კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 მაკა რაზმაძე: როგორც მე მომექცნენ, საშინელება იყო, ნამდვილი კრიმინალი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მაკა რაზმაძე „იმედზე“ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუს „სიცრუის დეტექტორის“ აღმასრულებელი პროდიუსერია. მისი და გიორგი გასვიანის მუშაობა „იბერიის“ შემდეგ „იმედზეც“ წარმატებული აღმოჩნდა.
- „იბერიაზე“ დიდი იმედგაცრუებისა და ტკივილის შემდეგ ძალიან წარმატებული პროექტი დაიწყეთ „იმედზე“ – „სიცრუის დეტექტორი“. ეს, ალბათ, თქვენთვის მესამედ ფეხზე წამოდგომა და დაბრუნებაა.
  მაკა რაზმაძე: მთლად ასე არ ვიტყოდი, რადგან მე, როგორც ტელეჟურნალისტი, უფრო ეკრანზე ყოფნას ვარ შეჩვეული, წამყვანის ამპლუაში. ამ შემთხვევაში, მე ამ გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერი ვარ. ნოე სულაბერიძემ მიგვიწვია მე და გიორგი გასვიანი. სხვა შემთხვევაში, ალბათ, არ დავთანხმდებოდი, იმიტომ რომ მანამდე პოლიტიკურ გადაცემას ვაკეთებდი და ჩემთვის პროდაქშენი არ იყო ჩვეული ამპლუა. მაგრამ ვინაიდან მე და გიორგი ძალიან კარგი გუნდი ვართ, მით უმეტეს, „იბერიის“ შემდეგ ისეთი პერიოდი იყო, რომლის გახსენებაც აღარ მინდა, გადავწყვიტეთ,  ისევ ერთად გვემუშავა. თან, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელად გვყავს ისეთი მაღალი დონის პროდიუსერები, როგორიც ნოე სულაბერიძეა და მასთან მუშაობა ჩვენთვის ძალიან პრესტიჟული და სასიამოვნოა.
– თუმცა, მანამდე იყო ძალიან რთული პერიოდი „იბერიაზე“. წარმატებული პროექტები, მაგრამ, როგორც ნათქვამი გაქვთ, მოულოდნელად, არაადამიანური მოპყრობა მიიღეთ პასუხად.
– ტელევიზიაში გადაცემის დახურვა ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ძალიან მტკივნეულია. ჩვენნაირ ქვეყნებში, სამწუხაროდ, ხშირია მსგავსი ფაქტები. შეიძლება, დილით მუშაობდე და საღამოს გითხრას ტელევიზიის მფლობელმა, რომ აღარაფერი გაგაჩნია. ამის მიუხედავად, ის, როგორც მე მომექცნენ, არაფერში  ეწერა. საშინელება იყო ყველა თვალსაზრისით. ეს იყო არაადამიანური საქციელი, ნამდვილი კრიმინალი.
– არ გიფიქრიათ სამართლებრივად გაგერკვიათ?
– სამართლებრივად კი არა, ერთი პრესკონფერენცია რომ ჩამეტარებინა და მომეყოლა, რა განხორციელდა ჩემ წინააღმდეგ, უბრალოდ, რომ მეთქვა, როგორ მომექცნენ ტელევიზიაში, ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანდა ტელევიზიასა და კონკრეტულ ადამიანებს. ეს მართლა კრიმინალი იყო, მაგრამ მე არაფერს ვამბობ, რადგან ეს ადამიანები მანამდე ჩემთვის ძვირფასები იყვნენ და მე არ მახასიათებს ასე მოქცევა. თუმცა, ნებისმიერი ჩემს ადგილას, ძალიან მკაცრ პასუხს მოსთხოვდა მათ. ერთადერთი, რის გამოც ეს ადამიანები არ დაისაჯნენ და დღესაც აქვთ რაღაცის კეთების საშუალება, თვითონ რომ საქმიანობას ეძახიან, მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მათ გაწირავს და ამ მხრივ, სიმართლეს იტყვის. ჟურნალისტი ვარ და ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან ოდესღაც ამ ადამიანებთან ვმეგობრობდი, არ ვთქვი და არ გავაკეთე, ის, რაც მათ ეკუთვნოდათ. ვინც მე „იბერიაში“ გამწირა, ერთ დროს ჩემი ძალიან ახლო სამეგობრო იყო. შეიძლება, ოდესმე ვინანო, ან ახლაც ვნანობ, მაგრამ არ გავაკეთე და მორჩა. ვერ გადავაბიჯე რაღაცებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ პირდაპირ ფეხი გადამაბიჯეს. თან, მაშინ შოკირებული ვიყავი. მაგ პერიოდში ჩემი პირადი ცხოვრებაც დაინგრა. ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის იყო, რომ მათ იცოდნენ, რომ მე იმწუთას ძალიან მძიმე ტრავმასთან მიწევდა გამკლავება, უმძიმესთან. იცოდნენ, გამოიყენეს ჩემი შოკირებული მდგომარეობა და უარესი გააკეთეს.
