კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ აბრიყვებდა ჯალალედინი სარდალ მხარგრძელებს

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  თამარ მეფემდე საერო ხელისუფლებაში მეფის მერე იყო მწიგნობართუხუცესი, ის გახლდათ სავაზიროს პირველი პირი, ვაზირთა უპირველესი. მწიგნობრად კი დავით აღმაშენებლის დროიდან ინიშნებოდნენ ბერები, ჭყონდიდის ეპისკოპოსები. ამგვარად, ქვეყნის მთავრობას პოლიტიკური, ფეოდალური და ქონებრივი ამბიციებისგან დაცლილი ადამიანი მართავდა.
  დავით სოსლანის გარდაცვალების მერე თამარ მეფემ თხოვნაზე უარი ვერ უთხრა ივანე მხარგრძელს, გამოაცხადა ათაბაგად და უბოძა ამირსპასალარობა. ფაქტობრივად, ამ აქტით დაიჩრდილა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობა. ლაშა-გიორგის გარდაცვალების მერე, მხარგრძლების საგვარეულოს ხელში მოქცეული იყო ძალიან დიდი ძალაუფლება.
  მეფედ ქალის გამოცხადებამ არ გაამართლა. რუსუდანი მხედართმთავრად ვერ ივარგებდა, ქალი იყო. ვერც ორგანიზატორად ივარგა, ვერც პოლიტიკოსად და ვერც მისმა ქმარმა – სარდლად.
ჯალალედინის შემოსევის დროს მხარგრძელთა საგვარეულოს ხელმძღვანელობით მოშლილი საქართველოს სამხედრო და სადაზვერვო უწყებები პირში ჩალაგამოვლებული შეჰყურებდნენ ჯალალედინის სამხედრო და პოლიტიკურ ხრიკებს.
  ტფილისის აღების შემდეგ ჯალალედინმა ჯერ აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქები აიღო, ზოგი ისევ პოლიტიკური ხრიკებით. ერთ-ერთ ქალაქს, სახელი არ ვიცით, ტფილელი ყადი (მაჰმადიანთა მოსამართლე, დიდად პატივცემული ადამიანი) მიუვლინა და მისი პირით, უბრძოლველად დანებების შემთხვევაში, მოსახლეობას სიცოცხლისა და ქონების შენარჩუნებას შეჰპირდა. ტფილისის ქრისტიანი მოსახლეობის დახოცვით შეშინებულმა აღნიშნული ქალაქის მცხოვრებლებმა თანხმობა უთხრეს ყადის და ჭიშკარი გაუღეს. როდესაც ჯალალედინმა ქალაქი დაიკავა, ყადისთვის მიცემული სიტყვა გატეხა, დახოცა ჩვენი იმ ქალაქის  მოსახლეობა, მათ შორის მუსლიმანებიც და მათი ქონებაც მიისაკუთრა. მაშინ მიხვდნენ კავკასიის მაჰმადიანები, რომ ჯალალედინის მიერ ქართველებთან წარმოებული ბრძოლა მაჰმადიანთა საღვთო ომი კი არ იყო ქართველების წინააღმდეგ, არამედ მძარცველი ჯალალედინის ფსიქოპათიური ახირება მონღოლებთან დამარცხების გამო, საკუთარი მნიშვნელოვნობის დამტკიცების სურვილი.
  შემდეგ ხლათში გაილაშქრა ჯალალედინმა. თუმცა, ხლათის მაჰმადიანმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ხვარაზმელ სულთანს და ჯალალედინმა ხლათი ვერ აიღო.
  ჯალალედინის მიერ ტფილისიდან გასვლის მერე ჩვენმა სამეფო კარმა, მოახერხა ახალი ჯარის შეკრება, დაიქირავა ჩრდილო კავკასიელები და ყივჩაღები, შეუთანხმდა მეზობელ მაჰმადიან მბრძანებლებს ჯალალედინთან ერთად შებრძოლებაზე... მაგრამ, სამხედრო სამზადისი ვერ გაასაიდუმლოვა, როგორც თამარ მეფე და დავით სოსლანი აკეთებდნენ მტერზე მოულოდნელი თავდასხმის ორგანიზებას.
  ჯალალედინმა ისევ დაასწრო ქართველთა და მეზობელ მაჰმადიანთა გაერთიანებას და ცალკე შეებრძოლა ქართველთა ლაშქარს. ბრძოლამდე კი, სპარსელი ისტორიკოსის, ჯუვეინის ცნობებს თუ დავუკვირდებით, დრო გაწელა, ქართველების მიერ დაქირავებული ყივჩაღები დაიყოლია და გადაიბირა. აქაც პირში ჩალაგამოვლებული დატოვა მხარგრძელთა მეთაურობით მდგარი ქართველთა სარდლობა და მოულოდნელად შეუტია ჩვენს წინაპრებს.
