კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ქალბატონი, რომელმაც ქართველებს ინტერიერის დიზაინის უფასო სკოლა შეუქმნა

ნინო კანდელაკი ეკა სულხანიშვილი

  საქართველოს წარმატებული შვილები, რომელთაც უნდა იცნობდეს საზოგადოება... ემიგრაციაში ბევრი წარმატებული ქართველი ოჯახია, თუმცა კახა და ნათია ბალანების ოჯახური გარემო კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, თუ როგორ წარმატებას აღწევენ ნიჭიერი ქართველები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
  ღვინეფაძე-ბალანის ოჯახი ათეულობით წელია, ფლორიდაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბატონი კახა წარმატებული დეველოპერია, უამრავი ბიზნეს-იდეის გენერატორი და განმხორციელებელი. ნათია ბალანი კი ახალგაზრდა ქველმოქმედი ქალბატონი და 3 შვილის დედა გახლავთ. საამაყოა, რომ სწორედ ამ ქალბატონმა დააარსა თბილისში ინტერიერის დიზაინის შემსწავლელი უფასო სკოლა დამწყებ ხელოვანთათვის, რომელიც უკვე მოთხოვნად და ნიჭიერ ახალგაზრდებს ზრდის. კახას და ნათიას 3 შვილი ჰყავთ, უკვე 1 შვილიშვილიც. მათი ამერიკაში დაბრუნების მიზეზი კი სწორედ ერთ-ერთი ქალიშვილის  უმაღლესი განათლების მიღება გახლავთ. უფროსი ქალიშვილი, ნინა, ბოსტონის უნივერსიტეტის მაგისტრია, პატარა ქალიშვილი – სოფია,  ჯერ სკოლაში სწავლობს. სხვათა შორის, ქართული გენები თავისას შვრება და  ღვინეფაძეების ოჯახის უფროსი ვაჟი ქართული სამზარეულოსა და კულინარიის შესწავლითაა გატაცებული.  ქართული ფესვებისა და გენის მქონე ეს ოჯახი სამშობლოსთან კავშირების გაწყვეტას არ აპირებს  და მასშტაბური გეგმები აქვთ.
  ნათია ბალანი: საქართველო ჩემთვის სისხლხორცეულად დაკავშირებული ქვეყანაა, სამშობლო – ეს ჩემთვის უფრო მეტი დატვირთვაა და მეტი ემოციები, პლუს პასუხისმგებლობა. სიმართლე გითხრათ, სწორედ ჩემი ინიციატივა გახლდათ, რომ 4 წლის წინ აქ ჩამოვსულიყავით. ჩემი მეუღლე გაკვირვებული იყო ჩემი ასეთი მონდომებულობით – დავბრუნებულიყავით ფლორიდადან თბილისში.
უკრაინაში დავიბადე, დედაჩემი უკრაინელია, მილა (ლიუდმილა) ტოპჩი, მამა – დემურ მიქაძე ქართველია. ერთმანეთი ოდესაში სწავლისას გაიცნეს და მე იქ დავიბადე. 5 წლის ასაკში საქართველოში დავბრუნდით და წყალტუბოს რუსული საშუალო  სკოლა დავამთავრე. შემდეგ მოსკოვის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი. კახაც მოსკოვში გავიცანი. თუმცა, მალევე ამერიკაში გადავდივართ საცხოვრებლად. ამერიკა ჩემთვის სულ სხვა აღმოჩენა იყო, ფაქტობრივად, ცხოვრების ახალი ეტაპი. თავიდან დავიწყე სწავლა, ხელოვნების უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინის დაუფლება გადავწყვიტე და  წარმატებულად. 2006
წლიდან  ფლორიდაში, კერძოდ მაიამიში, გავხსენი ჩემი კომპანია, რომელიც ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მუშაობს და ფართო სეგმენტის მომხმარებელს ემსახურება. მას წარმატებული კომპანიის იმიჯი აქვს და ბევრ მნიშვნელოვან დაკვეთაზე მუშაობს.
– ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ჩამოსვლის შემდეგ, საქართველოშიც ჩამოაყალიბეთ ინტერიერის დიზაინის შემსწავლელი სკოლა, რომელიც აბსოლუტურად უფასოა მსმენელებისთვის. ფაქტობრივად, ეს გახლავთ საქველმოქმედო საჩუქარი ქართველი ახალგაზრდა, დამწყები  ხელოვანებისთვის.
– სხვათა შორის, ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა მირჩია, რომ თბილისში მასტერკლასები ჩამეტარებინა ახალგაზრდა, დამწყები დიზაინერებისთვის. თავიდან, ჩამოსვლისთანავე, აკადემიაში წავიკითხე რამდენჯერმე ლექცია და იმდენი მსურველი გამოჩნდა, რომ სალექციო კურსების ჩატარება უკვე სპეციალურად შექმნილ ოფისში გადავწყვიტე. გავაკეთე უფასო მასტერკლასები და სპეციალიზებული ინტერიერის დიზაინის სკოლა „დეკორისიმო“, რომელმაც უკვე გაზარდა ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერები.  მიმაჩნია, რომ სამომავლოდაც ჩემი სკოლა  თავის სიტყვას იტყვის  წარმატებული ქართველი დიზაინერების ჩამოყალიბებაში. თუმცა, ზოგადად, ეს 4 წელი ჩემთვის იყო ჩემი საქართველოს გაცნობა. პრაქტიკულად, ძალიან ცოტა დრო ვიცხოვრე საქართველოში. მამაჩემი, დემურ მიქაძე, იმ თაობის, სულ სხვა საქართველოს ღირსეული შვილია და მას ძალიან უხარია, როცა ჩვენ არ ვწყდებით ფესვებს. მამა არის სულით ხორცამდე ქართველი, სადაც უნდა იცხოვროს და რამდენი ხანიც უნდა მოშორდეს თავის სამშობლოს.  ძალიან მეამაყება, რომ მისი შვილი ვარ.
– თქვენზე ბევრი მსმენია, როგორც ქველმოქმედ ქალბატონზე.
– ამაზე საუბარი არ მიყვარს და არ მიმაჩნია, რომ რაიმეთი განსაკუთრებულია. ჩემი სიამაყე ჩემი დეკორის სკოლაა, ჩემი „დეკორისიმო“ –  ახალი ამერიკული ხედვებით და სტილით. ახლა რომ მივდივარ, ასე მგონია, ჩემს პატარა შვილს ვტოვებ. ჩემთვის ეს მოძრაობაა, ეს არის ყველაზე კეთილშობილი, რაც შეიძლება, ჩემს პატარა საქართველოს დავუტოვო. საქართველო მუდამ ჩვენთან, ჩვენს ოჯახში  იქნება. ეს ჩემი მეუღლის, ამ უნიჭიერესი პიროვნების, კახას უდიდესი დამსახურებაა, რომელიც თავის ყველა საქმიანობაში, ხედვაში თუ პერსპექტივაში მუდმივად მოისაზრებს თავის სამშობლოს. ჩვენი შვილები ქართველები არიან და მათაც ძალიან უყვართ საქართველო. ჩემმა ვაჟმა შვილს დავითი დაარქვა, სურს, რომ ახლოს იყოს სამშობლოსთან, არ მოსწყდეს მის ფესვებს. ამიტომაც, მუდმივად ვაპირებთ, ყოველ 6 თვეში თბილისში ჩამოსვლას... ეს ჩვენი საქართველოა!

скачать dle 11.3