– მეგობრები და მათ შორის გიორგი გასვიანი აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც ის სირთულეები გადაგატანინათ...
– კი, გიორგი და ანრი ჯოხაძე. თუ სადმე კეთილი ჯადოქარი არსებობს, ალბათ, მან მომივლინა ეს ორი ადამიანი იმ დროს ამ სახით. მართლა, იშვიათად მაგარი მეგობრები არიან ერთმანეთის და ჩემიც. ჩვენ დიდი სამეგობრო წრე გვაქვს და თითოეული მათგანი გვერდით დამიდგა, ისევე, როგორც მე დავუდგები მათ ნებისმიერ დროს. ერთს რომ რამე გაუჭირდება, ყველა ვირაზმებით მის დასახმარებლად.
– მეგობრობის თემას რაც შეეხება, ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა თქვენსა და ია ფარულავას შორის მომხდარი ამბავი. არადა, მეგობრებად მოიაზრებოდით. წერდით კიდეც, მე რომ მეგობარი მეგონა, მან, თურმე, ამ დროს ჩემს ზურგს უკან რაღაცები საქილიკო გახადა ჩემთან დაკავშირებითო.
– კი, ვმეგობრობდით. საერთო სამეგობრო წრე გვაქვს მე და იას და ამ სამეგობროში ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან, რომლებსაც ყოველთვის ძალიან დიდ ანგარიშს ვუწევდი და გავუწევ კიდეც. შესაბამისად, მე და იაც ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და კარგი ურთიერთობა გვქონდა. იმდენად კარგი, რომ ზუსტად მაგ პერიოდში სვანეთში ერთად ვიყავით. იმ დღეს, როცა მისი გადაცემა ეთერში გავიდა, თეთნულდზე ვიყავით და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოვაქვეყნე. საღამოს თემო თათარაშვილმა დამირეკა, შოკირებული იყო მის გადაცემაში გასული მასალით და მითხრა: ია მანდ არის, ეს რა გამიკეთა, რა დავუშავეო? ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. იქ, რა თქმა უნდა, გადაცემის ნახვის საშუალება არ მქონდა, ისედაც არ ვარ მაგ პროექტის დიდი მაყურებელი. მითხრა, რომ დაუმსახურებელი და შეურაცხმყოფელი რამ ისაუბრა მის შესახებ იასთან მიწვეულმა სტუმარმა. მე და გიორგი გასვიანი შოკში ჩავვარდით. საქმე პირად შეურაცხყოფას ეხებოდა, რომელსაც არ გავიმეორებ. ცოტა ხანში ია ვნახეთ და ვკითხეთ, რატომ მოექცა თემურს ასე. ძალიან უხეში ფორმით თქვა, რომ არავის აზრი არ აინტერესებდა, რომ თვითონ არაფერ შუაში იყო და  ყველაფერი პროდიუსერებს დააბრალა. თუმცა, გვითხრეს, რომ ია არავის არაფერში რევს. ეგეთი რამ ცხოვრებაში პირველად გავიგეთ, წამყვანი საკუთარი გადაცემის პროდიუსერებს არ ელაპრაკება. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, თემო ძალიან დაუმსახურებლად გალანძღა. მერე კიდევ რამდენიმე ადამიანზე იქილიკა და მათ შორის ჩემს წარბებზე. გულწრფელად ვიტყვი, მართლა არ მადარდებს ჩემს წარბებზე ვინ რას იტყვის. მით უმეტეს „კომედი შოუ“ დიდი ხანი აკეთებდა ჩემზე პაროდიებს, რომელსაც პირველი მე ვაზიარებდი და ვკვდებოდი სიცილით. მადლობა ღმერთს, იმდენი იუმორი მაქვს, რომ პაროდიებზე შესაბამისი რეაქცია