კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 მაცდური

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

  ისეთები იყვნენ, ქუჩაში ხალხი თვალს აყოლებდა. თანატოლებსაც, ცოტა უმცროსებსაც და ცოტა უფროსებსაც, ზოგს ხმამაღლა, დაუფარავად და ზოგსაც ჩუმად, ფარულად, გულის კუნჭულში, ზოგს თეთრი, ზოგს შავი და ზოგსაც ფერად-ფერადი შურით შურდათ: გოგოებს – გვანცასი (ეს რა ბიჭი გამოიჭირაო), ბიჭებს – ლაშასი (ეს რა გოგო ჩაიგდო ხელშიო). ვერც ვერავის გაამტყუნებდი, იმდენად გამორჩეულები იყვნენ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ვერავინ იტყოდა, ბიჭი ჯობია ან გოგო ჯობიაო.
ყველგან ერთად დადიოდნენ, ხელიხელჩაკიდებულები და ბედნიერი ღიმილით. ერთმანეთით იყვნენ სავსე. მოკლედ, მათი შემხედვარე, იტყოდი, სიყვარული ნამდვილად არსებობსო.
ერთმანეთი აუზზე გაიცნეს. ლაშა მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, გვანცა – მეგობარ ბიჭთან ერთად. ისე მოხდა, რომ ლაშას მეგობარი გოგო გვანცას თანაკლასელი აღმოჩნდა: „ნახე, რა ბიჭი გამოუჭერია ამ შებერტყილს?“ – მაშინ ასე გაიფიქრა გვანცამაც, ლაშა რომ დაინახა, თუმცა თავისი თანმხლები ბიჭიც გამოირჩეოდა გარეგნობით.
გვანცას თანაკლასელი, ელენე, ანუ ის გოგო, რომელიც ლაშას ახლდა, შორიდან ხედში და საბანაო კოსტიუმში გაცილებით უფრო ეფექტური იყო ვიდრე ჩაცმული და ახლო ხედით, გვანცა კი გახდილიც და ჩაცმულიც იქცევდა ყურადღებას. ეს ლაშამ მაშინ დააფიქსირა, როცა აუზის ტერიტორიიდან ოთხივენი ერთად გამოვიდნენ და ერთ ძალიან მოდურ კაფეში შევიდნენ ერთმანეთის გაცნობის აღსანიშნავად.
ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, 20-22 წლისა, ყველაფერი უხაროდათ და საუბარიც თბილისურ „პონტში“ წარიმართა, ანუ „ტრადიციულ-სტანდარტული“ შეკითხვებით:
– რომელ უბანში ცხოვრობ?
– მთაწმინდაზე.
– მართლა? ვგიჟდები ძველ უბნებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ვაკეში ვცხოვრობ.
– ვაკე, რა, ცუდია? ხალხი ოცნებობს ვაკეზე.
– არის, რა!
– მე დიდუბეში ვცხოვრობ, „დინამოსთან“ და ვგიჟდები ჩემს უბანზე.
– მე სემიონოვკის დასახლებაში.
– მართლა? გიგიჩოს იცნობ? მაღალი ბიჭია, ქერა, ნაცრისფერი თვალები აქვს.
– როგორ არ ვიცნობ, მეზობელია, წყალბურთზე ერთად დავდივართ.
– შენ სესილის ხომ არ იცნობ? სულ ტელევიზორშია. დღეს დამწყებებში ყველაზე პერსპექტიულ მოდელად ითვლება.
– რას ჰქვია, ვიცნობ! ერთად გავიზარდეთ და დღემდე ვდაქალობთ. შენ საიდან იცნობ?
– ერთად ვსწავლობთ, ჯგუფელები და ძალიან ახლო მეგობრები ვართ.
– შენ სად სწავლობ?
– შენ სად მუშაობ?
და, გაცვეთილი, არაფრის მთქმელი ფრაზები:
– მაინც რა პატარაა თბილისი, არა?
– აბა?! ქვა რომ ააგდო, ნაცნობს მოხვდება თავში.
