კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  მიხეილ ხარაზოვი, იგივე „კუპაჩია“ – 1870-იანი წლების მძარცველი და ქურდი. ასკარ ბონდო-ოღლის გაძაცვა, გასპაროვის ცხენის მოპარვა, ეგორ ჩიტოევის დუქნის დაყაჩაღება, ეგორ ჩიკუროვის დაჭრა – ეს ერთი ნაწილია მისი ჩადენილი დანაშაულებისა. ის გაექცა ბადრაგს, როდესაც გამომძიებელთან გადაჰყავდათ. ამის შემდეგ შეეკრა ასევე მეტეხის ციხეში გადაყვანისას გაქცეულ ნიკო არუთინოვს, მეტსახელად „ზიზიას“, გერმანელთა კოლონიაში მედუქნის მკვლელობის გამო რომ იძებნებოდა და ერთად დაიწყეს ტფილისში ბანდიტობა. ისინი სალდათის ბაზარში პოლიციელმა სატარ ბეკოვმა იცნო და დაედევნა, ხარაზოვმა პისტოლეტიდან ესროლა, ააცილა, კიდევ ესროლა, ისევ ააცილა და ბოლოს სატარ ბეკოვი სწვდა ნაბადში, თუმცა ავაზაკმა ის ხელში შეატოვა და თვითონ გაიქცა. გაიქცა იმისი დამქაშიც. შემდეგ დადგინდა, რომ „მუშტაიდის“ ახლოს, რომელიღაც ბაღში იმალებოდნენ და ათიოდე პოლიციელისა და კაზაკის მეშვეობით ისინი დააკავეს. აქაც სროლა გაუმართეს და ვიდრე ტყვიები გაუთავდებოდათ, არ ნებდებოდნენ. ხოლო როცა ხარაზოვი ბადრაგს ციხეში მიჰყავდა, გადატეხა ხევში და მიიმალა. ამის მერე დუქნებში იმალებოდა. რამდენიმე თვეში, 1873 წლის დასაწყისში, ის ხოჯივანქის სასაფლაოსთან შენიშნეს. ორ გამოდევნებულ პოლიციელს, ჟიჟკო და რომანჩუკს ექვსტყვიიანი რევოლვერიდან ცეცხლი გაუხსნა, მერე გადატენვა ვერ მოასწრო და ხანჯალს დასწვდა, მაგრამ ამ დროს აჯობეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
  შაჰბაზ არზუმიანცი – თაღლითი, თამასუქების გამყალბებელი და ამით ფულის დამტყუებელი. 1903 წელს დაიჭირეს, როცა მისი დამქაში ჩავარდა 700 მანეთის ყალბი ხელწერილით ფულის გამორთმევისას და მან ისიც გასცა. მაშინ რუსეთის იმპერიაში ხმა ჰქონდა გავარდნილი „გულის ვალეტებს“, თაღლითობას და ყალბი საბუთებით მოქალაქეთა გაბითურებას რომ მისდევდნენ. ტფილისშიც ყოველთვის იყვნენ ასეთი ამქრის ხალხი და ყალბი თამასუქებითა და საბუთებით, წერილებით, ფულის დამტყუებელნი. იმავე პერიოდის თაღლითებიდან სახსენებელია ბაბალოვი, მღებროვის ნოტარიულ კანტორაში მომსახურე, ამერიკული სადაზღვევო საზოგადოება „ურბენის“ საქმეების გამკარგავი, ვინც 20 ათასი მიითვისა, ბოლოს ყალბი ვექსილით 15 ათასი გამოიტანა პრიდონოვის საბანკო კანტორიდან და 1905 წელს აორთქლდა და მიიმალა. იყო ტფილისში 80-იან წლებში მოღვაწე კომერსანტი დანელია, ვინც იმერეთში მიწებს ყიდდა, ვითომ და თავის საკუთრებას. იყო ოქროშიძე, წერილების წერასა და გადაცემაში რომ გამოიჭირეს, მათ შორის აღმოაჩნდა ყალბი ბარათები, მიწერილი შლენდერს მისი მოურავი ზუბალოვისაგან, კიდევ ქალბატონ მაიერს – იმავე ზუბალოვისაგან, ანდაც სარაჯიშვილის წერილი – ქალბატონ ლოტს. ის თავად გადასცემდა მათ, სანდო იერს იღებდა და რაკი კალიგრაფიის გაყალბება იოლად ეხერხებოდა, ვიდრე 1889 წელს არ დაიჭერდნენ, კაი ხანს სძალავდა ფულს გულუბრყვილო ტფილისელებს. იყო დიდი გაქანების ზიანოვიც, სახლები ერთდროულად ოთხ სადაზღვევო კომპანიაში რომ დაეზღვია, სხვის სახლებსაც აგირავებდა, ან ძვირფასეულობას დასტყუებდა, დააგირავებდა და იმის ქვითარს მერე სავახშოში ხელმეორედ სტოვებდა. ზაკავკაზსკი პრიკაზში მსახურობისას კი ძვირფას თვლებს შუშებით ცვლიდა. ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა დატყუებული ფულის უკან დაბრუნება, ისიც, როცა ზიანოვს შინ დიდი მათრახით მიადგა. 1889 წელს ის გაიქცა და ჯერ კონსტანტინოპოლში, იქიდან კი პარიზში  მიიმალა. თუმცა ყველაზე დიდი გაქანების თაღლითი ამათში თავადი გიორგი ერისთავი იყო, ვინაც კვალი რუსეთის იმპერიის საზღვრებს გარეთაც დატოვა.
