შვილის ღირსეული მომავლისთვის სჭირდებოდა.
– მის შვილს აუცილებლად ექნება ღირსეული მომავალი, ამაზე პირადად ვიზრუნებ – თქვა მოძღვრის ცოლმა და თვალები აუცრემლდა.
    თარგმნა
ნიკა ლაშაურმა

скачать dle 11.3