მქონდეს. თვითონაც ვხუმრობ ხოლმე ნებისმიერ შოუში ამაზე. არაა ეს ჩემთვის მტკივნეული თემა და არც მივაქცევდი ყურადღებას, ეს რომ იას გადაცემა არ ყოფილიყო. მე იაზე დამწყდა გული, მისგან არ მოველოდი ასეთ რამეს. იასგან მეწყინა, რომელსაც მე ვემეგობრები, სხვათა შორის, სოციალურ ქსელში რომ ლანძღავდნენ ხოლმე, ხმლით ვიცავდი, არავის არასდროს მასზე ცუდს არ ვათქმევინებდი, იმიტომ, რომ მე ასეთი მეგობრობა ვიცი. მისგან ამას არ ვიმსახურებდი. სხვას რომ გაეკეთებინა, საერთოდ არ მექნებოდა რეაქცია. ია ჩემ გვერდზე არის, ეს ყველაფერი გადაცემაში ჩასმული აქვს და ორი სიტყვითაც არ მითხრა, შენზე მაქვს რაღაც გაკეთებული და ხომ არ გეწყინებაო, ან რამე მსგავსი. თან,  მხოლოდ ჩემზე რომ ყოფილიყო, გული დამწყდებოდა, მაგრამ შეიძლება, არც არაფერი მეთქვა, თუმცა, რაც თემურს გაუკეთეს, არ ვიცი... მსოფლიოში ნებისმიერ ტელეარხზე ასე უხეშად რომ დარღვეულიყო ადამიანის უფლებები, იმ გადაცემას აუცილებლად დახურავდნენ და შესაძლებელია, წამყვანი საერთოდ „მგლის ბილეთით“ გაეშვათ.
– თუმცა არ ყოფილა მეორე მხრიდან ბოდიში, პირიქით, რეიტინგი მოგვემატაო, წერდა ია.
– როგორც კი ჩვენ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერეთ, თემურს დაურეკა ქიბარ ხალვაშმა და მოუბოდიშა, თუ გინდა, სასამართლოში მიჩივლე და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ მოიგო, ყველაფერში მართალი ხარო. მისი ტელევიზიის წამყვანი მეორე დღეს გამოდის და სისულელეებს წერს, სამპროცენტიანი რეიტინგი ოთხამდე აწევია და დედა, რა კარგიაო. ოთხი პროცენტი რომ დავწერო ამხელა ტელევიზიაში, თავს მოვიკლავ, საერთოდ წავალ პროფესიიდან. მთავარი აქ ისაა, რომ იამ თავის დროზე გასვიანიც მიიწვია თავის გადაცემაში, მეც და საკმაოდ ნორმალური რეიტინგები დავუდეთ. ცოტა ხანში, როდესაც ნოემ ჩვენ დაგვიძახა და ამავე ფორმატის გადაცემის გაკეთება დავიწყეთ, იასგან წამოვიდა უხერხულობები, კბენები. არ ვიმჩნევდით, არა უშავს, რა მოხდა, ეგეთი ტიპია და ასე შემდეგ. რატომღაც ჩვენთან მიღებული ფორმაა – „უიმე, ეგ ხო ეგეთი ტიპია და არაუშავს“. ჩვენც მივყვებოდით ამ ფორმულას. ამ დროს, ეგეთი კი არა, ჩვენმა რეიტინგმა გაანადგურა მისი გადაცემა. სხვათა შორის, ეს გადაცემა, თავისი ფორმატიდან გამომდინარე, მსოფლიო მასშტაბით, ყველა ტელევიზიაში მაღალი რეიტინგით გამოირჩევა. ია ფარულავამ მოახერხა და ასეთი მაღალრეიტინგული გადაცემა თავისი ცუდი მიდგომებით გაანადგურა. სამი პროცენტი რომ აქვს რეიტინგი, ჩემი ბრალი ხომ არაა?! ჩვენ რომ 12-ს და 14-ს ვწერთ, აგრესია გაუჩნდა, რაც აქამდეც ძალიან შეიმჩნეოდა და ბოლოს ასე დააგვირგვინა. პირველად და უკანასკნელად ვლაპარაკობ ამ თემაზე. არაა ეს ადამიანი ჩემი ინტერესის საგანი. სულ რომ მეგობრობას არ ეხებოდეს საქმე, მისი მხრიდან ძალიან არაკოლეგიალური საქციელია.