გოგოებმა კოქტეილები წრუპეს, ყავა და ნამცხვარი მიირთვეს, ბიჭებმა ერთი ბოთლი შამპანური გახსნეს – გაცნობისა დალიეს. უაზრო თემებს მიედ-მოედვნენ და უცებ აღმოაჩინეს, რომ სალაპარაკო აღარაფერი ჰქონდათ. ცოტა არ იყოს, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. თავიდან თითქოს აეწყო საუბარი, მაგრამ მერე ვეღარ გაგრძელდა. თავდაპირველად გვანცას მეგობარი ბიჭი, ლევანი, ვერ მიხვდა, რატომ დაიძაბა სიტუაცია, მაგრამ როდესაც შემთხვევით დააფიქსირა ელენეს დადარაჯებული გამოხედვა და თვალი მის მზერას გააყოლა, მაშინვე იაზრა, რაც ხდებოდა: გვანცა და ელენეს კავალერი ლაშა, ძალიან კი ცდილობდნენ, რომ არაფერი შესტყობოდათ, მაგრამ თავს ვერ იკავებდნენ და პერიოდულად მონუსხულებივით მიაშტერდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს.
ლევანი მიხვდა ელენეს გაღიზიანების მიზეზს და თვითონაც არანაკლებ გაღიზიანდა, თუმცა ვერ მოიფიქრა, როგორ გამოესწორებინა მდგომარეობა და განემუხტა სიტუაცია, მაგრამ ელენემ დაასწრო და ვითომ სხვათა შორის ჰკითხა ლევანს (და არა თვითონ გვანცას):
– ქორწილი როდისთვის გაქვთ დანიშნული?
ლევანი შეკრთა, გვანცამ კი შეკავებული მრისხანებით უპასუხა:
– რა ქორწილი, საიდან მოიტანე?
– რა ვიცი, ისე იქცეოდი აუზზე, მეგონა, ახალდაქორწინებულები თუ არა დანიშნულები მაინც იყავით, – წარბები აწკიპა ელენემ და სიგარეტს მოუკიდა.
– მაინც, როგორ ვიქცეოდი? – ანკესსწამოეგო გვანცა და  სიბრაზისგან  თმის ძირებიც კი გაუწითლდა.
– ლევანს ეხუტებოდი, ჰკოცნიდი, შესციცინებდი... რა ვიცი, როგორც შეყვარებულები, საცოლეები ან ახალშერთული ცოლები იქცევიან ხოლმე, – ისევ „უიაზვა“ ელენემ, მერე კი გესლიანად დაამატა: – ან, სულაც ოფიციალური საყვარლები ან ერთჯერადი ნაშები.
გვანცა შეეცადა, თავი ხელში აეყვანა და მოგონილი სიმშვიდით უპასუხა:
– შენ, რა, სხვანაირად იქცეოდი? რა უფლებით მაყენებ შეურაცხყოფას? საკუთარი წარსული ხომ არ გაგეხსენებინა? და, საერთოდ, შენ ვინა ხარ, რომ ანგარიშები გაბარო ან ქცევის წესები შეგითანხმო?
– რატომ გაღიზიანდი, ასეთი რა გითხარი? ნიშნს თუ მიგებ, გიპასუხებ: მეც შენსავით ვიქცეოდი, ოღონდ, შენგან განსხვავებით, ხმამაღლა შემიძლია, განვაცხადო: მე და ლაშიკოს ერთი კვირის წინ გვქონდა ნიშნობა და ორ თვეში ქორწილიც გვექნება...
– რაებს მიედ-მოედები, როდის რა გვქონდა და რომელ ქორწილზე ლაპარაკობ? – უცბად გაცეცხლდა ლაშა.
– აბა, რას მიშტერებიხარ ამ სილიკონის თოჯინას, ვერ ხედავ, რამხელა ამბალი ახლავს? – სულ მთლად გამწარდა ელენე.
გაოგნებულმა ლევანმა მუშტი დაარტყა მაგიდას და სიბრაზისგან ჩაიხრიალა:
– აბა, ახლა, სამივე გაჩუმდით, თორემ საკუთარ თავზე პასუხის აღარ ვაგებ! – მერე მაჯაში ხელი ჩაავლო გვანცას და უბრძანა: – ახლავე გაჩუმდი და წამოდი, შენ ცალკე დაგელაპარაკები!
