კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ვინ აშანტაჟებდა თათია სულუაშვილს ჯადოს გაკეთებით და რის გამო წყევლიდნენ მას უცნობი ადამიანები

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც „ახალი შაბათის შოუს“ მსახიობი თათია სულუაშვილი წაღვერში ისვენებს და აუზთან მჯდომი, თავისი ჩვეული იუმორით საუბრობს მთავრობის ახალ ინიციატივაზე. ამ ვიდეოს, რომელიც დაქალმა გადაიღო და თავის „ფეისბუქ-გვერდზე“ დადო, საკმაოდ ნეგატიური კომენტარები მოჰყვა. თათიას, არაერთი პოლიტიკოსის პაროდია გაუკეთებია, თუმცა მსგავსი რეაქცია არ ყოფილა და თავადაც უკვირს, რის გამო გახდა მისი ეს იუმორით ნათქვამი სიტყვები ლანძღვისა და წყევლის საბაბი.
  თათია სულუაშვილი: აპოლიტიკური ადამიანი ვარ. იმდენად აპოლიტიკური, რომ ბევრ პოლიტიკოსს ვერც კი ვცნობ, ნაკლებად ვერთვები პოლიტიკაში და გაოცებული დავრჩი, როდესაც ასე არასწორად მიიღეს ჩემი იუმორით ჩაწერილი ვიდეო, საიტებზე არასწორ კონტექსტში გამოიტანეს და სტატუსიც მოაყოლეს. მართლა აპოლიტიკური ვარ და ეს ჩემი ვიდეო, ნამდვილად არ ყოფილა მიმართული პოლიტიკისკენ, როგორც ეს ხალხმა გაიგო. იქ გახარიას ვახსენებდი თუ სხვა გვარს, ხალხი მაინც ისე გაიგებდა, როგორც თავად უნდოდა. მე იუმორისტი ვარ და ასეთ ბევრ ვიდეოს ვიღებ, ჩემს თავს და მეგობრებს ვართობ და ცოტა არ იყოს, მეწყინა და ვინერვიულე. ყოველთვის, როცა სკეტჩებში გამოვდივარ და მერე კომენტარებს გადავხედავ, სულ დადებითი რეაქციები და კომენტარებია. ეს მაძლიერებს და მაძლევს სტიმულს. ამ უარყოფითმა კომენტარებმა კი ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე და განვიცადე. მაგრამ, რა ვქნათ, ჩვენ სხვანაირი საზოგადოება ვართ – ერთ დღეს აგამაღლებენ და მეორე დღეს ისე წაგაქცევენ და გადაგთელავენ, უკან არც კი მოიხედავენ. ეს მათთვის მარტივია.
– როდესაც ამ ვიდეოს წერდი და ამბობდი, რომ 200 ლარს, რომელსაც მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს აძლევს, შენ „ტრი კოროჩკებში“ ახარჯავ შვილებს, გააზრებული არ გქონდა, რომ ამხელა ნეგატივს გამოიწვევდა?
– ეს რომ მცოდნოდა, ასეთი უარყოფითი კომენტარები მოჰყვებოდა, ნამდვილად არ გადავიღებდი. უბრალოდ, ექსპრომტად მოხდა – ჩემთვის ვიჯექი, ვერთობოდი და რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემს იუმორს ხალხი ვერ გაიგებდა. მიზანმიმართულად მართლა არ ჩამიწერია. უბრალოდ, წინა დღეს გავიგე, რომ გახარია არიგებდა 200-ლარიან ვაუჩერებს ხალხისთვის და ამაზე ვიხუმრე. ჯერ მოდი, იქიდან დავიწყოთ, რომ 200 ლარიანი „ტრი კოროჩკები“ სად იშოვება და რატომ უნდა ვუყიდო შვილებს? მერე,  რომ ვამბობ, ირმებისა და შვლების გარემოცვაში ვარ-მეთქი, იქ, სადაც მე ვისვენებ, არც შველია, არც ირემი და არც კურდღელს გამოუყვია ბუჩქიდან თავი. არც ძვირიანი ნიავი მიბერავს და არც ძვირიანი მანქანით ვარ ამოსული. ერთი სიტყვით, ნამდვილად იუმორით ვთქვი ეს ყველაფერი და მიკვირს, რატომ გაიგეს ცუდად. გახარიას გვერდითაც რომ მომათავსეს და პოსტი მომიძღვნეს, ხან მეცინებოდა და ხან ვნერვიულობდი. „ვანოს შოუში“ რომ პოლიტიკოსების პაროდიებს ვაკეთებ, რეალურად აღიქვამენ, მაგრამ იმას არ მოჰყოლია გამოხმაურება და ახლა რა გავაკეთე განსხვავებული? არა უშავს, ეს ერთდღიანი „შემოტევა“ უკვე გადავლახე.
