კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რჩება თუ არა პიროვნულობა ადამიანის სულს ფიზიკური სხეულის გარდაცვალების შემდეგ

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მე ვიცი, რომ მქვია ნინო, ვარ ქართველი, ქალი, დედა, შვილი, შვილიშვილი, ჟურნალისტი, მეგობარი, გამვლელი, ნათესავი, მეზობელი, ანუ უამრავ როლს ვასრულებ, მაგრამ ისინი მაინც ვერ გამოხატავენ სრულად ჩემს არსს, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ამ ჩამონათვლის ერთობლიობა. ვინ რჩება ჩემგან, როდესაც მე ვტოვებ ჩემს სხეულს, რომელსაც უკავშირდებოდა ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე? რჩება თუ არა მეს ცნობიერება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, თუ ის ქრება და ერწყმის შემქმნელს? – ამ რთულ საკითხს დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) განგვიმარტავს.
– წინა ნომერში ისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ჩვენ, ყველანი, ვართ ერთნი, ერთი მამის შვილები, მაშინ რა გამოდის, როდესაც გარდავიცვლები, რა ბედი ელის ჩემს მე-ცნობიერებას? მაინც დავამატებ, ეგოს არ ვგულისხმობ, არამედ ჩემს არსს, ჩემს ინდივიდუალობას, უნიკალობას?
– უფრო, ალბათ, უნდა ვთქვათ პიროვნულობა, ვიდრე ინდივიდუალობა. ქრისტე მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენში გააცოცხლოს და აღადგინოს პიროვნება – ანუ მე ვარ არსი. დღესაც, აი, სწორედ აქ გადის ბრძოლის ხაზი მატერიალისტებსა და იდეალისტებს შორის. ბერძენი ფილოსოფოსებიდან მოყოლებული, მატერიალისტები ამბობენ, რომ პიროვნების სუბსტანცია შედგება ატომებისგან, მაშინ ატომს მიიჩნევდნენ განუყოფელ ნაწილაკად, მაგრამ, აი, ეს ჩვენი ებრაული ფილოსოფია, ძველი აღთქმის და შემდეგ უკვე  – ახალი აღთქმის, სხვაგვარად განსჯის. იეღოვა რომ მოსეს ეცხადება, ეუბნება: მე ვარ! და ქრისტეც იმავეს ამბობს: მე ვარ! რას ნიშნავს - „მე ვარ“?! ისეთ ყოფნას, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავს, რომ მე ვარ, რაც არ არის მკვდარი, განუყოფელი ნაწილაკების ერთიანობა. ჯერ არსებობს „მე ვარ“ და მეს მოსურნებისა და ნებისგან იქმნება უკვე მატერიალური სამყარო. არაფერს აქვს თავის თავში დამოუკიდებელი არსებობა. ყველაფერი დგას ღმერთის ნებასა და მოსურნებაზე. ქვაც კი –  უკან რომ წაიღოს ღმერთმა ის სურვილი, რაც კრავს მას, დაიშლება და ჩვენც იგივე დაგვემართება. ჩვენ და მატერიალური სამყარო არ ვართ შექმნილები ისე, როგორც ხელოსანი ქმნის სხვადასხვა ნივთს: მაგიდას, სკამს, თაროს, კარადას, რომლებიც არსებობენ მათი შემქმნელი ხელოსნისგან დამოუკიდებლად. ჩვენ ვდგავართ ღმერთის მოსურნებასა და ნებაზე. ამიტომ პიროვნულობა ნიშნავს სწორედ ამის გაცნობიერებას ჩემში, რომ მე დავიბადო, გავიღვიძო თუ მოვმწიფდე, როგორც გნებავთ, დაარქვით, ისე, რომ ვთქვა – მე უკვე ვარ! ჩვენ ყოფნამდე გზაში ვართ, ამდენად, ეს იდენტობები, რაც არსებობს: ეროვნება, სქესი, ტომი, კულტურა, ტრადიცია, პროფესია, არის დაუსრულებლობა, გზაზე ყოფნა. სისრულე კი ნიშნავს საკუთარ არსში ყოფნას, რომელსაც შეუძლია, ღმერთს უთხრას „შენ“ და უკვე შენ და ღმერთი ერთი და იგივე ხდებით, რაც ქრისტეში განხორციელდა. და რაც ქრისტეში განხორციელდა, არის წინასახე იმისა, რაც ჩვენშიც უნდა მოხდეს და როდესაც ადამიანი გონს მოვა, როგორც მე ვარ არსი, ამით დასრულდება ისტორია. სანამ ადამიანი ამბობს, მე ვარ ქართველი, მე ვარ ქალი, მე ვარ დედა, მე ვარ შვილი, მე ვარ მშენებელი და სხვა, ის გზაშია. თანდათან ჩამოიშლება ყველა ეს ტანსაცმელი, შეზღუდული ხედვისა და ცნობიერების შედეგად რომ გვაცვია და გამოგვყოფს ყოფნისგან, რისკენაც მივდივართ და ბოლოს, როდესაც მოვმწიფდებით, ტიხარი გაქრება და დარჩება მე ვარ არსი, რაც, როგორც ვთქვი, ქრისტეში განხორციელდა.