– თავი დამანებე! – ხელი აუკრა გვანცამ და ისევ ელენეს მიუბრუნდა, რომ ჩხუბი განეგრძო, მაგრამ ლევანმა აღარ აცალა – ახლა მკლავში წაავლო ხელი, თავისკენ ძალით მიატრიალა და ამჯერად უკვე საოცრად მშვიდად, მაგრამ საკმაოდ ხმამაღლა და კატეგორიულად უთხრა:
– აღარასოდეს გაბედო ჩემთან დარეკვა! – მერე ჯიბიდან ფული ამოიღო, მაგიდაზე დაყარა, გაშტერებულ ლაშას დამცინავი სახით მიმართა: – თქვენიც გადახდილია. უკაცრავად, მაგრამ მე თქვენ აღარ გიცნობთ! – და კაფედან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
კიდევ უფრო გაოცებულმა და ელენეს საქციელით აღშფოთებულმა ლაშამ მხრები აიჩეჩა – ვითომ, მე რა შუაში ვარო. მერე დაბნეულმა გაიხედ-გამოიხედა, ვინმე ხომ არ გვიყურებსო და, რამდენიმე ადამიანის ცნობისმოყვარე თვალებს რომ შეაფეთა მზერა, მაშინვე წამოხტა და ისე სწრაფად დატოვა კაფე, ჩხუბში და საქმეების გარჩევაში გართულ გვანცას და ელენეს არც კი შეუმჩნევიათ მისი წასვლა.
გოგოებმა მხოლოდ მაშინ შენიშნეს ბიჭების იქ არყოფნა, როცა ერთ-ერთი სიტყვიერი შეტაკების შემდეგ, კაფეში მყოფმა რამდენიმე თინეიჯერმა გოგონამ ისინი დაცინვის გამომხატველი ტაშითა და ოვაციებით დააჯილდოვა. ყოფილი თანაკლასელები იძულებული გახდნენ, იქაურობა დაეტოვებინათ, თუმცა, გავიდნენ თუ არა კარიდან, ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით გაუდგნენ გზას.
***
გვანცას ლევანისთვის აღარ დაურეკავს. რომც არ აეკრძალა, მაინც აღარ დაურეკავდა, რადგან, მას შემდეგ, რაც ლაშა დაინახა, აღარ აინტერესებდა ყოფილი შეყვარებული. აი, ლაშა კი მართლა შეუყვარდა, თანაც მაშინვე. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც შეყვარებული ახლდა და ლაშასაც, იმავე წამს გადაწყვიტა, რომ ეს ბიჭი მისი ბედი იყო და თავის ბედს არავის დაუთმობდა, ვინც არ უნდა გადაღობებოდა წინ. ვიღაც ტუტრუცანა შეყვარებული კი არა, „სტაჟიანი“ ცოლი და სამი შვილიც რომ ხლებოდა ლაშას იმ მომენტში, იმათაც კი უპრობლემოდ გააჩოჩებდა გვერდზე – ამ საკითხში ნამდვილად დედიკოს შვილი იყო.
გადაწყვიტა და შეუდგა კიდეც საქმეს: რამდენჯერმე სახლთან და სამსახურთან დაუდარაჯდა (მისამართები დიდი მცდელობის შედეგად გაიგო) და ვითომ შემთხვევით შეხვდა, ოღონდ ყოველი შეხვედრისას ცოტა თავს იდებდა, თითქოს დიდად არ გახარებია მისი დანახვა, რითაც უფრო მეტად აინტრიგებდა ბიჭს. ასეთი „შემთხვევითი“ შეხვედრებისას, უმაღლეს დონეზე, თან ცოტა გამომწვევად ჩაცმულ-დახურული, გულგრილს არ ტოვებდა მისი ვნებიანობით „მადააღძრულ“ ლაშას, რომელიც ძალიან მალე წამოეგო ეშმაკი გოგოს ანკესზე, მით უფრო, რომ აუზზე, პირველი დანახვისთანავე გაეხვია სიყვარულის ბადეში.
გვანცას ლაშა დიდხანს აღარ უწვალებია: რამდენიმე დღეში სიყვარულში გამოუტდნენ ერთმანეთს და ყველგან ერთად დაიწყეს სიარული. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სიყვარულის ახსნის მომენტშიც და მერეც, სამი-ოთხი წლის განმავლობაში, ნამდვილად გულწრფელები იყვნენ. ყოფილი შეყვარებულები ორივეს დაავიწყდა, თითქოს არც არასდროს არსებულან.
გვანცამ აუზიდან სახლში დაბრუნებისთავნავე უამბო დედამისს თავისი ახალი გატაცების შესახებ.
– ვინ არის, რას წარმოადგენს, იცი? – ჰკითხა დედამ უინტერესოდ, თან თვალებს იხატავდა „ლაინერით“ – ახალ სატრფოსთან ეჩქარებოდა პაემანზე.
– ჯერ არა, მაგრამ ორ დღეში ყველაფერი მეცოდინება, – საქმიანად უპასუხა შვილმა.
– სახელი და გვარი მითხარი და ხვალ შუადღისთვის სრული დოსიე გექნება, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა დედას, – მაგრამ მანამდე, ის მაინტერესებს, ეგ შენი ახალი გატაცება რითი სჯობია ლევანს.