– როგორ გგონია, თავად გახარიას რა რეაქცია ექნებოდა ამ ვიდეოს ნახვისას?
– იუმორის გრძნობა თუ აქვს, უნდა გასცინებოდა. მაგრამ, ხალხის გამიკვირდა, რომ წერდნენ კომენტარებში: გაჭირვებულებს დაეხმარე, მაგხელა ხელფასი რომ გაქვსო. არ ვიცი, რატომ ვგონივარ მილიონერი? ისეთი ჰაბიტუსი მაქვს, რომ ბევრი ფული უნდა მქონდეს? არც ბევრი ფული მაქვს, არც დიდი ხელფასი მაქვს, არც ძვირიან კურორტებზე ვისვენებ და არც ძვირიანი მანქანით გადავადგილდები. სხვათა შორის, აქ, სადაც მე ვისვენებ, წაღვერის თავზე, სასტუმროში, ბევრი შეტყობინება მოდიოდა, დაგვიჯავშნეთ ადგილი, ვიდეოში ვნახეთ, თათიაც ძვირიან ჰაერზე, მანდ ისვენებსო (იცინის). ვთვლიდი, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობ და თუნდაც, იუმორის დონეზე მქონდა ჩემი აზრის დაფიქსირების უფლება, მაგრამ ასე არ ყოფილა. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ მაქვს და თურმე, არ მქონია, თუმცა, მე ამას არ შევწყვეტ, რადგან ვარ იუმორისტი და რა კონტექსტშიც მინდა, ისე ვიტყვი სათქმელს. არადა, თურმე, რაღაცები უნდა აკონტროლო, რადგან ხალხშია პრობლემა, რადგან ბევრს ნაკლებად აქვს იუმორის გრძნობა ან, უნდათ, ისე გაიგონ, როგორც უნდათ. კომენტარებში მწერდნენ: შენ თუ ეგ 200 ლარი არ გჭირდება, მიეცი გაჭირვებულებს, მოგვეცი ჩვენო. სხვათა შორის, არაერთხელ დავხმარებივარ გაჭირვებულ ადამიანს და ამ დღეებშიც გადავურიცხე თანხა, ვისაც ძალიან სჭირდებოდა. არასოდეს მენანება ის თანხა, რისი გაცემის საშუალებაც მაქვს.
– ბევრმა არ იცის, რომ ხშირად ეწევი ქველმოქმედებას, რადგან ამის აფიშირებას არ აკეთებ. თან, არც წუწუნი გიყვარს და ალბათ, ამის გამოა, რომ ფულიანი და შეძლებული ჰგონიხარ და გთხოვენ თანხებს.
– დიახ, ხშირად ვეწევი ქველმოქმედებას, რისი საშუალებაც მაქვს, მაგრამ ამის აფიშირებას არ ვაკეთებ. არ დამავიწყდება, ერთი მწერდა, ფეხის ოპერაციისთვის მჭირდება თანხა, შენ ხარ ბოლო იმედი და თუ არ დამეხმარები, გარდავიცვლებიო. რა თქმა უნდა, ვერ დავუფინანსებდი ფეხის ოპერაციას, რადგან დიდ თანხაზე იყო საუბარი და მართლა არ მქონდა. მერე, მომიტანეს წერილი, რომ ეს ქალი გარდაიცვალა. საშინელი განცდა მქონდა, ნერვული შეტევები დამეწყო. ასე რომ, რის საშულებაც მაქვს, ყოველთვის ვეხმარები და თავს ზემოთ ძალა ნამდვილად არ მაქვს. ხალხმა კი ასეთი განაჩენი გამომიტანა, რომ მე მაქვს ბევრი და არ ვკადრულობ გახარიას 200 ლარს და სხვებს უნდა დავეხმარო. იმ სხვებსაც ვეხმარები და დავეხმარები, მაგრამ „არ მჭირდება გახარიას 200 ლარი“, არასწორ კონტექსტში გაიგეს. ვინც  მიცნობს და ვინც ჩემი იუმორი იცის, მიხვდნენ, რა განწყობითაც იყო ეს ვიდეო ჩაწერილი. მეც ვიხალისე, როცა ვწერდი, მაგრამ კომენტარებს რომ გადავხედე, ვინერვიულე. როგორი მოსასმენია, როცა გწყევლიან და გლანძღავენ. თან, ამბიციაში არ ჩამომართვათ, მაგრამ სკეტჩებიდან გამომდინარე, ხალხისგან ყოველთვის სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. უცებ კი ამ ერთი ვიდეოს გამო, იმხელა უარყოფითი ენერგეტიკა დატრიალდა ჩემ გარშემო, გავოცდი.