ყივჩაღების ღალატმა ძალიან დააზიანა ქართული ჯარის საბრძოლო მდგომარეობა. ჯუვეინი ამას ერთი-ერთზე შებრძოლებებში ქართველი მეომრების დამარცხებას აბრალებს, თუმცა, 20 000 ყივჩაღის მიერ ბრძოლის ველის დატოვება დიდი დარტყმა იყო ჩვენი ლაშქრისთვის. შესაძლოა, ყივჩაღები ჯალალედინის მხარესაც კი გადავიდნენ.
  ჯუვეინი წერს: „რაკი ის რამდენიმე კაცი, რომელთაგან თითოეული მამაცი გმირი და ლაშქრის საყრდენი იყო, ერთ წამში, ერთი მხედრის (ჯალალედინის) მსხვერპლი შეიქნა და ძაღლებისა და აფთართა ლუკმა გახდა. ის უბედურნი სასოწარკვეთილებამ და ძრწოლამ მოიცვა, ისლამის ლაშქარს კი გაუქრა შიში და კრთომა.
  სულთანმა იმ ადგილიდან თავისი მათრახის ბოლოთი ნიშანი მისცა, მებრძოლი ვაჟკაცები დაიძრნენ და ქართველთა ლაშქარმა პირი იბრუნა. გამარჯვების პირველი ნიშნები გამოჩნდა და ძლევის მშვენიერმა შუქმა გაანათა მათი სახეები. ერთ წამში გაშლილი ველი დახოცილთა სიმრავლისაგან უსწორმასწორო ბორცვად იქცა და მიწის პირი ატლასისფრად შეღება დაღვრილმა სისხლმა“.
  მონღოლთადროინდელი ჩვენი მემატიანე, ბოლნისის ბრძოლის აღწერისას ყივჩაღთა ღალატზე არაფერს ამბობს, არც სარდლების, მხარგრძელების სიბრიყვეზე. მისი აზრით, უფლის რისხვა კვლავ დაგვატყდა თავს, ჩვენი ქვეყნის მეთაურთა უზნეობის გამო. ქართველთა ჯარის მისვლისას: „ვითარ იხილეს დარაჯთა სულტნისათა, აცნობეს სულტანსა. ხოლო იგი აღიჭურა, რამეთუ იყო უშიში ბრძოლათა შინა, წინა განეწყო და იქმნა ომი სასტიკი, და პირველსავე შეკრებასა სძლევდეს ქართველნი. ხოლო ვითარ შენივთდა ბრძოლა, მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი კაცი, მოხედნა ღმერთმან რისხვით ნათესავსა ქართველთასა, რამეთუ არა დასცხრა გულისწყრომითა უფალი, არამედ ხელი მისი მაღლადვე არს და მოიხსენა უსჯულოება ჩუენი, და იძლივნეს სპანი მეფისანი და ხუარაზმელთა მიერ ივლტოდეს“.
  ჯალალედინის მაქებარი ჯუვეინი ტრაბახობს: „რაკი იმ უბედურთა საქმეს ვერაფერი უშველიდა, ხოლო მატყუარებს სიცრუე აღარ გამოადგებოდათ, დროულად გაქცევისა და ღამის კალთებისათვის ხელის ჩაჭიდებისა და წყვდიადის ფარდისთვის თავის შეფარების გარდა (ღმერთი არ არის უსამართლო!) სხვა გზა ვერ ნახეს, ველისა და მთების ყოველი მხარე და კუთხე მღელვარებდა მათი კვნესა-ყვირილისგან და მიწა ზანზარებდა მათი გახელებული ცხოველების ჭიხვინისა და ყროყინისაგან.
  იმოდენა ნადავლი დარჩათ, რომ წვრილფეხა პირუტყვს ყურადღებას აღარ აქცევდნენ და სიმდიდრე იმდენად ჩვეულებრივი რამ გახდა, რომ მსხვილფეხა საქონელსაც არაფრად აგდებდნენ“.
  ჯალალედინმა კვლავ აიღო ტფილისი. ქალაქის დატოვების წინ, ჩვენმა მებრძოლებმა ტფილისი გადაწვეს, რათა ჯალალედინი არ გამაგრებულიყო ჩვენს დედაქალაქში.
  ჩვენი ჟამთააღმწერელი განაგრძობს: „ხოლო სულტანი კუალად მივიდა ტფილისად, თუღა სადა ვინმე პოვნა დარბევად, არბევდა ქუეყანათა მათ ზემოხსენებულთა“.
  მონღოლების სამსახურში მყოფი სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი, ქართველებზე გამარჯვებას ისლამის სიძლიერეს მიაწერდა: „როცა წინასწარმეტყველის სარწმუნოება კვლავ მომძლავრდა, სულთნის ღირსების და სიმკაცრის ამბავი დედამიწის მხარეებს მოედო და ეს სასიხარულო ცნობა სხვადასხვა კუთხეში დაგზავნეს, მალიქებმა და დიდებულებმა ისევ დაუწყეს ანგარიშის გაწევა. იქიდან სულთანი ხლათისკენ დაიძრა“.

скачать dle 11.3