– დედა, ეს გატაცება არ არის, ეს ნამდვილი სიყვარულია, ძლიერი და ნამდვილი, – გვანცამ თვალები დახუჭა და ნეტარებით გაიზმორა, მერე კი, უკვე სიყვარულის ბურანიდან გამოფხიზლებულმა, ჩვეულებრივი ხმით დაამატა: – როგორც აღმოჩნდა, გატაცება ლევანი ყოფილა. ლაშა ჩემია, მე ეს მისი დანახვისთანავე ვიგრძენი და მას არავის დავუთმობ, დანაშაულის ჩადენაც რომ დამჭირდეს, პირველ ყოვლისა კი, იმ ისტერიკიან ქაჯუნას, – გვანცას მზაკვრული ღიმილი გაუკრთა სახეზე.
– ვინ ქაჯუნას? – დედა ისე დაინტერესდა, რომ წამით მაკიაჟის გაკეთებაც კი შეწყვიტა.
– ელენეს. ხომ გახსოვს, მეცხრე კლასში ჩვენთან რომ გადმოვიდა რომელიღაც გოიმური სკოლიდან. მაშინ ბავშვებმა არ მიიღეს, მე კი შემეცოდა და „ვუპატრონე“, ხალხში გამოვიყვანე, ერთი ჩვეულებრივი გოიმკა სკოლაში პოპულარულ გოგოდ ვაქციე და მაგ უმადურს არაფერი აღარ ახსოვს. გაუკეთებია ათასნაირი ოპერაცია, რომ არაფერი ვთქვა სილიკონებზე, გამოუჭერია მაგარი ბიჭი და თავი ქალი ჰგონია.
– ისე, არ გეწყინოს, მაგრამ სილიკონი და ოპერაცია არც შენ გაკლია, – წაკბინა დედამ.
– შენ? – გამწარდა გვანცა, – შენ რომ დაგშალონ, ცარიელი ძვლებისა და სილიკონის გროვა იქნები.
– როგორ ელაპარაკები დედას? – გულგრილად თქვა მანონმა, რომელიც ვერ იტანდა თავის სახელს და მაკა დაირქვა.
– შენ ხარ დედა, მანონიკო?! ერთხელ მაინც გაგხსენებია, შვილი რომ გყავდა? საერთოდ, ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ და ოდნავ მაინც თუ გაინტერესებს ჩემი ცხოვრება? – გვანცას ძველი წყენა ამოუტივტივდა და ცრემლები გადმოყარა.
– რამდენჯერ გაგაფრთხილე, მანონი არ დამიძახო-მეთქი? ხომ იცი, რომ ვცოფდები მაგ სახელის გაგონებაზე? რატომ გინდა, გამამწარო? რას მსაყვედურობ, მე არ გაგზარდე? მე არ გასწავლე, როგორ უნდა მოიწყო ცხოვრება?
– ჰო, თვითონ ისე გაქვს მოწყობილ-აწყობილი, ნამდვილად გამოდგები მისაბაძ მაგალითად, – ისევ არ დაინდო შვილმა დედა.
– ნამდვილი გველი ხარ, – ისევ გულგრილად გააკეთა მაკამ კომენტარი.
– დედიკოს ვგავარ, – წაგესლა გვანცამ და როცა დედის უკმაყოფილო მზერა დაინახა, მშვიდად დაასრულა ფრაზა: – რას იზამ, მთლიანად დედის გენები გამომყვა, თუნდაც იმიტომ, რომ თვითონაც არ იცი, ვინ არის მამაჩემი.
მაკა აღარ აჰყვა შვილს, სარკეში თმა ხელით შეისწორა და არცთუ უინტერესოდ ჰკითხა:
– ის თუ მაინც დაადგინე, რა ქონების პატრონია?
– ჯერ ზუსტად არ დამიდგენია, მაგრამ ისე ეცვა და ისეთი მანქანით იყო, ხურდებს ნამდვილად არ ითვლის, – წყენა დაივიწყა გვანცამ და დედას ხალისიანად უპასუხა, – თანაც, ელენე ის ჩიტი არ არის, ღარიბ ინტელიგენტებთან გააბას რომანები.
– ანუ, მდიდარი ინტელიგენტია?
– ჰო.
– ეგ საიდანღა დაადგინე?
– საუბრიდან. თანაც აშკარად სპორტსმენია, ისეთი ნავარჯიშევი ტანი გააძრო. ჰო, კიდევ ის პლუსი აქვს, რომ ცოლი არასდროს ჰყოლია და არც „ლევი“ შვილები ჰყავს. ესეც საუბრიდან გაირკვა, თან, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ.