– ინანე, ამ ვიდეოს ჩაწერა?
– არა, არ მინანია, რადგან მიზანმიმართულად არ ჩამიწერია და გამიკეთებია. თანაც, მგონი, არაფერი დამიშავებია. ასეთი კომენტარიც იყო: ალბათ, გვარამიამ გადაგიხადა თანხაო (იცინის). სიცილად არ მეყო. ყველას ვერ ეყვარები და ყველასთვის მისაღები ვერ იქნები, ეს გააზრებული მაქვს და მიჩვეული ვარ. არ დამავიწყდება: გორელ ნატოს როლს რომ ვასრულებ და საყვარელს ჯადოს ვუკეთებ, თურმე, მართლა ყოფილა გორში ქალბატონი, ვინც ჯადოს აკეთებს, არ ვიცოდი და ხმოვანი ფოსტა გამომიგზავნა: შენს შვილს გავუკეთებ ჯადოებს, დაგვანებე გორელ ქალებს თავიო. დავწერე კიდეც ჩემს „ფეისბუქ-გვერდზე“ სტატუსად, რომ ასეთი მუქარა მოდიოდა და გავაგრძელე გორელი ნატოს გაკეთება. ჩემი შანტაჟზე წამოგება ძალიან რთულია. როცა სუფთა ვარ, არ მეშინია ნეგატივის, არც ჯადოსი და არც წყევლის. პოლიტიკაში რომ ვყოფილიყავი „გაზელილი“ და მიზანმიმართულად რომ მდომოდა, სხვა კონტექსტში ვიტყოდი იმ ყველაფერს. მიმხვედრი მიხვდება, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. მიჩვეული არ ვარ უარყოფით კომენტარებს და არც გამიცია პასუხი. უბრალოდ, ერთმა ქალბატონმა დამწყევლა, შვილებს შეეხო, წერდა: შენი მაყურებელი ვარ, მიყვარდი და  არ გაიხარეო... და, უბრალოდ, მადლობა გადავუხადე. ალბათ, თავადაც  ვერ გაიაზრა, რა თქვა. არ ვბრაზდები, მე ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ. ალბათ, წინ რომ არჩევნები არ ყოფილიყო, ამხელა აჟიოტაჟი და ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა არ ექნებოდა. კიდევ ვამბობ, პოლიტიკოსებთან კონტაქტის დონეზეც კი არ მაქვს ურთიერთობა და სოციალურ ქსელში მეგობრებშიც კი არავინ მყავს. მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევნების წინ სალაპარაკო თემა გავხდი მე – ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი. არავის დავუფინანსებივარ, მე იუმორისტი ვარ, გავაგრძელებ ჩემს საქმეს და ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. ამ ვიდეოს გამო წამოსული ტალღაც გადაივლის. მეც მაქვს გული და განცდა. უბრალოდ, ხალხისთვის ვიხარჯები და როცა დაუფასებლობას გრძნობ, საწყენია. ასე რომ, ვისვენებ მშვიდად, არც შველი დამკუნტრუშებს თავს, არც ირემი მეუბნება მუო, არც ბაჭია მიყოფს თავს ბუჩქიდან და არც ფულები მეყრება თავზე ზეციდან. რაც მაქვს ხელფასი, იმით ვეხმარები სხვებს და ვფიქრობ, მაქვს იმის უფლება, ჩემი სათქმელი იუმორით  თუ მის გარეშე, თამამად გავაჟღერო.

скачать dle 11.3