კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ნელი აგირბა: იმ ტრავმების იგნორირებას, რომელიც შიგნით გვაქვს ჩამარხული, ძალიან ბევრი მიაქვს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ტელეწამყვან ნელი აგირბას ცხოვრებაში განსაკუთრებული სიახლეა, ის მესამე შვილის დედა გახდა. უფროსმა დებმა პატარას ნოა დაარქვეს. ნელი, უფროს შვილებთან და ნოას მამასთან ერთად, საცხოვრებლად ბათუმში, მშობლიურ სახლში დაბრუნდა.
  ნელი აგირბა: პირველად რომ ხდები დედა, ძალიან დაბნეული ხარ, ყველაფრის გეშინია. მეორედ რაღაცები უკვე იცი და ეს ბევრად გიმარტივებს საქმეს, მაგრამ მაინც რთულია, იმ თვალსაზრისით, რომ ორ ბავშვზე თანაბრად უნდა გადაანაწილო ყურადღება. მე დანაშაულის განცდა მქონდა, რომ არცერთს საკმარისს არ ვაძლევდი. მესამეს რაც შეეხება, რომ ამბობენ ხოლმე, ყველაფერს ალაგებსო, მართლა ეგეთი განცდა მაქვს. გამოცდილება ბევრი რამის გადალახვაში დაგვეხმარა. თუმცა, მხოლოდ ესეც არაა, ახლა ათი წლით დიდი ვარ, ვიდრე პირველ ბავშვზე ვიყავი და უფრო მარტივად ვხვდები, რა უნდა პატარას.
– გოგოებმა როგორ მიიღეს პატარა?
– ძალიან უხაროდათ, მაგრამ იმედი ჰქონდათ, რომ გოგო იქნებოდა. რომ გაიგეს ბიჭია, ეგეც მიიღეს და ნელ-ნელა ამასაც მოუნახეს პლუსები (იცინის). მათმა მთელმა სამეგობრომ იცოდა, რომ ძმას ელოდნენ და სახელი – ნოა გოგოებმა მოუფიქრეს.
– ფეხმძიმობამ როგორ ჩაიარა, მით უმეტეს, იზოლაციის ფონზე?
– ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად და ფაქტობრივად, პანდემიამდეც იზოლაციაში ვიყავით. რემონტი გვქონდა, გარემოსთან ადაპტაციას გავდიოდით და ძირითად დროს სახლში ვატარებდით. ბოსტანი გვქონდა მოსავლელი, სათბური გავაკეთეთ და იზოლაცია რომ დაიწყო, პრინციპში, ჩვენთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა, განცდები, რა თქმა უნდა, იყო. მუცელში რომ პატარა გყავს და გაუგებარია, რა სამყაროში იბადება, ეს ბუნებრივია. მაგრამ უნივერსალური წამალი, სიყვარულზე კონცენტრაცია და აწმყოთი ცხოვრებაა, განსხვავებით მომავლის შიშისგან და მერე ყველაფერი ლაგდება. სირთულეები ყოველთვის არის, მაგრამ ჩვენზეა, ამ დროს რას ვუზამთ გონებას. პირველ და მესამე ტრიმესტრში განსაკუთრებით რთულია გონების მართვა. ძლიერი ინსტინქტები გაქვს საკუთარი თავისა და ბავშვის გადარჩენისთვის. მაგ დროს თუ გაუძლებ და თავს ხელში აიყვან, ცხოვრებაში ვეღარაფერი მოგერევა (იცინის). სირთულეები მართლა მქონდა. ღრმა წიაღსვლებით ქვეცნობიერში აღმოვაჩინე, რა პრობლემები მქონია, რაც არ ვიცოდი ან არ მახსოვდა. რაღაცები გადავლახე, რაღაცები უბრალოდ, დავინახე. თუმცა, ყველაფერი რაღაცისთვის ხდება, არანაირად არ ვწუწუნებ. ამ ყველაფრის შემდეგაც ბევრად ძლიერი ხარ. უკეთ იცნობ საკუთარ თავს და შესაბამისად, უკეთ აკონტროლებ. ადამიანის ძალაც ხომ ამ შესაძლებლობაშია?! უნდა შეძლო, რომ გონებამ არ წაგიღოს და კლდეებზე არ შემოგანარცხოს, პირიქით – „სერფინგის დაფაზე ისრიალო“ და ისიამოვნო (იცინის). ამ შემთხვევაში, ბედნიერებისთვის გრჩება ენერგია, თორემ იმ ტრავმების იგნორირებას, რომელიც შიგნით გვაქვს ჩამარხული, ძალიან ბევრი მიაქვს. ამ ტრავმებს რომ აცნობიერებ და „ხარშავ“, ენერგიაც გითავისუფლდება, ძალასაც იბრუნებ და შეგიძლია, სიხარული და ბედნიერება განიცადო.
– თბილისიდან გადასვლას აპირებდი, მაგრამ სოფელში, ბათუმი არ გქონდა გეგმაში. ახლა რატომ გააკეთე ეს არჩევანი?