– კარგი, ჩავხუროთ ეს გვერდი. წამყვანობას რაც შეეხება, როგორც თქვით, თქვენთან აქტიური ჟურნალისტის ამპლუა ასოცირდება. ეკრანზე დაბრუნებას არ განიხილავთ?
– რასაკვირველია, განიხილება, მაგრამ წინასწარ არ მინდა ამაზე კონკრეტულად საუბარი.
– ვიცი, რომ პირადზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ მაინც გკითხავთ – ვიცი, რომ „იბერიასთან“ ერთად, პირადი ცხოვრების ერთი მონაკვეთიც დასრულდა. რა ხდება ახლა?
– უფრო სწორად, ჯერ პირადი დასრულდა, ოღონდ ძალიან მძიმედ და ამაზე არასდროს ვილაპარაკებ, ეს ჩემს ძალიან ახლობლებს ეხება და არ მაქვს სურვილი. მანამდე დასრულდა ეს ყველაფერი და „იბერიაში“ მერე ისარგებლეს ჩემი შოკირებული მდგომარეობით მათ, ვინც ასე მომექცა. თუმცა, ჩემი მძიმე მდგომარეობა მუშაობის ხარისხზე არ ასახულა. გიორგი მეუბნებოდა ხოლმე, როგორ ახერხებ, ასე თავის ხელში აყვანასო. ყველამ იცოდა, რამხელა ტრავმა მქონდა, მაგრამ ჩემი ტკივილით არავინ შემიწუხებია. ახლა არაფერი ხდება. მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც თვლის, რომ ერთის დასრულების შემდეგ წინას დასავიწყებლად სასწრაფოდ მეორე უნდა დაიწყოს.  
– არაფერი გაკლიათ – გარეგნობა, კარიერა. რატომ არ აეწყო პირადი?
– არ ვიცი (იცინის). ადამიანებმა რომ ვიცოდეთ, რატომ რა არ გამოდის, ხომ გამოვიდოდა?! ასეთი ბედი მქონია, არ გამოვიდა, თუმცა, შეიძლება კიდევ გამოვიდეს. ადამიანი სანამ ცოცხალია, რაღაც ხდება. უბრალოდ, მე იმდენად დიდი ტრავმა მივიღე, რომ ეს პერიოდი არც გამხსენებია, რომ შეიძლება, ვინმესთან ურთიერთობა მქონოდა. არ ვიცი, რას გვეტყვის ხვალინდელი დღე, იქნება და ყველაფერი შეიცვალოს.
– მგონია, რომ ამ ამბავში ცოტა უკარება ადამიანი ხართ.
– კი, იოლი არაა ჩემთვის მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. მიჭირს ურთიერთობებზე დათანხმება და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, ახლა არ ვფიქრობ ამაზე. იმ ტრავმებიდან და შოკიდან გამოვედი, მაგრამ ახალი ეტაპი ჯერ არ დამიწყია.

скачать dle 11.3