– ოჯახში ვინ ჰყავს?
– მგონი, დედა და მამა. ერთი და ჰყავს, ოღონდ გათხოვილია და მგონი, სადღაც ევროპაში ცხოვრობს.
– ჯობდა, დედისერთა და ობოლი ყოფილიყო, მაგრამ ჩიჩიაც და ბაბაც ერთდროულად იშვიათად ხვდება ადამიანს, – ისე უსიამოვნოდ ჩაიქირქილა მაკამ, რომ გვანცასაც კი შეაჟრჟოლა.
– მაკა, გეყოფა! – უყვირა შვილმა, – მე ლაშაზე სერიოზულად ვფიქრობ და ნერვებს ნუ მიშლი!
– კარგი, ბატონო, ვჩუმდები, – თქვა მაკამ მორჩილად, ხელჩანთა აიღო და კარისკენ ტანის რხევით წავიდა, – მე ნუ დამელოდები, შეიძლება, დილამდე ვერ დავბრუნდე.
– ჰო, ეგ პირველი შემთხვევა იქნება, – გაეცინა გვანცას.
მაკამ ყური მოიყრუა და კარამდე ისე მივიდა, ხმა აღარ ამოუღია, კართან მისული კი უცებ მკვეთრად შემობრუნდა შვილისკენ და ძალიან სერიოზულად უთხრა:
– რამდენი ხანია, მინდა გკითხო და სულ მავიწყდება, ოღონდ, გაფიცებ ყველაფერს, მართალი მითხარი: ქალწული ხარ?
გვანცა იმდენად არ ელოდა ასეთ შეკითხვას, თანაც მაკასგან, რომლისთვისაც მორალის ნორმები, ვინ იცის, რა ასაკიდან აღარ არსებობდა, რომ ხმამაღლა გაეცინა:
– შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– ჩემთვის არანაირი, მაგრამ შენთვის აქვს მნიშვნელობა. მე შენ სულ პატარაობიდან გინერგავდი, რომ, როგორც გინდა, იგულავე, მაგრამ ქალწულობა შეინარჩუნე, ვინ იცის, სად და როდის გამოგადგეს-მეთქი. გახსოვს?
– მახსოვს.
– მერე, შეასრულე დედის დარიგება?
– შენ წარმოიდგინე, შევასრულე, მით უფრო, რომ ასეთი ბრძნული და ნამდვილად დედური დარიგების მიცემა ერთადერთი ქალიშვილისთვის მხოლოდ შენნაირ დედას თუ შეეძლო. მაგრამ, რატომღაც, ამ დარიგების გახსენებისას ერთი პატარა ლექსი მახსენდება, რომელიც დაწყებით კლასებში გვასწავლეს და რომელსაც ძალიან სტანდარტული სათაური  – „დედის დარიგება“ ერქვა. ოღონდ, შენ წარმოიდგინე. იმ ლექსის დედა სულ სხვა რამეს ასწავლის შვილს. გინდა, შეგახსენო?
– არა, – მოუჭრა მაკამ, – არ მცალია, მორალი საკუთარ თავის წაუკითხე. აბა, კარგად!
დედის წასვლის შემდეგ გვანცას ისეთი სიცარიელე დაეუფლა, არავინ და არაფერი აღარ აინტერესებდა – არც დედა, არც საკუთარი თავი და არც თვით ლაშა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ამ ყველაფერმა გაუარა და ისევ ლაშა ამოუტივტივდა გონებაში: მისი ათლეტური აღნაგობა, დახვეწილი საუბარი, ჭკვიანი თვალები და, ბოლოს, გაოცებული სახე. გაეღიმა. ძალიან ესიამოვნა ახალგაცნობილი ბიჭის გახსენება. საკუთარი თავის უკვირდა – ასეთი რამ არცერთი ახალგაზრდა კაცის გაცნობისას არ დამართნია. ეს არ იყო არც ფიზიკური ლტოლვა, არც მამაკაცის შიშველი სხეულის დანახვით გამოწვეული ვნებათაღელვა. ეს იყო მოხიბვლა, რომელიც აბსოლუტურად გაუცნობიერებლად და „წინასწარი განზრახვის“ გარეშე, მომენტალურად გადაიზარდა სიყვარულში, თანაც ისეთში, რომლის დასაცავად და შესანარჩუნებლად გვანცა ყველაფერზე იყო წამსვლელი და წავიდა კიდეც.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3