  ხაჩატურ არუთინოვი – ქურდი, მოურავი გედევანოვის სამღებროში იდგა და ბროწეულის ქერქებს ხარშავდა. გარშემო ქვევრები სავსე იყო საღებავით და შიგ მატყლს აწობდნენ ან რაიმე ფართლეულს. სამღებროც ყველა ფერისათვის ცალკე იყო. ვინაც ლურჯად ღებავდა, იმას ბოიახჩი ერქვა, ადგილს კი ლილიხანა. ისინი როსტომ ხანის დანგრეული სასახლის აყოლებაზე იდგნენ. არუთინოვი წითლად ღებავდა და მწითლავებში იდგა. სხვა ფერებიც იყო. ინიც იხმარებოდა, არა მხოლოდ სპარსელთა წვერისა და ფრჩხილების გასაღებად. სწორედ ინს იპარავდა და ჩუმად აძლევდა ბატონიშვილი სოფიოს სამღებროს. ეს არ დაიმალა და გააგდეს. მერე დაიარებოდა აღმადაღმა. იპარავდა სხვადასხვა დახლიდან. არ ჰყოფნიდა. სახლსაც მარტოს არავინ ტოვებდა. ამიტომ 1807 წელს სომხის ეკლესია გაქურდა მოღნის უბანში, წამოიღო იქიდან ჯვრები და ვერცხლეული, რაც ნახა. ამაზე დაიჭირეს. ეს ერთ-ერთი პირველი დანაშაულია, რაც მე-19 საუკუნის დავთრებმა შემოინახა. როცა სატუსაღოდან გამოვიდა, ისევ იპარავდა. 1817 წელს ქალაქში გერმანელები რომ გამოჩნდნენ და კუკიაზე დაასახლეს, იმათ აკვირდებოდა. ასეთები არ ენახა. მერე ხმა გავარდა, ქრისტეს მოსვლას ელიან, ამად გამოსწიეს აქეთ, უფრო შორს აღარ გაუშვეს და აქ ყოფნას დასჯერდნენო. ქრისტე არა, მარა ხაჩატურა მივიდა ერთ ღამეს მათთან და გაქურდა. ეს ნივთები იყო უცხო. ასეთები აქეთ არ ყოფილა. უბეში რაღაც საკბეჩიც ჩაიდო. კომში იყო ზომით, მარა არ იყო. გემო ჰქონდა უმი გოგრისა. სხვასაც აჩვენა, მიწის ვაშლიაო, ასე თქვეს. იქიდან წამოიღო კიდევ მტრედის კვერცხის ზომის საფირონი. მოკლეს ყაჩაღმა ლეკებმა 1822 წელს, იმათი ბოლო შემოვარდნისას კუკიაზე.
  ნიკოლოზ არღუთინსკი-დოლგორუკოვი – ქურდი, თავადი. ის იყო ქაღალდისა და ბილიარდის მოთამაშე ტფილისის რესტორნებსა და ბაღებში. ოფიციანტისათვის ფულის ხელში ჩამკუჭავი არტისტი ქალი ლასალის ბენეფისისას და მისთვის კალათებით ვარდების მიმრთმევი. ის იყო ფართე ნაბიჯით მოარული, პორტმანეს სხვის დასანახად გამხსნელი და იქიდან ნაირგვარის ამომყრელი. ის იყო ტფილისის „მონპარნასი“, ჰიუგოს მოგონილი ქურდი მოარული პარიზის ბნელ ქუჩებში. ვარდით ლაცკანზე, ოქროს პორტსიგარით, წმინდა გიორგის ჯვრის რომელიმე კავალერის ჯიბიდან რომ ამოეცალა, გადაკაწრული და ზედ ამოყვანილი თავისი სახელით. ოქრომჭედელი სეირანოვი, ვასო ნერსესოვის დამქაში, მისდევდა ასეთ ხელობას, პორტსიგარზე დაწერილების გადაკეთებას. გაგლო ნინიევიც, ვერცხლის რიგში, მერე იუველირი რაშკევიჩის მკვლელობაში გარეული. არღუთინსკი იყო მოარული ბაღებში, მოყვარული ყურადღებისა და შამპანურის გახსნისა. ის იყო ქურდი სასტუმროების, ბაღების, ევროპულად მოსილი ხალხის თავშეყრის ადგილების. რაც მას დაუმტკიცდა, ეს იყო ქურდობა სასტუმროებში „ბერლინ“, „კავკაზ“, „სევერნი ნომრები“, „კაზლოვის“, „სარაჯოვისა“ და „მუხრანის“ ნომრებში. საცა მოპარა კაპიტან ფალავანდოვს საათი, პრაპორშჩიკ ისკანდერ ბეგაგრუბოვს – ვერცხლის სათამბაქო, ვაჭარ ოჰანეს შხიანცს – ტრიკოს პალტო, კაპიტარ ვაროპაევს – ოქროს საათი, აზნაურ ალექსანდრე ზუბალაშვილს ტრიკოს პალტო და ვიგამა მამიკონოვს ტრიკოსავე სერთუკი და პორტსიგარი. ის დაიჭირეს 1890 წელს.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)
скачать dle 11.3