– სოფელი გვინდოდა, მაგრამ ორსულობამ მომიწია და მივხვდით, რომ ყველაფრის ნულიდან აშენებას ვერ მოვახერხებდით. მამაჩემმა შემოგვთავაზა ბათუმში ჩამოდითო და მივხვდით, რომ ეს ამ ეტაპისთვის ძალიან კარგი და საინტერესო თავგადასავალი იქნებოდა. ასე რომ, დავბრუნდი ჩემს მშობლიურ სახლში. რაც ბავშვობაში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში, რომლიდანაც გამოქცეული ვიყავი და რომელსაც შევურიგდი, რამაც სიმშვიდე მომიტანა.
– რას გულისხმობ?
– ბავშვობაში რაღაცების მიღება გამიჭირდა. მშობლების განქორწინება და მსგავსი ისტორიები, რაც ბევრს გვაქვს გამოვლილი. დავბრუნდი და რაღაცნაირად შევურიგდი ამ ყველაფერს. ეს სახლი რომ აშენდა, მე სამი წლის ვიყავი, მაგრამ მესამე სართული არასდროს გამოგვიყენებია, ჩაკეტილი იყო და ახლა ვაკეთებთ რემონტს. პატარა ბავშვით ჯერჯერობით, რთულია საფუძვლიანად სოფლის მეურნეობაში ჩაბმა, მაგრამ მიწა გვაქვს და ცოტ-ცოტა მაგასაც ვსწავლობთ. სათბურის ფუნდამენტი უკვე გავაკეთეთ და შემოდგომით, როცა რემონტი დამთავრებული გვექნება, მასაც დავასრულებთ. ქათმების მოშენებაც გვინდა. აქ ნოემბრის ბოლოს გადმოვედით საცხოვრებლად და ნელ-ნელა უკეთ ვეცნობით ახლანდელ ბათუმს.
– ბავშვების სკოლის ამბები და შენი და ტელევიზიის ურთიერთობა როგორ გამოვა ბათუმიდან?
– ტელევიზიას რაც შეეხება, არ დამწყვეტია გული, რომ მისგან შორს წამოვედი. ბავშვები რომ საკუთარ სკოლას მოსწყდნენ, ამაზე ვიდარდე, მაგრამ აქაც ყველაფერი საოცრად აეწყო, ჯერ უფროსი მოხვდა ჩემს მასწავლებლებთან და წელს უკვე – ევაც, რომელიც პირველ კლასში მიდის. ხელოვნების სკოლაში დავარეგისტრირე და იქაც ჩემს მასწავლებლებთან აღმოჩნდნენ (იცინის). გოგონებს ბათუმი ძალიან მოსწონთ. ენატრებათ ბებო, პაპა, მამა და მეგობრები, თორემ სხვა მხრივ, თავს ძალიან კარგად გრძნობენ. უნდათ, რომ ბათუმშიც იყვნენ და თან ვინც უყვართ, მათთან ერთად.
– მამას (ილო ბეროშვილი) ახლახან პატარა ეყოლა. ახლა დიდი მანძილი გაშორებთ და როგორ ახერხებენ მასთან ურთიერთობას?
– „თუ გული გულობს...“ ამბავია. ბავშვები თბილისში იყვნენ ჩასულები. გაიგეს, რომ მალე უნდა დაიბადოს ძამიკო და აუცილებლად იქ უნდა ვიყოთო. ჩავიდნენ, გაიცნეს და ძალიან ბედნიერები არიან ამ ამბით. თითქმის ერთი თვე დარჩნენ, ბებო და პაპაც მოისიყვარულეს.
– ტელევიზიაზე უარი თქვი?
– ჯერჯერობით ტელევიზიაში დაბრუნების მოთხოვნილებას ვერ ვგრძნობ. თუ რამე სასარგებლო შემოთავაზება იქნება, ჩემად რომ ვიგრძნობ და სხვებისთვის რამე სარგებლის მოტანასაც შევძლებ, რატომაც არა, თუმცა, არა უბრალოდ ხელფასისა და ეგოს დაკმაყოფილებისთვის. აქ ვცდილობთ, რაღაცები ვისწავლოთ და დამოუკიდებლად შევქმნათ ჩვენი პროდუქცია. ბამბუკებისგან დავიწყეთ ნაწარმის დამზადება, მაგალითად, ქოთნების, მცენარეებსაც ვამრავლებთ. გვინდა, მსურველებს ჩვენი პროდუქტი შევთავაზოთ. მცენარეების სამკურნალო თვისებებს ვსწავლობ და მინდა, სამკურნალო კოსმეტიკური საშუალებების დამზადება დავიწყო. სკოლაში ქიმია-ბიოლოგია მიყვარდა ძალიან და მერე დიდხანს ვნანობდი, რატომ არ გავაგრძელე სწავლა ამ მიმართულებით-მეთქი. რაც დედა გავხდი, ბავშვების სამკურნალოდ ყოველთვის ვერიდებოდი სააფთიაქო ქიმიურ პრეპარატებს და სულ ვცდილობდი, ბალახეულით გამოვმძვრალიყავი. საბოლოო ჯამში, ჩემი ინტერესი კოსმეტიკურ საშუალებებამდე მივიდა და ვნახოთ, აქ გავჩერდები თუ ეს ამბავი კიდევ რამეში გადაიზრდება.

скачать dle 11.3