– მაინც დავაზუსტებ, თუ სწორად გავიგე: როგორც მე ვარ არსი, ვარსებობ ღმერთის ნებით, მაგრამ ეს უნდა გავაცნობიერო, მოვმწიფდე, რომ მართლაც ვიყო ის, ვინც ვარ?
– უფრო სწორად, რადგან ჩვენ ღვთის ხატად ვართ შექმნილი, განსხვავებით ყველაფერი დანარჩენისგან, ჩვენსა და ღმერთს შორის განსხვავებაა არა თვისებრივი, არამედ რაოდენობრივი. ისევე, როგორც განსხვავებაა მკვახე და მწიფე ნაყოფებს შორის. ქრისტე არის უკვე მომწიფებული ნაყოფი. ქრისტე რომ გავახელმწიფე, ამით მომეცა ძალაუფლება ზეცასა და მიწაზე. ოღონდ ეს არის იურიდიული ძალაუფლება, იმიტომ რომ მოხდა ქრისტეში და ახლა, ეს პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს ჩვენში და ამას სჭირდება დრო. ანუ ქრისტე  ჩემშია, ქრისტე ისაა, რითიც მე უნდა დავსრულდე. მანამდე კი მივდივართ ამ გზაზე და ისტორიაც მაშინ დამთავრდება, როდესაც სრულად მივემსგავსებით ქრისტეს. მანამდე მიმსგავსების პროცესია. ძალიან საინტერესო სიტყვებია: უსახური, უმსგავსო, იდუმალი, აი, ესეც ასახავს ჩვენს გზაში ყოფნას და გადაილახება იმით, რომ ღმერთი ჩემშია, როგორც სისრულე, მაგრამ ის ხორცს ისხამს ჩემგან. ამიტომ არ შეიძლება, ვთქვათ, რომ ღმერთი გარეთაა, ის გადაფარულია ჩემი უტიფრობით.
– მაგალითი მოვიტანოთ, მამა გურამ, ძალიან რთული და სიღრმისეული მსჯელობაა, გავუიოლოთ საქმე მკითხველს.
– მაგალითად, მარცვალში პოტენციალურად იმყოფება მომავალი ხე თავისი ტოტებით, ფოთლებით, ფესვებით, ნაყოფით. შემდეგ იწყება ამ ყველაფრის გამოშლა მარცვლისგან და ის, რაც პოტენციალში პროგრამულადაა ჩაწერილი მარცვალში, ხდება სინამდვილე.
– ოღონდ იმ მარცვალს შესაბამისი პირობები და სწორად მოვლა სჭირდება, რომ თავისი პოტენციალი სრულად გამოამჟღავნოს და დასრულდეს.
– აი, ეს არის უკვე ეკლესია. ეკლესია, უხეშად რომ ვთქვათ, არის ამ სიცოცხლის ხის ჩემში აყვავების აგროტექნიკა. ამიტომაცაა ნათქვამი, ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა არ არისო. ერთია, რომ თესლი მივიღეთ, მაგრამ სად დავარდება თესლი?! მაცხოვარი ამბობს, რომ ოთხი ნიადაგია: გზის პირი, ქვიანი, ეკლიანი, ნაყოფიერი და, შესაბამისია ნაყოფიც. ან ჩიტები აკენკავენ, ან ეკლები ჩაახშობს, ან მალე გახმება, მაგრამ თუ ნოყიერი ნიადაგი შეხვდება, ამოვა, ანუ იქცევა სინამდვილედ.
– უხეშად ვიტყვი: ესე იგი, ყველა სულს თავისი მუშტარი ჰყავს, იმისდა მიხედვით, როგორ ნიადაგში, ანუ გარემოში იგრძნობს თავს კარგად?
– დიახ, ესეც გასავლელი გზებია. არსებობს საყოველთაო აპოკატასტატის თეორია, რომელსაც დიდი მამებიც იზიარებდნენ, თუმცა ეკლესია დოგმატურად არ აღიარებს. რის თანახმადაც, იყო დრო, როდესაც ბოროტება არ არსებობდა და იქნება დრო, როდესაც ბოროტება არ იარსებებს. მართალია, ეს არის კერძო აზრი, მაგრამ ჩვენც ასე გვსურს და ამიტომაც ვლოცულობთ, რომ ღმერთმა ყველა იხსნას. ქრისტესაც უნდა, რომ იხსნას ყველა ადამიანი და ის ყველასთვის მოვიდა. ამდენად, არ უნდა ვიყოთ მოწადინებულები, გავარჩიოთ, ვინ ცხონდება და ვინ – არა, ვლოცულობთ, რათა ყველა აცხონოს უფალმა.


скачать dle 11.3